ბაღიდან გარიცხული „აღვირახსნილი“ გოგონა და ჯიგარგამოცლილი საქონელი... - კვირის პალიტრა

ბაღიდან გარიცხული „აღვირახსნილი“ გოგონა და ჯიგარგამოცლილი საქონელი...

ქუთაისური იუმორი კეთილი და უწყინარია. თითოეული ხუმრობა, ანეკდოტი თუ სხარტულა მოწმობს, რომ ამ პატარა ლამაზ ქალაქში ჰაერიც იუმორითაა გაჟღენთილი და ეს მათი ყოველდღიურობაა. ეს ჩვენს რესპონდენტზეც ითქმის - ახალგაზრდა, მომხიბვლელი თამარ აბჟანდაძე მშობლიურ ქალაქში გაგონილ "მარგალიტებს" შესაშური ოსტატობით ჰყვება:

ქუთაისელი ექიმთან მივიდა:

- ექიმო, ყველაფერი მტკივა, სადაც თითს მივიდებ, ყველგან მტკივა!

ექიმმა უცნაური პაციენტი გასინჯა და დაამშვიდა:

- ძამია, შენ ყველაფერი კი არა, თითი გაქვს მოტეხილი!

* * *

ქუთაისელი ბიჭი ყასაბთან მივიდა ხორცის საყიდლად და ეკითხება:

- გული გაქვთ? - არაო.

- ჯიგარი გაქვთ? - არაო.

- ტვინი გაქვთ? - არაო.

- რაია, სიმონ, პოლიციელი დაკალით? - იკითხა გაოცებულმა კლიენტმა.

* * *

ქუთაისელი თვითმფრინავით მგზავრობს. ცოტა ხანში ხედავს, რომ თვითმფრინავის "კუდს" ცეცხლი ეკიდება და ვარდება. არც აცია, არც აცხელა, ერთადერთ პარაშუტს სტაცა ხელი და გადასახტომად მოემზადა.

- სად მიდიხარ, ვერ ხედავ, სალონში რამდენი ქალია? - შესძახა სტიუარდესამ.

- სა მცალია ახლა მე ქალებიზა?! - გაუკვირდა შეშინებულ მგზავრს.

* * *

ქუთაისელი ქუჩაში ძველ ნაცნობს შეხვდა და ჰკითხა:

- რა მაგრა დაზმანულხარ, ჩემო ძამია! ვისია მაი კოსტუმი?

- პიერ კარდენის.

- შარვალი?

- პიერ კარდენის.

- საროჩკა?

- ისიც.

- ნამუსი მთლად დაკარგე? კაცი შიშველ-ტიტველი დატოვე?!

* * *

გასვენებაში მოხუცი კაცი ღვინოს ასხამდა. მეზობლებმა იცოდნენ, რომ მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ, ხან ჭიქა რომ გატეხა, ხან თეფში, ხან ღვინო ლობიოში ჩაასხა. ბიჭიკიამ ვერ მოითმინა, მომეცი, ბაბუა, მაი გრაფინკა! ღვინოს მე დავასხამ და შენ სალათას მარილი მოაყარეო.

* * *

ქალაქის ერთ-ერთ ხელმძღვანელს წარუდგინეს მსახიობი შოთა პირველი, რომელმაც ხელის ჩამორთმევისას თქვა:

- პირველი.…

- პეტრე პირველი რა იყო თქვენი? - ჰკითხა ცნობისმოყვარე და ძალიან "განათლებულმა" ჩინოვნიკმა.

* * *

ქუთაისელი სტუმრად არის თბილისში და რესტორანში "ცეზარი" შეუკვეთა, მოუტანეს, გასინჯა და ოფიციანტი ეკითხება:

- როგორ მოგეწონათ?

- კი არის გემრიელი, მარა ამ ცეზარს ქუთაისში რომ ეცხოვრა, ამდენ ბალახს კი არ შეჭამდა, ერთ კარგ იმერულ ხაჭაპურს გამოაცხობინებდა და იმით შევიდოდა ისტორიაში!

* * *

ქუთაისელს რესტორანში ძალიან თხლად დაჭრილი ყველი მიუტანეს.

- ე, ბიჯო, დაკეტე კარ-ფანჯარა, თვარა წეიღო ყველი "სკვაზნიაკმა!"

* * *

ქუთაისის ბაზარი ხალისიანი და კოლორიტული ადგილია, სადაც ნამდვილი "მარგალიტების" მოსმენა შეიძლება, მაგალითად:

ტურისტი ეკითხება გამყიდველს:

- Iს ტჰის ფრუიტ სწეეტ? (ეს ხილი ტკბილია?)

გამყიდველი უყურებს, ვერაფერი გაიგო, მარა მაინც პასუხობს, "ის" კი არა, "ეს" არის, ძამია, და ისეთი ტკბილია, შაქარს რომ დიაბეტი დაემართოს, ამას შეჭამს და მორჩებაო!

