„დიახ, შიო მესამეს შერიგებაზე საერო ხელისუფლებასთან უკვე დაწყებული ჰქონდა საუბარი“
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. როგორი განწყობაა სინოდის წევრებს შორის და რას უნდა ელოდოს ახალი პატრიარქისგან როგორც ერი, ასევე ბერი, ამაზე ისაუბრეს გადაცემებში "360 გრადუსი" და "პოლიტიკური სივრცე" სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებმა. გთავაზობთ მათი ინტერვიუს ფრაგმენტებს:
"პოლიციელს რომ ხელს გაარტყამ, კარგია?!"

მეუფე სტეფანე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ("360 გრადუსი"): - უწმინდესი და უნეტარესი ილია II ისეთი მაღალი თამასაა, შესაძლოა იმ სიმაღლეზე ასვლა გაჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უღირსი პატრიარქი გვეყოლება. პირიქით, მან იცის ვის კვალზე იაროს.…
- შეძლებს საქართველოს ეკლესია გაერთიანებას ახალი პატრიარქის გარშემო?
- უკვე შეძლო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ რაც მოხდა კრების მონაწილეებს შორის, ეს იყო დიდი სიხარული. ყველა იმ განწყობითაა, რომ მეტი სიკეთე გაკეთდეს ეკლესიისთვის. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება. არც ერთი სინოდის კრება არ გვქონია, როდესაც ვინმე გვიბრძანებს და ჩვენ ხელი უნდა ავწიოთ. სულ არის განხილვა პოზიციების, მაგრამ როდესაც მივიღებთ შედეგს, იმ შედეგს ყველა ვაღიარებთ. ვფიქრობ, არც ერთ ღირსეულ ადამიანს უწმინდესი შიო არ დაკარგავს. გარდა ამისა, ახალგაზრდაა, შემართება აქვს, სურვილი ექნება რაღაცები გააკეთოს. რაც უწმინდესმა ილია II-მ გვასწავლა, იმ გზით მივდივართ. უწმინდესი შიო ამის დაკარგვას არ დაუშვებს.
- არსებობს მოლოდინი, რომ ახალ პატრიარქს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ერისა და ქვეყნის რეალობაში. ვგულისხმობ, მაგალითად, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, ასევე აქციებისას დაპატიმრებულებს... ამ საკითხების მოგვარებაში რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პატრიარქმა?
- ჯერ ერთი, ამ საკითხში გარკვევა, წამლებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, "კოვიდის" დროს მთელი მსოფლიო ყვიროდა, დავიხოცებითო, ჩვენი მსჯელობა კი იყო ასეთი: ექსპერიმენტული წამლებით ადამიანების მკურნალობა არ შეიძლება აუცილებელი იყოს, იმიტომ, რომ უნდა გაიაზრო, რასთან გაქვს საქმე და შემდეგ გადაწყვიტო. არ უნდა მოუწოდო, რასაც გეტყვიან დაემორჩილეთ იმ წესებსო. ჩვენ თვითონაც არ ვიყავით დარწმუნებული იმაში, რასაც გვთავაზობდნენ. ამ სიტუაციაშიც არის ასეთი პოზიცია - სახიფათოა ის წამლები, რომელსაც ითხოვენ. ზოგი ამბობს, მერე რა, მათ უნდათ, ითხოვენო. მე რომ ვიცოდე, სახიფათოა რაღაც წამალი და თქვენ რომ მოითხოვდეთ, გინდა თუ არა, უნდა გავიკეთოო, არ არის სწორი. პოზიცია ეთიკურად სწორი არ არის, არც მორალურად გამართლებული - რადგან თქვენ ითხოვთ, აჰა, რაც გინდათ, გიქნიათო. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩემზე იყოს თქვენი დაღუპვის ან თქვენი პრობლემის ინიციატივა.…
- რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხზე დაპირისპირებას...
