"მარიამს მეგობრისთვის უთხოვია, ტორტზე ერთად ჩავაქროთ სანთელიო... წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე" - რას ჰყვებიან მეტროში გარდაცვლილ გოგონაზე ახლობლები?
14 მაისს თბილისის მეტროში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია. 21 წლის მარიამ ტყემალაძე იმ საბედისწერო დღეს მეტროსადგურ "სამგორში" უცებ ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. გოგონას გული გაუჩერდა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო იმ დღეს მეტროში და მეგობრები შეესწრნენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. მათ თვალწინ მარიამს ხელიდან ტელეფონი გაუვარდა, მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა თურმე საათზე მეტხანს ცდილობდა მისთვის გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ...
21 წლის მარიამ ტყემალაძე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. გოგონას დედა ემიგრაციაში იყო, დღეს დილით ჩამოვიდა საქართველოში, რადგან უთხრეს, რომ მისი შვილი მძიმედ იყო და ორი წლის შვილების უნახავ დედას ეს საშინელი ამბავი დახვდა.
"მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი. ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფრის თავი, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში, ყველას დაგვაკლდება ჩვენი წილი მარიამი," – ამბობს მისი მეგობარი გოგონა.
სოციალურ ქსელში უამრავი გამოსამშვიდობებელი სტატუსი დევს. ყველა შეძრულია მომხდარით.
“დღეს ყველა ვგლოვობთ ყველაზე გამორჩეულ და სათნო გოგონას, ჩემს სტუდენტს, რომელიც მუდამ ანათებდა და აპოზიტიურებდა გარემოს. მარიამი განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანი იყო, ძალიან კეთილშობილი, გამორჩეულად ნიჭიერი და საოცრად თბილი. დილით, აუდიტორიაში შესვლამდე, თითქმის ყოველთვის კართან მხვდებოდა ხოლმე და თავისი ციმციმა თვალებით მეგებებოდა. "ციცინათელა" შევარქვი, რადგან მართლაც ასე ანათებდა გარემოს. შენს განსაკუთრებულობას არასოდეს დავივიწყებ. სულ ასეთი ფერადი, თბილი და გამორჩეული მემახსოვრები, ჩემო პატარა მეგობარო. ძალიან მიჭირს წარსულში საუბარი მასზე, ვინც სიცოცხლით იყო სავსე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, თანაკურსელებს და ყველას, ვინც დღეს მარიამის უდროო გარდაცვალებას გლოვობს”, -წერს სოციალურ ქსელში ლექტორი რაულ ქირია.
კიდევ ერთი ემოციური სტატუსი დადო ფეისბუქის გვერდზე ასევე გოგონას ლექტორმა თამარ ბელქანიამ, რომელიც ასწავლიდა უნივერსიტეტში მარიამს. “წესით ამ წუთას ლექციაზე უნდა ვიყო. მოტეხილი ფეხით. გიფსში ძლივს მივაღწიე მეექვსემდე და უფრო ძლივს შევძელი შენობის მძიმე კარის გაღება.
"მოვაღწიე"- გავიფიქრე და ამოვისუნთქე. ნაბიჯი გადავდგი. ფეხი სველზე ამისრიალდა და სწორედ ნატეხ ფეხს მთელი სიმძიმით დავასკდი. ტკივილისგან ღმუილი ამომხდა და უცებ ვხედავ ზევით ჰაერში მივდივარ... გარდავიცვალე?? -არა! ვიღაცამ ძლიერი ხელით ამწია და იქვე სკამზე ჩამსვა. ჩემს წინ შავგრემანი ლამაზი სახის გოგო იდგა. ის ვინც დაცემის წამიდან ხელი არ გამიშვა. .... ასე გავიცანი მარიამ ტყემალაძე. თბილი. ერთგული. მომღიმარი. მუდამ მოძრავი. საქმიანი. კეთილი. მართალი. სწორი.მზრუნველი. ნიჭიერი. მეგობრული. ხმაურიანი . სიცოცხლით სავსე, ჟანგბადით სავსე... ახლაც ყურში ჩამესმის მისი გულიანი სიცილი. ...ბევრი გეგმები გვქონდა. ძალიან ბევრი. "მიშვილეთო", ხუმრობდა მაინც თქვენთან ვარ სულ და ბარემ ერთად ვიყოთო. ... წესით ახლა ლექციაზე უნდა ვიყო. პირველ ლექციაზე, ვაფრთხილებ არასოდეს დაიგვიანოთ. დრო არის მთავარი ფაქტორი... -"აი, მე თუ ვიგვიანებ, ე .ი გარდავიცვალე " ახლაც ლექციაზე უნდა ვიყო. ისიც. უბრალოდ, ის გარდაიცვალა. ჩემი ლამაზი. კეთილი ძლიერი სუფთა მართალი ნიჭიერი თბილზე თბილი მარიამი. წავიდა უცებ. ჩუმად, უხმოდ. მინდა ვიყვირო მარიამ რატომ?! - სად მიდიან ასეთი გულის ახალგაზრდები!!! რატომ ჩერდება მათი გული და სად ვიყავი მე, როცა შენ გეტკინა გული! რა მინდა ლექციაზე, როცა იქ არ მოვა მარიამი. ნეტა მართლა მეშვილე! მე ვერ ჩავდივარ და არც შენ ჩაგიშვებდი მეტროში!! ....... აი, ის კარიც, რომლის მიღმა გავიცანი ჩემი მარიამი. მიყვარხარ მარიამ! მარიამ. იქ, მეტროში, მიწის ქვევით შენი მეგობრები ლოცულობდნენ, რომ გაცოცხლებულიყავი. ლოცულობდნენ რომ ცაში არ წასულიყავი. წახვედი და ისევ ზამთარი დადგა”, - წერს თამარ ბელქანია.
