„მკვლელი სულების“ არმია და ჰაიტელი „ნახევარღმერთი“
"...პოლიტიკაში უმჯობესია გეშინოდეთ, ვიდრე გიყვარდეთ... ვფიქრობ, დიუვალიე ბოროტების განსახიერება იყო..."
რაიმონდ ჯოზეფი, ჰაიტის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში...
"ჯადოსნური მკურნალი"
ფრანსუა დიუვალიე, იგივე პაპა დოკი, 1907 წლის 14 აპრილს პორტ-ო-პრენსში, საშუალო კლასის ჰაიტურ ოჯახში დაიბადა. მისი დედა, ულისია დიუვალიე მძიმე ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა. იმ დროს ხელმისაწვდომი ფსიქიატრიული მედიკამენტების სიმცირისა და თერაპიის ნაკლებობის გამო, ქალი დიდი ხნის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. სავარაუდოა, რომ სწორედ დედის ავადმყოფობამ უბიძგა ნიჭიერ ბიჭს მედიცინის შესწავლისკენ. 1934 წელს მან ექიმის ხარისხი მიიღო სკოლაში, რომელიც მოგვიანებით ჰაიტის უნივერსიტეტის ნაწილი გახდა... საავადმყოფოებში თითქმის ათწლიანი მუშაობის შემდეგ დიუვალიე საზოგადოებრივი ჯანდაცვით დაინტერესდა და აშშ-ში გაემგზავრა. მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს ინფექციური დაავადებების აღმოფხვრის პროგრამაში ჩაერთო და თანამედროვე მიდგომები სამშობლოში ჩამოიტანა. ის სოფელ-სოფელ დადიოდა და ღატაკ მოსახლეობას მძიმე ინფექციების დამარცხებაში ეხმარებოდა. ბევრი ჰაიტელისთვის, განსაკუთრებით იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის, რომლებსაც თანამედროვე მედიცინაზე შეზღუდული წვდომა ჰქონდათ, დიუვალიეს "სამკურნალო ძალები" სასწაულს უდრიდა. ის ცნობილი გახდა, როგორც "ჯადოსნური მკურნალი".

პოლიტიკური აღმასვლა
კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთი უმდიდრესი კუნძული, ნაყოფიერი ნიადაგითა და ჯანსაღი კლიმატით - მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ჰაიტი დასავლეთ ნახევარსფეროს უღარიბეს ქვეყნად იქცა. ათწლეულების განმავლობაში არაეფექტიანი მართვით, პოლიტიკურად არასტაბილური იყო. ლიდერები ხელისუფლებაში მხოლოდ ბრბოს ან სამხედროების მხარდაჭერით მოდიოდნენ.
დიუვალიეს გატაცება ნაციონალისტური პოლიტიკა იყო. ის ჩაერთო მოძრაობაში სახელწოდებით "ნუარიზმი", რომელიც მხარს უჭერდა ფერადკანიანი ჰაიტელების გაძლიერებას და ჰაიტის კულტურასა და პოლიტიკაში უცხოური გავლენის უარყოფას.
პაპა დოკმა პოლიტიკურ კიბეზე აღმასვლა 1946 წელს დაიწყო. ქარიზმატული, გამჭრიახი და შთამაგონებელი წარსულით, მალევე გახდა ჯანდაცვის მინისტრი თანამემამულე ნუარისტის, პრეზიდენტ ესტიმეს დროს. თუმცა ჰაიტის პოლიტიკა მღელვარე პერიოდს გადიოდა - ოთხი წლის შემდეგ არმიამ დაამხო პრეზიდენტ ესტიმეს რეჟიმი და პაპა დოკი თანამდებობიდან გადააყენა. დიუვალიე იმალებოდა, სანამ ამნისტია არ გამოცხადდა. 1957 წელს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი მჩაგვრელი პრეზიდენტის მთავრობა დაემხო, პაპა დოკი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა და ჰაიტის არმიის ფარული მხარდაჭერით პრეზიდენტად დაინიშნა.

