ყაბარდოელი აბაზები „აფხაზეთის მოქალაქეობას“ ითხოვენ - კვირის პალიტრა

ყაბარდოელი აბაზები „აფხაზეთის მოქალაქეობას“ ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტების თემაზე მწვავე დისკუსიაა. ამჯერად საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეებს, ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩამოსულ პირებს, რომლებიც თავს აფხაზური წარმომავლობის აბაზებად მიიჩნევენ და "აფხაზეთის მოქალაქეობასა" და "პასპორტებს" ითხოვენ, თუმცა უარის მიღების გამო ე.წ. აფხაზურ სასამართლოებში მათი ათეულობით საჩივარია შესული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთში რეპატრიანტებს პრობლემები ექმნებათ. 2025 წელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ რეპატრიანტებზე ნადირობა რუსეთმა გამოაც­ხადა - თურქეთიდან აფხაზეთში ჩასვლის მსურველი მუჰაჯირების აბსოლუტური უმეტესობა გააბრუნეს ადლერის აეროპორტიდან და მათგან ბევრს რუსეთის ტერიტორი­აზე შესვლა 10 წლით აეკრძალა. ამის შემდეგ თურქეთიდან აფხაზეთში ჩასვლის მსურველთა რიცხვმა დეპორტის შიშით საგრძ­ნობლად იკლო და ამის გამო სოხუმში უკმა­ყოფილო განცხადებებიც გაისმა. ახლა კი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ყაბარდოელებს შეექმნათ პრობლემა უკვე თავად აფხაზეთის "ხელისუფლებისგან" და, როგორც ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე წერენ, მიუღებელია, როდესაც "ხელისუფლება" რეპატრიანტებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას უზღუდავს.

ჩრდილოკავკასიელი რეპატრიანტების­ თემას ოპოზიციურმა ტელეგრამარხმა "აიაშა­რამ" სტატიების სერია მიუძღვნა. არხმა თებერვალში დე ფაქტო შსს-გან მოით­ხოვა ინფორმაცია, რამდენი "აფხაზური პასპორტი" გაიცა რეპატრიანტებზე 2024-2026 წლებში. "სამინისტროს" ცნობით, ამ წლებში 485 პასპორტი გაიცა რეპატრიანტებზე (სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებზე, რომლებიც დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში), ხოლო 756 პასპორტი - რუსეთის მოქალაქე აბაზინებზე (ეს უფრო ფართო კატეგორიაა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლებს, არამედ მათაც, ვინც პასპორტებს იღებს კანონით დადგენილი სხვა პროცედურებით).

ამ მონაცემების შემდეგ დაიწყო სკანდალი. "აიაშარამ" დაწერა, რომ მონა­ცემები ტყუილია: 2 წელია, რაც ჩრდილო­კავკასიელ რეპატრიანტებზე "აფხაზეთის პასპორტის" გაცემა პრაქტიკულად შეჩერებულია, 2024-2026 წლებში ე.წ. შსს-მ 80-ზე მეტი ადამიანი გაისტუმრა უარით და მხოლოდ 20-მა რეპატრიანტმა მიიღო "პასპო­რტი", რის გამოც რამდენიმეს სარჩელის გან­ხილვა სოხუმის "სასამართლოშიც" მიმდინარეობს.

1111-1778423703.jpg

სასამართლო დავები

ერთ-ერთი სარჩელი ეკუთვნის ალბერდ ივანოვს, რომელიც დიდი ხანია ითხოვს "აფხაზურ პასპორტს". მისი თქმით, მისი წინაპრები მე-19 საუკუნეში, მუჰაჯირობის დროს ყაბარდოში აღმოჩნდნენ, სადაც აბაზინების ნაცვლად ყაბარდოელებად ჩაწერეს. თაობები იცვლებოდა და ივანოვების­ ოჯახი რუსეთის ოფიციალურ დოკუმენ­ტებში კვლავ ყაბარდოელებად ფიგურირე­ბდა. 8 წლის წინ ალბერდი აფხაზეთში ჩავიდა და იქ დარჩენა გადაწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახიც შექმნა. დღეს მას სამი შვილი ჰყავს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის რუსეთის პასპორტს იყენებდა. 2023 წელს გადაწყვიტა აღედგინა აბაზინი წინაპრების ეროვნული კუთვნილება. ჯერ ყაბარდო-ბალყარეთის სასამართლოს მიმართა, სადაც აბაზი მეცნიერების ცნობები და დოკუმენტები წარადგინა, რომ მისი გვარი ივანოვი ეკუთვნის აფხაზურ-აბაზინურ გვარს - იუან-ივანბას. რუსულმა სასამართლომ ეროვნების გრაფაში ყაბარდოელის ნაცვლად ჩაუწერა "აბაზა", შემდეგ აფხაზეთში რეპატრიანტის სტატუსიც მიიღო, თუმცა "პასპორტის" მიღებაზე მიმართვის შემდეგ პროცესი გაჩერდა. თავდაპირველად მას უარი სიტყვიერად უთხრეს, შემდეგ დოკუმენტები ხელახლა მოსთხოვეს, განუცხადეს, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში არ აღიარებენ და ახლა ეუბნებიან, რომ მის საქმეს განიხილავენ...