უფრო მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ თამარ ბელქანიას დავუკავშირდით. ის მომხდარით შეძრულია და ძალიან განიცდის.
“ჩემი სტუდენტი იყო მარიამი, მოულოდნელად გაუჩერდა გული მეტროში და გადარჩენა ვეღარ შეძლეს. წინა დღესაც გამხდარა ცუდად ლექციაზე, წაუვიდა გული, გამოიძახეს სასწრაფო, სასწრაფო სანამ მოვიდოდა, მარიამი მოვიდა აზრზე, სასწრაფო რომ მოვიდა და გასინჯეს, სატურაცია წესრიგში ჰქონდა, პულსი, წნევა წესრიგში. ჰქონდა და სასწრაფო წავიდა. იმ დღესაც ძალიან კარგად იყოო, მეგობრებთან ერთად ყოფილა, მეორე დღესაც მეგობრებთან ერთად იყო. ოთხი მეგობარი, ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ და მეტროში ერთად ჩავიდნენ. სამგორის მეტროში მოულოდნელად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან მარიამსო, ეგონათ რადგან საღამო ხანი იყო, ხომ არ ჩაეძინა. რომ წაიქცა, უცებ ატყდა განგაში, მაგრამ საუბედუროდ უცებ გაუჩერდა გული. სასწრაფო მალე მოვიდაო, მაგრამ სასწრაფო რომ მოვიდა მარიამს უკვე პულსაცია აღარ ჰქონდა, განადგურებულები ვართ ყველანი. ის ბავშვებიც, ვინც ამ ფაქტს შეესწრნენ, ღმერთს ეხვეწებოდნენ თურმე, ღმერთო გადაარჩინეო. რა გახდა მეტროში ერთი შოკის აპარატი, რომ ყოფილიყო ეს აპარატი, იქნებ უცებ გული ამუშავებულიყო. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, მაინც დაიკარგებოდა დრო. არ ვიცი რამე უშველიდა თუ არა ჩვენს საყვარელ მარიამს, მაგრამ ფაქტია ის, რომ წამში გაუჩერდა გული.
- თამარ, კუჭის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებულიო, ხომ არ არის მომხდარი ამასთან რაიმე კავშირში? ან რაიმე პრობლემები ხომ არ ჰქონდა ჯანმრთელობის?
- კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა. 55 კილო ჰქონდა დაკლებული, ეს არ ვიცი მაგასთან რაიმე კავშირშია თუ არა, მე ვერაფერს ვიტყვი, ეს სამედიცინო სფეროა, ექსპერტიზა იტყვის ტრაგედიის მიზეზს. როგორც ვიცი, ძალიან ჯანმრთელი იყო, ძალიან ჯანსაღი. 20 მაისს დაბადების დღე ექნებოდა, 22 წლის გახდებოდა. არ ვიცი რა ვთქვა, ყველა ემზადებოდა ამ დღისთვის და ამხელა ტრაგედია დატრიალდა. გუშინ წინ ჰქონდა მარიამის მეგობარს დაბადების დღე, კიდევ ერთი მეგობარია მისი და აღუნიშნავთ დაბადების დღე. მარიამის დაბადების დღე 20 მაისს არის, იმ დღეს მარიამს უთხოვია მეგობრისთვის, ერთად ჩავაქროთ სანთელიო და ერთად ჩააქრეს ტორტზე სანთელი. ძალიან გამორჩეული გოგონა იყო. სტიპენდიანტი, წელს ამთავრებდა უნივერსიტეტს. მეოთხე კურსზე იყო, წარჩინებული სტუდენტი. გამორიცხული იყო ლექცია გაეცდინა, დავალება არ შეესრულებინა, ან რაღაც აქტივობებში ჩართული არ ყოფილიყო. ძალიან საღად მოაზროვნე, გამორჩეული ახალგაზრდა დაკარგა პირველ რიგში უნივერსიტეტმა და ქვეყანამ. დიდი დანაკლისია. მარიამი იყო ძალიან მოტივირებული, ძალიან სწორად მოაზროვნე, ძალიან პატრიოტი, ნაკითხი, ერთგული და კეთილგანწყობილი ადამიანი, ასეთი თანხვედრა იშვიათია. გარდა იმ ერთი შემთხვევისა, რომ წინა დღეს ცუდად გახდა ლექციაზე, სხვა არაფერი გამიგია მისი ავადმყოფობის შესახებ. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, თან ემიგრანტის შვილია, ამ დილით ჩამოვიდა დედა მონატრებულ შვილთან. ორი წელია არ უნახავს. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს მარიამს და ორი ძმა. იმდენი გეგმა ჰქონდა, გუშინწინ მუშაობაც დაიწყო ერთ-ერთ სააგენტოში, რეკომენდაცია გავუწიე და ძალიან გახარებული იყო. ძალიან ბევრი რამე ჰქონდა გეგმაში. მარიამისნაირი ადამიანები ძალიან აკლია ჩვენ სფეროს, ასეთი სწორად მოაზროვნე, განათლებული, პროფესიონალი, მოტივირებული, ინოვატორი იყო, ყველაფერში ერკვეოდა. გადაცემა უნდა გაგვეკეთებინა, ყველაფერი წინ ჰქონდა და ასე ხელიდან გამოგვეცალა ეს ბავშვი. ძალიან მძიმეა ჩემთვის და ყველასთვის ვინც მარიამს იცნობდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს ასეთი ადამიანის დაკარგვას. ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. სულ ყურადღებით იყვნენ. სტიპენდია რომ აიღო, სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი დადო და მადლობებს უხდიდა დედას, გვერდში დგომისთვის. ძნელია, როცა ასე შვილივით შეიყვარებ ადამიანს, სტუდენტს და უცებ გამოგეცლება ხელიდან".

როგორი ბედნიერი იყო მარიამი, ეს მისი ემოციური სტატუსიდანაც ჩანს.
“და აი, როგორც იქნა ჩემი ნანატრი სტიპენდია ჩემს ხელთაა... ნამდვილად არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ვიმსახურებდი და ვიმსახურებ იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც გავიარე. უნივერსიტეტის ეპოქა ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი იყო და მეტყობოდა კიდეც ყოველთვის, მაგრამ ამან რა თქმა უნდა, გააორმაგა ყველა ის შეგრძნება, რაც კი მთელი ამ ლამის 4 წლის განმავლობაში განვიცადე. არც კი მჯერა, რომ მალე ვამთავრებ, მაგრამ სჯობს დავიჯერო და გავიაზრო, რომ წინ ბევრად უკეთესი რაღაცებიც მელოდება. ნუ მოკლედ, ჯერჯერობით ამ შეგრძნებებზე ვიქნები ორიენტირებული და ბედნიერი, რომ ჩემი შრომა დაფასდა. განსაკუთრებით, კი უნდა აღვნიშნო დედაჩემი, რომლის დამსახურებითაც ვარ იქ, სადაც ვარ და ყოველთვის თამამად და თავაწეული ვიტყვი, რომ ვამაყობ მისით! ეს პატარა მიღწევაც და ჩემი ყველა გაკეთებული საქმეც, რაც კი გამიკეთებია ერთგვარი სამაგიერო იქნება იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა და აკეთებს ის ჩემთვის სულ! მადლობა დე, მიყვარხარ ძალიან! და სულ ბოლოს მეგობრებო, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა”, - წერდა სოციალურ ქსელში მარიამ ტყემალაძე.
ემიგრაციაში მყოფ მონატრებულ დედას მადლობას უხდიდა. სამწუხაროდ მისი ბევრი ოცნება აუსრულებელი დარჩა. 20 მაისს მარიამი 22 წლის გახდებოდა.
"კვირის პალიტრა” გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს და ახლობლებს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
(სპეციალურად საიტისთვის)