"წმინდა ქართული" მწერები - „საქართველოში მწერების 20-მდე სახეობას მსოფლიოში ვერსად შეხვდებით“
საქართველო შედის მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების რიცხვში, სადაც დედამიწის სულიერი არსებების 95% ცხოვრობს. და არა მხოლოდ: მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სამეცნიერო კვლევების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 20 სახეობის არსებაა (მწერი), რომელთა მსგავსი დედამიწაზე არსად მოიპოვება. როგორც ცნობილი ზოოლოგი (ორნიტოლოგი) გიორგი ჯაფოშვილი ამბობს, მათ ჩვენს ქვეყანას უკანასკნელი გამყინვარების დროს შეაფარეს თავი, გადარჩნენ და სხვა მათ მსგავსს დედამიწაზე ვერსად შეხვდები. ამას ადასტურებს მსოფლიო ზოოლოგების კვლევებიც. მათ სწორედ ჩვენთან მცხოვრები იშვიათი არსებები აძლევენ შესაძლებლობას იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა დედამიწაზე ცხოვრება ათასობით წლის წინ ან როგორ შეიძლება სიცოცხლის ამ ნაწილის, მწერების ლაშქრის გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ. მათ მეცნიერები სიცოცხლის გამავრცელებლებს უწოდებენ, რადგან მწვანე საფარს მტვერავენ და აფართოებენ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე. ამ მოვლენის უნიკალურობის შესახებ ბატონი გიორგი ჯაფოშვილი გვესაუბრება.
- მეამაყება, რომ ახალგაზრდა მეცნიერი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუშაობდით. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: კანადა, აშშ, ამერიკა, თურქეთი, იაპონია, ესპანეთი და ა.შ. თქვენი განათლებისა და შრომისმოყვარეობის გარდა, ამის საფუძველი ალბათ ისიც არის, რომ ხართ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნიდან.
- საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოს მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცხელი წერტილი, რასაც დედამიწაზე ბევრგან ვერ შეხვდებით. როდესაც 2 საუკუნის წინ კავკასიაში სამეცნიერო კვლევა დაიწყო, ეს ჯერ კიდევ გერმანელმა მეცნიერმა გუსტავ რადემ დაასაბუთა. მან აღმოაჩინა, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო ფლორა-ფაუნის ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელსაც დედამიწაზე ბევრგან ვერ შეხვდებით და რიგითობისგან გამორჩეულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, მწერების მრავალფეროვნებაც. ეს იმ მნიშვნელობის მოვლენა იყო, როდესაც ბოლშევიკურ-საბჭოური არეულობები და რევოლუციები დამთავრდა, საქართველოში დაარსდა ზოოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც ამ მრავალფეროვნებისაკენ მსოფლიოს მრავალი მეცნიერი მოიზიდა. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, მსოფლიოდან რამდენი მეცნიერიც არ უნდა ჩართულიყო მწერების კვლევაში, მაინც ვერ გამოიკვლევდა იმ სახეობებს, რასაც ახლა ვხედავთ. ამჟამად არსებობს ტექნოლოგიები, რომელთაც თვალით უხილავი სიცოცხლის შემჩნევაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში 632 სახეობის მწერია, 2026 წელს ვიცით, რომ საქართველოში სიცოცხლის ეს რგოლი ითვლის 2500 წარმომადგენელს და იქნებ უფრო მეტსაც. ამათგან 20-მდე სახეობა მართლაც ისეთია, რომელთაც მსოფლიოში ვერ შეხვდებით.

- მართლაც საამაყოა, რომ მსგავსი რამ მსოფლიოში არ იძებნება...
- ასეა. დედამიწის ამ უნიკალურ წერტილში ყოფნამ სხვა განძიც მოგვცა. მაგალითად, ქართული ფუტკარი და აბრეშუმი, რომლის მსგავსი ასევე არსად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ უკანასკნელის აღორძინება ვერა და ვერ დაიწყო.
- კვლევები თუ აქვს დაწყებული სახელმწიფოს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გამყინვარებამდე არსებული ცოცხალი ორგანიზმები არიან, სუნთქავენ, არსებობენ და თავიანთ როლს ასრულებენ ბუნების ჯაჭვში, რათა არ გაწყდნენ.
- ამაზე დადებით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სახელმწიფო დაფინანსება, ფაქტობრივად, უდრის არაფერს და თუ მიდგომა არ შეიცვალა, საქართველოში მეცნიერების განვითარება სათუო იქნება. რაც შეეხება სხვა მუშაობას, მსოფლიო სამეცნიერო კავშირები 90-იან წლებში ისევ შეწყდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მეცნიერებას კარგად ახსოვდა საქართველოს უნიკალური მრავალფეროვნება, ასე რომ, ეს კავშირები კვლავ განახლდა, რაშიც შეუფასებელი როლი ითამაშა ილიას უნივერსიტეტმა, რომელსაც ჩემს მადლიერებას ვუცხადებ. ორნიტოლოგები ისევ უწყვეტ ნაკადად დაიძვრნენ საქართველოში დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, პოლონელები საქართველოში წლებია მუშაობენ მწერების მრავალფეროვნების თემაზე. სხვათა შორის, 90-იანი წლებიდან პოლონეთმა თავადვე მოიფიქრა პროგრამა, რომელსაც "საქართველოს დახმარების პროგრამა" ეწოდა.

- მწერთა იმ უნიკალურ მრავალფეროვნებაში თუ არიან ისეთები, რომლებიც ბუნებას იცავენ მავნებელი თანამოძმეებისაგან - სიცოცხლე ხომ ასეა, სადაც მავნებელია, იქ სასარგებლოც ჩნდება.
- ბუნება მართლაც თავად აწონასწორებს ყველაფერს, რათა აქ მცხოვრებ სულიერ არსებებს თანაბრად ჰქონდეთ ცხოვრების პირობები და არავინ დაიჩაგროს.
მაგალითად, ჩვენში შემოსეულ გამანადგურებელ ფაროსანას უკვე ჰყავს ბუნებრივი ფარფატა მტერი, პატარა მახვილფრთიანი, რომელიც იმდენად პატარაა (1-დან 5 მ-მმდე), ზოგჯერ შეიარაღებული თვალითაც არ ჩანს. თუმცა ამ პატარა მწერს დრო სჭირდება, რომ სათანადოდ გამრავლდეს და ფაროსანას "თავის ადგილი" მიუჩინოს, რაც აუცილებლად მოხდება, თუკი ადამიანი ისევ არ ჩაერია მომწამვლელი შხამით და ფაროსანაზე მეტად თავად მახვილფრთიანი არ ამოხოცა.
- წარმატებას გისურვებთ თქვენც და სიცოცხლისთვის მებრძოლ სულიერ არსებებსაც. რომლებიც საქართველომ გადაარჩინა გამყინვარებას ან თუნდაც დათბობას, თავის მხრივ კი ისინი ხელს უწყობენ საქართველოს ცნობადობას და აქ უამრავ უცხოელ მეცნიერს იზიდავენ.
- დიახ. მართლაც ბევრს იზიდავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. რაც შეეხება პოლონელ მეცნიერებს, ჩვენთან მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, კვლავ აპირებენ აქ მუშაობის გაგრძელებას და სიამოვნებით ველოდებით.