სოხუმის ე.წ. სასამართლოში დაობს ყაბარდო-ბალყარეთში დაბადებული და გაზრდილი ჰასან პაზოვიც. ამბობს, რომ თავს ყოველთვის აფხაზად მიიჩნევდა - როგორც ბაბუამ და მამამ უთხრეს, დიდი ბაბუა აფხაზი იყო და აფხაზეთიდან ყაბარდოში გადა­სვლის შემდეგ ყაბარდოელ ქალზე დაქორწინდა. "ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად" ჰასან პაზოვმა ყაბარდოში სარჩელი შეიტანა. იმის დასადასტურებლად, რომ პაზოვების გვარი აფხაზ-აბაზაა, სასამართლოს წარუდგინა ისტორიული მოწმობა ყაბარდოში არსებუ­ლი "ხალხთა კულტურისა და ისტორიის შესწავლის ცენტრიდან", სადაც აღნიშნულია, რომ პაზბა-პაზოვის გვარი გავრცელებული იყო მე-19 საუკუნეში აფხაზეთის მთიანეთში, დალისა და წებელდის თემებში. მეტიც, ეს გვარი სრულიად იდენტურია აფხაზ-აბაზას გვარების. რუსულმა სასამართლომ მას აფხაზური ეროვნება აღუდგინა, ახალი დაბადების მოწმობის მიღების შემდეგ კი მან სოხუმის ე.წ. პასპორტების განყოფილებას მიმართა. ეს ორი წლის წინ მოხდა და ამის შემდეგ ყოველ ჯერზე ეუბნებიან, რომ "ამოწმებენ"... "აიაშარას" ცნობით, მსგავსი საქმეები ბევრია და არხი თემის შესწავლას აგრძელებს... დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ პროცესი არ შეჩერებულა და დაგვიანება ისტორიული წარმომავლობის გადამოწმებას უკავშირდება. მათი თქმით, ათასობით განაცხადია განხილული, საი­დანაც მხოლოდ 43 შემთხვევაში ითქვა უარი დაუსაბუთებელი დოკუმენტების გამო... პროსახელისუფლებო ტელეგრამარხების მტკიცებით, ბოლო წლებში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც "პასპორტები" მიიღეს პირებმა, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციაში სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილებას ან პროცედურები დარღვეული იყო. ამდენად შემოწმების გამკაცრება არ ნიშნავს რეპატრიაციის შეჩერებას, არამედ მიზნად ისახავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას... ბევრი რეპატრიანტი "პასპორტის" მიღებისა და ქონების რეგისტრაციის შემდეგ რუსეთში ბრუნდება და აფხაზეთის წინაშე ვალდებულებებს არ ასრულებს. მათი თქმით, "აიაშა­რას" რეპორტაჟები დესტრუქციულია და მხოლოდ კონფლიქტს აღვივებს, მისი მიზანია "შს სამინისტროს" დისკრედიტაცია... ოპოზიციური ტელეგრამარხები კი წერენ, რომ ადამიანები ოფიციალური დოკუმენტებით ადასტურებენ აბაზურ წარმოშობას, თუმცა "აფხაზეთში" მათ პროცესს შეგნებულად უჭიანურებენ.

"რატომ გვთელავენ ასე? ისეთი წინააღმდეგობა გვხვდება, თითქოს ქართველი დამპყრობლები ვიყოთ. ასე ებრძვიან დემოგრაფიას აფხაზეთში, ასე ანადგურებენ მომავალ აფხაზთა გენოფონდს. ეს სირცხვილია, ამორალურია!", - წერენ სოციალურ ქსელებში.

"აფხაზებს ეშინიათ, აბაზების საფარქვეშ რუსული აგენტურა არ ჩამოსახლდეს"

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - აფხაზების თავიანთ დე ფაქტო კანონში უწერიათ, რომ აფხაზეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ნებისმიერი აფხაზი და ფრჩხილებში წერია: "აბაზა" ანუ თავიანთ თავს აიგივებენ აბაზებთან და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი აბაზა ცდილობს ჩამოსახლდეს, ქართველის სახლი დაიკავოს, მიიღოს "მოქალაქეობა" და იცხოვროს. წლების წინ ასე ბევრი ჩამოსახლდა, თუმცა ახლა შეზღუდვებია...

- რა კავშირი აქვთ აბაზებს აფხაზებთან?

- აბაზები და აფხაზები ერთი ხალხია. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აფსუები არიან და ისინი ამ ტერმინზე ბრაზდებიან, მაგრამ აფსუა იგივე აბაზაა და თვითონ წერენ, ჩვენ აბაზები ვართო. აბაზები ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ, მათ აქვთ ერთი რაიონი - აყუა, რომელიც ძველ რუკებზეცაა დაფიქსირებული. ასე ეძახიან აფხაზები სოხუმს და ეს სახელი ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულმა ხალხმა დაარქვა სოხუმს. ეს რაიონი დღემდე არსებობს. ლინგვისტურადაც აბაზ­ურ ენასა და დღევანდელ აფხაზურ ენას შორის განსხვავება არ არის. თავის დროზე სოხუმის უნივერსიტეტში ვმუშაობდი, იქ ბევრი აბაზა სწავლობდა და აფხაზები მათთან ჩვეულებრივ საუბრობდნენ. შეიძლება პატარა განსხვავება იყოს, დავუშვათ, ისეთი, როგორიც გურულსა და იმერელს შორისაა. წეს-ჩვეულებებშიც რაღაცები აქვთ საერთო, მაგრამ აფხაზები დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე ოთხი საუკუნეა ცხოვრობენ, ისინი შეერწყნენ ქართველებს და ქართული ტრადიციები უფრო მეტი აქვთ, ვიდრე აბაზური, მაგრამ ენა ერთი და იგივეა. აბაზები ადიღელების ანუ ჩერქეზებისა და ყაბარდოელების მონათესავე ხალხია.

ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის მთიანეთში ცხოვრობდნენ აბაზე­ბი, რომლებიც მუჰაჯირობისას მოხვდნენ ყაბარდოში და ახლა "ისტორიულ სამშობ­ლოში" დაბრუნებაზე პრობლემები ექმნებათ.

მუჰაჯირობის პერიოდი იყო 1867 წელს და შემდეგ 1877-78 წლებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან 40 000 კაცი გაასახლეს, ძირითადად, ოსმალეთის იმპერიაში, თუმცა რაღაც ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე ყუბანისკენაც დაასახლეს. ახლა ძალიან ძნელია იმის გარკვევა, ნამდვილად აფხაზეთიდან წასულების შთამომავლები არიან თუ არა, მაგრამ აბაზებს ისედაც არ უნდა ჰქონდეთ პრობლემა, რომ "მოქა­ლაქეობა" მოითხოვონ, რადგან დე ფაქტო კანონში უწერიათ, რომ აბაზა და დღევანდელი აფხაზი ერთი და იგივეა. აფხაზები დილემის წინაშე დგანან, ერთი მხრივ, დემოგრაფიის მატებისთვის სჭირდებათ რეპატრინატები, მეორე მხრივ, ეშინიათ, აბაზების საფარქვეშ რუსული აგენტურა არ ჩამოსახლდეს, რადგან მომავალში ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის - მაგალითად, როცა რუსეთს დასჭირდება, შეიძლება რეფერენდუმი ჩაატაროს და აბაზების ნაწილმა რუსეთთან შეერთებას დაუჭიროს მხარი. ჩემი ღრმა რწმენით, ეს სასამართლო პროცესები ამასთან არის დაკავშირებული. კარგად ამოწმებენ და თავს იზღვევენ.

არის კიდევ მეორე პრობლემა, როდესაც რეპატრიანტის სახელით ბევრი ჩამოდის, იღებს "პასპორტს", აფხაზეთში მათ აძლევენ ქართველების სახლებს, ბინებს, მიწას, რაღაც შეღავათებს და შემდეგ უკან ბრუნდებიან. სახლებს კი ან აქირავებენ, ან ყიდიან, იმიტომ, რომ ახლა იქ ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელია. ნორმალურმა ადამიანმა იქ როგორ უნდა იცხოვროს?! ძალიან ცოტა რეპატრიანტი დარჩა აფხაზეთში, არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული აბაზები, არამედ მუჰაჯირებიც, ვინც თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან. ამიტომაც ეს გამკაცრება ამ კუთხით შემოწმებასაც გულისხმობს.

- არის თუ არა ცნობილი, რამდენი რეპატრიანტი დაბრუნდა აფხაზეთში და რამდენად აქტუალურია დღეს ეს თემა?

- თემა ძალიან აქტუალურია, სპეციალური სამინისტრო შექმნეს სოლიდური ბიუჯეტით, თუმცა ეს თანხები შეჭამეს. ვიღაცები ჩამოვიდნენ და უკან წავიდნენ, ამათ კი მუშაობაში ჩაეთვალათ, რომ ხალხი ჩამოიყვანეს. სხვადასხვა მონაცემით, 1500-1700 კაცი დაბრუნდა და მიიღო "მოქალაქეობა". მათგან რამდენი დამკვიდრდა აფხაზეთში, არ ამბობენ. აფხაზები, როგორც წესი, ბერავენ რიცხვებს. მათ სჭირდებათ ეს ხალხი დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა თავად აფხაზებიც აღიარებენ, რომ რეპატრიაციის პროგრამა ჩავარდა.

ეკატერინე ბასილაია