- ჩვენთან, სინოდში 22 ხმა მიიღო მეუფე შიომ, 9 და 7 - სხვა კანდიდატებმა. ამათ რომ დაიწყონ, არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, არ ვაღიარებთო და ა.შ., რამხელა პოლარიზაცია იქნება. იმ შემთხვევაში, როცა აგირჩიეს, რად გინდა მიდებ-მოდება, ხალხმა აღიარა და შენ შედი პარლამენტში და იქ შენი პოზიცია დაიკავე... კაცო, ამდენი ხანია, რომ არყევ ქვეყანას უაზრო რაღაცებით და გეუბნებიან, მოდი, ახლა თავი შეიკავეო, თუ სამართლებრივ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, სამართლებრივი სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, თუ შენ რაც გაწყობს, ის სწორია და რაც არა, არასწორი. პოლიციელს რომ ხელს გაარტყამ, კარგია?!
- თავადვე გამოავლინეს 5 პოლიციელი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტზე.
- ამ ადამიანებზე რამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა ძალადობა. რას არ უშვრებოდნენ, ქვებს ესროდნენ, პიროტექნიკას, ვიღაცა დასავლეთში რომ ლაპარაკობს, ეს არ არის მთავარი, მე ხომ ჩემი თვალით ვხედავ, რაც ხდებოდა... და მეორე მხარეა, დასასჯელია ისიც, ვინც თავს არ შეიკავებს. ადამიანი მაინც უნდა დაიცვა, მაგრამ როდესაც ადამიანი უკვე ვეღარ ზომავს თავის მოქმედებას, ამისთვისაა სასამართლო.
მე ვფიქრობ, კარგი სვლაა, როდესაც ისეთ ადამიანებს, ვინც გადასცდა ზომიერებას, მოსთხოვეს პასუხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც პიროტექნიკას ისროდა და პოლიციელს ხელი გაარტყა, არ იყოს პასუხისგებაში მიცემული. როდესაც ადამიანს რაღაც მოუვიდა და შენდობას ითხოვს, ეძლევა შენდობა, თხოვნის შედეგად თავისუფლდება. არავის უნდა ვინმე ციხეში იჯდეს, მაგრამ როცა დააშავა და მერე თავხედობს და ვიღაც მხარს უჭერს, ტაშს უკრავს, ფაქტობრივად, ამ ადამიანს წირავს. რა ქნან სამართალდამცავებმა, ან სასამართლომ, როცა არის ფაქტი, გამოუშვეს ერთხელ, მერე მივიდა ისევ და იქით გაარტყა სახეში. თუ ეს სახელმწიფომ გაატარა და არაფერი გააკეთა, გამოდის, სახელმწიფო არაფრის მაქნისია. მიდი, შეუტიე, გინდა ბომბები ესროლე, სახელმწიფოს უწევს ამ უწესრიგობის მოწესრიგებისთვის რაღაცების გაკეთება, ძალოვანი სტრუქტურა იმიტომ ჰქვია, მაგრამ იმასაც მოსდის გადამეტება და ესეც მიუღებელია. …
- მეუფე შიომ მოსაყდრის რანგში, თუ არ ვცდები, ორჯერ მიმართა ხელისუფლებას წერილით, სადაც სთავაზობდა, სთხოვდა, რომ უფლებამოსილების ფარგლებში პოზიტიური გამოსავალი გამოენახა. ახლა, როგორც ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შეუძლია სახელმწიფოს ამ ადამიანების შეწყალება შესთავაზოს?
- მე უწმინდესი შიოს მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩემს პოზიციას ვიტყვი: როდესაც შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, იმ ადამიანებისგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ ის დანაშაულები, რაც მოხდა, აღიარებულია.
