რა ხდება უკრაინის ფრონტზე: ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი - "პუტინის გარშემო დენთის სუნი ტრიალებს, პარანოიაა დაწყებული, ის ბუნკერშია ჩაკეტილი და..."
ლატვიაში რეგისტრირებული რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" საიტზე 4 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს ეფუძნება, ნათქვამია, რომ 2026 წლის მარტის დასაწყისიდან კრემლი და პუტინი შეშფოთებული არიან მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვით და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების ან გადატრიალების მცდელობის რისკით. პუტინი შიშობს, რომ რუსეთის პოლიტელიტის წარმომადგენლები მასზე შესაძლო თავდასხმისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. ამის გამო დაცვის ფედერალურმა სამსახურმა მნიშვნელოვნად გააძლიერა პუტინის უსაფრთხოების ზომები.
ანგარიშის თანახმად, "დესტაბილიზაციის პოტენციურ ფაქტორად" განიხილება თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივანია, სამხედრო მეთაურებში მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს და სახელმწიფო გადატრიალების რისკთან ასოცირდება. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ძალოვან სტრუქტურებს შორის დაძაბულობა გაიზარდა... უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ რუსეთი 8-10 მაისს ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, უკრაინული პოზიციების დაბომბვას განაგრძობდა. 8 მაისის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინისკენ 67 დრონი გაუშვა. ამ თემების ირგვლივ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:
- უკრაინა ყოველ ღამით 300-500 კამიკაძე-დრონით რუსეთის სიღრმეში უტევს სამხედრო ქარხნებსა და ნავთობტერმინალებს. თავის მხრივ, რუსეთი უკრაინული პოზიციების დაბომბვას განაგრძობს. სადამდე მივა ეს პროცესი?
- პუტინის პირობა იყო, რომ 8-9 მაისს შეწყვეტდა ცეცხლს, საპასუხოდ ზელენსკიმ შესთავაზა, 6-დან დავიწყოთ და ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველიო. რუსებმა დაარღვიეს პირობა, თავისი ჭკუით, ზელენსკის თავისი არ გაატანინეს და ბევრ ქალაქს დაარტყეს - დნიპრო, ზაპოროჟიე, კრამატორსკი და სხვები ძალიან დაზიანდნენ. რუსებმა სუმის ოლქში საბავშვო ბაღიც კი დაბომბეს, საბედნიეროდ, გამთენიისას და იქ ბავშვები არ ყოფილან, მხოლოდ დარაჯი ქალი დაიღუპა. ამის საპასუხოდ (როგორც ზელენსკი დაჰპირდა) უკრაინამ სარკისებურად დაიწყო დარტყმები და რუსებს ძალზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაუნადგურა - როსტოვიდან პერმამდე ყველა მნიშვნელოვანი ნავთობგადამმუშავებელი ცენტრი დაბომბეს. თუ გახსოვთ, მარია ზახაროვამ გააფრთხილა უცხო ქვეყნის დიპლომატები, კიევი დატოვეთო. ზელენსკიმ კი საპასუხოდ გააფრთხილა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, ნუ ესტუმრებოდნენ მოსკოვს აღლუმზე - 9 მაისს. თუმცა იქ ჩასვლისთვის ისედაც თავს არავინ იკლავდა. მნიშვნელოვანია ერთი რამ: რუსებმა პერმში გააუქმეს საცხრამაისო აღლუმი (პერმი 1500 კმ-შია ფრონტის ხაზიდან).
ცნობილი გახდა, რომ 85 რეგიონული ცენტრიდან რუსეთში აღლუმი მხოლოდ 19-ში გაიმართებოდა, 85-დან 37-ში ის ტექნიკის გარეშე ჩატარდებოდა, 27 ერთეულში კი საერთოდ აიკრძალა. ფაქტობრივად, ძალიან დიდი შიშია რუსეთში და არცთუ უსაფუძვლო. ლავროვმა ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა, გთხოვთ, ზელენსკიზე ზემოქმედება იქონიეთ, რომ 9 მაისს დარტყმები არ განახორციელოს და აღლუმი მშვიდობიანად ჩატარდესო. ბევრი რაიონიდან მოხსნეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და გადაიტანეს მოსკოვის გარშემო (290 ერთეულამდე სისტემა დაამატეს).
წარმოიდგინეთ, პუტინის საყვარელი აღლუმი, რომელიც უნდა აჩვენებდეს ქვეყნის სამხედრო მზადყოფნას და სიძლიერეს, ტექნიკის გარეშე ჩატარდა, შემჭიდროებულ ვადაში, მხოლოდ 50-წუთიანი ღონისძიება, საჰაერო კომპონენტის გარეშე, სახურავებზე კი მობილური ჯგუფები იყვნენ განთავსებული ტყვიამფრქვევებით. ეს არის წარმატებული ქვეყნის იმიჯი?
სხვათა შორის, პუტინმა დასაშინებლად 6 რიცხვიდან თავისი ბირთვული არსენალის მატარებელი რაკეტების გამოცდა დაიწყო კამჩატკაზე, პოლიგონ "კურაზე". ამ რაკეტებს შეუძლიათ გადაიტანონ ბირთვული მუხტი. დიდი ალბათობით, ეს გამოცდა საჩვენებელია, არა მგონია, ბირთვული მუხტი გამოიყენოს, მაგრამ ამ გიჟ ბერიკაცს თავში რა მოუვა, ვერ გეტყვით. მან თუნდაც ბირთვული მუხტის გარეშე რომ დაბომბოს კიევის ცენტრი, მძიმე სანახაობა იქნება.
მქონდა საუბარი უკრაინელებთან და ისინი მზად არიან მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, მათ შიში გადალახული აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით რუსებზე, ვინაიდან ეს ომი რუსებს სახლში დაუბრუნდათ. თვითონ რუსული პროპაგანდის მამებიც, რომლებიც ამ ომს მხარს უჭერდნენ, აღშფოთებული არიან და ლავროვის თხოვნაზე ხუმრობენ - ეს იგივეა, სტალინს რომ ეთხოვა რუზველტისთვის, რეკომენდაცია გაეწია ჰიტლერთან, 9 მაისს მოსკოვს ნუ დაბომბავენო.
- კრემლს გადატრიალების რისკი აშფოთებს, თითქოს პუტინი შიშობს, რომ რუსეთის პოლიტელიტის წარმომადგენლები მასზე შესაძლო თავდასხმისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ, რის გამოც დაცვის ფედერალურმა სამსახურმა გააძლიერა პუტინის უსაფრთხოების ზომები...
- დაზვერვის ანგარიშში ლაპარაკია შოიგუსა და მის გარემოცვაზე, კლანზე.
ზოგადად, სადაზვერვო ინფორმაცია პრესაში იმისთვის ჩნდება, რომ ასეა საჭირო. არ არის გამორიცხული, რაღაც თამაშია და ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებენ, პუტინის გარემოცვაში ეჭვების გაღრმავებას ცდილობენ. თუ მზადდება გადატრიალება, ეს ინფორმაცია გამოდის მაშინ, როცა გადატრიალება უკვე ჩახშობილია და აღარ მოხდება, თორემ გადატრიალება როცა ხდება, პრესის ფურცლებზე არ ხვდება. თუმცა ვარიანტი, რომ ეს შესაძლებელია, ნამდვილად არის - რუსეთში უკმაყოფილება ძალიან იზრდება, პუტინის რეიტინგი დავარდნილია, სხვადასხვა გამოკვლევებით (ნახევრად ოფიციალური თუ ოფიციალური), მას ასეთი დაბალი რეიტინგი არასდროს ჰქონია (72-დან 21%-მდეა დასული).
ამ კოლაფსიდან გამოსვლა რუსეთს დიდხანს მოუწევს, იქ თუ დროზე არ მოხდა ცვლილებები. ყველაზე ცუდი სცენარი შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთში შიდა აშლილობა დაიწყოს და ვინც ისტორია იცის, მოეხსენებათ რუსეთში ეს რითი მთავრდება ხოლმე - ყველა ყველას წინააღმდეგ, როგორც რუსები უძახიან, "სმუტა" - რუსეთს ახსოვს პერიოდები, როცა ძალიან არეული ვითარება იყო, როცა ყველა ყველას წინააღმდეგ იყო, არ იყო არც ხელისუფლება, არც წესრიგი და ა.შ. მსგავსი არეულობა რუსეთში ქვეყნის დაშლით მთავრდება ხოლმე.
- დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, "დესტაბილიზაციის პოტენციურ ფაქტორად" განიხილება თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ. გამორიცხავთ ამას?
- შოიგუ არ არის სუსტი ფიგურა, მას ჰყავს მომხრეები სამხედრო წრეებშიც. როცა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელი იყო, დანაყოფებიც ჰყავდა. არ ვიცი, რამდენად იქნება შოიგუ ის პირი, ვინც იქნება ბრუტუსი პუტინისთვის, მაგრამ არ არის გამორიცხული, ამაზე გადააქვთ ყურადღება და ამ დროს სხვაგან სხვა რაღაც ხდებოდეს.
- თქვენი ინფორმაციით რა ხდება ძალოვანებში და არის თუ არა მოსალოდნელი მათი ხელით ხელისუფლების დამხობა?
- ძალოვანი სტრუქტურების ქვედა რგოლებში, რომლებიც ძირითადად კონტრაქტორებითაა დაკომპლექტებული (ფულის გულისთვის არიან წასულები) არა მგონია, პუტინის საწინააღმდეგო მუხტი იკვრებოდეს. ეს მუხტი სავარაუდოა უფრო მაშინ წარმოიქმნას, თუკი იქნება საყოველთაო-სავალდებულო გაწვევა. ვერ გეტყვით, ზედა რგოლებში როგორია ვითარება, არა მგონია, გერასიმოვს მნიშვნელოვანი ძალები ჰქონდეს შერჩენილი. იქ ისეთი აურა ტრიალებს, პუტინის გარშემო ჰაერში იგრძნობა დენთის სუნი, მაგრამ პუტინი შეძლებს თუ არა ამ ვითარების გამკლავებას, ცალკე თემაა.
აშკარაა, რომ პარანოიაა დაწყებული და მასთან არავის უშვებენ, გაძლიერებულია დაცვა და პუტინი აღარსად ჩანს, ბუნკერშია ჩაკეტილი. გადატრიალება ასე არ ხდება, ამას სჭირდება თავზე ხელაღებული ჯგუფი (მაგალითად, პრიგოჟინისთანა, თუნდაც ელცინისნაირი პიროვნება), გარკვეული ძალა და მოსახლეობის ნეიტრალური პოზიცია.