WADA-ს უპრეცედენტო ვადა - კვირის პალიტრა

WADA-ს უპრეცედენტო ვადა

"მსოფლიო რაგბისა" და WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) გადაწყვეტილებით, "რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში" მონაწილეობის გამო, ექვსმა ქართველმა მორაგბემ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია მიიღო. ყველაზე მკაცრად დაისაჯა "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ­ შარიქაძე, რომელსაც 11 წლით აეკრძალა რაგბის თამაში. საქმე ეხება "სინჯის ჩანაცვლების" 2022 წლის შემთხვევას, როცა შარიქაძემ, დოპინგ-ტესტისთვის ჩასაბარებლად თანაგუნდელს თავისი შარდი გაატანა. გადაწყვეტილების გასაჩივრება რომ გავბედე, უპრეცედენტო დისკვალიფიკაცია ამის ბრალიაო - დარწმუნებულია "ბუკა" შარიქაძე. 33 წლის მორაგბეს ეროვნული ნაკრების მაისურით 104 მატჩი უთამაშია. აქედან ზუსტად ნახევარი (52 შეხვედრა) - კაპიტნის რანგში, რაც სარეკორდოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში. გასული წლის ნოემბერში, რაგბიდან მოკვეთილმა მერაბ შარიქაძემ სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა შერეული ორთაბრძოლების ქართული ორგანიზაცია RKENA-ს ეგიდით და პოლონელი პატრიკ კონტნი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დანარჩენი - ექსკლუზიურ ინტერვიუში:

- 11-წლიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალურად ბოლო დღეებში გავრცელდა, თორემ ჩვენ, თითქმის ორი თვეა, ვიცით. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, როცა პირველად ვილაპარაკე ამ თემაზე, ვთქვი - სასჯელის ვადას კიდევ უფრო გაზრდიან-მეთქი. ამის თქმის საფუძველს მათი ცინიკური დამოკიდებულება მაძლევდა. მთლად 11 წელს არ ველოდი, მაგრამ რეალურად, არც აქვს მნიშვნელობა, რაგბის თამაშს ექვსი წლით ამიკრძალავდნენ, თუ რვა ან თერთმეტი წლით - 2024 წლიდან უკვე შეგუებული ვარ, რომ ჩემთვის სარაგბო კარიერა დამთავრდა... არასდროს მითქვამს - დამნაშავე არ ვარ-მეთქი, ძალიან დიდ სისულელეში მოვყევი, მაგრამ ასეთ არაადეკვატურ სასჯელს არ ვიმსახურებ. ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლება ამ ამბავში მე გამომიყვანო ყველაზე დიდ დამნაშავედ?!

- ფაქტია - ყველაზე მკაცრად სწორედ შენ დაგსაჯეს...

- მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, საბაბი ხომ ყველა საქმეს აქვს? მეც რომ მქონოდა ნებისმიერი სახის ინტერესი, მოტივი ან სარგებელი, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემი "დანაშაული" მხოლოდ ის არის, რომ მეგობრებს დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი. მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს იმდენად გაუმართავი სისტემა ჰქონდა, ვერც გავაცნობიერე, რომ დანაშაულს ჩავდიოდი, რომ ასეთი სისულელის ნაწილი ვხდებოდი... იმ მომენტში მეგობრებს ვერ დავაღალატებდი, მაგრამ... სამაგიეროდ, მოგვიანებით, თვითონ დავრჩი გაწბილებული - ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე, სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან მივიღე "ზურგში დანა". სპორტში გაცილებით უარესი რაღაცები მომხდარა, ხალხს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას უმტკიცებენ და ერთი წლით, მაქსიმუმ - წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციით სჯიან, მე კი... ლამის უვადო დისკვალიფიკაცია მომცეს შარდის სხვისთვის მიცემისთვის. დარღვევისთვის, რაც არ კონტროლდებოდა - ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული!

- რას გულისხმობ?

- "მსოფლიო რაგბი" და WADA საქმეს ისე ხატავენ, თითქოს დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ - იმას კი აღარ კითხულობენ, ქვეკონტრაქტორები, მათი თანამშრომლები თუ ასრულებდნენ საქმეს ჯეროვნად? ის ადამიანები, ვისაც დოპინგ-ტესტების აღება ევალებოდათ, ხომ პირდაპირ მათი დაქირავებული თანამშრომლები იყვნენ - მოვალეობა კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინათ, ასეთი რაღაცის გაკეთებას ვინ გაბედავდა?!

