„პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს“
11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს, რომელსაც შიო III ეწოდა. ჩვენი მოქალაქეების ნაწილის მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესში შესაძლოა დაპირისპირება მომხდარიყო, არ გამართლდა, ყველაფერმა მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ახლა ყველა შიო III-ის პირველ ნაბიჯს ელის - არის მოლოდინი, რომ ის ხელს შეუწყობს საშინაო პოლიტიკაში შერიგების პროცესის დაწყებას, რაც იმასაც გულისხმობს, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები. ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- სიმართლე გითხრათ, პირადად მე არც ვფიქრობდი, რომ პატრიარქის არჩევის პროცესი დიდ განხეთქილებამდე მივიდოდა, თუმცა საპატრიარქოში დაძაბულობა საკმაოდ მწვავე იყო და ეს იგრძნობოდა კიდეც. რა თქმა უნდა, მათ ეყოთ სიბრძნე, რომ პროცესები აქამდე არ მიეყვანათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს - პრობლემა, ბუნებრივია, რჩება. საქმე ის არის, დღევანდელ პატრიარქს მძიმე ჯვრის ტვირთვა მოუწევს, თუნდაც იმიტომ, რომ ილია II-ის შემდეგ პატრიარქობა ძალიან რთული იქნება. ილია მეორეII უდიდესი ავტორიტეტი იყო. უნდა გვესმოდეს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტორიტეტი სტატუსით კი არა, პიროვნული კაპიტალით მოიპოვება. ლეგიტიმაციის იმავე დონისა და ხალხის იმავე სიყვარულის მოსაპოვებლად, რაც ილია II-ს ჰქონდა, ახალ პატრიარქს დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ეს მისთვის უდიდესი გამოცდაა.
ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, პროცესი მთლად კარგად არ დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ ორი მთავარი კონკურენტი, აბსოლუტურად ფორმალური მიზეზებით ჩამოაშორეს ამ პროცესს. მე არა მგონია, თვითონ შიო ყოფილიყო ამით დაინტერესებული, რადგან მას, დარწმუნებული ვარ, კარგად ესმის, რომ ეს არის კითხვის ნიშნები, რაც დიდხანს გაჰყვება მის პატრიარქობას.
დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს - იმაზე ფიქრი, რომ შიო III მოახერხებს იმას, რაც ვერ მოახერხა ილია II-მ (თუნდაც თქვენ მიერ ხსენებულ შეწყალების თემებთან დაკავშირებით), ჩემი აზრით, არასერიოზული მიდგომაა. თუნდაც საპატრიარქო ტახტის დასაკავებლად კონკურენტების ჩამოშორებითაც ცხადად გამოჩნდა, რომ მთელ ამ პროცესში პოლიტიკა ღრმად არის შეჭრილი. პირდაპირ რომ ვთქვათ, სინოდის ერთ ნაწილზე პოლიტიკური ზემოქმედების მექანიზმები არსებობდა - გნებავთ, ზეწოლა დავარქვათ და გნებავთ, შეთანხმება, მნიშვნელობა არა აქვს, ინტერესი აშკარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამას არ აღიარებს, ყველას კარგად ესმის, რომ ამ პროცესს ხელისუფლება აკონტროლებდა და არეგულირებდა, რისთვისაც მას უამრავი მექანიზმი ჰქონდა.
თუმცა ეს მაინც გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - პირველ რიგში, პატრიარქი უნდა აცნობიერებდეს (მის პირველ სიტყვაშიც ეს ხაზი იკვეთებოდა), რომ მას მრევლი ჰყავს ორივე მხარეს. ქართველი ხალხი დღეს დაყოფილია, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი დაპირისპირების ორივე მხარესაა. ამ მრევლის გამთლიანება თუნდაც არა პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი გრძელვადიანი ამოცანებისა და ფასეულობათა სისტემის გარშემო აუცილებელია. უამისოდ შეუძლებელი იქნება ახალი პატრიარქისთვის იმ ავტორიტეტის თუნდაც მცირედით დაგროვება, რაც ილია II-ს ჰქონდა.
მე სკეპტიკურად ვუყურებ იმის მოლოდინს, რომ პატრიარქს ვინმე საჩუქარს გაუკეთებს და მისი რეკომენდაციით ვინმეს შეიწყალებენ. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და მისთვის ეკლესია რეალურად ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მეტსაც გეტყვით: როგორც ჩანს, ამ პატრიარქის არჩევით ერთგვარად დასრულდა ძალაუფლების აბსოლუტის მოპოვების პროცესი. ეკლესია იყო ინსტიტუტი, რომელიც ამ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არსებობდა ხელისუფლების კონტროლის მიღმა, დღეს კი, ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი მთლიანად კონტროლირებადია. ეს არ ნიშნავს, რომ შიო III მაინცდამაინც მათი პირად კონტროლქვეშაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მას არ გააჩნია რეალური ოპონირებისთვის საჭირო ავტორიტეტი, ის იძულებულია, ჩაეწეროს იმ სისტემაში, სადაც ერთი პირი ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას.
ძალიან სიმბოლური კადრი იყო, როდესაც აღსაყდრების ცერემონიისას პატრიარქმა იკითხა, ბატონი ბიძინა აქ არისო?როდესაც გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილი წასული იყო, ვფიქრობ, ერთგვარად ამოისუნთქა კიდეც. ეს 15-წამიანი ვიდეო ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს - ბიძინა იქ რომ ყოფილიყო, პატრიარქი დაიბნეოდა, როგორ დაეწყო სიტყვა, რადგან მანაც კარგად იცის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში პრინციპში არაფერს წარმოადგენენ.
- მოდი, საუბარი საგარეო პოლიტიკის თემით გავაგრძელოთ. ბოლო დროს ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაში კორექტივების შეტანას ცდილობს - იყო შეხვედრები ევროპელებსა და ამერიკელებთან. თუმცა ვხედავთ ისევ ნეგატიურ რიტორიკას.
- დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ცდებს მე ცდებს ვერ დავარქმევდი. ეს უფრო ერთგვარი იმიტაციაა, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი მიზანია, საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, გააჩინონ ილუზია და იმედი, რომ აი, ამერიკასთანაც გავაუმჯობესებთ ურთიერთობას და ევროპასაც ჩვენს ჭკუაზე გადმოვიყვანთო. პროპაგანდისტულად ცდილობენ დატოვონ განცდა, თითქოს ყოველივე ამის მოგვარება შეიძლება. თუმცა რეალურად ურთიერთობების დარეგულირება რიტორიკით კი არა, კონკრეტული ქმედებებით ხდება, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს.
მეორე მიზეზი ის არის, რომ რუსეთი სუსტდება და იბადება კითხვა: მასზე მიბმა რამდენად სასარგებლო იქნება მათივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის? რადგან რუსეთი, როგორც მფარველი, შეიძლება აღარ აღმოჩნდეს საკმარისი.
დღეს ბიძინა ივანიშვილი ერთგვარი დილემის წინაშე დგას, როგორ გააგრძელოს მართვა: გააგრძელოს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციის ის პროცესი, რომელსაც წლების განმავლობაში მეთოდურად ვუყურებთ (იქნება ეს ეკონომიკური ინტეგრაცია, მიგრაციული ექსპანსია თუ საინფორმაციო ველის ათვისება), თუ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც ცდილობს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა და გარკვეულ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე დაყრდნობით შეიძინოს სუბიექტურობა საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩემი შეფასებით, ახლა საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ მოდელზე გადასვლას ცდილობს. თუმცა ბიძინას პუტინის იმდენად ეშინია, რომ ასეთ მარტივ გათამაშებასაც ჯერ ვერ გაბედავს - ის ელოდება, რომ პუტინი კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს. ეს ქაოსი, როდესაც, ერთი მხრივ, ვითომ აუმჯობესებენ ურთიერთობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ლანძღვას აგრძელებენ, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სტრატეგიაზე ვერ ჩამოყალიბდნენ: გააგრძელონ რუსეთის იმპერიისკენ სვლა თუ დამოუკიდებელი ავტოკრატია ააშენონ.
ჩემი აზრით, ამ უკანასკნელს პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ბუნებრივი აქტივები, რითაც შეიძლება მსოფლიოსთან ვივაჭროთ, და არც თურქეთის სახით გვყავს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი. დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, როგორც აღვნიშნე, ქმედებებით ხდება, ჩვენ კი ამისკენ არათუ წინ გადავდგით ნაბიჯი, არამედ პირიქით, უკან წავედით. ევროკავშირის 12 პირობიდან, იმის ნაცვლად, რაღაც მაინც შეესრულებინათ, პირიქით, კიდევ 10 პირობა დაამატეს და ახლა უკვე 22 პირობაა შესასრულებელი.
