„...ასე მარტივად თმობენ ახალგაზრდები სიცოცხლეს“: სასიკვდილო ავარიების ანატომია - მევლუდ მელაძის ანალიზი: "ჩემთვის ასეთი ფაქტები ათმაგად მძიმეა - ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა"
14 მაისს, დილით, სოფელ ბირლიკში, რუსთავისა და გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე ტრაგედია დატრიალდა - დიდი სიჩქარით მიმავალი ბმვ, რომელშიც 8 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეასკდა. სოცქსელში ქუჩის კამერით გადაღებული უმძიმესი კადრები გავრცელდა, ჩანს დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა, რომელიც ჯერ ხეს ეჯახება, შემდეგ ტრიალდება, ნაწილებად იმსხვრევა და ცეცხლი ეკიდება. დაიღუპა 8 ახალგაზრდა, ბირლიკელი ძმები შამილ და ქამილ ალიევები, მათი თანასოფლელები ორი ძმა, ალილ და საჰილ ჯალილოვები, 17 წლის ჯალილ მასიმოვი, ლამბალოელი ბიძაშვილები, თურაჯ და ელთაჯ ბაირამოვები. მერვე ახალგაზრდა, 24 წლის ხანოღლან ნასიბოვი ორი დღე ებრძოდა სიკვდილს და ისიც გარდაიცვალა...
"ჩქარა მოდიოდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და... 2 ოჯახიდან 4 ახალგაზრდა დაიღუპა. სხვები საგარეჯოელები იყვნენ. ორი ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს კლინიკაში, ერთი მალევე დაიღუპა, მეორე კი ორი დღის მერე. მანქანა მთლიანად დაშლილია, იქ გადარჩენის შანსი არ იყო", - გვეუბნება ბირლიკელი მოსახლე.
ძმები შამილ და ქამილ ალიევებს ბებია და ბაბუა ზრდიდა. "ქამილი 19 წლის იყო, შამილი 17 წლის. ბიჭებს მშობლები ადრე დაეღუპათ. ძმები სოფელში ყველას უყვარდა. შამილი ყველას გულშემატკივარი იყო. ქამილი მოკრივე იყო, - გვიამბო ბიჭების სკოლის პედაგოგმა. ამავე სკოლის კიდევ პედაგოგმა სოცქსელში ემოციური სტატუსი დაწერა: "დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა. გარდაბანში ძალიან გახშირდა საგზაო ავარიები. ზოგი მანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებს. ელვისებური სიჩქარით რომ დადიან, ეს საამაყოდ მიაჩნიათ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სიგიჟე და ამის პოპულარიზაცია? რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ გავიგოთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. 16-18 წლის ბავშვები მართვის მოწმობის აღებას ჩქარობენ, რომ იდრიფტაონ. სიჩქარის მოყვარულობას შობს ის სიცარიელე, რომელიც ახალგაზრდებშია. მეთორმეტეკლასელს ვკითხე, რატომ სურს ასე ძალიან მართვის მოწმობის აღება და მანქანის ტარება, აბა, გარდაბანში სხვა რა უნდა ვქნაო, მიპასუხა", - წერს ჰამიდ ბუკოვსკი.
კიდევ ერთი ბირლიკელის თქმით, გარდაბანსა და მარნეულში დღე არ გადის მძიმე ავარიების გარეშე: "ბევრი მართვის მოწმობის გარეშე დადის. პოლიციაც ხშირად აჯარიმებს, მაგრამ არ შველის. ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა. საშინელი სანახავი იყო ცხედრების ამოსვენება, ყველგან ჭირისუფლის გოდება ისმოდა და იქიდან სახლში მიმავალი კიდევ ერთ ავარიას შევესწარი, სამი მანქანა იყო ერთმანეთზე შეჯახებული. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, მიზეზი ისევ სიჩქარე იყო. ამას უნდა მიხედოს სასწრაფოდ სახელმწიფომ, თორემ დაგვეხოცა ახალგაზრდები".
იმავე დღეს ტრაგედიით დასრულდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წყალტუბოს სოფელ პატრიკეთშიც. დაიღუპა 28 წლის დემურ სალუქვაძე. ავარიის მიზეზად კვლავ გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
დემურ სალუქვაძის მანქანას საპირისპიროდ მომავალი მანქანა შეეჯახა. "ქალი იჯდა იმ მანქანის საჭესთან, სხვა მანქანის გასწრებას ცდილობდა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და დემოს მანქანას დაეჯახა. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა".
ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ავარია მოხდა გლდანშიც. დაიღუპა სამსახურიდან შინ მიმავალი ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა ლალი პაპიაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი დიდი სიჩქარით მიდიოდა, მანქანა ჯერ სხვა ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე ავარდა და ქალს დაეჯახა.
"ჩემთვის ასეთი ფაქტები ათმაგად მძიმეა - ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა"
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამ პრობლემის მთავარ მიზეზად უცოდინრობას ასახელებს: - მნიშვნელობა არა აქვს, ჯარიმებს რამხელაზე გავზრდით, მაინც ყველაფერი განათლებამდე მიდის. არაერთხელ მითქვამს, საგზაო მოძრაობის ანაბანას ახსნა უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, მერე სკოლაში, შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. როცა არა გაქვს ცოდნა, თუ რა შეიძლება მოყვეს სიჩქარეს, იოლია შეცდომების დაშვება. ჩემთვის ასეთი ფაქტები ათმაგად მძიმეა, იმიტომ, რომ ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. გამოუარეს მეგობრებმა და ჩაისვეს მანქანაში. საჭესთან 13 წლის ბავშვი იჯდა, ეგონა, სწორ გზაზე მართვას არ დაკარგავდა, მაგრამ შეცდა და დაიღუპა ორი ბავშვი. ერთადერთი გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა, ისე, როგორც სკანდინავიის ქვეყნებშია. შარშან ფინეთში ავტოავარიაში ერთი დაღუპულიც აღარ ჰყავდათ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ცნობიერება მაღალ დონეზეა და არა იმიტომ, რომ ჯარიმებია მწარე მათრახის მსგავსი. თუმცა საჯარიმო სანქციები სიცოცხლისთვის სახიფათო მანევრების გამო საჭიროა. სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამოთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა. სკანდინავიის ქვეყნებში ბავშვებს ბაღიდან ასწავლიან, რომ ისინი უკვე საგზაო მოძრაობის მონაწილენი არიან, ისევე როგორც ავტომობილის თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. რაც უფრო დავაგვიანებთ ამის სწავლებას, მით უფრო გაგრძელდება ტრაგედიები. ძველ ავტომობილებს სიჩქარეც ნაკლები ჰქონდა, თანამედროვე ავტომობილებს კი ძალიან მაღალი აქვს. სივრცე გაცილებით მჭიდროა, მანევრირების საშუალება შეზღუდულია... მაგალითად, განსაზღვრულ ასაკამდე არ შეგიძლია გყავდეს მაღალი კუბატურის მქონე მოტოციკლი. ვფიქრობ, მანქანებზეც შეიძლება იმავეს დაწესება.
- ბევრი ფიქრობს, რომ 17 წლის ბავშვს არ უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და არ უნდა ჰყავდეს ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომელიც ძალიან სწრაფი მანქანაა. ასაკის გაზრდა უშველის პრობლემას?
- მართვის მოწმობა შეიძლება აიღოს ამ ასაკმაც, უბრალოდ, არ უნდა ჰქონდეს უფლება, მძლავრი მანქანით იაროს. რეგიონებშიც ძალიან რთული ვითარებაა. ეტყობა, გარდაბანსა და მარნეულშიც ნაკლებად სცალიათ სამართალდამცავებს, რომ წესრიგი დაამყარონ. მეტის უფლებას აძლევენ თავს ახალგაზრდებიც. გადაძეძგილი ავტომობილის მანევრირება აბსოლუტურად იცვლება და სხვანაირი მართვა სჭირდება მანქანას. როცა მძიმეა ავტომობილი, მისი ინერცია, გადაქანება გვერდულად ძალიან მაღალია, დამორჩილებაც სჭირდება, რაც ასევე ძალიან რთულია.
ნებისმიერი დღე, თუ საგზაო უსაფრთხოებას ყურადღება არ მივაქციეთ, იქნება დაკარგული, კიდევ ერთი ტრაგედიის საფუძველი. ყველაზე მეტად მენანებიან ახალგაზრდები, რომლებიც ასე მარტივად თმობენ ყველაზე უფრო ძვირფასს, სიცოცხლეს. საფრთხე ყველგან ჩასაფრებულია და რომ სიჩქარესთან თამაში ნიშნავს სიცოცხლესთან თამაშს. ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერი შემთხვევა, თუნდაც იდეალურად მართავდეს ავტომობილს, შეიძლება სხვისმა ქმედებამ იმსხვერპლოს. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ.