მთავარია არაფერი აკლდეს? - კვირის პალიტრა

მთავარია არაფერი აკლდეს?

საქართველოში ემიგრაციაზე საუბრისას ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ რეალობაზე, ფულად გზავნილებზე, ოჯახების გადარჩენასა და სოციალურ სიდუხჭირეზე, თუმცა ამ სტატისტიკის მიღმა ხშირად შეუმჩნეველი რჩებიან ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან - ბავშვისთვის მშობლის წასვლა მხოლოდ ფიზიკური განშორება არ არის, ეს არის მიტოვების განცდა, შფოთვა, მარტოობა, ბრაზი და ხშირად ჩუმად გადატანილი ტკივილი. კვლევები აჩვენებს, რომ მიგრანტი მშობლების შვილები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მიგრაციის უხილავ ემოციურ ფასზე, იმ ფსიქოემოციურ კრიზისზე, რომელსაც ბავშვები ხშირად განიცდიან, გაზეთი "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" პრეზიდენტ მაია ნასრაშვილის ესაუბრა.

- მშობლის ემიგრაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბავშვის ცხოვრებაზე. მშობელთან განშორება საბოლოოდ სათანადო მხარდაჭერის გარეშე ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

- თქვენი კვლევის ერთ-ერთ მძიმე ფრაზაა ბავშვის სიტყვები: "რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიცოდი, რომ მე დედა მაინც არ დამიძახებდა..."

- ჩვენი ორგანიზაციის ორივე კვლევაში ბავშვებთან ინტერვიუებიც გვქონდა და თავად მათ ვკითხეთ, რა შეიცვალა, როგორ გრძნობენ თავს, როგორ იქნებოდა უმჯობესი? განშორებას ხშირად ახლავს მშობელზე ბრაზი, რომელიც შემდეგ იზრდება და გადადის ფართო წრეზე. ბავშვები ვერ ახერხებენ გადახარშონ, რა ხდება მათ თავს. ხშირად საკუთარ თავს იდანაშაულებენ, ფიქრობენ, რომ დედისა თუ მამის წასვლა მათი ბრალია, ან აქვთ მიტოვებულობის განცდა, რომ ისინი საკმარისად კარგები არ აღმოჩნდნენ, რომ მშობელი არ წასულიყო. ამ შემთხვევაში ასაკს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შედარებით პატარა ასაკში მშობლის წასვლას თუ ბავშვები ტირილით გამოხატავენ, მოზარდობის ასაკში უმეტესწილად ბავშვები ბრაზით, აგრესიითა და ზოგჯერ სევდით ავლენენ.

- რა სურათი გამოიკვეთა, რა არის ის მთავარი ემოციური ფონი, რომელიც ყველაზე ხშირად მეორდებოდა მათ მონათხრობებში?

- მიგრანტი მშობლების შვილების მხარდასაჭერად ამ ეტაპზე არა გვაქვს სახელმწიფო სერვისები, როგორც ცალკე ჯგუფი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. სკოლაში იქნება თუ საბავშვო ბაღში, ხშირად ბავშვები ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. ბევრმა ბავშვმა აღნიშნა სიბრალულის ფაქტორი - საზოგადოებასა თუ სკოლაში ისინი სიბრალულს გრძნობენ და ეს ძალიან აწუხებთ. მასწავლებლის მხრიდან ეს, ალბათ, ნორმალური დამოკიდებულებაა, როდესაც რეალურად არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ბავშვის შეცვლილ ემოციურ მდგომარეობას. თუმცა რეალურად ყველაზე ახლოს, სახლის გარდა, ბავშვებთან მასწავლებლები არიან და, ალბათ, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ მეტი კომპეტენცია. ხშირად ბავშვები რჩებიან მოხუც ბებია-ბაბუასთან, რომელთაც ზოგჯერ არ ძალუძთ ბავშვის სათანადოდ მოვლა თუ მხარდაჭერა. განსხვავებულია აღზრდის სტილიც და ბავშვები სახლშიც არ გრძნობენ თავს მშვიდად.

- სევდა, მარტოობა, შფოთვა, აგრესია, ჩაკეტილობა, თვითდამაზიანებელი ქცევები - ხომ არ არის ეს იმ პრობლემების ნაწილი, რომელსაც ბავშვები საკუთარ თავში მალავენ?

