"ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“ - გახარიას პარტიის პასუხი ნიკა გვარამიას - კვირის პალიტრა

"ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“ - გახარიას პარტიის პასუხი ნიკა გვარამიას

„ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“, - ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ კითხვას, შესაძლებელია თუ არა მათი პარტიის „ოპოზიციურ ალიანსში“ გაწევრიანება.

გიგა ფარულავას განცხადებით, აღნიშნული საკითხი არ განხილულა და არც მომავალში განიხილება, მეტიც, ფარულავა მიიჩნევს, რომ ბოიკოტში მყოფი პარტიების დღის წესრიგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას ეხმარება.

„ბევრჯერ გვითქვამს- „ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“. ეს დაადასტურა კობახიძემაც, მდინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავად თქვა, აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. არის ბევრი ფაქტი - სუს-ი, „ოცნების“ შესაბამისი პირები როგორ აძლევენ აგენტებს ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნები შემდეგ ფულს. მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც მეტყველებს, რომ ისინი მოქმედებენ „ოცნების“ დღის წესრიგის სასარგებლოდ.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, მიხედონ თავიანთ საქმეს. არც განგვიხილავს, არც განვიხილავთ და მომავალშიც არ იქნება განხილული“, - განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, ვის გულისხმობს ის „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში, ფარულავამ აღნიშნა: „ყოფილი „ნაცებიც“ და ახალი „ნაცებიც“.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ძალები ეროვნულ დღესასწაულებზე საზოგადოების გახლეჩას არ უნდა ცდილობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა