სვეტიცხოველში პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სვეტიცხოველში პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო.

სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

ასევე, დღეს, 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას. როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ტრადიციითაა განპირობებული ის, რომ „გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი გუშინ, სამების ტაძარში ჩატარებულ, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია.

ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

"ინტერპრესნიუსი"