მე რომ ვარ შუამავალი, კრიმინალი გამოუშვიო, არ უნდა ვეუბნებოდე ხელისუფლებას. ამასთანაც უნდა დავილაპარაკო, იმასთანაც და აქედან სინანული უნდა დავინახო, იქიდან კი მიმტევებლობა და მაშინ მოხდება შერიგება. სხვანაირად როგორ? თუ ისინი იტყვიან: აი, ჩვენ გავიმარჯვეთ, დავამარცხეთო, ვინ იქნება ამის მიზეზი? - ახალი პატრიარქი შიო, რომელმაც მათ ასეთი ფუფუნება მოუწყო. მერე პატრიარქ შიოს სხვები არ ეტყვიან, ეს ხალხი რა დღეშიაო? რომ მოსთხოვე გათავისუფლება, ნახე, რას აკეთებენო. მეუფე შიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად იმოქმედებენ. კონსენსუსი უნდა მოხდეს ძალოვნებსა და ამ ადამიანებს შორის, რათა არ მოხდეს კვლავ დაპირისპირება და არ მიიჩნიონ ეს გამარჯვებად. პატრიარქი შიო რომ იტყვის, შევიწყალოთო, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ გაიმარჯვეს. ეკლესიის გამოყენება უკეთური მიზნებისთვის არავის არ უნდა შეეძლოს. ყველაფერს სჭირდება თავისი ზომა და წონა და როდესაც ეს ყველაფერი მშვიდობით და სიყვარულით არის, მაშინ დაელაპარაკები ადამიანს, შეგეცოდება, ეცდები რაღაც გააკეთო, დაეხმარო, ოღონდ იმისგან უნდა გქონდეს გარანტია, რომ გამოუშვებ, რაღაც თავხედობას არ ჩაიდენს.

"შეწყალება არის შეწყალება და ეს უანგარო დამოკიდებულებაა"
მეუფე დოსითეოსი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი ("პოლიტიკური სივრცე"): - ყველა მღვდელმთავარი მოწადინებული იყო, რაც შეიძლებოდა მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო გაფართოებული კრება. შიო III წლებია მოსაყდრის თანამდებობას იკავებდა, მას უკვე კარგად იცნობდნენ. მას პირველ ტურში უკვე ჰქონდა საკმარისი ხმები, მეორე ტურში კი 2 ხმა დაემატა და 22 ხმა მიიღო - ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ავირჩიეთ. ამის მერე ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა. დებულების ძირითადი მართვა-გამგეობის პრინციპები ჩაშლილი არ არის, ამიტომ ყველაფერზე თავიდან ფიქრი დასჭირდა ეკლესიას. მნიშვნელოვანი იყო არჩევნებისა და ინტრონიზაციის დღე. იცით, რა არის მთავარი, როდესაც ვნახეთ, მისი უწმინდესობის გარდაცვალებას რამხელა სიყვარული მოჰყვა მორწმუნე ერისა, თითქოს გაგრძელდა ეს მომენტი სვეტიცხოვლის ტაძარში. ძალიან ამაღლებული განწყობა იყო, პირველი წირვა იყო მისი უწმინდესობის, ის ეფერებოდა ყველას. მან პასუხისმგებლობა აიღო ღვთის იმედით, სასოებით ღვთისა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ამის იმედი თვითონ სინოდიც არის, მის ირგვლივ გაერთიანდნენ მღვდელმთავრები. ყველაფერმა მშვიდობით და ორგანიზებულად ჩაიარა.
- რას ელოდებით მეუფე შიოს პატრიარქობისგან? რამე უნდა შეცვალოს ეკლესიაში?
- დღევანდელი გამოწვევები სხვაა, მაშინ ეკლესიას თავისი გამოწვევები ჰქონდა და მისი უწმინდესობა დიდი დიპლომატიურობით გაუმკლავდა, შესაძლოა ვინმეს მოსწონდა ან არ მოსწონდა რომელიმე დიპლომატიური მიდგომა, მაგრამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განსხვავებული და სხვა პასუხისმგებლობა აქვს. მისი (შიო III-ის) ყველა სიტყვა და ნაბიჯი ძალიან აწონ-დაწონილი უნდა იყოს და მგონია, ასეც გაგრძელდება. შესაძლოა ვიღაცებს რაღაც დიდი მოლოდინი აქვთ, თუმცა დროს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გვიჩვენოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკლესია არის ერთიანი, ძლიერი, არ დავქსაქსულვართ. სხვათა შორის, მედიაში ზოგჯერ იყო რთული მომენტები, პოლიტიზების კონტექსტები ედებოდა რაღაც საკითხებს. ვერაფერს ვიზამთ. ეკლესიისთვის ყველა მისი შვილია, ვინც ჩვენსავით ან განსხვავებულად ფიქრობს.
