„პეტრიოტის“ ანტირაკეტების გარეშე დარჩენილი უკრაინა პუტინის „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“ ვეღარ მოიგერიებს
13-14 მაისს რუსეთმა უკრაინის ორდღიანი მასირებული საჰაერო დაბომბვების ისეთი "მარათონი" გამართა, რომლის მსგავსი ომის დაწყების დღიდან არ უნახავთ უკრაინაში. წესით, 9-11 მაისს გამოცხადებული იყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომლის ინიციატორი და გარანტიც ტრამპი გახლდათ, რათა პუტინს მშვიდად მიეღო 9 მაისის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე და არ შეშინებოდა უკრაინული კამიკაძე-დრონების "დაუპატიჟებელი სტუმრობისა", რის შემთხვევაშიც პირადი დაცვა პუტინის სასწრაფო ევაკუაციას მოახდენდა საზეიმო ტრიბუნიდან ტელეკამერებისა და უცხოელი სტუმრების თვალწინ, რისი დაშვებაც კრემლის უხუცეს ბინადარს (ისე, პუტინი კრემლში აღარც ცხოვრობს და აღარც მუშაობს, ის მეტ დროს ბუნკერებში ატარებს, ისევ უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შიშით), რა თქმა უნდა, არ სურდა.
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, უკრაინამ 9 მაისს არ შეუტია მოსკოვს, თუმცა ფრონტის ხაზზე სიჩუმეს მაინც არ დაუსადგურებია - საოკუპაციო ძალები აგრძელებდნენ უკრაინული პოზიციებისა და ქალაქების დაბომბვას, რასაც უკრაინული მხარე სარკისებურად პასუხობდა. მაგრამ, რაც დაიწყო 13 მაისიდან და გაგრძელდა 14 მაისს, არ ექვემდებარება საღ აზრს. 9-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში დაგროვილი 1 565 კამიკაძე-დრონი რუსეთმა ორი დღის განმავლობაში გაუშვა უკრაინის ქალაქებისკენ. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მათ 1 362 რუსული დრონი ჩამოაგდეს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ დრონებისგან განსხვავებით, უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებული რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერებისა" და აერობალისტიკური "კინჟალების" მოგერიება უდიდეს პრობლემად გადაიქცა.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს არა აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები და ვერ შეძლეს საგაზაფხულო შეტევების ფართოდ გაშლა, უკრაინას და, კერძოდ, მის დედაქალაქს უდიდესი პრობლემა აქვს.უკრაინის საჰაერო ძალებს ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პეტრიოტებისთვის" განკუთვნილი თითებზე ჩამოსათვლელი PAC-3 MSE (Missile Segment Enhancement) ტიპის ანტირაკეტები თუ დარჩათ და მათ თვალისჩინივით უფრთხილდებიან, რადგან ახალი რაკეტების მიღება აშშ-დან, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ტრამპმა მეორედ გაპრეზიდენტების დღიდან შეწყვიტა შეიარაღების ჩუქება უკრაინისთვის, როგორც ამას მისი წინამორბედი აკეთებდა და ერთ-ერთ გამოსავლად იქცა ამერიკული რაკეტების შესყიდვა მსოფლიო ბაზრის ფასებით, რასაც ევროპული ქვეყნები აფინანსებენ. თუმცა ირანთან 39-დღიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს აშშ-მ "პეტრიოტის" ანტირაკეტები უხვად მიახარჯა იმ ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას, რომლებიც ისრაელისკენ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ მიფრინავდნენ.
ომის 39 დღის განმავლობაში აშშ-მ ბალისტიკური სამიზნეების გადასაჭერად დაახლოებით 1060-დან 1430-მდე PAC-3 ტიპის საზენიტო რაკეტა (ძველი CRI და ახალი MSE მოდიფიკაციის) დახარჯა, ირანში ოპერაციის დაწყებამდე კი აშშ-ის არსენალს 2330 ერთეული ამ დანიშნულების ანტირაკეტა ჰქონდა - ანუ მათმა საბრძოლო გამოყენების მაჩვენებელმა 45-დან 61%-მდე შეადგინა. აშშ-ის არმიას ამჟამად დარჩა 900-დან 1270-მდე CRI და/ან MSE ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტა. გარდა აშშ-ისა, ამ რაკეტებს იყენებდა სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა, რადგან Patriot-ის ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტები ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის შეიარაღებაშიცაა.
"პეტრიოტის" ანტირაკეტების წარმოება ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს და ამიტომაც შეიქმნა დიდი დეფიციტი. კონტრაქტის ხელმოწერიდან პირველი ანტირაკეტების მიღება მყიდველს მხოლოდ 29 თვის ანუ დაახლოებით 2,5 წლის შემდეგ თუ შეუძლია. ამასთან, "პეტრიოტის" MSE ტიპის ანტირაკეტების წარმოების წლიური მოცულობა არ აღემატება 620 ერთეულს.
ასე რომ, თვით ამერიკული არმიისთვისაც კი შეიქმნა "პეტრიოტის" ანტირაკეტების მარაგის დეფიციტი, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება დღე-დღეზე განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ირანში, რომლის მიერ საპასუხოდ გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება მხოლოდ "პეტრიოტის" ანტირაკეტებს თუ ძალუძთ, ისევე როგორც რუსული კვაზიბალისტიკური "ისკანდერებისა" და აერობალისტიკური "კინჟალების".
შესაბამისად, იქმნება სიტუაცია, როდესაც პუტინმა იცის, რომ ზელენსკის, ფაქტობრივად, აღარ დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ამერიკული ანტირაკეტები და მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია კიევზე გარანტირებული წარმატებული სარაკეტო შეტევა.