არც უარყოფენ, რომ დანაშაული მათი თანამშრომლების მხრიდანაც იყო, მაგრამ... შენი შარდი სხვისთვის მაინც არ უნდა გაგეტანებინაო. დამნაშავე ვარ და უნდა დავსჯილიყავი კიდეც, მაგრამ სასჯელი ხომ დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს?! მე რომ ანტისადოპინგო სააგენტოს თანამშრომლების მოსატყუებლად რაიმე სახის მაქინაციები ჩამეტარებინა, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემი დანაშაული ის არის, რომ გასაჭირში მყოფ მეგობარს მისი მოტანილი სინჯარით ჩემი შარდი გავატანე. წუთითაც არ მქონია განცდა - რაღაც დავაშავე და ვაიმე, ვინმემ არ გაიგოს-მეთქი. ასეთი განცდა რომ მქონოდა, არც გავაკეთებდი. სააგენტოს წარმომადგენლებმა პირდაპირ მითხრეს: ვიცით, რომ "არანაირი ინტერესი არ გქონია და ამ ამბავში შემთხვევით ხარ მოყოლილი, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ - დარღვევა არსებობს და რეაგირება უნდა მოჰყვესო.

- ცხადია, კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს, მაგრამ - დანაშაულის შესაბამისად! შენს შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ ადეკვატურად კი არა, სამაგალითოდ დაგსაჯეს.

- ასეთი სასჯელი იმის ბრალია, განაჩენის გასაჩივრება რომ გავბედე! პირველად გადაწყვეტილებას - ექვსწლიან სასჯელს რომ დავთანხმებოდი, მინიმუმ ერთ წელს დააკლებდნენ და ხუთს "მაკმარებდნენ", მაგრამ გასაჩივრების დროს მოსამართლე ცინიკურად იქცეოდა, იცინოდა და არც თავის გამართლების შესაძლებლობას მაძლევდა. მოსამართლე "მსოფლიო რაგბის" წარმოადგენდა და გამართლების ილუზია არ მქონია, ფაქტობრივად, "სპექტაკლის" მონაწილეები ვიყავით - მათივე განაჩენი "რაგბის მსოფლიო კავშირში" გავასაჩივრეთ. კი ბატონო, იურიდიულად დამნაშავე ვარ. მხოლოდ კანონებით რომ შეხედო, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მეკუთვნის, მაგრამ თუ სამართალი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არსებობს, ადამიანი-მოსამართლე რაღაში გვჭირდება?! "ხელოვნურ ინტელექტს" მივანდოთ განაჩენის გამოტანა, ყველა კანონის ნებისმიერი წვრილმანი "ეცოდინება" და მერწმუნეთ - არც ერთ შეცდომას არ დაუშვებს! ჩემი შეხედულებით, მოსამართლე იმიტომ არის ადამიანი, რომ კანონის მუხლების გარდა, მორალური მხარე, საბაბი, ყველა გარემოება გაითვალისწინოს და საბოლოო ვერდიქტი შესაბამისად გამოიტანოს.

- რა რეაქცია გქონდა, როცა პირველად გაიგე, რომ შარდის ნიმუშების გაცვლას გედავებოდნენ?

- ვისაც ამ თემასთან დაკავშირებული ჩემი პირველი ინტერვიუ ("სეტანტა სპორტს ჯორჯია", 2025 წლის ნოემბერი) არ უნახავს, ვურჩევ - ნახოს და მერე გადაწყვიტოს, რა მასშტაბის "ბოროტმოქმედი" ვარ. ადამიანური შეცდომა დავუშვი - დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი მაშინ ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანს, ვერ დავაღალატე და... ბოლოს ეს ყველაფერი კარიერის დასრულებად დამიჯდა. რაც შეეხება შენს კითხვას - რაღაც შეცდომაა, მე და დოპინგი-მეთქი?! (რომელ დოპინგზეა ლაპარაკი - "კოკა-კოლასაც" კი არ ვსვამდი ხოლმე - დისკვალიფიკაციის შემდეგ დავიწყე "ზერო კოლას" დალევა), მაგრამ როცა "შარდის გაცვლა" ახსენეს, მაშინ გამახსენდა ორი წლის წინანდელი ამბავი და გავაცნობიერე, რომ შარში ვიყავი... ოღონდ ასეთ სასჯელს მაინც ვერ წარმოვიდგენდი.

- რას ფიქრობ - პირველ რიგში ვინ დააღალატე ამ გაუცნობიერებელი ნაბიჯით?

- რაგბი... და ყველაზე მეტად, სწორედ ეს განვიცადე. მიდი და ამტკიცე, რომ აკრძალულ პრეპარატებთან არასდროს გქონია შეხება, როცა მედიასა თუ სოციალურ ქსელში ყოველ წამს გხვდება სათაური: "ეროვნული ნაკრების კაპიტანი დოპინგ-სკანდალის გამო დასაჯეს". სამწუხაროა, რომ იმ კატეგორიის ადამიანები, ვისაც მხოლოდ ნეგატივი იზიდავს, არ არკვევენ, რა მოხდა სინამდვილეში. რაგბიში ჩაუხედავი ხალხი იმასაც კი იფიქრებს - აი, თურმე რის ხარჯზე ამარცხებდნენ გაცილებით ძლიერ მეტოქეებსო. ზოგიერთმა ისიც დაწერა - შარიქაძეს ტიტულები ჩამოვართვათო: "ჩამორთმეული" არ მაქვს?! ისეთი რაღაცების გარეშე დავრჩი ცხოვრებაში, არც ერთ ტიტულად და ჯილდოდ რომ არ მიღირს... ამ ამბავში განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ისიც არის, რომ როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ორგანიზმში იმ ნივთიერების აღმოჩენა, რისთვისაც თავიანთი შარდის ჩაბარებას თავი აარიდეს და ჩემი ბიოლოგიური მასალით ჩაანაცვლეს, თურმე არც ისჯება...

- ორი წლის განმავლობაში, WADA-ს მოთხოვნით ამ თემაზე არ გილაპარაკია - ბოლომდე გქონდა იმედი, რომ დისკვალიფიკაცია დარღვევის ადეკვატური იქნებოდა?

- ამ დროის განმავლობაში, ლამის "მიმალვაში" ვიყავი - გარეთ არ გავდიოდი, კომენტარი არ გამიკეთებია და მაგრად "დამიფასეს" - სასჯელის გამოტანისას ეს არავის გაუთვალისწინებია. იურისტებისგან რამდენჯერმე მივიღე რჩევა - სიმართლე არ თქვა, არ აღიარო, რაც მოხდაო. ანტისადოპინგო სააგენტომ უკვე დეტალურად იცოდა, რაც მოხდა, მაგრამ ესეც რომ არა, ტყუილის თქმას და რაღაცების მოგონებას მაინც ვერ ვიკადრებდი. მეტიც, ალალად მეგონა, რომ ჩემს გულწრფელობას ვინმე გაითვალისწინებდა... მათთან რომ მეთანამშრომლა და ჯაშუშობაზე დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა! დამნაშავე ხარ, მაგრამ თუ ჩემს სასარგებლოდ იმუშავებ და ვიღაცებზე ინფორმაციებს მომაწვდი, დამნაშავე აღარ იქნები! ასეთი საქციელის ფასად ან რაგბი რაღად მინდა, ანდა ცხოვრება?!

- რაგბი მთელი შენი ცხოვრება იყო, დღეს კი... დღეს ვინ არის ბუკა შარიქაძე?

- მორაგბე, რომელსაც რაგბი ხელიდან გამოეცალა... მაგრამ მორაგბე ვარ და მორაგბედ დავრჩები - ამ სტატუსს ვერც "მსოფლიო რაგბი" წამართმევს, ვერც WADA და ვერც მოღალატე! რაგბი ჩემი ცხოვრებაა და ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ჩემი მონაწილეობით რაგბის სახელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა... ჩემთვის იმ შეცდომამ და იმ ამბის გაგრძელებებმა მთელი ცხოვრება შეცვალა. ეს არის დაღი, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებ... ვიღაცებისთვის კი ადვილი სათქმელია - შეხედავენ მოკლე ინფორმაციას, თავს გააქნევენ - ასეთი სისულელე როგორ დაემართაო და სქროლვას გააგრძელებენ. საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა. უმეტესობისგან კი უდიდესი მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ქართველი ხალხი სულ მიყვარდა და ახლა კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. ემპათიის, ადამიანურობის, თანადგომის უნარით ქართველს ვერავინ შეედრება!

