„თუკიდიდეს ხაფანგის“ მანევრი?!
ვ იდრე მსოფლიო მედიის ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და ამერიკულ საჰაერო იერიშებზეა მიპყრობილი, აპრილის დასაწყისში პეკინში ეპოქალური ამბავი მოხდა - სი ძინპინისა და ტაივანის ოპოზიციის ლიდერის 14-წამიანი ხელის ჩამორთმევა იყო ჩინეთის მკაფიო სიგნალი, რომ პეკინს წყნარ ოკეანეში კონტროლისთვის ღია სამხედრო შეტაკება არ სჭირდება და მისთვის საკმარისია ერთი წყნარი ოთახი და ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა, თან ეს იმ დროს, როდესაც მთავარი სუპერძალა და ჩინეთის მთავარი კონკურენტი ამერიკა ირანთან დაპირისპირების გამო ხაფანგშია გაბმული, ხოლო მისი მოკავშირე რუსეთი უკრაინასთან უკვე ხუთწლიან ომში გაჭედილი. სწორედ ამ სპეციფიკურ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩავიდა პეკინში ტრამპი ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ - 2026 წლის გაზაფხულზე ატმოსფერო რადიკალურად განსხვავდება 2017 წლისგან, როდესაც მას, როგორც პრაგმატულ ბიზნესმენს, ჩინური დროშებითა და პიონერებით ხვდებოდნენ. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში დაბრუნდა ორ ფრონტზე გაჭიანურებული დაპირისპირების ფონზე - სამხედრო ომი ირანის წინააღმდეგ და გასულ წელს დაწყებული სავაჭრო ომი ჩინეთთან. ტრამპი ამ შეხვედრაზე ვაჭრობდა ტარიფებზე, ითხოვდა ბოინგების შესყიდვას და ცდილობდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას. შეხვედრის დაწყებისთანავე სი ძინპინმა ტრამპს პირდაპირ მიმართა: შეუძლიათ თუ არა ჩინეთსა და აშშ-ს, დაძლიონ "თუკიდიდეს ხაფანგი" (თუკიდიდე - ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას) და შექმნან დიდი სახელმწიფოების ურთიერთობის ახალი პარადიგმა? ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს არ ყოფილა უბრალო ფილოსოფიური რიტორიკა, არამედ ჩინეთის ლიდერის მიერ წინასწარ დაგეგმილი ძალზე თავდაჯერებული სტრატეგიული სვლა. საქმე ისაა, რომ პოლიტიკის მეცნიერების ამ თეორიით, როდესაც აღმავალი ძალა საფრთხეს უქმნის დომინანტ გიგანტს, ორმხრივი შიში თითქმის ყოველთვის გლობალური ომით სრულდება. შესაბამისად, პეკინის მიერ ამ თემის წამოწევა მზაკვრული დიპლომატიური მანევრია - ამ ფორმულირებით სი ძინპინი სტრატეგიულ პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თეირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას. აშშ-ს სასწრაფოდ სჭირდება ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება, რათა სამხედრო რესურსი ჩინეთის შესაკავებლად გადაისროლოს, ჩინეთს კი სჭირდება ნავთობის შეუფერხებელი იმპორტი და აშშ-ის მაქსიმალური ჩათრევა მეორეხარისხოვან კონფლიქტებში, მაგრამ ირანი შეასრულებს ამ პირობას?