- ბრძანეთ, რომ ეკლესია ერთიანია, მაგრამ ერში ღრმა პოლარიზაციაა, დაპირისპირება და ბევრს გული დასწყდა, რადგან ხელისუფლება ძალიან ღიად უჭერდა მეუფე შიოს მხარს, ჰქონდათ კითხვა, ის საქართველოს თუ ხელისუფლების მომხრეების პატრიარქი იქნებაო.
- მე ვფიქრობ, მას მაღალი ხედვა აქვს ამ საკითხზე. შეუძლებელია ის ვინმეს პატრიარქი იყოს, ის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქია და ამ პოზიციიდან ექნება ურთიერთობა ყველასთან.
- შეიძლება შერიგების პირველი ნაბიჯი იყოს პატიმრების შეწყალება - ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, რომ შეწყალებას უნდა უძღოდეს აღიარება, სინანული, თუმცა პატიმრები ამბობენ, რომ არჩადენილს ვერ მოინანიებენ, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინც უნდა მიმართოს პატრიარქმა მთავრობას შუამდგომლობით?
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს სურვილი ჰქონდა კვლავ მიემართა ხელისუფლებისთვის.
ახალგაზრდები შესაძლოა თავისებური სიყვარულით თუ ერთგვარი დამოკიდებულებით საქართველოს მომავლის მიმართ შეცდნენ... ეკლესია უყურებს ასე - შეწყალება არის შეწყალება და ეს არის უანგარო დამოკიდებულება. ვფიქრობ, ხელისუფლებამ რაც განაცხადა, მას ამის უფლება აქვს, მაგრამ თუ მსჯელობა იქნება, ფორმაც მოიძებნება და შესაძლებლობაც იმისა, რა როგორ მოხდეს. რასაც ჩუქნი, ეს არის საჩუქარი, შენი კეთილი გამოვლინება, შენი კეთილი ჟესტი. თუ რადიკალურ აქცენტებს არ გავაკეთებთ, მაშინ უფრო იოლი იქნება სწორი ფორმის მოძებნა ურთიერთობებში.
"ეკლესიის მხრიდან შეწყალების საკითხის დაყენება ძალიან მნიშვნელოვანია"

მეუფე დანიელი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი ("360 გრადუსი"):
- თქვენ ხართ ის მღვდელმთავარი, რომელსაც გხვდათ პატივი, ახალი პატრიარქისთვის უძველესი მიტრა დაგედგათ თავზე.
- ჩვენ გვქონდა ბუნებრივი შიში იმისა, როგორ გავაგრძელებთ ჩვენს არა მარტო საეკლესიო, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც არ იქნება პატრიარქი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რთულ პერიოდებში მშვიდობისმყოფელი მისიის აღსრულებაში. ვერ წარმოგვედგინა ვერც ერთი მღვდელმთავარი, ვინც ამ ჯვარს იტვირთებდა. თუმცა ჩვენი მღელვარების საფუძველი ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების არაბუნებრივი პროცესი, რომელიც არა მარტო რაოდენობრივად, არამედ მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ადამიანები თვისებრივად ამაღლდნენ, იქ მყოფნი დიდ კრძალვაში იყვნენ, ერთმანეთის მიმართ მოწიწებული და ეს ხდებოდა იმის ფონზე, როცა ბოლო წლებში საზოგადოების ცხოვრებაში იყო დიდი დაპირისპირება. ჩვენ ვიხილეთ ამის საპირწონე მდგომარეობა, რამაც იმედი გაგვიჩინა. იგივე ვიხილეთ სასულიერო დასში.