* * *

Eეს ამბავი ქუთაისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მოხდა: 4-5 წლის გოგონამ, რომელიც სერიალებს ყოველდღე უყურებდა, "სასიყვარულო ამბორის" ხელოვნება ზედმიწევნით აითვისა, ბაღში მისული თანატოლ ბიჭს სწვდა და აკოცა. ბავშვი ბაღიდან გარიცხეს. მთელი სანათესავო შეიკრიბა, რომ "აღვირახსნილი" გოგონა დაეტუქსათ. თავყრილობაზე ბავშვის ბიძაც მოვიდა.

- მოი, მოი, სულიკო ბიძია! შენც გეიგე ჩემი ბ***ოზობის ამბავი ხომ?! - ამოილუღლუღა თვალცრემლიანმა პატარამ.

* * *

ქუთაისელი ჩალურჯებული თვალით მივიდა სამსახურში.

- რა მოგივიდა, კაცო? - ეკითხებიან თანამშრომლები.

- უძილობა მჭირს.

- მერე?

- ღამის სამ საათზე ვრეკავ ხოლმე ტელეფონზე და ყველას ვეკითხები, აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ ვარ-მეთქი.

- მერე?

- წუხელ ერთმა ახვარმა გამოიცნო, სიმონ...

* * *

ბიჭიკიას ჰკითხეს, შენი შვილი როგორ სწავლობსო? რას ამბობ, ისეთი ნიჭიერია, მასწავლებელმა მითხრა, ამას სკოლაში მეტს ვეღარაფერს ვასწავლითო!

- მართლა?

- ჰო, გუშინ სკოლიდან გარიცხეს...

* * *

ჭიჭიკია სახლში გვიან დაბრუნდა. ცოლი ეჩხუბება: - სად იყავი აქამდე, მთელი ღამე ნერვიულობით დავდნი!

- ცაცა, ერთი-ორი დღეც თუ დავაგვიანებ, საერთოდ მოდელად გადაიქცევი და უფრო მომეწონები! - უპასუხა ამ ამბით გახარებულმა ბიჭიკიამ მეუღლეს.

* * *

***ბიჭიკიამ ცოლი სამშობიაროში მიიყვანა. გავიდა ერთი, ორი, სამი დღე, მაგრამ მემკვიდრე არ ჩანს. სამაგიეროდ, ამ დღეების განმავლობაში ცოლმა 300 ლარი წაართვა. მესამე დღეს ბიჭიკიამ ვეღარ მოითმინა და ასძახა, ცუცა, რა გემართება? შენ მაქანე სეკას ხომ არ თამაშობ?!

* * *

- შენი ბიძაშვილი პარლამენტარია, ხომ? - ეკითხებიან ქუთაისელს, რომელიც თავისი ბიძაშვილით ძალიან ამაყობს.

- კი, ძამა.

- მისვლა-მოსვლა გაქვთ? მისვლა კი და მოსვლა არაო, უპასუხა დაღონებულმა.

* * *

2008-2009 წლებში ქუთაისში გზები გაჰყავდათ. გადათხრილი ქუჩების გამო შექმნილი უსიამოვნება ქუთათურებმა ასე შეაფასეს: რუსმა მფრინავმა 2008 წელს ბაგრატს რომ გადაუფრინა და ქუთაისის ქუჩები დაინახა, თქვა, აქაურობა უკვე დაგვიბომბავსო და გზა გააგრძელა.

ქუთათური ებრაელების იუმორი

ებრაული თემი ქუთაისის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათი ემიგრაცია 1970-იან წლებში დაიწყო, 1990-იანებში კი თითქმის ყველა ოჯახი ისრაელში გადასახლდა. დღეს რამდენიმე ათეული ოჯახია დარჩენილი, თუმცა ქუთაისელი ებრაელების იუმორი ხალხში დღესაც ვრცელდება, ბევრი მათგანი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაშიც დამკვიდრდა და დიდი გავლენა იქონია ამ ქალაქის განუმეორებელ კოლორიტზე:

* * *

მოშე გვიან ღამით დივანზეა წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებს.

- ახლა მოგასმენინებთ უკანასკნელ ცნობებს, - აცხადებს ტელევიზიის დიქტორი.

- შენზა იყოს უკანასკნელი! - მიაწყევლა გაგულისებულმა მოშემ.

* * *

მოშე მეგობარს შესჩივის:

- ისაკა, ჩემი ცოლი ყოველდღე ფულს მთხოვს: გუშინ 50 მანეთი მთხოვა, დღეს - 100, ხვალ, ალბათ, 200-ს მთხოვს!

- მერე რაში ხარჯავს ამდენ ფულს? - უკვირს ისაკას.

- რა ვიცი, ძამია, ჯერ ერთი თეთრიც არ მიმიცია და საიდან მეცოდინება?!

ხათუნა ჩიგოგიძე