დაპირისპირება მადრიდის „რეალში“ - კვირის პალიტრა

დაპირისპირება მადრიდის „რეალში“

მადრიდის "რეალს" კილიან მბაპეს დამატების შემდეგ დიდი ამბიციები ჰქონდა: დომინირება ესპანეთში, ჩემპიონთა ლიგის მოგება და ა.შ., თუმცა ყველაფერი აირია, უპირველესად სიტუაცია გასახდელში, შემდეგ კი დაძაბულობა და წარუმატებლობა კიბოსავით მოედო მთელ გუნდს და თავი იჩინა მოედანზეც.

უკვე ზედიზედ მეორე წელია გუნდი უტიტულოდ ასრულებს საფეხბურთო სეზონს. როდესაც კილიან მბაპე გუნდში მივიდა, ალბათ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ეს მხოლოდ კილიან მბაპეს ბრალი ვერ იქნება.

ვალვერდესა და ჩუამენის კონფლიქტი ვარჯიშის დროს დაიწყო. ნახევარმცველები ფედერიკო ვალვერდე და ორელიენ ჩუამენი შეკამათდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათმა გუნდელებმა და მწვრთნელებმა შეძლეს სიტუაციის განეიტრალება, მაგრამ როგორც ბოლოს აღმოჩნდა, "ზავმა" მხოლოდ ერთ დღეს გასტანა. მეორე დღეს, კვლავ ვარჯიშზე, ჩუამენი ვალვერდეს მიუახლოვდა და ბოდიშის ნიშნად ხელი გაუწოდა, რაზეც ურუგვაელისგან უხეში პასუხი და მის მიერ გამოწვდილ "ძმაკაცობის ხელზე" უარი მიიღო, რამაც ჩუამენი გააბრაზა და მათი კონფლიქტი უკვე გასახდელში გაგრძელდა, სადაც ვალვერდემ თავის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის გამო ფედერიკო ვალვერდემ "ბარსელონასთან" მატჩში თამაში ვერ შეძლო. კლუბმა ორივე მოთამაშე შეუფერებელი საქციელისთვის 500 000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო "ბარსელონამ" "რეალი" დაამარცხა. მატჩი 2:0 დასრულდა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ისე თამაშობდნენ, თითქოს მათ არც მწვრთნელი ჰყავთ და დიდად არც თამაშის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ მარტივი მისახვედრი იყო, რამდენად რთულად არის საქმე "რეალში". ფეხბურთელებს სხეულის ენაზეც კი ეტყობოდათ, რომ არც მოედანზე და არც მოედნის გარეთ მათ კარგი ურთიერთობა არა აქვთ. ასევე არის ცნობები მწვავე შიდა კამათის შესახებ ანტონიო რუდიგერსა და ალვარო კარერას შორის.

მადრიდის "რეალში" დაძაბულობა გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს კილიან მბაპე და გუნდის მწვრთნელი ალვარო არბელოა დაუპირისპირდნენ. მბაპეს თქმით, თითქოს ალვარო არბელოამ უთხრა, რომ ის შეტევაში მხოლოდ მეოთხე ოპციაა.

security-at-the-bernabeu-removed-this-sign-that-said-florentino-leave-now1-2-1779039778.jpg

კილიან მბაპე: "არბელოამ მითხრა, რომ მოედანზე სათადარიგო სკამიდან ჩავერთვებოდი, რადგან გუნდში მეოთხე თავდამსხმელი ვარ - ანუ ფრანკო მასტანტუონოს, გონსალო გარსიასა და ვინისიუს ჟუნიორს უნდა ვაჯობო, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. სამწუხაროა, რომ "ელ კლასიკოშიც" ვერ ვითამაშე, არადა, ამისთვის 100%-ით მზად ვიყავი. ვერ ვითამაშე, რადგან მწვრთნელმა თქვა, რომ მის თვალში მე მეოთხე თავდამსხმელი ვარ. ამას ვიღებ და სათადარიგო სკამიდან დავიწყებ, - თქვა მან ტელეეთერში მატჩის დასრულების შემდეგ, - რატომ არ ვიყავი ძირითად შემადგენლობაში? ჰკითხეთ მწვრთნელს - მე მზად ვიყავი სათამაშოდ, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. მწვრთნელზე ვერ გავბრაზდები; პატივს ვცემ მის აზრს".

