"დედაქალაქების ომი"- შურისმაძიებელი მასიური შეტევა მოსკოვზე კიევის დაბომბვის საპასუხოდ...
ამდენ მფრინავ ობიექტს ერთდროულად მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ შეუტევია სტალინის მოსკოვისთვის, რაც 16-17 მაისის ღამეს დაემუქრა პუტინის მოსკოვს...
13 და 14 მაისს რუსეთმა უკრაინაზე და მათ შორის დედაქალაქ კიევზე მასიური, ორდღიანი "მარათონული“ საჰაერო დარტყმები განახორციელა და მოსალოდნელი იყო უკრაინული მხარის საპასუხო სარკისებრი ქმედებებიც...
სარკისებრ შურისძიებად კი სწორედ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე ასობით უკრაინული კამიკაძე-დრონის შეტევა უნდა გამხდარიყო და ასეც მოხდა...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებას თუ დავუჯერებთ, ამ ღამეს მისმა მეზენიტეებმა საერთო ჯამში 556 ერთეული უკრაინული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს მთელი რუსეთის საჰაერო სივრცეში და მათგან 120 მოსკოვის მისადგომებთან.
ამასთან ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ათობით ვიდეო გადაღებული იმ რუსი თვითმხილველების მიერ, რომლებიც მოსკოვის ოლქში ცხოვრობენ და დააფიქსირეს მათი კერძო სახლებისა და კორპუსების თავზე დაბალ სიმაღლეზე გადაფრენილი დრონები.
ფაქტია,რომ რუსმა მეზენიტეებმა მოსკოვისკენ მფრენი ყველა უკრაინული დრონი ვერ ჩამოაგდეს და მათმა ნაწილმა მიაღწია სამიზნეებს,რაზეც მეტყველებს აალებული ნავთობრეზერვუარები და აფეთქება შერემეტიევოს აეროპორტის ტერიტორიაზეც, თუმცა ამასთანავე არ ფიქსირდება უკრაინული კამიკაძე-დრონების უშუალოდ მოსკოვის ცენტრში შეღწევის შემთხვევები,რაც აუცილებლად იქნებოდა უკრაინული მხარის მთავარი ჩანაფიქრი.
ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ მოსკოვის გარშემო შექმნილია ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ოთხი რკალი, რომლის მსგავსი მსოფლიოს სხვა არცერთი ქვეყნის დედაქალაქს არ იცავს და მათი გადალახვა ნელა, 180 კმ/სთ-მდე სიჩქარით მფრენი დრონებით, ურთულესია.
ნელა მფრენი დრონების მიერ ასეთი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის „გარღვევის“ ერთადერთი საშუალებაა რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე, მიწიდან 50-იოდე მეტრის სიმაღლეზე ფრენა, რომ რუსულმა რადიოლოკატორებმა ისინი ადრეულად ვერ აღმოაჩინონ და რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებმა მიწის ფონზე ვერ „ჩაიჭირონ“ სამიზნეში.
მაგრამ, ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენისას ასევე მნიშვნელოვნად იზრდება მაღალ შენობებთან შეჯახებების ალბათობა, რადგან იაფასიან ერთჯერად კამიკაძე-დრონებს არ უყენიათ რელიეფის მიყოლებით ფრენის უზრუნველყოფისთვის საჭირო ძვირადღირებული რადიოლოკაციური აპარატურა,ხოლო „ჯი-პი-ეს“-ის თანამგზავრული ნავიგაციის სისტემას კი რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები აქტიურად ახშობენ, ისევე, როგორც გამორთავენ მობილურ ინტერნეტს.
რუსეთის ტერიტორიაზე რომ მუშაობდეს ილონ მასკის „სტარლინკის“ სისტემა, ეს უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორებს ძალიან გაუადვილებდა ყველაზე დაცულ რუსულ ობიექტებზეც კი კამიკაძე-დრონების მასიურად ზუსტად გაყვანას.
მიუხედავად იმისა,რომ სამხედრო თვალსაზრისით ეს უკრაინული საჰაერო ოპერაცია მაღალეფექტიანი არ გამოვიდა, დაფიქსირდა აგრესორი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური უკრაინული საჰაერო შეტევის მცდელობა,რომელიც ამჯერად უფრო პოლიტიკური შურისძიების სახეს ატარებდა და მიაღწია მიზანს იმით,რომ რამდენიმემილიონიან მოსკოვს დაანახვა "ომის დაბრუნება“ იქ, სადაც ის დაიგეგმა...
მომავლისთვის,ალბათ უფრო შედეგიანი იქნებოდა ბევრად სწრაფად მფრენი რეაქტიულძრავიანი კამიკაძე-დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დაგეგმილი ამგვარი საჰაერო ოპერაციის განხორციელება.
მანამდე კი ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი და ნელა მფრენი კამიკაძე-დრონების მასიურად „მისევა“ უკრაინის გენშტაბს მეტ სამხედრო სახის შედეგს მისცემს, თუკი ისინი ყველაზე კარგად დაცულ მოსკოვს კი არა, არამედ რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე უხვად გაბნეულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე იქნებიან დამიზნებული,რომელთა საჰაერო თავდაცვის დონე ახლოსაც კი ვერ მივა მოსკოვთან, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის დედაქალაქის საჰაერო უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველსაყოფად,სწორედ სხვა ობიექტებიდან იქნა მოხსნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რუსეთის დედაქალაქის გარშემო უხვად „მიმობნეული“, რითაც „გაშიშვლდა“ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა ჰაერიდან, რითაც აუცილებლად უნდა ისარგებლონ უკრაინული კამიკაძე-დრონების გამშვებებმა...