გამოძიება შემოსავლების სამხურით დაინტერესდა - კვირის პალიტრა

გამოძიება შემოსავლების სამხურით დაინტერესდა

საგამოძიებო სამსახურებმა დაკითხვაზე ყოფილი ხელისუფლების ფინანსური გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაიბარეს. შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯაბა ებანოიძემ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ადვოკატთან ერთად, ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. დაკითხვიდან გამოსულმა ებანოიძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურის ძირითადი ინტერესი საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობას ეხებოდა. ამის შემდეგ ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ებანოიძის დაბარება საგამოძიება უწყებაში, საბაჟოზე "ქართუს" ტვირთების დაზიანების, შეჩერების ფაქტებს ეხებოდეს, რისი არაერთი მაგალითიც ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა, ებანოიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ საგამოძიებო უწყებები ზოგადად შემოსავლების სამსახურის საქმიანობით დაინტერესდნენ, სადაც შესაძლოა, ისევე როგორც სხვა მაღალჩინოსანთა შემთხვევებში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტები გამოვლინდეს. კონკრეტულად კი საქმე ეხება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებულ ფინანსურ რევიზიებს, რომლის დროსაც ბიზნესისთვის წარმოაუდგენლად მაღალი ჯარიმა-საურავების დარიცხვა ხდებოდა და რასაც ბიზნესი ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ მიიჩნევდა. მეორეს მხრივ კი, არსებობდენენ კომპანიები, რომლებიც ფინანსური უწყებების მხრიდან ე.წ. ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობდნენ.

დაიბარებენ თუ არა კიდევ ებანოიძეს საგამოძიებო უწყებებში და ვინ იქნება შემდეგი ყოფილი ხელისუფლების ფინანსური გუნდიდან, ვისაც გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე, სულ ცოტა პასუხის გაცემა მოუწევს, ამას ალბათ ახლო მომავალში ვნახავთ.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

– საუკეთესო ვარიანტი და აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედების გზა ის არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში კონტროლის პალატა შევიდეს და თავისი ფუნქცია შეასრულოს და დადოს დოკუმენტი, დასკვნა იმისა, თუ რა დარღვევები არსებობდა. ვინ იქნება გვარის მიხედვით შემდეგი, ვისაც საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ, ან იმის შემდეგი, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც სახელმწიფო სახსრებთან დაკავშირებით თაღლითობა ჩაიდინა, გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, არადანიშნულებით, კანონმდებლობით უნდა აგოს პასუხი. ეს არ არის დევნა კუდიანებზე, ეს არც პოლიტიკური ოპოზიციის დევნაა, ეს არის ელემენტარული სამართლინობის დამკვიდრება სახელმწიფოში. თუ ეს ხელისუფლება სახელმწიფო სახრებს არამიზნობრივად გახარჯავს, გაფლანგავს, შემდეგ მოვა ახალი ხელისუფლება და ის მოსთხოვს ამათ პასუხს. ასეა აწყობილი დემოკრატიული საზოგადოება და თუ ჩვენ გვინდა ამ დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრება, ელემენტარულ რამეზე შევთანხმდეთ – კანონის დამრღვევი, განურჩევლად გვარისა და სახელისა, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, უნდა იჯდეს ციხეში. ჯაბა ებანოიძე იქნება ეს თუ დიმიტრი გელოვანი, ამას არანაირი მნიშვენლობა არ აქვს.

ისე, უნდა გითხრათ, რომ ჯაბა ებანოიძე თავისი საქციელით მაინცდამაინც დადებით შთაბეჭდილებას ვერასდროს ტოვებდა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ თუ შემოსავლების სამსახურში საფუძვლიანი შემოწმება ჩატარდება, ჩვენ აღმოვაჩენთ უამრავ გავლენიან კომპანიას, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი შეღავათი სახელმწიფოსგან, რომელსაც ხელს უწყობდნენ შემოსავლების დაფარვაში, არ სთხოვდნენ გადასახდების გადახდას და ვინც მოსთხოვა, ისინი სამსახურიდან გააგდეს და ა.შ. ასე რომ, თუ სწორი, აბსოლუტურად ობიექტური გამოძიება ჩატარდება, ჯაბა ებანოიძის საქმე არ მგონია, კარგად იყოს.

– თუ ამ მიმართულებით ჩატარდება გამოძიება, ფიქრობთ რომ პრივილეგირებული ბიზნესმენების პარალეურად შესაძლოა გამოჩნდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, ვინც შემოსავლების სამსახურმა უსამართლოდ დააჯარიმა, კოლოსალური თანხები დააწერა ჯარიმა-საურავების სახით და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვონ?

– ეს ელემენტარულია, ასეთი დოკუმენტები არსებობს და მათ ვერავინ ვერსად გააქრობდა. ამ ყველაფრის შესწავლას ობიექტური გამოძიება სჭირდება და არავითარ შემთხვევაში, არანაირი მიზეზით არ შეიძლება ტენდენციური შემოწმება ჩატარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე დაისაჯოს, მათ შორის ჯაბა ებანოიძე. ასეთი მიდგომა საერთოდ უნდა მოისპოს, რომ ოღონდ ვინმე დაისაჯოს და ეს ნებისმიერი გზით უნდა გაკეთდეს. კანონის დაცვა სახელმწიფოს უპირველესი ინტერესი უნდა იყოს. დაარღვიე კანონი? შეასრულე უკანონო დავალება? კეთილი ინებე და აგე პასუხი!

– დაკითხვიდან გამოსულმა ჯაბა ებანოიძემ აღნიშნა, რომ მას კითხვები საბაჟო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს...

– საბაჟო დეპარტამენტი ჯერ კიდევ უდიდესი პრობლემაა ქართულ რეალობაში. ახალი ხელისუფლების მიერ საბაჟოზე წესრიგის დამყარება და ყველასთვის ერთიანი თამაშის წესის დამკვიდრება, შესანიშნავი ინფორმაცია და გზავნილი იქნება ბიზნესისთვის, რომ ვერავინ გააკეთებს იმას, რაც საბაჟოზე აქამდე ხდებოდა. ეს იყო სრული განუკითხაობა, როცა გავლენიან ჯგუფებს შემოჰქონდათ ტვირთები ყალბი ინვოისებით, ან საერთოდ განბაჟების გარეშე და ამას უზარმაზარი მოგება მოჰქონდა მათთვის. ცხადია, ეს ყველაფერი ხდებოდა სახელმწიფო ხაზინის, ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე".

(სპეციალურად საიტისთვის)