თუმცა თავად "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ეს მედიასთან საუბრისას კატეგორიულად უარყო: "მე ოთხი ფორვარდის ყოლა მსურს. ოთხი თავდამსხმელი არ მყავს და ეს ფრაზაც (მბაპესთვის) არ მითქვამს. გადაწყვეტილებას მე ვიღებ - მე ვარ მწვრთნელი. მანამდე მასთან საუბარი მქონდა და არ ვიცი, როგორ გაიგო ჩემი სიტყვები. არ მინდოდა რისკზე წასვლა. ეს ყველაზე ლოგიკური და გონივრული გადაწყვეტილება იყო".

არბელოამ "რეალის" ფეხბურთელებთან დაძაბულობა დაადასტურა. მბაპეს განცხადებაზე არბელოამ დაადასტურა, რომ პრობლემები იყო სხვა ფეხბურთელებთანაც: "ეს მხოლოდ კილიანთან არ მომხდარა - მსგავსი სიტუაციები ბევრ სხვა ფეხბურთელთანაც მქონია. ასეთ რაღაცებს გარემოებები იწვევს. სინდისი სუფთა მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. სულ არ მადარდებს, ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი", - განაცხადა არბელოამ.

ვითარებას ყოფილი "მადრიდისტა", დანილო გამოეხმაურა: მადრიდის "რეალ­ში" პრობლემები ყოველთვის მაღალ საფეხურზეა, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. მე ხშირად ვსტუმრობდი ფსიქოლოგს პრობლემების დასაძლევად, ზოგჯერ იყო შემთხვევა, როდესაც აღარ მახსოვდა, როგორ უნდა მეთამაშა. მედიასა და პრესაში ჩემი არნახული კრიტიკა იყო. კლუბი მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, თუ მის ფინანსებს საფრთხე დაემუქრება. შეხედეთ, რამდენი ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი გადავიდა იქ და რამდენმა პროფესიონალურ დონეზეც კი ვერ გააგრძელა კარიერა, რადგანაც წარმოუდგენელი ზეწოლა და კრიტიკაა და ყველა ვერ უძლებს. თუ ეს გადალახე, ძალიან დიდი ფული, ქალები და ცნობადობა მოდის, მაგრამ როგორ უნდა გაუმკლავდე? როდესაც კლუბი გააცნობიერებს, რამდენ ფეხბურთელს კარგავს ემოციური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, ისინი დაიწყებენ ინვესტირებას, რადგან ეს ფინანსურ სარგებელთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი საზიზღრობაა, რადგან მათ არ აინტერესებთ ადამიანური გრძნობები".

ae8b4df8-cb1b-4236-8776-e9bd77b0df6d-1779039778.jpg

სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მბაპეს ვარჯიშის უფლება მხოლოდ მატჩამდე ერთი დღით ადრე მისცეს. ასევე კრიტიკის საგანი გახდა მისი იტალიაში გამგზავრება პარტნიორთან ერთად, მაშინ როცა ის მუხლის მყესის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის გულწრფელი საუბარი გაიმართა, რაც მიუთითებს, რომ ეს უკვე მხოლოდ ერთ კონკრეტულ სათამაშო გადაწყვეტილებას აღარ ეხება - საკითხი უფრო ფეხბურთელის დამოკიდებულებასა და დისციპლინას უკავშირდება.

"რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს საკუთარი აშენებული იმპერია ლამის თავზე ენგრევა. კლუბში იციან, რომ მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს შორის დაძაბულობა ბოლო სეზონში, დიდი ტიტულების მოპოვების გარეშე, უფრო თვალსაჩინო გახდა.

მადრიდის "რეალის" წლევანდელ ბოლო საშინაო მატჩში ჩანდა ორი ბანერი, რომლებიც კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ იყო მიმართული. მადრიდის "რეალმა" სეზონის ბოლო საშინაო თამაშში ბერნაბეუზე ოვიედოს "რეალი" 2:0 დაამარცხა.

გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ გუნდის კაპიტან ვინისიუს ჟუნიორსა და მეორე ნახევარში სათადარიგო სკამიდან შემოსულ კილიან მბაპეს. რამდენიმე წამით პერესიც ჩანდა ტელეეკრანზე, როგორც ჩანს, "მადრიდის" გულშემატკივრებთან კამათის დროს მატჩის რეჟისორს ეს მომენტი არ გამოეპარა.

მას შემდეგ, რაც 79 წლის პრეზიდენტმა არაორდინარული პრესკონფერენციის დროს ახალი არჩევნები მოითხოვა, მან უარყო ჭორები, რომ ის გადადგებოდა ან რომ მას სიმსივნე ჰქონდა.

სტადიონზე იყო ბანერი წარწერით "Fლორენტინო, ვეტე ყა" ("ფლორენტინო, წადი ახლა"), რომელიც მოგვიანებით უსაფრთხოების თანამშრომლებმა მაყურებელს ჩამოართვეს. მე-8 წუთზე კიდევ ერთი ბანერი გამოჩნდა წარწერით "Fლორენტინო, ცულპაბლე" ("ფლორენტინო, დამნაშავე").

ფრანგი კაპიტანი საბოლოოდ მეორე ნახევარში შევიდა სათადარიგო მოთამაშედ გონსალო გარსიას ნაცვლად (რომელმაც "რეალს" 43-ე წუთზე უპირატესობა მოუტანა).

მბაპემ გულშემატკივრების სტვენასა და კრიტიკასაც უპასუხა: "ეს გულშემატკივრების აზრია და პირადად არ უნდა მიიღო - ნორმალურია, როცა გუნდი ვერ იგებს, ხალხი ირჩევს მოთამაშეებს, ვისაც უსტვენენ. ეს ხდება მადრიდშიც და ყველა გუნდში. ასეთია ცხოვრება".

ჯუდ ბელინგემმა ოვიედოს წინააღმდეგ მადრიდელთა უპირატესობა გააორმაგა 80-ე წუთზე. ინგლისელმა მოთამაშემ, რომელიც ასევე ხმაურის, ფანებისგან შეურაცხყოფისა და სტვენის სამიზნე იყო, გოლის შემდეგ ორივე ხელი აუწია გულშემატკივრებს ჩაგდებული სეზონის ბოდიშის ნიშნად.

გამარჯვების შემდეგ, "მადრიდს" აქვს 80 ქულა, 11 ქულით ნაკლები, ვიდრე "ბარსელონას", რომელმაც უკვე მოიპოვა ჩემპიონობა მათი დამარცხებით.

ფლორენტინო პერესი მზად არის კილიან მბაპესთან პირდაპირი შეხვედრა გამართოს, ფრანგი სუპერვარსკვლავის ალვარო არბელოას შესახებ გამოთქმული საკამათო კომენტარებისა და ოვიედოს "რეალზე" გამარჯვების შემდეგ.

გუნდის გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც გეგმავს მოთამაშესთან შეხვედრაში მონაწილეობას. შეხვედრის მიზანია სიტუაციის განმუხტვა სეზონის ქაოსურად დასრულების შემდეგ.

მიუხედავად მოთამაშის გარშემო მზარდი ხმაურისა, კლუბის ხელმძღვანელობა მბაპეს კვლავ მადრიდის "რეალის" მომავლის ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევს, როგორც პერესმა თქვა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტის პრიორიტეტი ახლა ერთიანობის აღდგენაა და უზრუნველყოფა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი სრულად იყოს მენტალურად და პროფესიულად ჩართული მომავალი სეზონისთვის მზადებაში.

ნიკოლოზ თევდორაშვილი