„კვარა გამანადგურებელი“ ანუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია!
6 მაისს "მიუნხენის ბაიერნმა" "პსჟ"-ს უმასპინძლა. "ალიანს არენაზე" გამართულ ნახევარფინალურ განმეორებით შეხვედრაში "პსჟ"-მ ორივე მატჩის ჯამში "ბაიერნი" ანგარიშით 6:5 დაამარცხა... "პარი სენ-ჟერმენს" ევროპის თასის მოსაგებად მტანჯველი ლოდინი დასჭირდა, მაგრამ პირველი გამარჯვებიდან 12 თვის შემდეგ მათ დიდებული შანსი აქვთ, ზედიზედ მეორე ტიტულიც მოიპოვონ. ხვიჩა კვარაცხელია კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც "პსჟ" მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს გუნდში გარდამტეხი გავლენა მოახდინა, როდესაც გასული სეზონის შუაში "ნაპოლიდან" გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.
როდესაც კვარამ მიუნხენში ფაბიან რუისთან შესანიშნავი "ერთი-ორი" კომბინაციის შემდეგ დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ შვიდ ფლეი-ოფ მატჩში ან გაიტანა, ან საგოლე პასი შეასრულა. ეს გამორჩეული სტატისტიკაა, რომელიც ადასტურებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მხოლოდ შესანიშნავი დრიბლიორი კი არა, შედეგიანი მოთამაშეც არის. თუმცა, რაც კვარაცხელიაში მართლაც წარმოუდგენელია, ის არის, რომ იმდენად შრომისმოყვარეა, რამდენადაც ეფექტური. მას წამითაც არ შეუწყვეტია თანაგუნდელებისთვის მუშაობა და არაერთხელ გამოჩნდა საკუთარ საჯარიმოშიც, რათა ბურთი დაებრუნებინა ან შორს მოეგერიებინა. ფაქტობრივად, როდესაც "ნაპოლის" გულშემატკივრების მიერ "კვარადონად" მონათლული ფეხბურთელი მეტოქეებს არ ატყუებს, მათ მუდმივად პრესინგში ამყოფებს, რაც მას ნებისმიერი გუნდისთვის 90-წუთიან კოშმარად აქცევს.

რა თქმა უნდა, "არსენალს" იმედი ექნება, რომ ბუდაპეშტში ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო დაცვით ჩავა, თუმცა კვარაცხელიას შეჩერება მათი ყველაზე რთული გამოცდა იქნება. ის პრაქტიკულად იდეალური ვინგერია.
"ბაიერნის" დამარცხება იდეალური დაბადების დღის საჩუქარი აღმოჩნდა ლუის ენრიკესთვის, რომელსაც 8 მაისს 56 წელი შეუსრულდა. ესპანელმა "ბაიერნი" იმ "უდავოდ ყველაზე ძლიერ გუნდად" მოიხსენია, რომელსაც მისი "პსჟ" ოდესმე შეხვედრია, რაც ნიშნავდა, რომ "ალიანს არენაზე" გამოვარდნის რეალური საფრთხე არსებობდა. თუმცა ლუის ენრიკემ მატჩი თითქმის იდეალურად წარმართა. მისი გაბედული გადაწყვეტილება - ტრავმირებული მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის ნახევარმცველ უორენ ზაირ-ემერისით ჩანაცვლება გამართლდა: ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავად შეაკავა ლუის დიასი. ფაბიან რუისის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებამაც გაამართლა - სწორედ ესპანელის ფანტასტიკურმა პირველივე შეხებით გაკეთებულმა პასმა გაათავისუფლა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე შეტევა შექმნა... რაც მთავარია, მისი გუნდი კონტრშეტევებზე მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა, თანაც თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ იცავდა თავს (რაც პირველ მატჩთან შედარებით მკვეთრი კონტრასტი იყო).
საბოლოოდ, "პსჟ"-ს გამარჯვება კეინის დამატებით დროში გატანილმა გოლმა წაართვა, მაგრამ ეს იყო ისეთი სრულყოფილი თამაში, რომელმაც მხოლოდ გააძლიერა ლუის ენრიკეს რწმენა, რომ თვის ბოლოს ბუდაპეშტში "პსჟ"-ს შეუძლია კონტინენტური ტიტულის დაცვა. როგორც თავად თქვა: "ხასიათი, რომელიც ვაჩვენეთ ისეთ გუნდთან, როგორიც "ბაიერნია, ძალიან დადებითი სიგნალია". მართლაც, "პსჟ"-მ ყველაზე ძლიერ მეტოქესთან დაამტკიცა, რომ აქვს როგორც სტილი, ისე სიმტკიცე, რაც მათ გარკვეულწილად მწვრთნელის ანარეკლად აქცევს - ორგზის ტრებლის მომგები ლუის ენრიკე ნამდვილად იმსახურებს შანსს, ბობ პეისლის, ზინედინ ზიდანისა და პეპ გვარდიოლას გვერდით სამი ევროპის თასის მფლობელთა სიაში შევიდეს.
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგაზე მასზე მეტი საგოლე მოქმედება არავის დაუგროვებია (21).
ხვიჩა კვარაცხელიას თავის კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ნამდვილად ჰქონდა - გოლი არ გაუტანია, მაგრამ წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტზე გამოძახება ნამდვილად საამაყოა - "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარა. მან მატჩის მესამე წუთზე ასისტი შეასრულა და გუნდისთვის ძალიან საჭირო გოლი გაატანინა მოქმედი ოქროს ბურთის მფლობელს უსმან დემბელეს.

ხვიჩა კვარაცხელია VS ბაიერნი
5 - დარტყმა კარისკენ (ყველაზე მეტი)
2 - ზუსტი დარტყმა (ყველაზე მეტი)
4 - შექმნილი შანსი (ყველაზე მეტი)
6 - წარმატებული დრიბლინგი (ყველაზე მეტი)
5 - მოგებული ორთაბრძოლა
2 - ჯარიმა
8.40 - შეფასება
თუმცა მკითხველთა ის კატეგორია დამეთანხმება, ვინც ხვიჩას თამაშებს ხშირად ადევნებს თვალს, რომ რასაც ხვიჩა მოედანზე აჩვენებს, მისი დიდი ნაწილი სტატისტიკაში არ აისახება, მაგალითად შრომისმოყვარეობა, რომელიც ხელისგულზე დევს. გარემარბისთვის უჩვეულო დაცვითი ჟინი და ხელოვნება პარიზელთა საიდუმლო იარაღია. დაუღალავი პრესინგითა და შრომისმოყვარეობით კვარამ "პსჟ"-ს პრეზიდენტიც კი სასიამოვნოდ გააკვირვა: "გაიხსენეთ, ძალაგამოცლილი კვარა ბოლო წუთზე როგორ დარბოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენ მეომრები გვყავს და არა ფეხბურთელები!", - ალ ხელაიფი ("პსჟ"-ის პრეზიდენტი.)
კვარა, ახალი დონეა, ძმაო!"
კვარაზე საქებარი სიტყვების სია ძალიან გრძელია და ამიტომ ყველაზე კარგ შეფასებებს გთავაზობთ:
ტიერი ანრი: "კვარაცხელია თავისი ხედვითა და დრიბლინგებით მეტოქის საჯარიმოში ქაოსს ქმნის. მან ბურთი მიიღო და იდეალური პასი გადასცა უსმან დემბელეს, რამაც ფაქტობრივად ფინალისტის ვინაობა გადაწყვიტა. ეს ნებისმიერი დაცვისთვის ნამდვილი კოშმარია!".
L, equpie: "უსმან დემბელე უკვე ოქროს ბურთის მფლობელია, ხვიჩა კვარაცხელია კი ამ ჯილდოს იმსახურებს".
GOAL.ჩOM: "ხვიჩა კვარაცხელია კვლავ შეუჩერებელი იყო. მან დაცვაშიც უდიდესი შრომა გასწია. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა".
la gazzetta dello sport: "დაუცველი მარჯვენა ფლანგი და საუკეთესო კვარაცხელია, რომელიც თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. კვარა გამანადგურებელია!"
LE PARIZIEN: "ბაიერნის" ფეხბურთელები ხვიჩას ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში ვერაფერს უხერხებდნენ! მას ბურთს უჯარიმოდ თითქმის ვერ ართმევენ".
რიო ფერდინანდი: "კვარა, ახალი დონეა, ძმაო!"
სტივენ ჯერარდი: "ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია! ის ძალიან ძლიერი და სახიფათოა. სხვა ვინგერებისგან განსხვავებით, მხოლოდ ბურთით არ თამაშობს. ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს!"
ვიქტორ ოსიმენი: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ხვიჩა კვარაცხელიაა. ის წარმოუდგენელი მოთამაშეა და ასევე გასახდელშიც ძალიან დაფასებული. მოედანზეც და მის გარეთაც, ის ყოველთვის ასეთია. ჩვენ დღემდე გვაქვს კონტაქტი".
ნუთუ ახლა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია?!
ნიკოლოზ თევდორაშვილი