„დღეს მთავარი პრობლემა ხორცის დეფიციტია“ - კვირის პალიტრა

„დღეს მთავარი პრობლემა ხორცის დეფიციტია“

ამირან ქიმაძე ახალგაზრდა ფერმერია, სართიჭალაში საოჯახო მეურნეობას უძღვება და პრიორიტეტი მესაქონლეობაა. როგორც ამბობს, საქონელი ყოველთვის ჰყავდათ, აშენებდნენ და უვლიდნენ, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს უფრო მასშტაბური სახე მისცეს. თუ რას აკეთებენ კონკრეტულად, როგორია მათი მუშაობის მეთოდები და რა გეგმები აქვთ, ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.

793011fa-8065-4a50-a2ac-4f3f88b5e0c4-1778760542.jpg

ამირან ქიმაძე: - მეცხოველეობა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, თუმცა მასშტაბური მეურნეობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც საქართველოში დავბრუნდი. მანამდე 10 წელიწადი ისრაელში ვცხოვრობდი. ორი წლის წინ ჩამოვედი და მაშინვე შევუდექი ფერმის მშენებლობას. დღემდე ამ პროცესში ვართ - ვაშენებთ, ვავითარებთ და საქონელი მოგვყავს. შეიძლება ითქვას, რომ საოჯახო მეურნეობაა.

- ანუ ოჯახი მუდმივად მისდევდა მეცხოველეობას, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, ამ საქმეს აქტიურად ორი წლის წინ შეუდექით და ფერმასაც "ბუღა" უწოდეთ. რატომ შეჩერდით მაინცდამაინც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე?

- ჩვენი მიდგომა ასეთია: გვინდა გვყავდეს მეხორცული მიმართულების საქონელი. ეს არის ე.წ. მებუღეობა. ჩვენი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული მიმართულება სწორედ მეხორცული მესაქონლეობაა. მსოფლიოშიც ფართოდ გავრცელებულია.

- რამდენი სული პირუტყვი გყავთ?

- ჩვენი ფერმის რესურსი დაახლოებით 200 სულზეა გათვლილი. რეალურად, ამდენი ამჟამად აღარ გვყავს, რადგან ცოტა ხნის წინ გავყიდეთ. ახლა აქტიური შესყიდვის პროცესში ვართ და მალე კვლავ შევავსებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერმა 200-სულიანია.

84d3f147-3fbb-4106-b161-ae6e56ace85c-1778760542.jpg

- რა ჯიშებზე აკეთებთ აქცენტს? მხოლოდ­ ქართულები გყავთ თუ უცხოურებიც?

- ძირითადად, ადგილობრივი და რეგიონში გავრცელებული ჯიშები გვყავს, ამასთანავე, ქართული წარმოშობის საქონელი და სხვადასხვა ჰიბრიდული მიმართულებისაც. ასევე გვყავს ანგუსი, ჰოლშტაინი, სიმენტალი... ნებისმიერ ჯიშს, რომელსაც ზრდის კარგი პოტენციალი აქვს, ვყიდულობთ და ვასუქებთ.

- რა წონას აღწევს ერთი სული პირუტყვი რეალიზაციის წინ?

- ქართული ჯიშები, როგორც წესი, 350-დან 400 კილოგრამამდე მიგვყავს. უცხოურ ჯიშებსა და ჰიბრიდებს მეტი რესურსი აქვთ - მათ შეუძლიათ 500, 600 და 700 კილოგრამსაც კი მიაღწიონ. თუმცა საშუალო მაჩვენებლად 350-400 კილოგრამი ცოცხალი წონა მიიჩნევა.

- ამ წონის მიღწევას რა დრო სჭირდება?

- ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ინტენსიური კვებით კარგი შედეგის მიღწევა 10-12 თვეშია შესაძლებელი. თუმცა ეს დამოკიდებულია გენეტიკასა და მოვლაზე. ეს ინტენსიური სუქების ეტაპია, რასაც ფიდლოტის (ფეედლოტ) სისტემას ვუწოდებთ.

- რას ნიშნავს ეს სისტემა?

- ფიდლოტის სისტემა წარმოადგენს ინტენსიური სუქების მეთოდს, სადაც ცხოველი დაბალანსებულ რაციონზე იზრდება კონტროლირებად გარემოში. საქონელი დაბმული არ არის, თუმცა შემოფარგლულ ტერიტორიაზეა, სადაც ინტენსიურად და დაბალანსებულად კვებავენ სპეციალური საკვებით.

- რამდენად უსაფრთხოა ასეთი ხორცი? ბევრს აშინებს სიტყვა "საკვები დანამატები".