„ტონტონ მაკუტები“
1958 წელს დიუვალიეს წინააღმდეგ გადატრიალება სცადეს, რის შემდეგაც მან უკიდურესი ზომები მიიღო, რათა არმიას სამოქალაქო მთავრობის კონტროლის უფლება ჩამორთმეოდა. საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად დიუვალიემ შექმნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების მოხალისეთა მილიცია, რომელიც მთელ ჰაიტიში ცნობილი გახდა, როგორც "ტონტონ მაკუტები" (იტალიელი ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის დანაყოფი, რომელსაც პაპა დოკი აღმერთებდა. ეს შავპერანგიანი კერძო მილიციის მოდელი იყო). ახალი მილიცია მხოლოდ დიუვალიეს ექვემდებარებოდა, მისი ერთგული იყო და რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დაუნდობლობით გამოირჩეოდა. "მაკუტების" ერთადერთ მოვალეობას პრეზიდენტის ნებისმიერ ფასად დაცვა წარმოადგენდა: მათ შეეძლოთ ყველა იმ ადამიანის ცემა, გაუპატიურება ან მოკვლა, ვისაც დიუვალიესთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ. "მაკუტების" ზღვარგადასული სისასტიკე იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ გავრცელდა საშინელი მითები, თითქოს "ტონტონ მაკუტები" ჯადოქრები იყვნენ და რომ დიუვალიე მათი ბატონი იყო, რომელსაც მიცვალებულებთანაც კი შეეძლო ურთიერთობა. ბევრი ჰაიტელი მათ ადამიანებად კი არა, ბოროტ სულებად და სატანურ ძალებად თვლიდა, აქედან გამომდინარე, მათ მეტსახელი "ბუგიმენები" შეარქვეს. დიუვალიემ კიდევ ერთი კერძო, ელიტური არმია შექმნა, სახელწოდებით "პრეზიდენტის გვარდია", რომელიც შედგებოდა გაძლიერებული დანაყოფისგან და ასევე პასუხისმგებელი იყო პრეზიდენტის დაცვაზე. გვარდიის მოვალეობას წარმოადგენდა "მაკუტებისთვის" თვალყურის დევნებაც, რათა ისინი თავად არ გამხდარიყვნენ პრეზიდენტისთვის საფრთხე.
ამ მასშტაბის უსაფრთხოების ძალების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად დიუვალიეს დიდძალი ფულადი სახსრები, იარაღი და ტექნიკა სჭირდებოდა. შესაძლებლობა ზუსტად საჭირო დროს გაჩნდა - ფიდელ კასტროს მიერ კარიბის ზღვის აუზში შექმნილი საფრთხის გამო, აშშ-ს რეგიონში მოკავშირეები სჭირდებოდა. დიუვალიეს ერთგულების უზრუნველსაყოფად, აშშ-მა მილიონობით დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია ჰაიტის და კუნძულზე საზღვაო ქვეითების რაზმი გაგზავნა პაპა დოკის უსაფრთხოების ძალების გასაწვრთნელად. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ამერიკას - ყოფილ მჩაგვრელ ქვეყანას, რომელიც დიუვალიეს ჭირის დღესავით სძულდა - ახლა ძალაუფლების გაძლიერებისთვის შეეკრა! თუმცა, პაპა დოკი კასტროსთან ალიანსის შექმნის მუქარით აშშ-თან ამის შემდეგაც წარმატებით მანიპულირებდა...
სამუდამო პრეზიდენტი
1961 წელს დიუვალიემ შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია, რათა თავი სამუდამო პრეზიდენტად გამოეცხადებინა. საბოლოოდ იგი მართლაც ეკურთხა სამუდამო პრეზიდენტად, რევოლუციის უმაღლეს მეთაურად, ეროვნული ერთიანობის მოციქულად, ღარიბების მფარველად, ვაჭრობისა და მრეწველობის გამაძლიერებლად და სულების მეუფედ. ფაქტობრივად, სრულად ჩაიგდო ხელში რელიგიური ძალაუფლება და თავი ჰაიტის ოფიციალური ეკლესიის მეთაურად და ქვეყნის დომინანტური, არაოფიციალური რელიგიის - ვუდუს ნახევარღმერთადაც გამოაცხადა. პაპა დოკმა ვუდუს მღვდლები და ჯადოქრები როგორც საკუთარ კაბინეტში, ასევე სადაზვერვო ქსელებში დაასაქმა. თუმცა, ვუდუ არ იყო ერთადერთი რელიგია, რომელითაც დიუვალიე მანიპულირებდა - მან რომის კათოლიკური ეკლესიიდან და ქვეყნიდანაც გააძევა უცხოელი ეპისკოპოსები, ამასთან, შუა საუკუნეების მონარქის მსგავსად, მოითხოვდა ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ის რომის პაპმა ეკლესიიდანაც კი განკვეთა, დიუვალიეს 1966 წელს ჰაიტის კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებამოსილება მაინც მიენიჭა...
