ახალი ეპოქის დასაწყისი სვეტიცხოველში – შიო III-ის მძიმე ჯვარი და სულიერი სიმფონია
საქართველოს ეკლესიისა და ერის ისტორიაში 2026 წლის 12 მაისს სრულიად ახალი, განსაკუთრებული ფურცელი გადაიშალა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, ქვეყანამ ახალი სულიერი მამა - სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III შეიძინა. მცხეთაში, სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერის უდიდესი ტკივილი თუ გამარჯვება იყრიდა თავს, ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსაყდრება) აღესრულა. ეს არ იყო მხოლოდ საეკლესიო რიტუალი, ეს გახლდათ ერის სულიერი უწყვეტობის დასტური, ემოციებით, ცრემლითა და იმედით სავსე წუთები, როცა თითოეული მორწმუნე მშობელი თავისი შვილების მომავალსა და სამშობლოს მშვიდობაზე ლოცულობდა.
ისტორიული არჩევანი
11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 39 წევრის შემადგენლობით თავისი საბოლოო სიტყვა თქვა. არჩევნები, როგორც წესი, ფარული კენჭისყრით წარიმართა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა - 9, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა - 7 ხმა. ერთი ბიულეტენი გაუქმდა. ახალმა პატრიარქმა არჩევიდან მალევე განაცხადა, რომ ტრადიციის მიხედვით, აღსაყდრება უახლოეს კვირა დღეს ან დიდ დღესასწაულზე უნდა მომხდარიყო. რადგან 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ეროვნული დღესასწაულია, ახალარჩეული პატრიარქი ანდრიას სამოციქულო კათედრაზე სწორედ ამ სიმბოლურ და უდიდესი მადლის მქონე დღეს ავიდა.

წინამორბედები - რას გვეუბნება სახელი „შიო“?
ეკლესიის ისტორიაში სახელებსა და მოვლენებს შორის ხშირად იდუმალი კავშირი არსებობს. სახელი შიო საქართველოს ეკლესიის მატიანეში განსაკუთრებულ, გარდამტეხ და მძიმე ეპოქებთან არის დაკავშირებული. ვინ იყვნენ ახალი პატრიარქის თანამოსახელე წინამორბედები?
შიო I (1356-1364 წწ.): კათოლიკოს-პატრიარქი შიო პირველი ეკლესიას ურთულეს პერიოდში მართავდა. ეს იყო მონღოლთა ბატონობისგან დასუსტებული ქვეყნისა და მეფე გიორგი V ბრწყინვალის შემდგომი წლები. მისი მოღვაწეობა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად და მტრის შემოსევებით გამოწვეული ტრავმების მოსაშუშებლად.
შიო II (1435-1447 წწ.): იგი გახლდათ ალექსანდრე I დიდის უახლოესი თანამოაზრე და ეპოქის უდიდესი ფიგურა. თემურლენგის დამანგრეველი შემოსევების შემდეგ ქვეყანა ფერფლიდან იყო აღსადგენი. სწორედ შიო II-ის მხრებზე გადაიარა ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და გაპარტახებული მცხეთის სვეტიცხოვლის გაძლიერების უმძიმესმა ტვირთმა. ალექსანდრე მეფის 1441 წლის ანდერძშიც მოხსენიებულია პატრიარქი შიო, რომელსაც მეფე სვეტიცხოვლისთვის შეწირული ახალი საყოფელების დამტკიცებასა და მფარველობას სთხოვს.
დღეს, XXI საუკუნის გლობალური პოლიტიკური და შიდა გამოწვევების წინაშე მდგარ საქართველოს კვლავ უდგას სათავეში პატრიარქი სახელად შიო - რიგით მესამე.

