გაფიცებთ გვარში გასათხოვარს!.. - კვირის პალიტრა

გაფიცებთ გვარში გასათხოვარს!..

კარგი ტრადიცია დამკვიდრდა – როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის, რევოლუციით იქნება ეს, თუ ისე, ნორმალურად, პირველი, რასაც აკეთებს, ყოფილი მმართველი გუნდის წევრების დაპატიმრებაა.

ზოგი იტყვის, ეგ ტრადიცია კი არა, ბოროტებააო, ზოგი შურისძიებას დაარქმევს ამ ამბავს და ზოგიც გადამეტებულ სიმკაცრეს, მაგრამ ეს ერთმანეთს ხელს სულაც არ უშლის, რადგან არ არის აუცილებელი ტრადიცია მაინცდამაინც კარგი იყოს: სისხლის აღებაც ტრადიციაა, მუცლის გახეთქვამდე სმაც და ქორწილებში "ძენ პაბედის" სიმღერა და მის ჰანგებზე შალახოს ცეკვაც, მაგრამ კარგია ეს?

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქართველები ბუნებით ტრადიციონალისტები ვართ და რადგან ასე დამკვიდრდა, უნდა დავემორჩილოთ და "ნაოცნებარი" ხელისუფლებაც ცდას არ აკლებს: აქ მყოფებს ხო რიგრიგობით კრეფენ და მიჰყავთ სადაც ჯერ არს, მაგრამ აგერ ირაკლი ოქრუაშვილი აეროპორტშივე აიყვანეს, სადაც ნოსტალგიისაგან დატანჯულმა და თვალებზე ცრემლმომდგარმა მშობლიურ ასფალტზე დაჩოქება და მისი კოცნაც კი ვერ მოასწრო...

ჩინური წყევლა არისო – საინტერესო დროში გეცხოვროსო, ამას წინათ წავიკითხე. საქართველოში არსებული სიტუაციის კონტექსტში წერდა ის, ასე ვთქვათ, ჟურნალისტი და ამით მიუთითებდა, რომ ჩვენ – დღევანდელ ქართველებს, ჩინურმა წყევლამ გვიწია და "საინტერესო" დროში ვცხოვრობთო; მე კი, ამ ე.წ. წყევლამ (რომელიც, მეეჭვება რომ ჩინეთში ვინმეს გაეგონოს, ვფიქრობ, ვიღაცამ "დააბრეხვა" და მერე "გაბაზრდა") ასეთი სცენა წარმომისახა გონებაში: ჩინელმა ბავშვმა რაღაც დააშავა, ვთქვათ, მურაბა მოიპარა საკუჭნაოდან, დედამ... არა, ბებია უკეთესია, ბებიამ გაუგო ეს ამბავი (ვა, ქართული ლექსიც იყო მურაბის მოპარვაზე, საბავშვო ბაღში გვასწავლიდნენ: "ამოვუსვათ, ამოვსვლიპოთ, რას გაგვიგებს ბებიაო..." მაგარია, ალბათ ბებიაც იმიტომ ვარჩიე), აიღო წკეპლა და გამოუდგა საცემრად. მისდევს ამ პატარა ჩინელ მურაბაპარია ბავშვს ასევე ჩინელი (და ასევე პატარა) ბებია და თან წყევლის:

– სულ რომ გამიცალე მურაბებისგან "კლადოვკა", შენ მეისპე და შენ გეცხოვროს საინტერესო დროში!

კარგია! "ძაან მაგარია, ძაან!" – როგორც ამ "საინტერესო დროში" მცხოვრები "საინტერესო" ქვეყნის ძააალიან "საინტერესო" პრეზიდენტი ამბობდა ხოლმე, როდესაც კარგ ("საინტერესო") ხასიათზე იყო... ეჰჰ...