- უკრაინაზეც მინდა გკითხოთ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ურთიერთობა თითქოს გააქტიურდა - გაიმართა კობახიძის ზელენსკისთან შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საუბრები, თუმცა გასულ კვირას მოლდოვაში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ შეთანხმებას, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე საქართველომ სხვა 11 ქვეყანასთან ერთად, მხარი არ დაუჭირა. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადება არ ჰგავდა, მაგალითად, ღარიბაშვილის ხისტ განცხადებებს, რასაც ომის დასაწყისში ვისმენდით. ბოჭორიშვილმა თქვა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა უპირველესი და სწორედ ამის გამო ვერ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებასო ანუ რიტორიკა მაინც შეცვლილია და ძველებურად სიხისტე აღარ იგრძნობა.
- დიახ, ბოჭორიშვილის განცხადება სრულიად გასაგებია - რუსეთისგან საფრთხე მართლაც გვემუქრება და ვითარების მეტისმეტად გამწვავება მართლაც არ არის საჭირო. ზუსტად იმავენაირად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ ომის დასაწყისშიც, რაც მოლდოვამ გააკეთა, ეს ყველასთვის გასაგები იქნებოდა და მათგან მეტს არავინ მოითხოვდა, მაგრამ პრობლემა ის არის, ეს ყველაფერი დასავლეთის დემონიზაციის ფონზე ხდებოდა, თითქოს დასავლეთი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. დასავლეთთან დიალოგში პირდაპირ რომ ეთქვათ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვშვრებით ამასო, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ რეალური პოლიტიკა ასეთი არ ყოფილა.
თუმცა არა მგონია, რამე მნიშვნელოვნად ან დღეს შეიცვალა, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ამას ამბობს, აქეთ ზარქუა რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, პაპუაშვილი კი ისევ აგრძელებს დასავლეთის დემონიზაციას.
რეალური ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების საფუძველზე. ცივილიზებული სამყარო გარკვეულ წესებს ემყარება, საქართველოს ხელისუფლება კი ამ წესებზე უარს ამბობს. ამ ვითარებაში რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს? ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტაციაა.
- გასულ კვირას "ოპოზიციურმა ალიანსმა" არჩევნებში მონაწილეობისთვის ექვსი მოთხოვნა გამოაქვეყნა, ამასთანავე, 26 მაისს დიდ აქციას აანონსებს. რა პერსპექტივა აქვს ამ ყოველივეს?
- "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, დღეს კი რეალური ძალა ხალხშია და არა პარტიებში. იმისათვის, რომ ხელისუფლება აიძულო კომპრომისზე წავიდეს, პირველ რიგში, ხალხის ნდობა უნდა მოიპოვო - ხალხმა შენ უნდა გაღიაროს ლიდერად. ჩვენ ვნახეთ თვეების განმავლობაში მიმდინარე აქციები, მაგრამ ამ ხალხს არც ერთი პოლიტიკური პარტია თავის ლიდერად არ უღიარებია. პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ომია, სადაც ჯარი უნდა ენდობოდეს სარდლობას. არ არსებობს პრეცედენტი, რომ სარდლის გარეშე რომელიმე არმიას ომი მოეგოს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც სარდლობის პრეტენზია აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და ლიდერებად არ მიიჩნევს. მათ არც სტრატეგია გააჩნიათ, არც ტაქტიკა და არც ავტორიტეტი. ისინი მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლებიან, რომ ხელისუფლება ცუდია, რაზეც ხალხი პასუხობს: "კი ბატონო, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?".
ამ აუცილებელ სამუშაოს ოპოზიცია არ ასრულებს, რაც პირდაპირ ბიძინას თამაშია. ბიძინა ამბობს, მე თუ არ მოგწონვართ, ესენი საერთოდ ვინ არიანო. ამიტომაც მუშაობს "შეჩვეული ჭირის" პრინციპი. როგორც კი რეალური ლიდერი გამოჩნდება, საქართველოში ვითარება ერთ დღეში შეიცვლება. ოპოზიცია კი ამბობს, ვინც გამოგვყვება, გამოგვყვესო, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. თავიანთი უშედეგო ტივტივით ისინი სხვებსაც უხერგავენ გზას. ფაქტობრივად, ამ ნეგატიურ სპირალში პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც არის, რადგან ისინიც ამ თამაშის წესებს მიჰყვებიან. დღეს რომ ოპოზიციურ ფლანგზე მართლაც გამოჩნდეს ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდებიან.
- ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ალბათ, ლიდერობის შანსი ყველაზე მეტად გიორგი გახარიას ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები. რამდენად არის დღეს გარემო იმისთვის, რომ ახალი ლიდერი ჩამოყალიბდეს?
- გეთანხმებით, მას მართლაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ გახარიას მთავარ პრობლემად იქცა 20 ივნისი, რომელიც მთლიანად ხელისუფლების კომპრომატი იყო და არა გახარიას ექსკლუზიური პასუხისმგებლობა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ თვითონ ხელი დაებანა და გახარიასთვის დაებრალებინა. მანაც ამის საწინააღმდეგოდ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. არადა, მას ეს ბურთი ხელისუფლების ბოსტანში უნდა გადაეგდო. როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ გახარია ამ თემით მოწყვლადი გახდა, თავხედურად მას "შეაწერა" ყველაფერი. გახარიამ გარკვეული მიზეზების გამო, რაც მე არ ვიცი, ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო და ეს ფატალური შეცდომა იყო. გახარიას შეეძლო ეთქვა, რომ ბრძანება სხვამ გასცა და ამით ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ეს რომ ექნა, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეების აღძვრასაც ვერ გაბედავდნენ, თუმცა მან თავდაცვის პოზიცია დაიკავა და სწორედ ამით წააგო.
- დასასრულ მინდა შევეხოთ დონალდ ტრამპის ჩასვლას ჩინეთში, რაც ნამდვილად ისტორიული ვიზიტი იყო, რუსეთი კი აშკარად უკმაყოფილო დარჩა...
- ჩინეთი და შეერთებული შტატები დღეს მსოფლიოში ორი მთავარი მოთამაშეა. რუსეთის პრობლემა ზუსტად ის არის, რომ აღარ არის დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე და მისი ერთადერთი კოზირი ატომური იარაღია. რუსეთი ცდილობს პოზიციები შეინარჩუნოს, მაგრამ მიწა ფეხქვეშ ეცლება - ეს ჯერ ვენესუელით დაიწყო და შემდეგ ირანით გაგრძელდა. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაც იმიტაციაა. ჩინეთს საკუთარი ამოცანები აქვს და მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან შეთანხმება, ეს კი აუცილებლად მოხდება ვიღაცის ხარჯზე და რუსეთს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ სწორედ მის ხარჯზე მოხდება.
ჩემი აზრით, ამ ვიზიტმაც ძალიან შეაფიქრიანა ბიძინა ივანიშვილი. დაინახა, რომ რუსეთმა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლოა ვეღარ შეძლოს. ის პუტინის მიმართ დღეს ლოიალურია, რადგან მისი ეშინია, თუმცა, თუ დაინახა, რომ პუტინი იმდენად დასუსტდა, რომ პერსპექტივა აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ეცდება გადააგდოს, ოღონდ გადააგდოს არა დემოკრატიის დროშით, არამედ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის ასაშენებლად.
რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომაზე არჩევნები უნდა ჩატარდეს:
პირველი სცენარით - თუ ხელისუფლება გადაწყვეტს რუსეთში რეინტეგრაციის გაგრძელებას, რუსეთის აუცილებელი მოთხოვნა იქნება ევროინტეგრაციაზე უარის თქმა და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, ამას კი კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, რის გამოც ბიძინა იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები;
მეორე სცენარით - თუ მან პუტინის გადაგდება გადაწყვიტა, ამ შემთხვევაშიც სჭირდება არჩევნები საკუთარი ლეგიტიმაციის დასადასტურებლად.
ასე რომ, ორივე შემთხვევაში არჩევნების ჩატარება სჭირდება. თუ პოლიტიკურ კანონზომიერებებზე ვისაუბრებთ, არჩევნების აუცილებლობა ცხადია, თუმცა საქართველოში პოლიტიკური მოვლენები ხშირად არ ემორჩილება კანონზომიერებას, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.