საერო ცხოვრება და ოჯახური მემკვიდრეობა
ვინ არის ადამიანი, რომელმაც ეს უმძიმესი სულიერი ჯვარი იტვირთა? ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში, გამორჩეულ ინტელიგენტთა ოჯახში დაიბადა. მისი გენეალოგია თბილისური არისტოკრატიის ნამდვილი ნიმუშია: დედა, ნანა ქურდიანი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, ბაბუა და ბებია კი აღიარებული ექიმები იყვნენ. განსაკუთრებით საინტერესოა მამის, ცნობილი არქეოლოგის, თეიმურაზ მუჯირის ფაქტორი. ოჯახში, სადაც საქართველოს წარსულს, პირდაპირი მნიშვნელობით, მიწის ფენებიდან აცოცხლებდნენ, ახალგაზრდა ელიზბარმა ადრევე შეიგრძნო ჩვენი ქვეყნის ისტორიის სიღრმე. არქეოლოგია ხომ მხოლოდ ნივთების ძიება არ არის - ეს წინაპართა სულის, მათი რწმენისა და ყოფის ძიებაა. შესაძლოა, სწორედ მამის პროფესიამ და უძველეს ეპოქებთან მუდმივმა შეხებამ გაუღვივა მას ის შინაგანი ლტოლვა, რომელმაც საბოლოოდ საუკუნოვან მონასტერში მიიყვანა - იქ, სადაც საქართველოს ისტორია და სულიერება ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.
მეგობრები და თავისუფლებისკენ ლტოლვა
ელიზბარ მუჯირმა თბილისის 53-ე სკოლა დაამთავრა. მისი მეგობრების წრე, რომელიც მოგვიანებით სრულიად საქართველომ გაიცნო (მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რეჟისორი გიო მგელაძე, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე), ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოირჩეოდა თავისუფლებისკენ ლტოლვით. 1988 წელს გაზეთ "თბილისში" გამოქვეყნდა ამ ახალგაზრდების ინტერვიუ, სადაც მათ გაბედულად გააკრიტიკეს კომკავშირი და განაცხადეს, რომ უღმერთო იდეოლოგიის ქვეშ ცხოვრება წარმოუდგენელია. მათ ხმამაღლა თქვეს, რომ მრწამსი ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა. "ელიზბარი ჩვენი საძმოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წევრი იყო. ჩვენი მეგობრობის მთავარი მიზეზი სამშობლოს სიყვარული და ქვეყნისთვის შეთქმულება იყო", - იხსენებს ირაკლი კაკაბაძე.

ჩელოს ხავერდოვანი ბგერები
მისაბაძი და საინტერესოა მისი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი. სკოლის დასრულების შემდეგ ელიზბარ მუჯირმა სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვიოლონჩელოს კლასში გააგრძელა. მეგობრები იხსენებენ, რომ იგი ვირტუოზულად ასრულებდა ურთულეს პარტიებს.
ჩელოს ხავერდოვანი, ღრმა და ემოციური ბგერები, რომელიც მუდამ კლასიკური, სიმფონიური მუსიკის გულს წარმოადგენს, თითქოს წინასწარმეტყველებდა იმ დიდ სულიერ სიმფონიას, რომლის დირიჟორობაც მას მომავალში მოუწევდა. მუსიკა ხომ სულის ენაა. ახალგაზრდობის მეგობარი, მუსიკოსი ქეთი ლოლაძე იმ წლებს ასე იხსენებს:
"მახსოვს, პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი. სულ ღიმილით დადიოდა. მაშინაც წვერიანი იყო ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთესა და სითბოს აფრქვევდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობითაც და ხასიათითაც... რა მომენტში დავმეგობრდით, არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა. მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე (მურაბის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა).
ერთხელაც, უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას. თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს, დავცინე კიდეც და მე რომ ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს, იმ დროს კონსერვატორიის რექტორს, ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა. რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა, გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება, როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი... ყველაფერი ამაო იყო. გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა... ის კი ჯიუტად ითხოვდა ხელმოწერას კონსერვატორიიდან გარიცხვის შესახებ. ასეც მოხდა, დაიყოლია, აიღო ფურცელი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა. დაგვტოვა დამუნჯებული. იმ დღეს გაკვეთილი ვეღარ გავაგრძელეთ, განწყობა გაქრა, შევყურებდით ერთმანეთს მაესტრო და მე გაკვირვებული, ჩუმად, უხმოდ...
