"საქართველო საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება და ისევ ფეხზე დგება" - შიო მესამის პირველი ქადაგება პატრიარქის რანგში - კვირის პალიტრა

"საქართველო საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება და ისევ ფეხზე დგება" - შიო მესამის პირველი ქადაგება პატრიარქის რანგში

„ამ ღვთივკურთხეულ დღეს სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი, მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას, „მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე“, ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლადმოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად. „არავინ თავისი თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელიც წოდებულ არს ღმრთისა მიერ“ – ამბობს მოციქული პავლე და მეც განმცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“", - ამის შესახებ საქართველოს ახალმა პატრიარქმა მეუფე შიომ სვეტიცხოველში ქადაგებისას ბრძანა.

"2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულიყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია.

სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ჩვენი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღნიშნავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი, მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერსა და ეკლესიას“, – განაცხადა შიო მესამემ.

მისივე თქმით, "გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას".

„თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.

საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ. ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.

აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტესმიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ყოველნი ერთ იყვნენ. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს. ამიტომ, დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე, შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა, შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის, მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი“, – განაცხადა შიო მესამემ.