ერთ რამეს მივხვდით, მივხვდით, რომ თუ პატრიარქის დროს შეგვეძლო უფრო მეტი სითამამე გამოგვეჩინა, ზოგჯერ შეიძლება ზედმეტიც ყოფილიყო ჩვენი შინაგანი ქმედებანი თუ გამონათქვამები, ახლა თუ არ გავერთიანდებით, ჩვენ შეიძლება მართლა გაგვიჭირდეს და ხალხს დიდი ტკივილი დარჩეს, რომ უპატრიარქოდ ეკლესიაც დაირღვა და საზოგადოებაც მშვიდობისმყოფელი ადამიანების გარეშე დარჩა. ამან გაგვაერთიანა.
- რთული იყო ამ ერთიანობის შენარჩუნება? ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა შიგნით, მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა, ისიც საკმარისი იყო შესაფასებლად, რომ ყველა არ იყო ერთ აზრზე. თუნდაც მეუფე ზენონი ან თუნდაც პირველი კრების შემდეგ პატრიარქობის კანდიდატობიდან ორი მეუფის ჩახსნით...
- ეს მოსალოდნელიც იყო, რომ იქნებოდა მკვეთრი რეაქციები. ყველას თავისი შეხედულება ჰქონდა, მაგრამ ეს იყო გაცილებით მცირე, ვიდრე ერთობა, ძმური ურთიერთობაა. ყველა, ვინც გამოხატა თავისი მოსაზრება, მერე როცა ვხვდებოდით, თითქოს შენდობას ვთხოვდით ერთმანეთს, ავღელდი... ბოლოს გაფართოებულ კრებაზე იყო სრული პატივისცემა და პირველებმა კანდიდატებმა მიულოცეს ახლანდელ პატრიარქს გამორჩევა. ინტრონიზაციის დღესაც ეს ჰარმონია აბსოლუტური იყო.
- რას ნიშნავდა შიო III-ის ცრემლი?
- ბევრ რამეს. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ მას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. რასაკვირველია, ეს იყო უდიდესი მადლიერების განცდა. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ძალიან ამაღლებული. სხვა რამესაც ვიტყვი - ეს ორი თვე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის. იყო შიში, თუ რა შედეგები გვექნებოდა.
მე ვიცი, რომ პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, ჩვენც ხშირად არ გვეძინა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მას უთქვამს ჩემთვის, რომ ძალიან მძიმე იყო ეს პასუხისმგებლობა ჯერ პატრიარქის გაცილებასთან, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. გარდა წმინდა ადმინისტრაციული საკითხებისა, ეს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამას ემატებოდა ის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. დღეს შემოგვეხმიანა ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც ასი წლის ხდება და თქვა, ძალიან მეშინოდა, რომ პატრიარქის შემდეგ დაიწყებოდა არეულობა, განხეთქილება და გუშინ რომ ვუყურე პატრიარქის კურთხევას, შიში გამიქრაო...
- თქვენ რით გამოარჩიეთ პატრიარქი შიო III?
- მე დიდი ხანია მას ვიცნობ, მას შემდეგ, რაც კარგი, ტრადიციული ქართული, მაღალი, კულტურის, მაღალი ზნეობის თბილისური ოჯახიდან გამოსულმა პიროვნებამ, წარმატებულმა მუსიკოსმა, უცებ დატოვა კონსერვატორია და დაიწყო მონასტრული ცხოვრება. სულ ჩანდა ერთი რამ, რომ ის არასდროს ეძიებდა წინსვლას და კარიერულ წარმატებას. პირიქით, გამოირჩეოდა იმით, რომ იყო კონცენტრირებული ლოცვაზე, ურთიერთობაში ძალიან თავაზიანი, მაგრამ ერიდებოდა ხშირ კონტაქტებს... მღვდელიც რომ გახდა, არ ჰქონდა მღვდლობის პრეტენზია, მე კარგად მახსოვს, მერე ეპისკოპოსობაზეც შეშფოთებული იყო, იქნებ 1-2 წელი მაინც მაცადონ, რომ მოვმაგრდეო. მოსაყდრეობაზეც იგივე განცდა ჰქონდა, შეშფოთებული, შეშინებული იყო. ასევე პატრიარქობაზეც.