მმართველობის დასასრული
დიუვალიეს ცხოვრება ბევრ ისტორიკოსს აბნევს - 1959 წლამდე ის იყო ინტელექტუალი ექიმი უდავო ჰუმანიტარული მოტივებით, 1959 წლის შემდეგ კი ის ნახევარღმერთად წარმოჩნდა, დაუნდობლად ჩაგრავდა საკუთარ ხალხს და უზარმაზარ პოლიტიკურ ეშმაკობასა და ცინიზმს ავლენდა.
ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ გულის შეტევამ, რომელიც დიუვალიეს 1959 წელს დაემართა და რამდენიმესაათიან კომაში ჩააგდო, ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებები და ნევროლოგიური პრობლემები გამოიწვია. მათივე მოსაზრებით, შესაძლებელია, რომ ძლიერმა სტრესმა გამოავლინა დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ლატენტური ფსიქიკური გადახრები. რეპრესიული რეჟიმებით ცნობილ რეგიონში დიუვალიეს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და მკვლელი რეჟიმი გახდა. პაპა დოკის უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 30 000 ჰაიტელი მოკლეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. ქვეყნის წლიური შემოსავლის მინიმუმ ნახევარს დიუვალიე და მისი კლანი ისაკუთრებდა. მაშინ, როდესაც დიუვალიეს ოჯახი და მთავრობის წევრები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ჰაიტელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა და იტანჯებოდა მრავალი დაავადებით. გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, უმუშევრობის დონე 80%-ს აღწევდა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით კი ჰაიტი არა მხოლოდ მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში არსებულ სახელმწიფოებს, არამედ აფრიკის ბევრ უღარიბეს ქვეყანასაც უსწრებდა. პაპა დოკი უმეტესად თავის გამაგრებულ სასახლეში იმალებოდა და გარეთ მკაცრი დაცვის ქვეშ გამოდიოდა. იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქუჩებში გადიოდა, პოპულისტურ პიარწარმოდგენებს მართავდა იმის საჩვენებლად, რომ პრეზიდენტი ზრუნავდა თავის ხალხზე, ის მათ წვრილი ფულის შეკვრებს ურიგებდა - ნაღდ ფულს, რომელსაც აშშ-ის მთავრობის დახმარებიდან საკუთარი ჯიბისთვის იპარავდა.
დადიოდა ხმები, რომ დიუვალიეს კისერზე ეკეთა გასაღები, რომელიც ეროვნული ხაზინის იმ საცავს ხსნიდა, სადაც ქვეყნის ოქროს მარაგი ინახებოდა...
1970-იანი წლების დასაწყისში პაპა დოკის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. მას დიაბეტი ჰქონდა. ამასთან, მას უკვე გადატანილი ჰქონდა მძიმე გულის შეტევა... 1971 წლის 21 აპრილს პაპა დოკი საკუთარ საწოლში მშვიდად გარდაიცვალა. ძალაუფლების გადაცემა მის ვაჟზე, ბეიბი დოკზე, შეუფერხებლად მოხდა. სულ რაღაც 19 წლის ასაკში ახალგაზრდა ჟან-კლოდმა პრეზიდენტის სასახლეში შეაბიჯა და ცხოვრება განაგრძო იქ, სადაც მამამისმა შეწყვიტა. დიუვალიეს დინასტია კიდევ თხუთმეტი წელი მართავდა ჰაიტის, სანამ ბეიბი დოკი 1986 წელს საბოლოოდ არ დაამხვეს.
შორენა ბიწაძე