”აბა, გაბედოს სააკაშვილმა, დაითხოვოს მართლაც მთავრობა და ნახავს, რა პასუხს მიიღებს” - კვირის პალიტრა

”აბა, გაბედოს სააკაშვილმა, დაითხოვოს მართლაც მთავრობა და ნახავს, რა პასუხს მიიღებს”

ბოლო ხანს დასავლური პრესა განსაკუთრებულად კრიტიკულია საქართველოს ახალი ხელისუფლების მისამართით, რომელსაც განუწყვეტლად ადანაშაულებს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. ამჯერად შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” საქართველოს ახალ მთავრობაზე სარედაქციო გრიფით კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით: ”საქართველოს მთავრობა არასწორ კურსს ირჩევს”. სტატიის ავტორი ”ქართულ ოცნებას” ნაციონალური მოძრაობის წევრების დევნასა და ძალაუფლების მონოპოლიზაციაში ადანაშაულებს. ამის პარალელურად სულ უფრო და უფრო ვიწროვდება წრე თბილისის მერ გიგი უგულავას გარშემო, ფინანსური პოლიცია რამდენიმე საქალაქო სამსახურს ერთდროულად ამოწმებს. გვესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.

- მიხედავად იმისა, რომ დასავლური პრესის მიმართ ჩვენი ნდობა ძალიან მაღალია, ბოლო ხანს გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატია ნამდვილად არ არის ობიექტური. ამის მაგალითად ფრანგული გაზეთი ”ფიგარო” გამოდგება, იქ დაბეჭდილი წერილი ნამდვილად ტენდენციური და მიკერძოებულია. სტატია ეყრდნობა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკა ზღულაძის ქმრის რაფაელ გლუქსმანის ინფორმაციას. მოკლედ, ამ წერილში ბევრი ტყუილი წერია, თანაც ორი წლის წინ გაკეთებული კომენტარებია აღებული და გამოყენებული. სრულიად გასაგებია, რომ დამარცხებული მხარე კვლავაც აგრძელებს ბრძოლას ძალაუფლებისთვის ყველა საშუალებით, მათ შორის იმითაც, რაც დასავლურ პრესაში აქვთ. გარდა ამისა, დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მართლაც ისე ჩანს აქაური პროცესები, რომ ახალი ხელისუფლება ძველ ხელისუფლებას ერჩის. მაგრამ ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ასე არის ეს, თუ - არა. ჯერ ერთი გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველაფერი გაირკვეს. ახლა დასვლეთიდან თუ გვითხრეს, ხელი არ უნდა გაანძრიოთ, როგორც არის, ყველაფერი ისე უნდა დარჩესო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ ვერ დავუჯერებთ. თუმცა დასავლეთის აზრს გავითვალისწინებთ, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ობიექტურად ასახული რეალობა ვაჩვენოთ. ეს არის დიდი პიარსამუშაო. ფაქტია, რომ დღეს ყველა საელჩო ძველ ხელისუფლებაზე მუშაობს, ესეც გასათვალსიწინებელია. მხოლოდ იმიტომ, რომ სტატია ”ფიგაროში”, ”ნიუიორკ თაიმსში” ან ”ლე მონდში” დაიბეჭდა, ეს ასი პროცენტით სიმართლეს არ ნიშნავს. ბაჩო ახალაიას გინდა ”ფიგარო” გამოესარჩლოს და გინდა ვინმე გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, ეს ვერ იქნება მისი უდანაშაულობის მტკიცებულება. ვიდრე მის წინააღმდეგ გამოძიება არ დასრულდება და ძალაში არ შევა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერც პოლიტიკურ დევნაზე იქნება ლაპარაკი და ვერც სხვა რამეზე.

- ბატონო ლევან, ხომ არ ჩქარობს ახალი ხელისუფლება და სამართლიანობის აღდგენის მიზნით ისეთ შეცდომებს ხომ არ უშვებს, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს?