მას მერე წლები გავიდა... ნოდარ გაბუნიას პანაშვიდზე ყველა მამაოს ელოდა წესის ასაგებად, და შემოვიდა მამაო, ისევ ისეთი ნათელი სახით, ისევ მზესავით თბილი, მშვიდი და ისევ ყველასგან განსხვავებული. როგორი გულწრფელი იყო, როგორი პასუხისმგებლობით აღასრულა რიტუალი. ისევ სამზარეულოში აღმოვჩნდით, ამჯერად გაბუნიებთან სახლში, ვისხედით პირისპირ, ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით. რაღაც ერთი საერთო ტკივილი გვქონდა, დიდ მაესტროს ვემშვიდობებოდით, ბოლოს გაიღიმა, წამიერად ერთი და იგივე აზრი დაგვიტრიალდა თავში, დუმილი კი მან დაარღვია და მითხრა: "ქეთი, წლების წინ, მაშინ, ნოდართან კაბინეტში, ჩვენ სამნი რომ ვისხედით, რომელიმე ვიფიქრებდით, რომ ბატონ ნოდარს ამ ცხოვრების უკანასკნელ გზაზე მე გავაცილებდი?"...“
ხელოვნებაში არსებული უდიდესი ჰარმონია მოგვიანებით მის სასულიერო მოღვაწეობაშიც აისახა. წლების შემდეგაც კი, როგორც იგივე ქეთი ლოლაძე იხსენებს, უკვე მაღალ იერარქიაში მყოფი მეუფე შიო ერთ-ერთ კონცერტზე შენიშნეს, თუ როგორ ამოძრავებდა თითებს ჰაერში პატარა ჩელისტის დაკვრისას - თითქოს გულში ისევ ძველებურად უკრავდა და სიმფონიის თითოეულ ნოტს თავისი სულის სიმებზე ატარებდა.
კონსერვატორიიდან მონასტრამდე
სასულიერო გზაზე მისი შემობრუნება ბევრისთვის მოულოდნელი, თუმცა შინაგანად კანონზომიერი პროცესი იყო. ახალგაზრდა, 190 სმ სიმაღლის, კეთილშობილური გარეგნობის, ნიჭიერებით სავსე ბიჭი, რომელსაც წინ ბრწყინვალე საერო კარიერა ელოდა, 1991 წელს მორჩილად მიდის შიომღვიმის მონასტერში. უარი თქვა ყველაფერზე, რაც საერო ცხოვრებაში მიმზიდველი იყო და საკუთარი თავი უფალს მიუძღვნა. 1993 წელს, სულ რაღაც 24 წლის ასაკში, იგი ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა. სახელი, რომელიც მან ბერობისას იტვირთა, შემთხვევითი არ არის. წმინდა შიო მღვიმელი ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანი იყო, რომელმაც VI საუკუნეში საქართველოში ბერმონაზვნური ცხოვრება ახალ საფეხურზე აიყვანა. შიომღვიმის მკაცრი, ასკეტური გარემო, სადაც პატრიარქმა შიო III-მ თავისი სასულიერო გზა დაიწყო, სრულად ირეკლავს მის ხასიათს - მოკრძალებულს, ჩაფიქრებულსა და საერო ხმაურს განრიდებულს.