ჩინელებზე გამახსენდა, და საინტერესოზეც, სხვათა შორის: "კვირის პალიტრის" ბოლო ნომერში წავიკითხე, თბილისის მერიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, 400 ჰექტარზე მეტი (ერთი ჰექტარი 10000 კვადრატული მეტრია, ანუ დაახლოებით ორი საფეხბურთო მოედნის ტოლი), ჩინური კომპანიისათვის 1 (ერთ) ლარად მიუყიდია! ერთ, დიახ, ერთ – 1, ლარად!!!

თქვენო, ოღონდ აქ ინვესტიცია ჩადეთო, ოღონდ რამე გააკეთეთო და მერე რა, თუკი გარემოს დამცველები აპროტესტებენ და თბილისის ზღვის წყალს ქალაქის მოსახლეობის მესამედზე მეტი სვამს, რაც გინდათ, ის ქენით, თუ გინდათ, პირდაპირ თბილისის ზღვაში ქენით, ოღონდ ეგ "ერთი ლარი" დროზე მოგვიტანეთ, ხომ იცით, სადაც არის ჩვენი ოფისიო...

ჩინელები მოწესრიგებული ხალხია – "ერთი ლარის" გადახდაც დროულად იციან (ისე, რა საინტერესოა: ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაიყიდა, ჩინელებმა, ირანელებმა და რუსებმა იყიდეს, ქართველებს ის 1 ლარიც არ აღმოაჩნდათ) და ამ ფასად პატიოსნად (ნუ... ხო...) ნაყიდი ქონების შესაბამისად და სწრაფად გამოყენებაც. ჰოდა, იწყებენ კიდეც "ინვესტირებას" პირობისამებრ: მშენებლობა დაგეგმეს, საცხოვრებელი და ბიზნესუბანი აშენდება თურმე, თანაც ქართულ მხარეს არაფერზე აწუხებენ და იმ უბნის შესავსებად მოსახლეობაც თვითონვე ჩამოჰყავთ ჩინეთიდან – 125 ათასი კაცი. უფრო სწორად, კაციც და ქალიც. ეს იმიტომ დავაზუსტე, რომ 125 ათასი მალე უფრო მეტი ათასი გახდება.

ზემოთ ვთქვი, ჩინურ ანდაზაზე გამახსენდა ეს ჩინელების ამბავი-მეთქი, ახლა კი უცებ თეა წულუკიანი გამახსენდა, იუსტიციის მინისტრი და ნეტავ რატომ?.. ა, ჰო, ჩინელ ბებიაზე – თან პატარა როა და თან დასაჭერად რომ დასდევს. ოღონდ ეს არ დასდევს, მართლა იჭერს და კარგსაც შვრება, მაგრამ დიდად რომ არ სიამოვნებს ეს ამბავი, ვატყობ და ხომ იყო ოფიციალურად ნათქვამი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პროკურატურა გამოეყოფა იუსტიციის სამინისტროსო?!

ბატონო პროკურორო კბილაშვილო, კეთილი ინებეთ, გახდით დამოუკიდებელი სტრუქტურა, გამოიჩინეთ ჯენტლმენობა და დასაჭერები თავად დაიჭირეთ – არ არის ლამაზი სხვისი (თანაც ქალის) ხელით ჭინჭრის კრეფა.

P.S. არა, ქსენოფობი არ ვარ, უბრალოდ რაღაცებს ხანდახან ვერ ვიგებ ხოლმე, დავბერდი ალბათ... მაგალითად, ჩინელებთან დადებულ იმ ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი ჩინოვნიკი, მერი იყო ის თუ მისი რომელიმე ხელქვეითი, ან იდიოტია, ან მაშინვე გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ქვეყნიდან ოჯახიანად აბარგება. კიდევ ერთი ვარიანტია – მე ვარ იდიოტი, იმიტომ, რომ მართლა ვერ გავიგე...

ამიტომ, როგორც ჟურნალისტი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც პროვოკატორი, გთხოვ, ამ ხელშეკრულების ხელმომწერო, გაფიცებ გვარში გასათხოვარს, მითხარი, რატომ გააკეთე ეს?!