რუსეთს უკრაინის, ამერიკას ირანის დაბომბვა თუ შეუძლიათ, ვინ დაუშლის ჩინეთს ტაივანის შემოერთებას?
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი პეკინში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან სი ძინპინთან მოლაპარაკება მსოფლიოში დღევანდელ ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას უახლოეს მომავალში.
სიტყვაძუნწი სი ძინპინისგან განსხვავებით, ენაუხვი ტრამპი შეუჩერებლად აქეთ-იქით "ფანტავს" ინტერვიუებს და მისი სიტყვების დაჯერება ხშირად არც ღირს, თუმცა პეკინის შეხვედრის შედეგები შეიძლება შემდეგნაირად შეფასდეს:
პირველი - ტრამპმა შეუთანხმა სი ძინპინს, რომ ჩინეთი არ აღმოუჩენს სამხედრო დახმარებას ირანს, მას შემდეგ, რაც ტრამპი მალე ძალიან დიდი ალბათობით განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან აშშ-ისა და ირანის სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხშია, იმიტომაც, რომ ოფიციალური თეირანი არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს;
მეორე - ვაშინგტონისა და პეკინის პოზიცია ერთნაირია, რომ ჰორმუზის სრუტე სასწრაფოდ უნდა გაიხსნას და ამასთან, ირანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გადასახადები დააწესოს სრუტეში გამავალი გემებისთვის. ასეთი ამერიკულ-ჩინური ერთსულოვნება ამ ურთულეს საკითხში იმითაც არის განპირობებული, რომ ჩინეთი სპარსეთის ყურეში მოპოვებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია მსოფლიოში და მას არ აწყობს შეფერხებები მათი ჩინეთისკენ ტრანსპორტირების დროს;
მესამე - როდესაც ჩინეთი ამბობს, რომ იარაღით არ დაეხმარება ირანს და სურს ჰორმუზის სრუტის სწრაფი გახსნა ყოველგვარი მოსაკრებლების გარეშე, ანუ ასე თუ ისე ეთანხმება აშშ-ის პოზიციას, სი ძინპინი სამაგიერო პოლიტიკურ ნაბიჯს ელოდება ტრამპისგან და ეს არის ჩინეთის უმთავრესი თავსატეხი - ტაივანის შემოერთება, რისთვისაც მხოლოდ "მცირე" რამეა საჭირო... აშშ-მ არ გაუწიოს პირდაპირი ან ირიბი სამხედრო დახმარება ტაივანს, როდესაც ჩინეთი ამას სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცდება!
მაშინ, როცა რუსეთი მეხუთე წელია ეომება მეზობელ უკრაინას და მის ტერიტორიებს იპყრობს, ხოლო ისრაელს აყოლილი აშშ ბომბავს ათი ათასი კმ-ით დაშორებულ ირანს, ვინ აუკრძალავს ჩინეთს, რომ მისი მატერიკული ნაწილიდან სულ რაღაც 180 კმ-ით დაშორებული ტაივანის კუნძულების "მშობლიურ ბუდეში" დაბრუნება ძალისმიერი გზით დაიწყოს?
პრეზიდენტი ტრამპი ყველანაირად ეცადა, რომ სი ძინპინთან შეხვედრის შედეგების კომენტირებისას თავი აერიდებინა ტაივანის საკითხისთვის, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა ტაივანელ ხალხს თავი მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს სი ძინპინთან მისი შეხვედრის შემდეგ, ასეთი პასუხი გასცა:
"არაფერი შეცვლილა. ამას ვიტყვი: არ მინდა ვინმე დამოუკიდებელი გახდეს და, იცით, 9,500 მილი უნდა გავიაროთ ომში საბრძოლველად. არ მინდა ეს. მინდა დამშვიდდნენ. მინდა ჩინეთი დამშვიდდეს", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის პაკეტს, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიდო.
"შემიძლია ეს გავაკეთო, შემიძლია არც გავაკეთო. ომებს არ დავეძებთ. თუ ასე დარჩება, ვფიქრობ, ჩინეთი ამას დაეთანხმება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: "მოდი, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის ასეთი განცხადება არ ნიშნავს, რომ ამერიკამ ჩინეთს მწვანე აუნთო ტაივანის შეერთებისთვის და თეთრი სახლის დავალებით პენტაგონი არ დაიწყებს ტაივანისთვის სამხედრო დახმარებას, თუკი ჩინეთის საბრძოლო შენაერთები ტაივანის კუნძულებზე საზღვაო და საჰაერო დესანტს გადასხამენ.
თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ტრამპის მიერ ხაზგასმა, რომ სურს დამშვიდდეს ჩინეთი, არავინ ეცადოს ამერიკის იმედზე დამოუკიდებლობის მოპოვებას და არ სურს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა ათი ათასი მილის დაშორებით საბრძოლველად.
ტრამპის ვიზიტი სი ძინპინთან აჩვენებს, რომ აშშ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თითქმის თავის ტოლ ზესახელმწიფოდ აღიარებს და რუსეთის ფედერაციას მესამე პოზიციაზე აჩოჩებენ, რაც დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური რეალობიდანაა გამომდინარე - ჩინეთის არმიამ თავისი ჩვეულებრივი შეიარაღების რაოდენობითა და თვით ხარისხითაც კი უკვე გადაუსწრო რუსეთს და უახლოვდება ამერიკულს. მხოლოდ ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი ბალისტიკური რაკეტების რაოდენობით თუ ჩამორჩება ჩინეთი რუსეთსა და აშშ-ს, მაგრამ პეკინი ისეთი ტემპით აგრძელებს ბირთვულ გადაიარაღებას, რომ მალე ამ სფეროშიც დაეწევა მათ.
საგულისხმოა, რომ ტრამპის ვიზიტიდან ერთ კვირაში პეკინში სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ესტუმრება და მათი მოლაპარაკების შედეგები აშშ-ის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რის შემდეგაც შემოდგომისთვის ტრამპმა უნდა უმასპინძლოს ჩინეთის ლიდერს ვაშინგტონში.
იკვრება ერთგვარი პოლიტიკური სამკუთხედი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი პლანეტის უახლოეს მომავალს და თუკი პირველი "ცივი ომის" დროს გეოპოლიტიკას ორი უმთავრესი მოთამაშე ჰყავდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული ზესახელმწიფოების სახით, დღეს, მეორე "ცივი ომის" მიმდინარეობისას, სამხედრო-პოლიტიკურ მოთამაშეთა რიცხვი სამამდე გაიზარდა შემდეგი თანმიმდევრობით: აშშ, ჩინეთი და რუსეთი, სადაც მეორეადგილოსანმა გადაასწრო მესამეს, სწრაფი ტემპით უახლოვდება პირველს და არც ლიდერობაზე აპირებს უარის თქმას.