„ამ საკითხით თავად მისი უწმინდესობა შიოც არის დაინტერესებული და, სავარაუდოდ, აპირებს ხელისუფლებას უფრო აქტიურად მიმართოს...“
ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე ინტერვიუში ამბობს, რომ პოლარიზაციის შემცირება დღეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და საქართველოში გაღრმავებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, ეკლესიის როლსა და შესაძლო რუსულ გავლენებზე საუბრობს. ის ასევე განიხილავს ეკლესიის ისტორიულ შუამავლურ ფუნქციას, მის დღევანდელ გამოწვევებს და შეუძლია თუ არა მას კვლავ შეასრულოს გამაერთიანებელი როლი.
- ქვეყანაში უმაღლესი დონის პოლარიზაციაა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები არა მხოლოდ უარს ამბობენ ერთმანეთთან ურთიერთობაზე, არამედ ერთმანეთთან აგრესიასაც გამოხატავენ პოლიტიკური ნიადაგის გამო. ეს უკვე შეინიშნება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. მადლობა ღმერთს, ჯერ იქამდე არ მივსულვართ, რომ ექიმმა პაციენტის მომსახურებაზე პოლიტიკური ნიშნის გამო უარი თქვას, თუმცა მსოფლიოს ისტორიას მსგავსი შემთხვევებიც ახსოვს... რაც შეეხება შერიგების მოლოდინს, საქართველოში 90-იანი წლებიდან ეკლესიამ შუამავლის მისია იტვირთა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების შეწყალებაზე შუამდგომლობა ტრადიციად აქცია. ეს პირადად ილია II-ის დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ზვიადისტებთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, 90-იანი წლების ბოლოს სწორედ ის იყო მთავარი ფიგურა, რომელიც ხელისუფლებას ზვიადის მხარდამჭერების შეწყალებისკენ მოუწოდებდა. გვახსოვს 2000-იანი წლებიც, კარვების ქალაქები, როცა ავტორიტარული რეჟიმი ადამიანებს აკავებდა და ისინი უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. ასეთ შემთხვევებშიც ეკლესია ხშირად ერთვებოდა პროცესებში, პირადად ილია II ცდილობდა დაკარგული ადამიანების მოძებნას და მათი გათავისუფლებისთვის იბრძოდა.
- ცნობილია, რომ ეკლესიამ ამჯერადაც სცადა ხელისუფლებასთან შუამდგომლობა დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხზე, მაგრამ ხელისუფლებამ წინა პირობად პატიმრების მონანიება მოითხოვა...
- დიახ, მაგრამ ეკლესია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ძალიან უცნაურ მდგომარეობაში იყო. ერთი მხრივ, იყო პატრიარქი, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო აქტიურად ვეღარ ერთვებოდა პროცესებში, მეორე მხრივ, იყო მოსაყდრე, რომელიც პატრიარქს ვერ გადააბიჯებდა. შეიქმნა ძალიან ბუნდოვანი ვითარება, რაც "ქართულმა ოცნებამ" ოსტატურად გამოიყენა და ეკლესიაზეც თავისი გავლენა გაავრცელა. შენდობას ვითხოვ, მაგრამ ხანდახან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და "ოცნების" პრესცენტრის განცხადებებს ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევდით. მაშინ, როდესაც ილია II ძლიერი იყო, ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია იყო და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარტიას არ ექვემდებარებოდა. თუმცა ამ შუალედურ პერიოდში შეიქმნა ისეთი ვითარება, თითქოს ეკლესია დასუსტდა და "ქართულმა ოცნებამ" დომინაციის მოპოვება მოახერხა. დღეს ეს მდგომარეობა შეცვლილია. მისი უწმინდესობა შიო უკვე პატრიარქის ტახტზეა, სიცოცხლის ბოლომდე ხელს ვეღარავინ მოჰკიდებს, აქვს მყარი პოზიცია. შესაბამისად, მეტი სიმამაცე და მოქმედების მეტი შესაძლებლობა ექნება, რათა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლოს... რაც შეეხება ხელისუფლებას, არანაირი მონანიების პირობა კანონში არ წერია. პირიქით, შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მაინც უნდა იწყალებდეს პატიმრებს. არც ზვიადისტებს უთქვამთ, არასწორად მოვიქეცითო, ან აღარ ვართ ზვიადის მომხრეებიო, მაგრამ მაინც გაათავისუფლეს, ვინაიდან შევარდნაძეს ძალიან კარგად ესმოდა საზოგადოებაში ხიდების შენების მნიშვნელობა.
