რა მისიით იმყოფებოდა საქართველოში ნატო-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი?!
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გამართული შეხვედრების ფარგლებში ნატო-სა და საქართველოს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ მოსაზრებები გაცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს პრესსამსახური 7-8 მაისს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, კევინ ჰამილტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კევინ ჰამილტონი საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას შეხვდა.
„ელჩმა ჰამილტონმა მოსაზრებები გაცვალა ნატო-ს მხარდაჭერის შესახებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ეს ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით ხორციელდება, როგორიცაა ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა (ITPP), ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ და გაღრმავებისკენ კვლავ მოუწოდებენ, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით, რასაც ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის კვლავ არსებითი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"