„მგონია, რომ ბაბუ და მისი მეგობრები იქაც თამაშობენ“ - კვირის პალიტრა

„მგონია, რომ ბაბუ და მისი მეგობრები იქაც თამაშობენ“

"ბაბუა, ჯემალ ღაღანიძე სცენაზე ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, მის თამაშს თვალს ხან კულისებიდან ვადევნებდი, ხან დარბაზი­დან, ხშირად გამნათებელთანაც ვიყავი",­ - ამბობს მსახიობი სანდრო მიკუჩაძე­ და დიდ არტისტზე დაუვიწყარ ამბებს იხსენებს.

- ახლა ვუყურებ ბაღს, რომელიც ბაბუაჩემმა საკუთარი ხელით გააშენა, იქ ჩემი შვილები დარბიან, კუს და ზღარბს ეთამაშებიან და ბედნიერი ვარ. საბურთალოზე, ამ სახლში გაატარა მთელი ცხოვრება. მისი მეორე სახლი რუსთაველის თეატრი იყო. ბაბუაჩემით სულ ვიამაყებ. ქუჩა, სადაც ჩვენი სახლია, ძალიან კარგი ადამიანის, ზაურ ბოლქვაძის სახელს ატარებდა. ბედნიერი ვარ რომ დღეს ქუჩის ნაწილს ჯემალ ღაღანიძის სახელი მიენიჭა.

როგორი ბაბუა იყო? მეგობრული, მისნაირი ძმაკაცი ცხოვრებაში არ მყოლია და ალბათ არც მეყოლება. ბევრი მეგობარი, ძმაკაცი მყავს, მაგრამ ბაბუს ვერავინ შემიცვლის. ხშირად მახსენდება, ვუფირქდები, რამდენად მართალი იყო ყველა­ფერში, უდიდეს პატივს ვცემ და ვცდი­ლობ, მისი ყველა რჩევა გავითვალისწინო. ფიზიკურად როგორი ახოვანიც იყო, ისეთივე ღრმა კაცი იყო. ვამაყობ, რომ მისი ერთ-ერთი ფესვი ვარ.

სახლთან ეს ბაღი დიდი ბრძოლით შეინარჩუნა, არაფრით დათმო და მისმა შეუვალობამ გაჭრა. სულ ამბობდა, ბაბუ, ამ ბაღში შენი შვილები ირბენენო. აქ ბევრი იასამანი და ვარდია. ბაბუს უყვარდა მცენარეების დარგვა, სულ მეუბნებოდა, ცხოველებს მოვფერებოდი - ასეთი დეტალები ადამიანზე ხომ ძალიან ბევრს ამბობს...

ვაღიარებ, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, დღეს მის სურათთან ვჯდები და ველაპარაკები ხოლმე. რაც გარდაიცვალა, მას შემდეგ არ დამსიზმრებია.

megobrebi-1778491233.jpg

- მას არ სურდა, რომ მსახიობის პროფესია აგერჩიათ, რატომ?

- ყოველთვის წინააღმდეგი იყო ჩემი მსახიობობის, მიხსნიდა იმ სირთულეებზე, რომელიც შემხვდებოდა, მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა, რა გზა უნდა გამევლო. თეატრალურში ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვსწავლობდი, მეორე კურსზე რომ ვიყავით, ეტიუდების ჩვენება მოაწყო. ბაბუმ ჩემი თამაში რომ ნახა, ხელები ასწია. მერე როცა სცენაზე ვიდექი, სულ ნერვიულობდა...

- სცენაზე პარტნიორებიც გახდით...

- ნიკუშა შველიძემ რუსთაველის თეატრში ძალიან კარგი სპექტაკლი დადგა, "უფლისწული და მათხოვარი", სადაც მე და ბაბუს მამა-შვილის როლი გვათამაშა. სხვა დიდი მსახიობებისგან არაერთხელ მქონდა გაგებული, რომ ბაბუ ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო, ტექსტი დაგავიწყდებოდა თუ ტექნიკურ გაუგებრობა იქნებოდა, ჯემალის გვერდით არ უნდა გენერვიულა, ის ყველას საყრდენი იყო...

- გარიგებდა, გიხსნიდა, გაკრიტიკებდა?

- სანამ რუსთაველის თეატრში შევდგამდი ფეხს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, რეპეტიციებიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, ზოგჯერ შემაქებდა ხოლმე და მე ვაჩერებდი, არა, ეგ არ მინდა, შენ ის მითხარი, უკეთესად რა შეიძლება გავაკეთო-მეთქი? მერე მეტყოდა, - ბაბუ, კარი მიხურე! ვხურავდით კარს და მერე მე და ბაბუ დიდხანს ვსაუბრობდით. რა უნდა გამოსწორებულიყო, რა როგორ გაკეთებულიყო... სულ ამბობდა, მე თუ ჩემს პროფესიაში რამეს წარმოვადგენ, დიდი წვლილი რობერტ სტურუას მიუძღვისო. რუსთაველის თეატრს აღმერთებდა, უზომოდ უყვარდა. მინდა ბატონ რობერტს მეც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

- ბაბუს მთავარი დარიგება რა იყო?