- ჩვენ მაქსიმალურად ბუნებრივ და დაბალანსებულ კვებაზე ვართ ორიენტირებული. ვიყენებთ დაბალანსებულ საკვებს, რომელიც შედგება მარცვლეულის, თივის, სილოსის, ცილოვანი და ბოჭკოვანი კომპონენტებისგან. რაციონი შერჩეულია ისე, რომ ცხოველმა მიიღოს ენერგია, პროტეინი და საჭირო მინერალები ჯანსაღი ზრდისთვის. ბალახი კარგია, მაგრამ მხოლოდ ბალახით ასეთი შედეგის მიღწევა რთულია, რადგან მასში არ არის საკმარისი რაოდენობის პროტეინი და ენერგია. ჩვენი რაციონი კი შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს, რაც ცხოველს ჯანსაღ ზრდასა და კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებაში ეხმარება.

- დღიურად რა რაოდენობის საკვებს მოიხმარს ერთი ცხოველი?

- საშუალო-არითმეტიკული რომ გამოვიყვანოთ, დაბადებიდან რეალიზაციამდე დღეში დაახლოებით 5 კილოგრამ საკვებს ჭამს. თავიდან 2 კილოგრამით იწყებენ, ბოლოს კი 7-8 კილოგრამამდე ადიან, წყალი კი 24 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ.

- თქვენს გვერდზე განთავსებულ ფოტოებზე ძალიან ლამაზი ხბორები ჩანდა. თქვენთანვე იბადებიან თუ ყიდულობთ?

- ძირითადად ვყიდულობთ ადგილობრივ ბაზრებზე ან სოფლებში. ის ფოტო, რომელიც ნახეთ, გამონაკლისი იყო - სახლში ორი ფური გვყავს და ერთ-ერთმა ხბო მოიგო. დანარჩენები ნაყიდია. ხბორების მოვლა რთულია: თავიდან რძე სჭირდებათ, პარალელურად კი ნელ-ნელა მშრალ საკვებზე გადაგვყავს.

- ამხელა მეურნეობას მხოლოდ თქვენი ოჯახი უძღვება?

- დიახ, ძირითადად მე, დედაჩემი და მამაჩემი ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დამხმარეებიც გვყავს. აქცენტი, როგორც ვთქვი, მეხორცულ მიმართულებაზე გვაქვს. რძე მხოლოდ ოჯახისა და ხბორებისთვის გვაქვს.

- ვეტერინარულ კონტროლს თუ გადის საქონელი?

- რა თქმა უნდა. პირველ რიგში, პარაზიტებზე ვამუშავებთ. ასევე ვატარებთ ყველა საჭირო ვაქცინაციას პრევენციისთვის. უსაფრთხოების მიზნით ვცდილობთ ფერმაში გარეშე პირებიც ნაკლებად შემოვუშვათ.

- ჩანს, ამ საქმეს მთელი გულით აკეთებთ. ეტყობა, თქვენთვის ეს ბიზნესზე მეტია...

- ჩემი სოციალური ქსელებიდანაც ჩანს, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, ჩვენი ოჯახის საქმეა, რომელიც ძალიან გვიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ კიდევ გრძელდება, თითოეულ ნაბიჯს დიდი მონდომებით ვდგამთ. ფერმას იცავენ ჩვენი ერთგული კავკასიური ნაგაზებიც.

- დღეს ხორცის ფასი ძალზე მაღალია. თქვენი გადმოსახედიდან, რა არის მიზეზი?

- მთავარი პრობლემა დეფიციტია. საქონლის დიდი ნაწილი ცოცხალი მასის სახით გადის საზღვარგარეთ. ფერმერებს ძალიან ძვირად გვიწევს ხბორების შეძენა. ამას ემატება საწვავისა და საკვების გაძვირება. ეს ჯაჭვური რეაქციაა. მესმის, რომ ბევრს ხორცის ყიდვა უჭირს, რაც სამწუხაროა.

- სართიჭალაში ბევრს აქვს თქვენნაირი მეურნეობა?

- არის ერთი-ორი გიგანტი ფერმა, მერე მოვდივარ მე ჩემი საშუალო საოჯახო მეურნეობით. ჩვენ კონკურენტები არა ვართ, პირიქით, თანამშრომლობა გვჭირდება. ქვეყანაში ხორცის ისეთი დეფიციტია, რაც მეტი ფერმერი იქნება, მით უკეთესი.

- რა არის თქვენი უახლოესი მიზანი?

- მინდა საკუთარი საკვები ვაწარმოო, დავთესო მარცვლეული და არ ვიყო დამოკიდებული სხვა კომპანიებზე. ასევე დიდი სურვილი მაქვს, მომავალში მაღაზია მქონდეს, საიდანაც მომხმარებელს პირდაპირ მივაწვდი ჩვენს ჯანსაღსა და ნატურალურ პროდუქტს.