მეორე საკითხია ტაივანის თემა. სანამ ტრამპი კითხვებს ტაივანზე თავს არიდებდა, ჩინეთმა მკაცრად განაცხადა, რომ ტაივანი მთავარი პრობლემაა და შეცდომის შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. ჩინეთს სჭირდება, რომ აშშ-მა შეცვალოს ძველი დიპლომატიური ფორმულა ტაივანთან მიმართებაში, აშშ-ს კი სჭირდება სტატუს-კვოს შენარჩუნება, რათა არ დაკარგოს გავლენა წყნარ ოკეანეში და შეინარჩუნოს კონტროლი ჩიპების გლობალურ ბაზარზე. თუკი "თუკიდიდეს ხაფანგს" ტაივანის კონტექსტში განვიხილავთ, ღია სამხედრო კონფლიქტი ტაივანის გამო იქნებოდა სწორედ "თუკიდიდეს ხაფანგის" ოფიციალური ამოქმედება - პირდაპირი ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის, რაც სი ძინპინს არ სჭირდება. პეკინის გათვლა 2028 წლის ტაივანის არჩევნებია - პროჩინური გომინდანის აღზევებით ჩინეთი კუნძულს პოლიტიკურად შთანთქავს და ხაფანგს გვერდს აუვლის, აშშ-ს კი ფაქტის წინაშე დააყენებს... ეკონომიკური მიმართულებით კი მართლა ჩანს რეალური შედეგი - ბოლო 10 წელში პირველი გარიგება შედგა ჩინეთის მიერ ბოინგების შესყიდვაზე. ამით დროებით შენარჩუნდა სავაჭრო ზავი, რაც დღეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ხაფანგი არ დახურულა, ის უბრალოდ გადავადდა - 2026 წლის შემოდგომაზე სი ძინპინი საპასუხო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა, რაც ასევე პირველი იქნება ბოლო ათ წელში. რა შეცვალა ამ შეხვედრამ და რაც მთავარია, ტრამპის იმედი, რომ ჩინეთი ირანის კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება, რამდენად პერსპექტიულია, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით.
- ჩინეთს აწყობს, რომ ამერიკა ასეა ჩაფლული ახლო აღმოსავლეთში, კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე შეცდომა, არ იცის, ეს კონფლიქტი როგორ დაამთავროს ირანთან და შედეგად ხარჯავს თავის პოლიტიკურ და სამხედრო რესურსებს.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჰორმუზის სრუტეში ჩინური გემებიც გადიან, ყველა ვერა, მაგრამ ჩინეთში ჩასასვლელი ნავთობის დიდი ნაწილი იქ მოძრაობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ირანული ნავთობის მთავარი იმპორტიორი იყო, მას დაგროვებული აქვს ნავთობის ძალიან დიდი რეზერვი, რაც საშუალებას აძლევს, შედარებით მსუბუქად გადაიტანოს ენერგოკრიზისი. ასევე, ჩინეთი დღეს ელექტრომანქანების და, ზოგადად, ელექტროინდუსტრიის მთავარი ინდუსტრიული ძალაა და ეს პროდუქცია ყველაზე მეტად სწორედ იქ იწარმოება. ამიტომ შეხედულება, თითქოს ირანის ნავთობი ჩინეთში მიდის და ამის გამო ჩინეთი ახლა ამერიკას დაეხმარება, არ არის სწორი. რეალურად, მას არა აქვს დახმარების ინტერესი. თუმცა, თუ გადაწყვეტს, შეუძლია, აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები, რადგან ირანის მთავარი პარტნიორი, მათ შორის პოლიტიკურადაც, მაინც პეკინია. ჩინეთი ირანს ბევრ რამეში ეხმარება. თუნდაც ეკონომიკურად თუ ე.წ. ორმაგი მოხმარების ტექნოლოგიების მიწოდებით, რომლებსაც ირანი სამხედრო ინდუსტრიაში იყენებს. ბერკეტები ჩინეთს აქვს და რომ მოინდომოს, ზეწოლას შეძლებს, მაგრამ არა მგონია, სი ძინპინის ეს ბუნდოვანი დაპირებები ირანზე რეალურ ზეწოლაში გადაიზარდოს.
- რა ინტერესი აქვს ჩინეთს, რომ ამერიკას დაეხმაროს? შეიძლება თუნდაც ტაივანის საკითხში რაიმე დათმობის სანაცვლოდ მოხდეს?
- ტრამპის ვიზიტი ყველამ გააკრიტიკა, მაგრამ ერთადერთი სწორი პოზიცია ტაივანის საკითხზე ჰქონდა - შეინარჩუნა სტრატეგიული ბუნდოვანება. ამერიკისთვის ძალიან დიდი რეპუტაციული ზარალი იქნება ტაივანის ჩინეთისთვის გადალოცვა, თანაც ირანის გამო - პრობლემის, რომელიც თავადვე შექმნეს. ასე რომ, ასეთი პირდაპირი გაცვლა - "ირანში დაგვეხმარე და ტაივანი წაიღე", გამორიცხულია, რადგან ამის შეუძლებლობა ორივე მხარეს კარგად ესმის.
ირანის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ომს იგებს - მათ მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს ძალაუფლება, სახელმწიფო სტრუქტურები, სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი და რაც მთავარია, უკვე აქვთ დიდი რაოდენობის გამდიდრებული ურანი. ამ სიტუაციაში ამერიკას ორი ან სამი გამოსავალი რჩება: პირველი - ირანთან ისეთი შეთანხმება გააფორმოს, რაც მათ სახის შენარჩუნებისა და რეგიონიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. ამ პუნქტში ამერიკელებისა და ჩინელების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ჩინეთსაც არ უნდა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის კომერციალიზაცია მოახდინოს და კონტეინერებს ტარიფები დაუწესოს; მეორე ვარიანტია სამხედრო ესკალაციაზე წასვლა, რათა ამ გზით ირანის ბირთვული არსენალი და დაგროვებული ურანი გაანადგურონ და თეირანს დათმობა აიძულონ. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. კიდევ ერთი, უკიდურესად რადიკალური გამოსავალი ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებაა. ეს სცენარი გამორიცხული არ არის და უარეს შემთხვევაში, ამაზე, ალბათ, მინიმუმ ისრაელი ფიქრობს, თუმცა არა მგონია, თუნდაც რამდენიმე ბომბის გამოყენებამ ირანის ხელისუფლების კალკულაციებში რამე არსებითად შეცვალოს. გამოსავალი მაინც ზავია, რაც, ადრე თუ გვიან, დაიდება, ან დღევანდელი სტატუს-კვოს გაგრძელება. თუმცა სტატუს-კვო დანარჩენი მსოფლიოსთვის და თავად ამერიკისთვისაც ძალიან მტკივნეულია.
- ირანს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პირობად ბირთვული განიარაღების საკითხის მოხსნა აქვს დაყენებული და ამ მხრივ რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ტრამპი?
- საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნებოდა 2016 წლის ბირთვულ ხელშეკრულებასთან დაბრუნება, თუმცა თეთრი სახლისთვის ეს იმის აღიარებაა, რომ შეცდომა დაუშვეს. ტრამპმა ჯერ გააუქმა ეს ხელშეკრულება, მერე ეს იდიოტური ომი წამოიწყო და ახლა ისევ მსგავს შეთანხმებას უბრუნდება. ეს რაციონალური გამოსავალი კი არის, მაგრამ პროცესი ისე უნდა წაიყვანონ, რომ ტრამპის ეგოს დიდი ზიანი არ მიადგეს. ეს სერიოზულ მოლაპარაკებას საჭიროებს, სადაც ევროპელებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ, მაგრამ დღეს ევროპელებს ირანის ახალი ხელისუფლება აღარ ენდობა. ფაქტობრივად, არ არსებობს მედიატორი, რომლის მიმართაც ორივე მხარეს სრული ნდობა ექნება. ერთადერთი, ალბათ, ჩინეთია.
- რუსეთს აქვს რაიმე ბერკეტი ირან-ამერიკის პოზიციების დასაახლოებლად?
- რუსეთი, პაკისტანისგან განსხვავებით, უფრო ძლიერი სახელმწიფოა. თუმცა, მეორე მხრივ, კრემლს ხელს აძლევს ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. მართალია, ვამბობთ, რომ ირანი რუსეთის მოკავშირეა, მაგრამ მოსკოვი ამ ომით ხეირობს. პირველ რიგში, ნავთობის ფასები გაიზარდა. გარდა ამისა, დასავლური იარაღი და რესურსები, რაც ახლო აღმოსავლეთში იხარჯება, უკრაინას აკლდება. ამასთან, ევროპა იძულებულია, კვლავ რუსული თხევადი გაზი იყიდოს.
- უკრაინა არ არის რუსეთისთვის ამერიკასთან ვაჭრობის თემა?
- ამერიკა, შეიძლება ითქვას, გამოვიდა უკრაინიდან. დღეს ვაშინგტონის პოზიცია იქ აღარ არის გადამწყვეტი. მართალია, ჯერ კიდევ არსებობს არხები, საიდანაც უკრაინაში მიედინება იარაღი, რაც მხოლოდ ამერიკას აქვს, მაგრამ უკრაინის მთავარი სპონსორი და მოკავშირე მაინც ევროპაა. ამიტომ რუსეYთი ევროპას უნდა მოელაპარაკოს...
- ტრამპის ჩინეთში ვიზიტს დავუბრუნდეთ. მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა მოუტანა?
- ორივე ქვეყანა კვლავ ერთმანეთის მთავარ მეტოქედ რჩება, თუმცა უამრავ სფეროში ერთმანეთზე იმდენად არიან დამოკიდებული, რომ ცდილობენ ეს დამოკიდებულება მართონ, რათა პროცესები დიდ კრიზისში არ გადაიზარდოს. საინტერესო აქცენტებიც გამოიკვეთა. მაგალითად, სი ძინპინმა ახსენა ე.წ. თუკიდიდეს ხაფანგი. როგორც ჩანს, ჩინეთის წარმოდგენით, ამერიკის გავლენა ეცემა, მათი კი იზრდება, რასაც გლობალური ძალაუფლების ვაშინგტონიდან პეკინზე გადაბარება უნდა მოჰყვეს. თუმცა, ეს ძალიან სახიფათო პოზიციაა, მით უმეტეს, რეალობა ასეთი არ არის - ამერიკა შედარებით კი სუსტდება, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ჰეგემონია დაკარგოს. გარდა ამისა, ჩინეთს ჰეგემონობისთვის ამ ეტაპზე რესურსები არა აქვს. ამერიკისგან განსხვავებით, გარშემორტყმულია მტრულად განწყობილი მეზობლებით. ამას ემატება ისიც, რომ არა ჰყავს მყარი მოკავშირეები და არ გააჩნია ალიანსების ძლიერი სტრუქტურა.
მართალია, ტრამპი კარგავს მოკავშირეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძალაუფლება ავტომატურად ჩინეთს ემატება. ევროპაში მიმდინარე პროცესები ამერიკისგან გამოყოფას, ერთგვარ სეპარაციას წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი აშშ-ის მტერი გახდება. მეორე მხრივ, ევროპაში ჩინეთს სერიოზულ კონკურენტად აღიქვამენ და შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამერიკას. ევროპა შედარებით რბილად, თითქმის იმავეს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობაში, რასაც აშშ - თავს იცავს პეკინის ინდუსტრიული ზეწოლისა და ჩინური ინვესტიციებისგან. რეალურად მსოფლიო შედის უფრო მულტიპოლარულ ფაზაში, სადაც მრავალი ძალის ცენტრი იარსებებს და ყველა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას შეეცდება. ამიტომ ტრამპი მოკავშირეებს კი არ კარგავს, შეგნებულად ანგრევს არსებულ ალიანსებსა და პარტნიორულ სტრუქტურებს, რადგან ჰგონია, ამ გზით უფრო მეტს მიაღწევს.
რუსა მაჩაიძე