მე მჯერა მისი შინაგანი გულწრფელობის, სისუფთავის. ღრმადმორწმუნე მლოცველი და ძალიან განათლებული ადამიანია. ერთადერთი, რაც მისთვის ძნელი იყო ყველაზე მეტად, იყო საზოგადოებასთან აქტიური და ახლო ურთიერთობა, რაც მოსაყდრეს უნდა ჰქონოდა და პატრიარქის მოადგილეობა უნდა გაეწია. სულ ვეუბნებოდი, არ მეგონა, ამას შეძლებდით, მაგრამ პატრიარქმა იცოდა, რომ ის ამას შეძლებდა. ამ 9 წელმა ის მოამზადა.
- ერში გაჩნდა მოლოდინი, რაც უკავშირდება დიდ ეროვნულ შერიგებას.
- მოსაყდრეობის პერიოდში ის არაფერს აკეთებდა პატრიარქთან შეთანხმების გარეშე. უკვე მაშინ დაიწყო ამაზე საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული.
რასაკვირველია, თუკი ვინმე ფიქრობდა შერიგებაზე, შემწყნარებლობაზე, ეს უპირველესად პატრიარქი იყო, მაგრამ შიოს ბუნებაც სრულად ამას ეთანხმებოდა. მას დაწყებული ჰქონდა საერო ხელისუფლებასთანაც ასეთი საუბრები.
- რასთან დაკავშირებით?
- შერიგებასა და მის სხვადასხვა ფორმაზე. ამას არ ჰქონდა ოფიციალური სახე, მაგრამ მოსამზადებელი იყო.
- აქციებზე დაკავებულთა შეწყალებაზეც?
- რასაკვირველია. არის იმედი, რომ ეს გაგრძელდება - ანუ არის სურვილი და მოლოდინი, რომ რაღაც სახით ეს გაკეთდეს.
- წმინდა სინოდი როგორ იქნება ჩართული? ისიც საინტერესოა, როდის ველოდოთ სინოდის პირველ სხდომას და შესაძლებელია თუ არა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ეს თემა იყოს წამოჭრილი?
- არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს განხილვის საგანი, რა შეიძლება გაკეთდეს. რასაკვირველია, მათ შორის იქნება შეწყალების თემაც. როდის, ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს საკითხი უნდა მომზადდეს.
- ჩვენ მოვისმინეთ სხვა მღვდელმთავრების მოსაზრება, რომ შეწყალება უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს - მონანიება, მიტევება და შედეგად შეწყალება. თქვენც ფიქრობთ, რომ ამ პრინციპით უნდა წავიდეს ეს პროცესი?
- ერთია ჩვენი ემოციური, ქრისტიანული თხოვნა, რომ შევიწყალოთ დამნაშავე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მაინც სახელმწიფო სეკულარულია, შეიძლება ეს პრინციპი ასე მარტივად ვერ განხორციელდეს. ვფიქრობ, ეკლესიის მხრიდან საკითხის დაყენება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო შეეცდება, რაღაც ფორმები გამონახოს. საერთოდ, შერიგებისთვის აუცილებელია, რომ გავიაზროთ: საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი (ძალიან მცირეა, რომელიც თავის თავს რომელიღაც ბანაკში არ მოიაზრებს) აღიქვამს თავს ერთ ან მეორე მხარეს. თავისთავად განსხვავებულ პოზიციებზე დგომა შეიძლება საშიში კი არა, სასარგებლოც იყოს საზოგადოებრივი განვითარებისთვის და შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჭეშმარიტება კამათში იბადება, მაგრამ თუ კამათი იღებს კატეგორიულ, რადიკალურ, აგრესიულ ფორმებს, არ შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი. მე მეჩვენება, რომ მედიამ და საპატრიარქომ უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენაზე ლაპარაკი, არ შეიძლება ერთმანეთის მოღალატედ გამოცხადება. ორი ბანაკია და აბსოლუტური უმრავლესობა მეორე მხარეს აღიქვამს მოღალატედ. ძახილი ერთმანეთისთვის, შენ მოღალატე ხარო, კატასტროფაა. შეუძლებელია დიალოგი, თუ გამოვრიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას.