უკრაინელებმა ბერიაშვილის კიდევ ერთი თვითმფრინავი ააფეთქეს ...
გიორგი ბერიაშვილი იგივე ბერიევი, ცნობილი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი გახლდათ, რომელიც 1903 წელს ტიფლისში დაიბადა, ხოლო 1979 წელს კი მოსკოვში გარდაიცვალა.
ის მსოფლიო ავიაციის ისტორიაში შევიდა, როგორც ჰიდრო და ამფიბია თვითმფრინავების კონსტრუქტორი, მათ შორის მსოფლიოში პირველი რეაქტიული ჰიდროთვითმფრინავის შემქმნელი.
მისის სახელი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ეწოდა ტაგანროგის საავიაციო ქარხანას, სადაც ის 1944-დან 1968 წლის ჩათვლით მთავარი კონსტრუქტორი გახლდათ და ამ ქარხნის მიერ გამოშვებული ორი ტიპის ამფიბია თვითმფრინავი(ანუ რომლებსაც ხმელეთიდან და წყლიდანაც შეუძლიათ აფრენა-დაფრენის განხორციელება), კერძოდ კი Бе-12 Чайка(რომელიც ბერიაშვილის ხელმძღვანელობით 1960 წელს იქნა კონსტრუირებული) და Бе-200 Альтаир-ი, ჯერ კიდევ რჩებიან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის შეიარაღებაში.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინულ მხარეს რუსულ აეროდრომებზე დაზიანებული/განადგურებული ჰყავდა ტაგანროგის ბერიევის სახელობის ქარხანაში დამზადებული არანაკლებ სამი ამფიბია Бе-12, ერთი ექსპერიმენტალური А-100ЛЛ, ხოლო ჩამოგდებული კი ორი А-50(რუსული „ავაქსები“).
უკრაინის გენშტაბი ავრცელებს 14-15 მაისის ღამეს გადაღებულ ოპერატიულ კადრებს, სადაც ჩანს რუსული ეისკის სამხედრო აეროდრომზე შეტევისას უკრაინული FP-1 ან FP-2 ტიპის შორსმფრენი კამიკაძე-დრონი თუ როგორ ეჯახება Бе-200 Альтаир-ის ტიპის თვითმფრინავს...
Бе-200 Альтаир-ი არის საბჭოთადროინდელი А-40 Альбатрос-ის შემცირებული ვარიანტი, მაშინ როდესაც „ალბატროსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი რეაქტიული ამფიბია თვითმფრინავი გახლდათ და მას პირველი „ცივი ომის“ დროს ზღვებსა და ოკეანებში უნდა „ენადირა“ ამერიკულ და ნატოს სხვა ქვეყნების ატომურ და დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავებზე, რომელთა აღმოჩენის შემდეგ მათ ორი ტორპედოთი,მათ შორის ბირთვულქობინიანებით, გაანადგურებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ სამიოდე „ალბატროსის“ დამზადება მოესწრო, ხოლო 1998 წლიდან უკვე რუსეთმა „ალბატროსის“ შემცირებული ვარიანტის Бе-200 Альтаир-ის ოციოდე ამფიბია დაამზადა ტაგანროგის გიორგი ბერიაშვილის სახელობის საავიაციო ქარხანაში.
Бе-200 Альтаир-ის სამოქლაქო ვარიანტები გამოიყენება ხანძრების ჩასაქრობად, ხოლო მისი მოდიფიკაცია Бе-200ПС რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში ასრულებს საძიებო-სამაშველო ფუნქციებს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის განკარგულებაში მხოლოდ ერთ-ორი ასეთი თვითმფრინავი თუ იყო, რომლებსაც რუსი ადმირალები Бе-12 Чайка-ებთან ერთად იყენებდნენ შავი ზღვის ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარე აკვატორიის გასაკონტროლებლად უკრაინული კამიკაძე-კატარღების აღმოსაჩენად და მათ ჩასაძირად.
Бе-200-ის დაკარგვა სერიოზული ზიანია რუსული მხარისთვის, რადგან მას თითქმის აღარ დარჩა ამფიბია-თვითმფრინავები შავი ზღვის თავზე დიდი ხნით საჰაერო პატრულების განსახორციელებლად,რაც ხელ-ფეხს უხსნის უკრაინულ კამიკაძე-კატარღებს უფრო თავისუფლად და უშიშრად შეუტიონ რუსულ საზღვაო სამიზნეებს შავ ზღვაში...