- ჩვენ არაფერს ვჩქარობთ, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ყველა ვერ დაისჯება, ეს გვესმის, მაგრამ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრების მისამართით ჩვენს საზოგადოებას რომ უამრავი კითხვა აქვს, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. დანაშაულის შემთხვევაში ჩვენი დამოუკიდებელი სასამართლოს განაჩენი იმგვარად დასაბუთებული იქნება, რომ რეალურ სურათს დასავლეთიც დაინახავს. მერწმუნეთ, ქვეყნის იმიჯს არაფერი დაემუქრება.

- თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ძველი ხელისუფლება ლობისტური ჯგუფების დახმარებით ახერხებს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას, რას აკეთებს ახალი ხელისუფლება ამ თვალსაზრისით?

- მე არ ვარ ამ საკითხში ჩახედული, არ ვიცი რომელია ჩვენი ლობისტური ჯგუფები, არც მოწინააღმდეგის ლობისტებზე მაქვს ინფორმაცია. ერთი რამ ვიცი, არც ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ თავისი ინტერესისთვის ქვეყნის ბიუჯეტის ფული არ უნდა დახარჯოს. ”ნაციონალურ მოძრაობა” წლების განმავლობაში სწორედ ასე იქცეოდა. ჩვენ თუ ახლა ლობისტურ კომპანიებს ვერ ვქირაობთ, ეს კარგიცაა, რადგან ქვეყნის ფულს არ ვხარჯავთ ამ საქმეში. ახლა სწორედ ამის გამო ვართ შეფერხებული, ამ საქმისთვის ფინანსებია მოსაძებნი მაგ საქმისთვის.

- თბილისის მერიის სამსახურებში ფინანსური პოლიციაა შესული, ბევრი ამას აფასებს უგულავას წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. მართლაც ამ გზით ხომ არ ცდილობს ახალი ხელისუფლება თბილისში არსებული ე.წ. ორხელისუფლებიანობის შეცვლას?

- ორხელისუფლებიანობის შესახებ არსებობს გარკვეული მითი, არანაირი ორი ხელისუფლება საქართველოში არ არის. თბილისის ხელისუფლება არ არის მთლიანად ”ნაციონალური მოძრაობის” ხელში. შეხედეთ, რა პროცესები მიდის ქალაქის საკრებულოში. ეს პროცესი კიდევ განვითარდება, ერთი ოპოზიციური ფრაქცია უკვე შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, კიდევ შეიქმნება. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, გასაგებია, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ჯერ ადრეა, მაგრამ ნურავის ეგონება, რომ ამ დონეზე შეინარჩუნებს იმ ძალაუფლებას, რომლის ფლობაზეც საქართველოს მოსახელობამ უარი უთხრა. ასე ხდება ყველა ქვეყნაში. არაფერია ამაში ტრაგედია. უგულავას კი არაფერი ემუქრება, თუ არაფერი დაუშავებია.

- ამ ორიოდე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, არ ვფიქრობ, რომ ჩემგან მთავრობის გადაყენება მიზანშეწონილი იქნებოდაო, თუმცა თუ დაპატიმრებები და შესაბამისად, დაპირისპირება გაგრძელდა, შესაძლოა მან მართლაც გადააყენოს მთავრობა და პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად გამწვავდეს…

- რაც შეეხება მთავრობის დათხოვნას, დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილმა დაითხოვა მთავრობა, როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს პარლამენტი რას იტყვის? განა პარლამენტი არ მიიღებს ისეთ კანონებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ხელს შეუშლის საერთოდ არსებობაში? თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ ხელს არ გავანძრევთ?! ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს. ჩვენ უკვე ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან და არავინ იცის, ექვს თვეში კიდევ რა მოხდება. აბა, გაბედოს სააკაშვილმა, დაითხოვოს მართლაც მთავრობა და ნახავს, რა პასუხს მიიღებს. ვფიქრობ, დაპირისპირება არავის უნდა, მაგრამ თუ მოინდომებს, უკან არც ჩვენ დავიხევთ. ძალა ახლა ჩვენს მხარესაა, სააკაშვილი უძლურია. ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილის ნათქვამი შეიცავს მუქარის ელემენტს, მაგრამ რეალისტური არ არის.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)