„პირველად რომ ვაკოცე, იცით, რა დამემართა? ვფიქრობდი, მოვკვდებოდი“
"დღემდე ვერაფრით ვისწავლე, რომ პირდაპირობა ყოველთვის კარგი არ არის, ზოგჯერ სჯობს, ჩუმად იყო, ვიდრე ილაპარაკო, ეს ეშმაკობა არ მაქვს", - ამბობს მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი. რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს და რა აყენებს კარგ ხასიათზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1941 წლის 24 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი, მაშინ მომღერლობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სულ რაღაც როლებს ვასრულებდი და იმდენად მომწონდა, ვფიქრობდი, მომავალშიც ეს საქმე მეკეთებინა. შემდეგ ისე მოხდა, პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. 21 წლისა უკვე პედაგოგი ვიყავი. მერე ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ სიმღერა დავიწყე - "ივერიაში" რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის ოცნება ასაკში შესულმა მაინც ავისრულე...
- ჩემზე ამბობენ...
- "ჩემი საყვარელი მომღერალი", "ჩემი საყვარელი მსახიობი" ყველაზე ხშირად "ჩემი საყვარელი" მესმის და ამის გამო ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები, ვფიქრობ, ჩემზე უკეთესები ბევრნი არიან. რა ვიცი, ამ ხალხს რით შევუყვარდი?
- ჩემთვის პოპულარობა...
- იმის გააზრებაა, რომ ხალხის სიყვარული ბოლომდე შევინარჩუნო, მათი მოლოდინი გავამართლო. მე თუ მკითხავთ, ყველა მსახიობი ასე უნდა ფიქრობდეს. ხალხს რომ უყვარხარ, ისე უნდა მოიქცე, რომ შენზე წარმოდგენა არ შეუცვალო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- იმავე გზას გავივლიდი, არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს. მხოლოდ დალხენილი ცხოვრება კი არ მქონია, გაჭირვებაც გამოვიარე, მაგრამ იმ გაჭირვების დროსაც კი კმაყოფილი და ლაღი ვიყავი. დღეს სხვაგვარი მდგომარეობაა...
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს კარგი ოჯახი, მეგობრები, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ამაში არავინ ხელს არ მიშლის.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- "სიყვარული, სიკეთე და სილამაზე", - ის, რაც მთავარია დედამიწაზე. ადამიანს უფლის რწმენა უნდა ჰქონდეს, ღმერთი თითოეულ ჩენგანშია, მე ამის მეჯერა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- პირდაპირობა. სიმართლის მოყვარული კაცი ვარ და პირდაპირ ვამბობ, რაც არ მომწონს. შეიძლება ეს ცუდი თვისებაც იყოს, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა, უსამართლობაზე თვალს ვერასდროს დავხუჭავ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- იმას გეტყვით, ზოგადად, რაც არ მომწონს ადამიანში - ეს ტყუილებია. საშინლად არ მიყვარს. კეთილი ტყუილებიც არსებობს, სიკეთეს რომ ემსახურება, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ სარგებლის ნახვის მიზნით, ან ბოროტულად რომ იტყუები, ამაზე საძაგლობა არაფერი მგონია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- რომ ერთგულება ყველაზე კარგი თვისებაა - ერთგულება სამშობლოსი, ოჯახის, მეგობრების... ერთგული კაცი დასაფასებელია. პატარა შეცდომები მეც მაქვს დაშვებული, როგორც ყველა ადამიანს.
- განვიცდი...
- ჩემი ხალხი ერთმანეთს რომ არის გადაკიდებული, სულ რომ ჩხუბობენ, უკადრებელს რომ კადრულობენ... მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გაერთიანების უნარი. ნახეთ, ფეხბურთმა როგორ გაგვაერთიანა. მთელი საქართველო იმ გუნდს გულშემატკივრებად ვართ ქცეული, სადაც ხვიჩა თამაშობს.
- სიყვარული ეს...
- უდიდესი და ძალიან ლამაზი გრძნობაა. თუმცა ამ სიტყვას ძალიან ხშირად ვამბობთ. მაგალითად, ერთ წუთში შეიძლება თქვა, სამშობლო მიყვარსო და მეორე წუთში - ლობიოო. სამშობლოს ნუ დავაკნინებთ, სჯობს, ვთქვათ: ლობიო მომწონს... მთავარი ქალისა და მამაკაცის სიყვარულია, ეს აცოცხლებს სამყაროს, აქედან მრავლდებიან ადამიანები და ყველანაირი კეთილის საწყისია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- 15 წლის ბიჭი ვიყავი, კლასელი გოგო შემიყვარდა და პირველად რომ ვაკოცე, იცით რა დამემართა? არ მეგონა, გული თუ არ გამიჩერდებოდა, ვფიქრობდი, მოვკვდებოდი. მერე მივეჩვიე და სულ ვკოცნიდი. ცოლი რომ მოვიყვანე 30 წლის ვიყავი, მანამდე იყო ჩემს ცხოვრებაში სიყვარულები და ასე ვამბობდი, ვვარჯიშობ-მეთქი.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- იუმორმა, ეს აუცილებელია. იუმორიც ხომ სხვადასხვაგვარია, ზოგში ცინიზმია გარეული, ეს არ მომწონს. მცირე კრიტიკით ნათქვამი კარგია, მაგრამ გემოვნებიან იუმორში ბოროტება არ უნდა იყოს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- სიბერეა (იცინის). ადრე სისუსტეებს ნაკლებად ვგრძნობდი. ფიზიკა-მათემატიკური რომ გაქვს დამთავრებული, გგონია, ყველაფერი იცი, თუმცა სიბერეში იმ დიდებულ ფილოსოფოსს დავეთანხმე, რომ ამბობდა, ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიციო.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- "ეს როგორ ჩაიცვი", "რატომ დაღვარე", "რატომ დაგესვარა"... ცოტა ხნის წინ იმერეთში კონცერტები გვქონდა, შინ რომ დავბრუნდი, შვილიშვილი მეუბნება, ბაბუ, როგორ მომენატრე, იცი როგორ მომენატრე, სამი დღეა ნაგავს მე ვყრიდიო. ე.ი. სახლში ჯერ ნაგვის გადასაყრელად კიდევ ვვარგივარ (იცინის).
- მეშინია...
- გაურკვევლობების, როცა არ ვიცი, რა ხდება. რაღაც აფეთქდა და არ ვიცი, რა აფეთქდა. სიკვდილის არ მეშინია. იცით რატომ? ჩემი წასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რა კარგი კაცი იყოო, ვიცი, მათ გულწრფელად დავენანები და ამის იმედით, შემიძლია მშვიდად ვიყო.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- რომ პირდაპირობა ყოველთვის კარგი არ არის, ზოგჯერ სჯობს ჩუმად იყო, ვიდრე ილაპარაკო, ეს ეშმაკობა არ მაქვს.
- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...
- ის სიყვარული, რომელსაც ხალხისგან ვიღებ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- გაჭირვებულებს დავეხმარებოდი, ამას მთელი სულითა და გული გეუბნებით. ქუჩაში მოწყალების მთხოვნელები მცნობენ, მათ, ვინც ჩემს უბანშია, მეც ვცნობ. სახლიდან რომ გავდივარ, თანხა გამზადებული მაქვს, ისე ვერ გავუვლი განსაკუთრებით ქალებს, სიცივეში ქუჩაში რომ დგანან... არ ვიცი, რატომ ითხოვენ მოწყალებას, მაგრამ რომ ულხინდეთ, იქ ხომ არ იდგებოდნენ... ზოგს მარჩენალი ჰყავს დაკარგული, ზოგი შრომისუუნაროა. მათ რომ ვუახლოვდები, განზე ვერ გავიხედები, რა ვქნა. მხოლოდ ადამიანებს კი არა, უპატრონო ძაღლებს რომ ვხედავ, ისინიც ძალიან მებრალებიან, შეიძლება ეს სიბერის ბრალიცაა...
- სიბერე რა შუაშია, ეგ ადამიანობაა.
- ყველა პატარა მიყვარს, ჩვენთან კონცერტებზე ბავშვები რომ გამოდიან, ვუყურებ და ვხარობ, რა კარგები არიან, როგორი ნიჭიერები. მღერიან, ცეკვავენ. დღეს ბევრი ამბობს, ახალგაზრდობა რას დაემსგავსაო, მაგრამ მე პირიქით ვფიქრობ, ისინი ჩვენზე უკეთესები არიან...
- მენატრება...
- მშობლები, კლასელები, მეგობრები, "ივერიის" წევრები, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან. ეს დიდი ტკივილია...
- დაბოლოს გეტყვით...
- ადამიანებო, ძალიან მიყვარხართ, გიყვარდეთ ერთმანეთი! ამ ინტერვიუს ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც 45 წელია მე და ნუგზარ კვაშალი გიმეორებთ "მთავარია სამი რამე ქვეყანაზე: "სიყვარული, სიკეთე და სილამაზე..."
თამუნა კვინიკაძე