- ფიქრობთ, რომ პოლარიზაციის შემცირება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის?
- "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ მოქმედებს როგორც მთელი საზოგადოების წარმომადგენელი ძალა. უფრო მეტად წარმოადგენენ იმ ამომრჩევლის ხელისუფლებას, ვინც მათ უჭერს მხარს ან ვინც კრიტიკას საჯაროდ არ გამოხატავს, ხოლო ყველა განსხვავებულად მოაზროვნეს სრულფასოვან მოქალაქეებად არ მიიჩნევს... პოლარიზაციის შემცირება "ოცნებისთვის" მხოლოდ მაშინ გახდება პრიორიტეტული, როცა მკაფიოდ იგრძნობს გარე ან შიდა წნეხს. უნდა ითქვას, რომ ილია II-ის მხრიდან შევარდნაძის ხელისუფლებაზე არსებობდა წნეხი და შეიძლება ითქვას, სწორედ ამან განაპირობა შეწყალებისთვის ნაბიჯების გადადგმა. დღეს, როგორც ეპისკოპოსების განცხადებებიდან იკვეთება, ამ საკითხით თავად მისი უწმინდესობა შიოც არის დაინტერესებული და, სავარაუდოდ, აპირებს, რომ ხელისუფლებას უფრო აქტიურად მიმართოს...
- ჩვენ გვახსოვს სუს-ის კრებსები, სადაც საპატრიარქოს დისკრედიტაციის ცდები იკვეთებოდა. თქვენი აზრით, პატრიარქ შიოსთან დაკავშირებული "რუსული შლეიფის" ნარატივი მისი დისკრედიტაციის ცდაა?
- ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორია ეს "შლეიფი", თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, მისი უწმინდესობა შიო რუსეთის სამრევლოს ხელმძღვანელი იყო მოსკოვში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. ასევე ცნობილია, რომ განათლება მიიღო მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. მის ირგვლივ ხშირად ფიგურირებენ პირები, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული, მათ შორის ლევან ვასაძე, რომელიც ეკლესიის გაფართოებული კრების დელეგატიც კი იყო, თუმცა რა დამსახურებით, ეს ნაკლებად არის განმარტებული. ამ ფონზე არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ შიოს გავლით შესაძლოა რუსული გავლენა უფრო გაძლიერდეს საქართველოს ეკლესიაში. გასათვალისწინებელია საერთაშორისო რელიგიური ვითარებაც, სადაც მართლმადიდებელ სამყაროში დაძაბულობაა მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის. ერთი მხრივ, არის კონსტანტინოპოლი - ინტელექტუალურად გახსნილი, გლობალურ პროცესებზე ორიენტირებული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საუბრობს მშვიდობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, გარემოს დაცვასა და სახარების გავრცელებაზე. მეორე მხრივ კი არის მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც პოლიტიკურ-იდეოლოგიური სტრუქტურა და "ველიკოდერჟავული მართლმადიდებლობის" მატარებელია. ამ ორ ცენტრს შორის დაპირისპირება დღეს უკვე ევქარისტიულ დონეზეც აისახა და მართლმადიდებელი ეკლესიები გარკვეული არჩევანის წინაშე დგანან, რომელ მხარეს დადგნენ: ეკლესიის იმ მოდელის, რომელიც სახარებისეულ და სულიერ პრინციპებზე დგას, თუ იმ მიმართულების, სადაც რელიგია ხშირად პოლიტიკურ იდეოლოგიასთან არის შერწყმული. მსოფლიოში არსებული ეს პოლარიზება ბუნებრივად აისახება საქართველოზეც, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ეკლესიას რუსეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და წმინდა სინოდის შემადგენლობაშიც არიან პირები, რომლებიც დაუფარავდ გამოხატავენ პრორუსულ პოზიციებს, ან ავრცელებენ მსგავს ნარატივებს. მაგალითად, არაერთხელ გახმოვანებულა სხალთელი ეპისკოპოს სპირიდონის განცხადებები, სადაც ის საუბრობს მომავალში ოთხ მეფეზე - რუსეთის, საქართველოს, სერბეთისა და საბერძნეთის, რომლებიც თითქოს დაამარცხებენ გლობალურ ძალებს და "ლუციფერის გავლენისგან" იხსნიან სამყაროს. ასეთი ტიპის იდეოლოგიური ხედვები ეკლესიაშიც გვხვდება და ამიტომაც არსებობს საზოგადოების ნაწილში შიში, რომ საქართველოს ეკლესია შესაძლოა ამ გავლენების ქვეშ მოექცეს.
ხათუნა ბახტურიძე