ზოგრაფის წმინდა გიორგი - კვირის პალიტრა

ზოგრაფის წმინდა გიორგი

სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა გიორგის ხსენების დღე აღნიშნა. უამრავია ამ დიდმოწამის მიერ აღსრულებული სასწაული.

წმინდა გიორგის ის ხატი, რომლის შესახებაც დღეს უნდა გიამბოთ, ათონის მთაზე, ზოგრაფის მონასტერშია დაბრძანებული და ზოგრაფის წმინდა გიორგიდ იწოდება. "ზოგრაფი" ბერძნულად ხატმწერს ნიშნავს და ეს სახელწოდება მონასტერმა სწორედ იმ უდიდესი სასწაულის შემდეგ მიიღო, რომელიც ამ ხატმა აღასრულა მე-10 საუკუნეში, 919 წელს.

ბერძენი იმპერატორის, ლევ-ბრძენი მმართველობისას, ათონის მთაზე დამკვიდრდა მონაზვნად აღკვეცილი სამი ძმა: მოსე, აარონი და ბასილი. მათ ააშენეს მცირე ზომის ტაძარი, მაგრამ ვერაფრით შეთანხმდნენ, ვის სახელზე ეკურთხებინათ. ხატის დასაწერად სპეციალური დაფაც გაამზადეს, მაგრამ ვერც ის გადაწყვიტეს, ვისი ხატი უნდა დაეწერათ-ხატზე ხომ ის უნდა ყოფილიყო გამოსახული, ვისი სახელობისაც იქნებოდა ტაძარი. ბოლოს უფალს შესთხოვეს, მიენიშნებინა მათთვის თავისი სურვილი და სენაკებში განმარტოვდნენ. შუაღამისას საოცარმა ნათელმა გააბრწყინა გარემო, დილით ტაძარში შესულებმა კი იხილეს, რომ ხატისათვის გამზადებულ დაფაზე წმინდა გიორგის ხატი იყო გამოსახული. ამ ხატზე წმინდანი წელს ზევით და ხელში შუბითაა აღბეჭდილი და მკაცრად უმზერს ადამიანებს. ბერებმა განსაკუთრებული პატივი მიაგეს სასწაულებრივად მობრძანებულ ხატს, მადლობა მიაგეს უფალს მინიშნებისათვის, ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე აკურთხეს და მონასტერს ზოგრაფისა უწოდეს.

მალე ზოგრაფის მონასტერს ბერები ესტუმრნენ, რომლებმაც მასპინძლებს უამბეს, რომ პალესტინიდან იყვნენ, წმინდა ფანუელის მონასტრის საძმო. პალესტინიდან ისინი წმინდა გიორგის ხატს გამოყვნენ, რომელიც მათს ტაძარში იყო დაბრძანებული და რომელიც ერთ დღეს მათ თვალწინ მოსცილდა დაფას და გაუჩინარდა. შეძრწუნებული ბერები ლოცვად დაეცნენ და უფალს ევედრებოდნენ, გაემხილა ხატის გაუჩინარების მიზეზი. ნუგეშად ისევ წმინდა გიორგი მოევლინათ, რომელმაც იღუმენს გაუმხილა: "მე ვპოვე ჩემთვის თავშესაფარი . . . ათონზე. თუ გნებავთ, თქვენც მიაშურეთ იმ მხარეს, რამეთუ ღვთის რისხვა მზად არის, თავს დაატყდეს გარყვნილ პალესტინას!" ეს მოხდა პალესტინის აოხრებამდე ცოტა ხნით ადრე. ბერები მართლაც წამოვიდნენ ათონის მთაზე და ზოგრაფის სასწაულებრივად გამოჩენილ ხატში სწორედ საკუთარი მონასტრის წმინდა გიორგის ხატი ამოიცნეს. მას შემდეგ ის ბერებიც იქ დარჩნენ და აღარ განშორებიან ხატს.

ხატი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. შორს განითქვა მისი სახელი. ერთ-ერთი სასწაულის კვალი თავად ხატზეა დარჩენილი: ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, მართლა სასწაულმოქმედი იყო თუ არა ხატი და ათონს ესტუმრა. ზოგრაფის მონასტერში რომ მივიდა, ხატს მიუახლოვდა და კადნიერად შეახო თითი სახეზე, "ეს არისო თქვენი სასწაულმოქმედი ხატი?" სასჯელმაც არ დაახანა: თითი შეეზარდა ხატს და ვეღარაფრით ვეღარ მოაშორეს. ამიტომაც, ეპისკოპოსის გასათავისუფლებლად, იძულებულნი გახდნენ, თითი მოეკვეთათ. და ხატზე, წმინდა გიორგის მარცხენა ნესტოსთან, დღემდე ჩანს ადამიანის თითის ნაწილი. ზოგრაფის წმინდა გიორგი.