„ფსიქიკურად დაავადებული მამიდაჩემი თურქეთში ქართველმა მომვლელმა იპოვა პარკში...“
არაოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში დაახლოებით 100 000 ქართველი ემიგრანტია, უმეტესობა დასავლეთ საქართველოდან. იმ იმედით, რომ მოსაზღვრე სახელმწიფო სახლთან ახლოა, ოჯახის მონახულებაც მარტივია. თურქეთში ემიგრანტების ცხოვრება დასავლეთის ემიგრანტების ცხოვრებისაგან ხელფასის სიმცირით განსხვავდება. აქ საშუალოდ ნახევარ ხელფასს იღებენ. იმავდროულად, თურქეთის ემიგრაციაში უფროსი თაობის წილი გაცილებით მაღალია. უმეტესობა მუშაობს მომვლელად, ნაწილი კი ძიძად ან საწარმოებში. თურქეთში თითქმის ვერ შეხვდები ემიგრანტებს კარიერული წინსვლითა და წარმატებით. რაც შეეხება კიდევ ერთ ნიშანს, ეს არის თანადგომა, განსაკუთრებით დაავადებულებისა და მათ შორის ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ... მათ შორის არის ემიგრანტი ნინო პაიჭაძე, რომელსაც ბოლო დღეებში ხშირად ხედავდნენ სტამბოლის ქუჩების ავტომანქანების ნაკადში აკივლებულსა და ხმამაღლა მოლაპარაკეს... რატომ ვერ ხერხდება ემიგრაციაში ფსიქიკურად დაავადებულის კლინიკაში გადაყვანა ან დროულად სამშობლოში დაბრუნება და როგორ ზრუნავენ მასზე ემიგრანტები, ამის შესახებ ნინო პაიჭაძის ძმისშვილი, ანუკა პაიჭაძე გვესაუბრება.
"ემიგრანტებმა, რომლებიც თავად ქირაობდნენ ბინას, მამიდაჩემს ფართობი გამოუყვეს და ყურადღებას აქცევდნენ..."
- სტამბოლის ქუჩებში, ალბათ, ბევრი ცნობდა თქვენს მამიდას, რომელზეც მიაჩნდათ, რომ გულშემატკივარი არ ჰყავდა...
- დიახ, ნინო პაიჭაძე ჩემი მამიდაა. ის ემიგრაციაში ჩვენი, ნათესავების გამო დასახმარებლად არ წასულა. საკუთარი ოჯახიც არა აქვს, რომ შვილების გამო წასულიყო. თუმცა ყველას აქვს პრობლემები და მანაც, ალბათ, ამის გამო გადაწყვიტა წასვლა ბინის გაყიდვის შემდეგ. ჩვენ ბათუმელები ვართ, მამიდა კი თბილისში ცხოვრობდა და სამწუხაროდ, ჩვენთან იშვიათად ურთიერთობდა. ბებიაჩემი ამის მიზეზად ბაბუაჩემის გარდაცვალებას ასახელებდა. როგორც ბებომ მითხრა, მამა მამიდაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა და მისმა გარდაცვალებამ იმხელა სტრესი მიაყენა, რომ არავის დანახვა აღარ სურდა... მერე ისე გაუმწვავდა მდგომარეობა, მკურნალობა დასჭირდა, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა. თურქეთში სწორედ იმ პერიოდში წავიდა, ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამს. რომ ვეძებდით, მისი თურქეთში ყოფნა მხოლოდ მოგვიანებით, მეზობლებისაგან შევიტყვეთ, რომლებიც ასევე თურქეთში იყვნენ სამუშაოდ. ნინო ყოველთვის მუშაობდა, თუმცა მედიკამენტებს ალბათ აღარ იღებდა, რამაც დაავადება გაუმწვავა. ამას ახლა ვფიქრობთ, თორემ თვითონ არ გვეკონტაქტებოდა. თუმცა ჩვენც მხედველობიდან არ ვკარგავდით, ისე, რომ მას არ გაეგო, არ სურდა და იმიტომ.
- ბევრი ემიგრანტი გაურბის საკუთარ წარსულსა და ტკივილს, რომელიც ემიგრაციაში მძიმედ იჩენს თავს.
- გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია იმ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც მის გვერდით იყო და ვისი სიკეთითაც გაოცებული ვართ. ბოლოს შვიდი წელიწადი ცხოვრობდა სამეგრელოდან წასულ ოჯახთან, რომელიც ნინოს ბინის ქირის გარეშე იფარებდა. წარმოიდგინეთ, ემიგრანტებმა, რომლებიც თავად ქირაობდნენ ბინას, მას ფართობი გამოუყვეს და ყურადღებას აქცევდნენ. გვეუბნეოდნენ, არ ინერვიულოთ, მუშაობს და ფულს აგროვებს, იმდენად ძალიან უნდა თურქეთიდან წამოსვლა და ისეთ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, სადაც უზრუნველყოფილი სიბერე ექნებაო. ჩვენ არაფერი ვიცოდით, არც არასოდეს გამოუგზავნია ჩვენთვის ფული, მაგრამ ის ჩვენი სისხლი და ხორცია, მისი ბედი გვაღელვებდა.A ფოტოებსაც კი ვაგზავნინებდით, იმაში დასარწმუნებლად, რომ უვნებელი იყო და მუშაობდა. ერთხანს ტანსაცმელი დაჰქონდა ქუჩაში გასაყიდად. ოჯახი გვეუბნებოდა, რომ მას ჩვენგან არაფერი სჭირდებოდა, საკვებს თავისით ყიდულობს, ჩვენ უბრალოდ სიკეთეს ვაკეთებთო.
- ანუ თურქეთშიც ოჯახებად ცხოვრობენ ჩვენი ემიგრანტები.
- დიახ, უამრავი. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, თურქეთში იმდენად ბევრი ემიგრანტი გადადის ოჯახებით, რომ იმის ილუზიაც კი გიჩნდება, სამშობლო ეს ქვეყანაა და არა საქართველო. იქ შეიძლება 70 წლამდე ასაკშიც დასაქმდე მოხუცის მომვლელად. საქმე ის არის, თურქები არ ცნობენ მოხუცთა თავშესაფრებს და მოხუც მშობლებს შინ უვლიან.
- ამაში დადებითის გარდა ვერაფერს ვხედავ, თუმცა 70 წლის ადამიანისთვის ძალიან ძნელია ლოგინად ჩავარდნილის მოვლა.
- ასეა, მაგრამ ამას აიძულებთ შვილების მატერიალური მდგომარობა, რომ 500-600 დოლარად მომვლელად იმუშაონ.
ფსიქიკურად დაავადებული მამიდაჩემი სწორედ ქართველმა მომვლელმა იპოვა პარკში, სადაც შემფარებელი ოჯახიდან გაქცევის შემდეგ კოკისპირულ წვიმაში იჯდა, მერე სახლში წაიყვანა და შეიფარა, უპატრონა, დააძინა, ჩააცვა და გამოკვება. ძალიან მიჭირს ასეთი სიკეთის სიტყვებით აღწერა, რაც ადამიანს სრულიად უცხო, თანაც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის პატრონობისაკენ მოუწოდებს, მაგრამ ეს რეალობაა. მამიდაჩემის მხსნელი ფსიქიკურად დაავადებულებთან ნამუშევარიც აღმოჩნდა და მანაც გაგვაფრთხილა, რომ მამიდას თურქეთიდან წამოსაყვანად ჩვენი წასვლა არ ღირდა, ვინაიდან თავისი თანხმობით არც ჩვენთან და არც სამშობლოში დაბრუნება არ სურდა, იძულებით კი ფსიქკურად დაავადებულს ვერც ჩვენ წამოვიყვანდით და ვერც საკონსულო. იმ ქალმა კი იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო - ნახევრად გათიშული მამიდაჩემი შინ პოლიციამ გადაიყვანა, რომელმაც სადეპორტო სამსახური გამოიძახა. ამ სამსახურმა მიმართა თურქეთში საქართველოს საკონსულოს და დადგენილ ვადაში კანონის ძალით მოგვიყვანენ თურქეთ-საქართველოს ნეიტრალურ ზონამდე, საიდანაც გადმოვიყვანთ და ვუმკურნალებთ.
- წარმატებას გისურვებთ, ფსიქიკურად დაავAდებულის მკურნალობა არ არის მარტივი...
- ეს ჩვენი ვალია. იმავდროულად, შვებაა ისეთი ადამიანების არსებობა, ვინც უცნობ მამიდაჩემს ოჯახში იფარებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ. ეს ის იმედია, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე.