"გული მტკიოდა, მაგრამ ქართველები საოცარი ხალხი ხართ და ამან გამაძლებინა" - ინტერვიუ იაპონელთან, რომელმაც 45 ქვეყანა გამოიარა და 46-ეში -საქართველოში, ველოსიპედი მოჰპარეს - კვირის პალიტრა

"გული მტკიოდა, მაგრამ ქართველები საოცარი ხალხი ხართ და ამან გამაძლებინა" - ინტერვიუ იაპონელთან, რომელმაც 45 ქვეყანა გამოიარა და 46-ეში -საქართველოში, ველოსიპედი მოჰპარეს

ყველგან, მთელ დედამიწაზე, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უარი თქვან მშვიდ ცხოვრებაზე, გაიხურონ სახლის კარი და მარტოდმარტომ გასწიონ დედამიწაზე სამოგზაუროდ. ამბობენ, რომ არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების დანახვისა და შიშებზე გამარჯვების უფრო ზუსტი საზომი და არც საფრთხისა და ბედნიერების მეტი მარაგი არსებობს, ვიდრე ეს გზაა. იმავდროულად, ვერც უფრო მეტ მეგობარს იჩენს ვინმე, ვიდრე მოგზაურები. ჩვენი პატარა ზღვისპირა ქალაქი ქობულეთიც სულ რამდენიმე საათში დაუმეგობრდა 32 წლის იაპონელ მოგზაურს ნაოია ტაბიბიტოს, როდესაც კარავში ჩაძინებულს ველოსიპედი ვიღაც არამზადამ მოჰპარა. სასოწარკვეთილმა ნაოიამ დასახმარებლად ხალხს მიმართა. ჩვენც, ალბათ, წამებში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ემოცია: კაცმა 6 წელიწადი იშრომა ისეთი ველოსიპედის შესაძენად და შესაქმნელად, რომელიც დედამიწას მარტოს შემოატარებდა და სწორედ ასეთი შექმნა, მერე ამ ველოსიპედით 3 წელიწადში დედამიწის 45 ქვეყანა შემოიარა და 46-ე ქვეყანაში, საქართველოში, ქობულეთში მოჰპარეს. აქვე შეგვიძლია ისიც წარმოვიდგინოთ, როგორ განიცადეს ამ ქალაქში ნაოიას ტკივილი და კიდევ ისიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოგზაურის დაცვა ვერ შეძლო, ყველა ხომ ქურდი და არამზადა არ არის! ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც სოციალური ქსელით ამ ხალხის აღშფოთებულ ჩანაწერებს წაიკითხავთ: "რა ხალხი ხართ ასეთი! კაცმა 45 ქვეყანა შემოიარა, 2023 წლიდან მოგზაურობს და მაინცდამაინც საქართველოში გაქურდეს. ამის გამკეთებელი უნდა დაიჭირო, ჯერ ველოსიპედი დააბრუნებინო და მერე პასუხი აგებინო"; "შემიძლია თანხით დაგეხმარო, რომ ახალი ველოსიპედი შეიძინო. ალბათ, სხვებიც შემომიერთდებიან და ამით ცოტათი გამოვასწორებთ ჩვენს შერცხვენას. ისე, რომ იცოდე, საქართველოში სტუმარი უყვართ და ყოველთვის ასე არ ხდება"; "გადააზიარეთ ეს ამბავი. ნახოს მომპარავმაც და მისმა მცნობელმაც და აუტოკდეს სინდისის ნერვი. სირცხვილია, 45 ქვეყანას რომ გაივლი და ქობულეთში გაგქურდავენ, თანაც, რაც შენი გეგმისთვის ყველაზე ძვირფასია, იმას რომ მოგპარავენ".

ნაოია ტაბიბიტო კი ქობულეთში ზღვას გულდამძიმებული გასცქერის და გაუჩინარებული ველოსიპედის დაბრუნებას მაინც იმედით ელოდება. თავად ამბობს, რომ ამის ძალას ისევ აქაურების თანაგრძნობა აძლევს. დანარჩენს ნაოიასთნ ამ საუბრით შეიტყობთ.

fbc2444d-25bc-4ae1-83b2-abe92295480d-1779040225.jpeg

- როდესაც თქვენი ველოსიპედის დაკარგვაზე შევიტყვე, მეც აღვშფოთდი. წარმოვიდგინე, რამხელა სასოწარკვეთა დაგეუფლათ, როდესაც დილაადრიან კარვიდან გამოხვედით და ველოსიპედი აღარ დაგხვდათ.

- წამიერად ყველაფერი გაუფერულდა, ვეღარაფერს ვხედავდი. ეს, ალბათ, შოკის გამო მოხდა, თვალებში მხოლოდ ჩემი ველოსიპედი მქონდა და სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დავეძებდი. იმ ღამეს რატომღაც ველოსიპედი ხეზე არ მიმიბამს. ალბათ, აქაურობის, ამ ქვეყნის ნახვაზე უნებურად სიმშვიდემ შემიპყრო და იმიტომ. ველოსიპედის ბორბლები მხოლოდ ჯაჭვით შევკარი, კარავი გავშალე და მშვიდად დავიძინე, დილით კი თავზარი მელოდა. სრული 6 წელიწადი ვიშრომე ამ ველოსიპედის შესაქმნელად. ხელოვანი ვარ, უმაღლესში ხატვა ვისწავლე, სკოლაში ბავშვებს ხელოვნებას ვასწავლი და მათაც კი ვუყვებოდი ჩემს ოცნებაზე, რომ დედამიწა შემომევლო ველოსიპედით. ბავშვებიც კი მაძლევდნენ რჩევებს, ველოსიპედი როგორი ყოფილიყო და თავადაც 6 წელიწადი დავდიოდი ველომაღაზიებში, რათა ყველა დეტალი გამეთვალისწინებინა მის შესაქმნელად. ბოლოს შევქმენი, 3 წელიწადში 45 ქვეყანა მოვიარე და როდესაც საქართველოში, 46-ე ქვეყანაში შემოვედი, სწორედ მაშინ მომპარეს.

fe21a17f-7067-4266-abeb-c69c63a23c4b-1779040225.jpeg

- რატომ გადაწყვიტეთ ველოსიპედით მოგზაურობა და თანაც მარტო, ეს ხომ სახიფათოა?

- მართლაც სახიფათოა, არ ვმალავ, ზოგიერთ ქვეყანაში ვნახე, როგორ შევარდა შეიარაღებული ხალხით სავსე ავტომანქანა პოლიციაში, ზოგან კი ქვებით მომდევდნენ. ამიტომ წუხდა ჩემი ოჯახი და დღესაც წინააღმდეგნი არიან, რომ დარჩენილი გზა გავიარო. დედამ იტირა, მაგრამ მისმა ცრემლებმაც ვერ შემაჩერა. ამიტომ ხანდახან სინდისი მქენჯნის, ვფიქრობ, ალბათ, ცუდი შვილი ვარ-მეთქი; თუმცა იმ პირობით ვამხნევებ, რომ აუცილებლად მშვიდობით დავბრუნდები. სამაგიეროდ, ხიფათთან ერთად ამ გზაში ბევრი რამ კარგიც ვნახე და დავრწმუნდი, რომ ოცნების ასრულებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ველოსიპედს, მოვყვები, რატომ დავუმეგობრდი.…ბავშვობაში იმ სათამაშო კლუბში სიარული მიყვარდა, რომელიც ჩემი სახლიდან იმდენად შორს იყო, ან ავტობუსით, ან მატარებლით უნდა წავსულიყავი. ჩავთვალე, რომ ეს ძვირი ღირდა. ამიტომ შევეცადე ველოსიპედით წასვლას. თუმცა გულში იმედი არც მქონდა, რომ იქამდე მივაღწევდი. ზოგადად სპორტული არ ვიყავი და ეს მაწუხებდა, ხოლო როდესაც ველოსიპედით კლუბამდე მივაღწიე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ალბათ, ხვდებით, ეს რა სიხარულია, როდესაც ბავშვობაში გადაულახავ სირთულეს გადალახავ! ამის შემდეგ იქცა ველოსიპედი ჩემს განუყრელ მეგობრად, იმდენად, რომ მისი დახმარებით დედამიწის შემოვლაც კი გადავწყვიტე. ჩემს გულს ეს ოცნება იმდენად ავსებდა, უნივერსიტეტის შემდეგ რაც ვიმუშავე, ის წლები და ხელფასი ამ ველოსიპედის შექმნას და ყიდვას მივუძღვენი. სკოლაში ვასწავლიდი ხელოვნებას და ასე ვაგროვებდი ფულს მისთვის. მოგზაურობა ასე დავგეგმე, - რადგან ჩემი ქვეყანა ამომავალი მზის ქვეყანაა, გადავწყვიტე აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ მემოძრავა, ლათინური ამერიკიდან ევროპა-აზიისკენ. საქართველოში თურქეთიდან გემით მოვხვდი. Eეს ველოსიპედი თითქოს ჩემი მეგობარია, უფრო სწორად, პარტნიორი მოგზაურობაში. მას აქამდე არ უღალატია. ალბათ, იმიტომ, რომ მის შესაქმნელად ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ მეც და სხვებმაც. ჩემს საყვარელ ველომაღაზიებში დავდიოდი და მის მფლობელებს ჩემი მიზნის ველოსიპედზე ვესაუბრებოდი, მათთან ერთად ვადგენდი, როგორი უნდა ყოფილიყო. ბოლოს ერთ-ერთი საყვარელი ველომარკეტის მესაკუთრესთან ერთად გავაკეთე ის, რაც მინდოდა, ზომებიც კი ამიღეს: სიმაღლე, წონა, ფეხების, ხელების სიგრძე, მხრების სიგანე... ველოსიპედის ჩარჩოს თითოეული მილის სიგრძე, სისქე და კუთხეც კი უმცირეს დეტალებამდე განვიხილეთ და ჩამოვასხით. აი, ასე შეიქმნა ჩემი ველოსიპედი. ის ისეთია, რომ ძნელად დაზიანდეს და თუ მაინც დაზიანდება, ადვილად შეკეთდეს. მუხრუჭებთან ერთად სხვა სამაგრებიც გავუკეთეთ, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ვიყენებ. ასე რომ, მთლიანად ჩემს სხეულსა და შესაძლებლობებზეა მორგებული. ამიტომაც არ გამოადგება ის სხვას, რომელსაც ახლა, ალბათ, უმაქნისად უგდია სადმე და არ იცის, როგორ ვიტანჯები. ამიტომ ვწერ სულ და ვევედრები, რომ დამიბრუნოს. ალბათ, ზურგზე მოიგდეს და ისე ჩააგდეს ავტომანქანის საბარგულში, რადგან ჯაჭვით იყო ბორბლები გადაბმული. მასთან ერთად სახატავი მოწყობილობებიც წაიღეს, მაგრამ მხოლოდ ველოსიპედის დაბრუნება მინდა. მხოლოდ მის ქურდს კი არა, თავად ჩემს ველოსიპედსაც ვწერ წერილებს. ის ჩემთვის ადამიანივით არის, სახელიც კი აქვს - რაისი.

89999580-97a2-4de5-ad18-7ff270d8cd6e-1779040224.jpeg

- მგონია, ეს ყველაფერი ან ქურდს სინდისს გაუღვიძებს, ან მის ახლობლებს, პოლიცია იმოქმედებს ისე, რომ ველოსიპედი დაგიბრუნდეთ.

- პოლიციაზე საყვედურს ვერ ვიტყვი, ძალიან თანაგრძნობით შემხვდნენ, ჩემთან ერთად დიდხანს იყვნენ პარკში, საიდანაც ველოსიპედი მომპარეს და კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს. ჯერაც არ ჩანს პოვნის საიმედო ნიშანი, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რადგან აქ დარჩენას კიდევ ვაპირებ და ველოდები. საქართველოდან სომხეთში უნდა გადავსულიყავი, იქიდან ინდოეთში. საქართველოში იმის იმედით ვრჩები, რომ ჩემს ველოსიპედს დამიბრუნებენ".

- იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი განიცდის თქვენი ველოსიპედის ქურდობას? ალბათ ვერც დაიჯერებთ, რომ საქართველოში სტუმარი მუდამ საპატიოდ ითვლებოდა...

- მიუხედავად იმისა, აქ დიდი ხანია არა ვარ, ადამიანების სითბოს და თანაგრძნობას ყველგან ვგრძნობ. ყოველ ნაბიჯზე მაჩერებენ და ჩემი ველოსიპედის ამბავს კითხულობენ. მეუბნებიან, რით დაგეხმაროთო. ამის გამო იმდენად მადლიერი ვარ, სიტყვებიც კი არ მყოფნის გამოსახატად და თუ ჯერ კიდევ ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვინარჩუნებ, ეს საქართველოს ხალხის დამსახურებაა. აქამდეც რამდენიმე ადამიანმა შემომთავაზა ფინანსური დახმარება ან საკუთარი ველოსიპედის მოცემა. ამისთვისაც უსაზღვროდ მადლობელი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ არა ვარ იმ მდგომარეობაში, რომ დახმარება მივიღო. ჯერ კიდევ ვაპირებ ძებნის გაგრძელებას.

გული მტკივა, რაც მოხდა, მაგრამ ხალხია საოცარი და ეს მაძლებინებს. ამიტომ ეს ქვეყანა ბოლომდე უნდა ვნახო. იქნებ ჩემი ველოსიპედიც დამიბრუნდეს, ეს ტკივილი არ მინდა წავიღო აქედან. მისურვეთ, რომ ასე იყოს, - მითხრა მოგზაურმა ამომავალი მზის ქვეყნიდან და, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ადამიანების, სტუმრის დაცვის უნარს. ჩვენ სტუმარს ჯერ კიდევ მაშინ ვიცავდით, როდესაც ამისთვის არანაირი გზა არ ჩანდა, დღეს კი, რაც ჩვენს თავს ხდება, მართლაც სირცხვილია.

P.s. მასალა დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ქობულეთის პოლიციამ იაპონელი მოგზაურის ველოსიპედი, მათ შორის დაკარგული ნივთების ნაწილიც იპოვა.

"მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, საოცრება ხართ, ქობულეთის პოლიციავ!" დაწერა თავის ინსტაგრამზე გახარებულმა ნაოია ტაბიბიტომ.