- რა გასწავლა იმ ძალიან ცუდმა ამბავმა?

- მასწავლა, რომ ეშმაკი ყველაზე კომფორტულად სიკეთეში იმალება. სიკეთის კეთებისას ორმაგი გაშმაგებით გებრძვის, რომ გული აგიცრუოს, ხელი შეგიშალოს, გაგაფუჭოს... სიკეთის გაკეთება, დახმარება მინდოდა და საბოლოოდ, სისულელე ჩავიდინე.

- ვიცი, რომ დედამ ძალიან განიცადა ეს ამბავი და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც...

- განაჩენი 25 დეკემბერს გამომიგზავნეს. მალევე, დედა ძალიან ცუდად გახდა, მომდევნო წლის 27 ივლისს კი გარდაიცვალა. ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა, რადგან ყველაზე კარგად იცოდა, რას ნიშნავს ჩემთვის რაგბი. არამხოლოდ ჩემთვის - მთელი ოჯახი იყო ჩართული ჩემი სარაგბო კარიერის ყოველდღიურობაში და როცა ერთბაშად დავრჩით ამ ყველაფრის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდა...

- ახლა რას გრძნობ, როცა რაგბის უყურებ?

- იმედგაცრუების ტალღას ყოველი თამაშის ნახვისას ვგრძნობ. თავიდან, რაგბის ყურებისას ისეთი შეგრძნება მქონდა ხოლმე - სიზმარში ვიღაც რომ მოგდევს და ვერ გარბიხარ... სიმძაფრემ შედარებით იკლო, ნელ-ნელა ვერევი თავს.

- RKENA-ში ჩართვაც ახალი მიზნის გაჩენას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სურვილს უკავშირდებოდა?

- თავდაპირველად უარზე ვიყავი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ მჭირდებოდა მსგავსი რაღაც. თანდათანობით, უკეთ გავიცანი ორგანიზაციაც, მისი ძალიან კარგი დამფუძნებლებიც და დავთანხმდი.

- მთელი ცხოვრება იბრძოდი. ოღონდ სხვა წესებით, სხვაგვარ მოედანზე და გუნდთან ერთად... შერეულ ორთაბრძოლაში კი მარტო ხარ!

- პირველი ორთაბრძოლა რთული გამოდგა, რადგან მე დებიუტანტი ვიყავი, მეტოქე - ჩემზე ბევრად გამოცდილი. გულშემატკივარს თვალში მოხვდა - ბუკა ძალიან დაიღალაო. იმიტომ კი არ დავიღალე, რომ მზადება დავაკელი ან ფორმაში არ ვიყავი - გამოცდილება გასწავლის, სწორად როგორ გაანაწილო და დაზოგო ენერგია, მე კი ერთბაშად, მალევე მინდოდა გამარჯვება... ასეთი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ გამართულა, ამხელა ფორუმის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრის მონაწილე ვიყავი... თანაც, ეს იყო ბრძოლა, რომლის წაგების უფლება არ მქონდა. ამდენი ემოციების გამო, ენერგიის განაწილება გამიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვე. გუნდურ სახეობებში ბრძოლაც და გულშემატკივრის ყურადღებაც მთელ გუნდზე ნაწილდება. და მაინც: სპორტის ინდივიდუალური სახეობები არ არსებობს! სპორტსმენი და სამწვრთნელო შტაბი ერთი ორგანიზმია. ჩემთან ერთად ოქტაგონზე არ ყოფილან, მაგრამ იმ ბიჭებს, ვინც თვეების განმავლობაში მამზადებდა ორთაბრძოლისთვის, ჩემზე ნაკლები არ უშრომიათ! მათთან ერთად ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. აქვე ბოდიშსაც მოვიხდი - ისე მოხდა, რომ ძალიან არასასიამოვნო ამბავში აღმოვჩნდი და არასასიამოვნო კონტექსტში გაჟღერდა ჩემი, როგორც ქართველი მორაგბის გვარი... მადლობა თანადგომისთვის და ვეცდები, ჩვენი სამშობლო ყოველთვის და ყველგან ვასახელო!