- რუსთაველის თეატრს არასდროს უღალატო, ის შენი მეორე სახლი და ოჯახია! - სულ ამ სიტყვებს მიმეორებდა. არასდროს დამავიწყდება, რუსთაველის თეატრში რომ მიმიღეს, მურმან ჯინორიამ ბაბუს და ბებოს ყურში ჩასჩურჩულა: არსებობს სცენა და არსებობს ბევრი მსახიობი. სცენა ყველა მსახიობს ვერ მიიღებს და სანდრო რუსთაველის თეატრის სცენამ მიიღოო. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. ყველა ადამიანს ვინც გზა გამიკვალა, მინდა საჯაროდ მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.

- ჯემალ ღაღანიძის მეგობრები ქართული თეატრის კორიფეები იყვნენ. მათი შეკრებებიდან რა გახსენდება?

- ჯერ კიდევ სახლის ტელეფონები რომ იყო, ბაბუსთან ზარები დილიდან იწყებოდა. ურეკავდა კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, სოსო ლაღიძე, ომარ ცაავა, ის ე.წ. ზარმაც­ების სახაშის სულისჩამდგმელი იყო. "მოხუცი ჯამბაზები" იწყებდნენ ხაშის მირთმევას 10-11 საათზე და მერე აგრძელებდნენ რესტორანში, იქიდან სხვა რესტორანშიც გადადიოდნენ და საღამოს ტრადიცია უღალატო იყო, აუცილებლად მოდი­ოდნენ ჩვენთან, მოჰქონდათ შამპანური, ნაყინი, მარწყვი ან სეზონის მიხედვით ხილი. ჩვენი სახლი ბაბუს და ბებოს მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო.

ბოლოს, როცა ბაბუ შეუძლოდ იყო და სუფრებზე სიარული აღარ შეეძლო, დათო კვირცხალია, მურმან ჯინორია, ექიმი­ გია ჯავრიშვილი სულ მოდიოდნენ და ცდილო­ბდნენ მისთვის ძველებური განწყობა შეექმნათ... მათი ურთიერთობა ბოლო­მდე გულწრფელი იყო, ერთმანეთის ჭირის და ლხინის გამზიარებლები იყვნენ.

ერთხელ ისე გავთამამდი გურამ საღარაძის და მურმან ჯინორიას თანდასწრებით ლექსი წავიკითხე. ალბათ ვერასდროს გავბედავდი, ბაბუს რომ არ შევეგულიანებინე, რამდენჯერმე მითხრა, ბიჭო, ფეხზე ადექი, უკვე დიდი კაცი ხარ, ფეხზე ადექი, წაიკითხეო და მეც დავიწყე: "ქალები?! განსაკუთრებით ქალები ქალაქისანი! მე მოვკვდე, თუ არ მერჩივნოს ტირიფნი არაგვისანი!.." კორიფეებისგან აპლოდისმენტები მივიღე.

ამ ბუმბერაზი ადამიანების გარემოცვაში ხშირად ვხვდებოდი, ბაბუს დავყავდი. ზოგჯერ მისი და გეგა კობახიძის სცენას, ანუ ლაზარეს და შახტიკოტეს (ბუბა ხოტივარის ფილმი "ლაზარეს თავგადასავალი") გავითამაშებდით ხოლმე.

- ჯემალ ღაღანიძეს რით ჰგავხარ?

- ბევრი რამით, მეტყველებით და მოძრაობითაც კი. ბატონმა რობერტმა მითხრა, ბიჭი მსახიობებიდან, შენი ნათქვამი სცენიდან ყველაზე კარგად ისმისო. ბაბუს ვგავარ სიკეთით, კაცობით, ის არასდროს იყო პოლიტიკაში გარეული, არც ერთ მხარეს­ იჭერდა და არც მეორეს. მეც ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.

- ჯემალ ღაღანიძის პროფესიულ ჩრდილში ყოფნა, რა განცდაა?

- ეგ ჩრდილი ჩემი საბანია, დღემდე ისე მათბობს, რომ სულ ამ ჩრდილქვეშ ყოფნა მინდა. შეიძლება მზე გადავიდეს, მაგრამ ეს ჩრდილი მომივლის და გზას გამიკვალავს.

- დღეს შენ გვერდით რომ იყოს, რას ჰკითხავდი?

- მაქვს განცდა, რომ სულ ჩემ გვერდითაა. ახლაც, ამ წუთშიც, თითქოს ამას ვგრძნობ. შეიძლება არც არაფერი მეკითხა, ჩვენ იმდენად ბევრ რამეზე გვქონდა უკვე ნასაუბრები. ხშირად თვალებით ვლაპარაკობდით, ამ ჩვენი დიალოგის უცნაურ ფორმას შეიძლება სხვა ვერც მიმხვდარიყო. რას ვკითხავდი? ერთადერთი რაც შეიძლებოდა მეკითხა, დიდებული კახი კავსაძის სიტყვები იქნება, ბაბუ, მანდ თეატრი არის და თამაშობ? მგონია, რომ ბაბუ და მისი მეგობრები იქაც თამაშობენ!

თამუნა კვინიკაძე