როდის და როგორ დასრულდება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ანუ ჩანს თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე?!
წელიწად-ნახევრის შემდეგ ხელისუფლებამ ის სპეცრაზმელები დააკავა, რომლებიც 2024 წლის შემოდგომის აქციებზე პირდაპირ ეთერებში ძალადობდნენ ადამიანებზე, წაქცეულ და გონებადაკარგულ ახალგაზრდას სახეში წიხლებს გამეტებით ურტყამდნენ, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ამ სპეცრაზმელებზე არაერთი სიუჟეტი გაკეთდა; იყო და არის საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებები, რომ საქმეები გამოეძიებინათ და მოძალადეები დაეკავებინათ, მაგრამ... ცხადია, სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, თუმცა ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ახლა რატომ დასჭირდათ რამდენიმე სპეცრაზმელის დაკავება და თან მხოლოდ რამდენიმე საქმის გამორჩევა. ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- ეს ცალსახად სწორი ნაბიჯია - ვინც დასაჭერი იყო, დაიჭირეს. ხელისუფლებას ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა. ვფიქრობ, პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან მაკა ჩიხლაძისა და სხვა ჟურნალისტებსა თუ მოქალაქეებზე ძალადობის არაერთი ფაქტი არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს.
ცხადია, ეს უპირველესად განუწყვეტელი პროტესტის დამსახურებაა. ხელისუფლებას ყოველდღიურად უწევდა მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინ, როცა პარალელურად ქუჩაში ადამიანებს ტროტუარზე სიარულის გამო აპატიმრებდნენ და აქციების დარბევისას საშინელებებს სჩადიოდნენ. შექმნილი ვითარება უხერხულობას უქმნიდა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მათ მომხრეებსაც. ადეკვატურობისა და ცივილიზებული იმიჯის შესანარჩუნებლად, ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ეტყობა, გარკვეულ საკითხებზე დაფიქრდნენ. არა იმიტომ, რომ უცებ "გაკეთილშობილდნენ", არამედ მათი ძველი სქემა ჩაიფუშა... ბევრი ნაბიჯი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება რუსული თემისგან დისტანცირებას ფრთხილად ცდილობს. ვნახეთ ვითომ რუსი აგენტების დაპატიმრება, ფარცხალაძეზე საქმის აღძვრა და უკრაინის შესახებ რიტორიკის ცვლილება. მათ იციან, რომ ეს რუსეთს სასტიკად აღიზიანებს, თუმცა ხვდებიან, რომ ძველებურად გაგრძელება შეუძლებელია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის - უნდა გამოუშვან მზია ამაღლობელი და აქციებზე დაჭერილი ახალგაზრდები.
- ეს ნაბიჯი უკავშირდება "ოცნებაში" აურზაურს კობახიძის წინააღმდეგ თუ დასავლეთთან და აშშ-თან ურთიერთობების მოგვარებას?
- ეს ორი ვარიანტი ერთი პროცესის სხვადასხვა მხარეა. თუ ხელისუფლება აცნობიერებს, რომ საგარეო-პოლიტიკური კონიუნქტურა მკვეთრად იცვლება, ეს ნიშნავს, რომ მათი ძველი გათვლა ჩაიშალა. ეს სქემა ეფუძნებოდა დაშვებას, თითქოს უკრაინაში დასავლეთი მარცხდებოდა, რუსეთი კი პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ ერთპიროვნული დომინანტი ხდებოდა. რაკი ეს არ გამართლდა, მათ გადარჩენისთვის დასავლეთთან ურთიერთობების ხელახლა დალაგება მოუწევთ. ბუნებრივია, ამ მცდარი სტრატეგიული გათვლის კრახი ვიღაცას უნდა დაჰბრალდეს. ამისთვის საუკეთესო ფიგურა კობახიძეა, თუმცა, ვფიქრობ, პროცესი მხოლოდ მისით არ შემოიფარგლება და გუნდში სერიოზული საკადრო გადალაგებები დაიწყება. აშკარაა, რომ ცვლილებების დრო გარდაუვალად დგება...
- საკადრო ცვლილებები მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმარისი იქნება თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც მოუწევთ?
- ამ ეტაპზე "ქართული ოცნებისათვის" რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის არავითარი პრაქტიკული საჭიროება არ არსებობს. ეს პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ვერანაირ საფრთხეს ვერ უქმნის. მეტიც, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი ბევრად სუსტი და ფრაგმენტირებულია, ვიდრე ოთხი-ხუთი წლის წინ იყო.
ზოგადად, დემოკრატიულ სისტემებში რიგგარეშე არჩევნები, როგორც წესი, ორ ფუნდამენტურ შემთხვევაში ინიშნება: როდესაც მმართველ ძალას შიდაპოლიტიკური კრიზისი ეწყება და მართვის სადავეებს კარგავს, ან როდესაც პოლიტიკური ლანდშაფტის კარდინალური შეცვლა ხდება აუცილებელი, რათა ახალმა რეალობამ მოსახლეობის ნება და განწყობები უკეთ აირეკლოს. დღევანდელ საქართველოში არც ერთი ეს მოცემულობა არ დგას. გაუგებარია, რა პოლიტიკური სარგებელი უნდა მოუტანოს "ოცნებას" ვადამდელმა არჩევნებმა მაშინ, როცა ოპოზიციას მკაფიო დღის წესრიგიც კი არ გააჩნია. მათი ერთადერთი და უცვლელი გზავნილი ხელისუფლების დაუყოვნებლივი წასვლაა. ასეთ ვითარებაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მმართველი პარტიისთვის არაფრის მომტანია. ერთადერთი შესაძლო მოტივი შეიძლება იყოს ოპოზიციის კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დამარცხება, რათა დასავლეთს დაანახონ, რომ ქვეყანაში მათი რეალური ალტერნატივა არ არსებობს... დღეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას არ ვხედავ - ის ვერცერთ იმ რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.
- საკადრო გადაადგილებები და კობახიძის შეცვლა "ოცნებას" პრობლემებს გადაუჭრის?
- საკადრო ცვლილებები შეიძლება გახდეს პოლიტიკური კურსის ტრანსფორმაციის ხელშემწყობი ფაქტორი, თუმცა აქ მთავარი კითხვაა - აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" საშინაო პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას? თუ ძირითადი პოლიტიკური ვექტორი უცვლელი რჩება, ნებისმიერ საკადრო გადაადგილებას აზრი ეკარგება, რადგან ნებისმიერი ახალი პირი იმავე კურსის გაგრძელება იქნება. პოლიტიკურ ცვლილებებს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ისინი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სიღრმისეულ ტრანსფორმაციას ემსახურება...
საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ათვლის წერტილად ის მომენტი იქცა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტა საჯაროდ გამოაცხადა. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს სხვადასხვა ინტერპრეტაციით გადაფაროს ის მკაფიო გზავნილები, რაც მანამდე მთავრობის სხვა წევრებმა გააჟღერეს. თუმცა ახლა იმის მტკიცება, თითქოს ირაკლი კობახიძის ნათქვამი საზოგადოებამ თუ საერთაშორისო პარტნიორებმა "არასწორად გაიგეს", მსოფლიოში აღარავისთვის იქნება დამაჯერებელი და პოლიტიკურ ნაყოფს ვერ გამოიღებს.