მსახურება
ბერად აღკვეცის შემდეგ იწყება მისი განუწყვეტელი აღმასვლა ეკლესიის წიაღში: 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს - მღვდლად. მოღვაწეობდა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ანჩისხატსა და ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. სასულიერო განათლება ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიაში და მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მიიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა საზღვარგარეთ. წლების განმავლობაში ის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველი მღვდელმთავარი გახლდათ. სამშობლოდან ათასობით კილომეტრით დაშორებული ქართველებისთვის იგი არა მხოლოდ მღვდელმთავარი, არამედ საქართველოსთან დამაკავშირებელი ცოცხალი ძაფი იყო. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მცირერიცხოვან, მაგრამ მტკიცე ქართულ სამრევლოებში მან შეძლო შეექმნა ისეთი სულიერი ოაზისი, სადაც ემიგრანტები ეროვნულ იდენტობას ინარჩუნებდნენ. ადამიანები, რომლებიც მას იქიდან იცნობენ, საუბრობენ მის უდიდეს სითბოსა და უნარზე, მოესმინა თითოეული მათგანისთვის, ვისაც სამშობლოს მონატრება სტკიოდა... 2003 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. 2010 წელს მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აყვანილი, ხოლო 2017 წელს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ყველასთვის მოულოდნელად, თუმცა დიდი შორსმჭვრეტელობით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა.
სიტყვა და მოძღვრება
ახალი პატრიარქის სულიერ პორტრეტს ყველაზე მკაფიოდ მისივე ქადაგებები ხატავს. მან ზუსტად აღწერა თანამედროვე ეპოქის მთავარი პარადოქსი - მატერიალური წინსვლა და შინაგანი სიცარიელე: "კაცობრიობის მთავარი სენი დღეს არის უკმაყოფილება. მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, რადგან ადამიანი შინაგანად არ იცვლება".
დამაფიქრებელია მისი დამოკიდებულება ადამიანურ განსაცდელებზე: "ჩვენზე უფალი უშვებს სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს ან სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ცხოვრებაზე, ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე და ჩვენს შეცდომებზე".“როგორც სულიერი წინამძღოლი, მუდმივად მოუწოდებს საზოგადოებას შერიგებისკენ, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: "ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას... ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა - უნდა იყოს ურთიერთგაგება, კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის, მიმტევებლობა და პატიების უნარი".“
ემოციები სვეტიცხოვლიდან
ინტრონიზაციის დღეს სვეტიცხოვლის ეზოში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ თვალებში ცრემლი, სევდა და ახალი იმედი ერთმანეთს ერწყმოდა. მძიმეა ილია მეორის მემკვიდრეობა, მძიმეა ის ჯვარი, რომელიც მაცხოვრის კვართის სავანეში შიო III-მ გადაიბარა. "ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად განვიცდი, როგორც უდიდეს პასუხისმგებლობასა და ჯვარს, რომლის ზიდვაც მხოლოდ ღვთის შეწევნით არის შესაძლებელი. მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას", - ბრძანა აღსაყდრებისას უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ. წინ ახალი ეპოქაა... დაე, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მწყემსმთავრობა ყოფილიყოს გამთლიანების, სიყვარულის, სულიერი სიმშვიდისა და დიდი აღორძინების მომტანი სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ კი, როგორც რიგითი მოქალაქეები და მორწმუნეები, იმედითა და ლოცვით შევცქერით ამ ახალ სულიერ სიმფონიას, რომელიც ახლა იწყებს ჟღერადობას.
"ნახავთ, როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს"
ამონარიდი კინორეჟისორ გიო მგელაძის ინტერვიუდან: "მეუფე შიო ჩემი თანაკლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა, მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია - ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული... წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია. ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა - მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიომღვიმის მონასტრიდან - იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიომღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება თქვი-მეთქი... მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიომღვიმის მონასტერში. 5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში 5 წლის შემდეგ უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიომღვიმეში და 3 წელიწადში ბერად აღიკვეცა... ძალიან წარმოსადეგი იყო - მაღალი, ახოვანი, ქერა თმებით და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით. ძალიან ღია ფერის იყო - ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა...
მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. ნახავთ, როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია. 22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. გოგონებიც მოსწონდა და გოგონებსაც მოსწონდათ, მაგრამ... ურთულესია ბერობის გზა... თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან".
თამარ მამაცაშვილი