- ჩვენმა ორგანიზაციამ ფსიქოკონსულტირების სერვისი დანერგა გორში, თელავში, ოზურგეთსა და ბათუმში, ამ კონსულტაციის მიღება შეუძლიათ მშობლებსაც (ონლაინ) და იმ პირებსაც, რომლებიც ბავშვებთან რჩებიან აღმზრდელად თუ ოფიციალურ მეურვედ. მომართვიანობა იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, ვინაიდან ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ სტიგმა ძალიან მაღალია. თუმცა ბოლო წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ბავშვის შემთხვევაზე იმუშავეს ჩვენმა ფსიქოლოგებმა და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა კრიტიკულია. არ მინდა ჩვენმა მკითხველმა ეს პირდაპირ მშობლის მონატრებას დააბრალოს. ამ შემთხვევაში ბავშვებს მძიმე ემოციური ფონი აქვთ ოჯახში, გვაქვს ძალადობის არაერთი შემთხვევა, სკოლაში დაცინვა და ბულინგი, სანდო პირის დეფიციტი, ვისაც თავის გასაჭირს გაუზიარებს. ეს პრობლემები თოვლის გუნდასავით იზრდება და ბავშვი ვეღარ ართმევს თავს.

- თქვენს კვლევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მიგრანტი მშობლების შვილებისთვის სკოლა ხშირად ერთადერთი სივრცეა, სადაც მათი ემოციური მდგომარეობის შემჩნევა და მხარდაჭერა შეიძლება. თუმცა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ზოგ შემთხვევაში თავად პროფესიონალებსაც არა აქვთ საკმარისი ცოდნა ბავშვის ფსიქოემოციური სირთულეების ამოსაცნობად და მძიმე სიგნალები - შფოთვა, ჩაკეტილობა, აგრესია თუ პროტესტი - ხშირად "ცუდ ხასიათად" ან დისციპლინის პრობლემად აღიქმება. რამდენად მზად არის დღეს საგანმანათლებლო სისტემა ამ ბავშვების დროულად დასანახად და რას ნიშნავს პრაქტიკაში ის, რომ ისინი ხშირად "უხილავ ჯგუფად" რჩებიან?

- მშობლის მიგრაცია ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკური განშორება არ არის. ეს ხშირად დაკავშირებულია დანაკარგის განცდასთან, შფოთვასთან, მიტოვების შიშთან, ბრაზთან, დაბალ თვითშეფასებასთან. ბავშვები ამ ყველაფერს ყოველთვის სიტყვებით ვერ გამოხატავენ, საკუთარ განცდებს ხშირად ქცევით "გვიყვებიან" და სწორედ აქ არის პროფესიონალის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. არაერთმა მასწავლებელმა და სკოლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ ხშირად არ აქვთ საკმარისი ცოდნა და პრაქტიკული *ინსტრუმენტები, რათა გაარჩიონ, სად არის უბრალოდ ასაკობრივი ქცევა და სად შეიძლება იმალებოდეს სერიოზული ფსიქოემოციური სირთულე. ეს არ ნიშნავს, რომ პროფესიონალებს არ სურთ დახმარება. პრობლემა უფრო სისტემურია, რადგან სკოლებში ჯერ კიდევ შეზღუდულია ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომების პრაქტიკული გამოყენება.

როდესაც ვამბობთ, რომ ეს ბავშვები "უხილავ ჯგუფად" რჩებიან, ვგულისხმობთ იმასაც, რომ სახელმწიფოს დონეზე არ არსებობს სრულყოფილი მონაცემები, რამდენი ასეთი ბავშვია ქვეყანაში და რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ, ხოლო საზოგადოებაში ემიგრაცია იმდენად "ნორმალიზებული" თემაა, რომ ბავშვის ემოციური მდგომარეობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

დღეს სახელმწიფოს არა აქვს სრულყოფილი და ერთიანი ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომელთა ერთი ან ორივე მშობელი ემიგრაციაშია და ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სისტემური გამოწვევაა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ასეთი ბავშვია ქვეყანაში, რა პირობებში ცხოვრობენ, ვინ ზრუნავს მათზე, რა გავლენას ახდენს მშობლის მიგრაცია მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და სოციალურ განვითარებაზე.

კვლევის პროცესშიც გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა უწყებაში მონაცემები ფრაგმენტულია ან საერთოდ არ არსებობს. სკოლებს შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია კონკრეტულ ბავშვებზე, სოციალური მომსახურების სისტემას სხვა მონაცემები, თუმცა ეს ინფორმაცია ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და არ არსებობს ერთიანი ხედვა.

როდესაც სახელმწიფო ვერ ხედავს ჯგუფს, ვერ გეგმავს მათზე მორგებულ პოლიტიკას, შედეგად, რეაგირება ხშირად დაგვიანებულია და უფრო ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული, ვიდრე სისტემურ მხარდაჭერაზე. ასეთ პირობებში ბევრი ბავშვი "უხილავი" რჩება როგორც განათლების, ისე სოციალური დაცვის სისტემისთვის.

- რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ, სკოლამ და საზოგადოებამ უნდა გადადგას, რომ ეს ბავშვები აღარ დარჩნენ პრობლემებთან მარტო?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის იმის აღიარება, რომ მიგრანტი მშობლების შვილები განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერის საჭიროების მქონე ჯგუფია. ხშირად საზოგადოებაში აქცენტი კეთდება მხოლოდ იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელიც შრომით მიგრაციას მოაქვს ოჯახებისთვის, თუმცა ნაკლებად ვსაუბრობთ იმ ემოციურ ფასზე, რომელსაც ბავშვები იხდიან. სახელმწიფოს დონეზე აუცილებელია ერთიანი და კოორდინირებული პოლიტიკის შექმნა. ეს გულისხმობს როგორც მონაცემთა ეთიკურ და უსაფრთხო შეგროვებას, ისე განათლების, სოციალური დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ჰქონდეთ მკაფიო მექანიზმები ბავშვების მხარდაჭერისთვის და პროფესიონალებს მიეწოდოთ პრაქტიკული ცოდნა, როგორ ამოიცნონ ემოციური სირთულეები და როგორ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ბავშვებს სჭირდებათ გარემო, სადაც მათ მოუსმენენ, არ განსჯიან და მხოლოდ "პრობლემურ ბავშვებად" არ აღიქვამენ. ხშირად ერთი ყურად­ღებიანი მასწავლებელი, ფსიქოლოგი ან კლასის დამრიგებელი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ტრავმაზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერება სკოლებში. საზოგადოების დონეზეც საჭიროა დამოკიდებულების ცვლილება. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ფრაზები, როგორიცაა "ყველა ასე იზრდება" ან "ეს ჩვეულებრივი ამბავია". ბავშვის ემოციური ტკივილის ნორმალიზება პრობლემას არ აგვარებს. პირიქით, ბავშვი კიდევ უფრო მარტო რჩება საკუთარ განცდებთან.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების მხარდაჭერაც. ბევრი მათგანი ემიგრაციაში თავადაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ხშირად არ იცის, როგორ შეინარჩუნოს ბავშვთან უსაფრთხო ემოციური კავშირი...

საბოლოოდ მთავარი ის არის, რომ ამ ბავშვებს არ ვუყუროთ მხოლოდ როგორც "მიგრანტების შვილებს". ისინი პირველ რიგში ბავშვები არიან, რომლებსაც სჭირდებათ უსაფრთხოება, ემოციური კავშირი, მხარდაჭერა და განცდა, რომ ისინი ვიღაცისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

- რა არის ის საფრთხე, რომლის დაუნახაობა ქვეყანას მომავალში ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს?

- მთავარი ის არის, რომ მიგრანტი მშობლების შვილები არ არიან მხოლოდ "დარჩენილი ბავშვები". ისინი ხშირად არიან ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ მონატრებით, გაურკვევლობით, ემოციური დანაკარგის განცდით და მუდმივი შინაგანი დაძაბულობით. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გვესმის ფრაზა: "მთავარია, ბავშვს არაფერი აკლდეს", მაგრამ ბავშვისთვის მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფა არ არის საკმარისი. ბავშვს სჭირდება ემოციური უსაფრთხოება, სტაბილური კავშირი, ყურადღება, განცდა, რომ ის ვიღაცისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანი ადამიანია. როდესაც ეს კავშირები სუსტდება ან ირღვევა, ამას გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თვითშეფასებაზე, ურთიერთობებზე, სწავლასა და მომავალ ცხოვრებაზე. ყველაზე დიდი საფრთხე კი სწორედ ამ პრობლემის უხილავობაშია. თუ ქვეყანა ვერ ხედავს ამ ბავშვების ემოციურ საჭიროებებს დროულად, მომავალში შეიძლება მივიღოთ თაობა, რომელსაც დაუგროვდა გადაუმუშავებელი ტრავმა, უნდობლობა, მარტოობის განცდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ხშირად საკუთარ განცდებზე არ საუბრობენ, რადგან არ სურთ მშობლების დამატებით დამძიმება. ისინი სწავლობენ ემოციების დამალვას, ტკივილის ჩახშობას და "ძლიერად ყოფნას", მაგრამ ბავშვი, რომელიც მუდმივად იძულებულია საკუთარ ემოციებთან მარტო დარჩეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება როგორც ფსიქოლოგიური სირთულეების, ისე სოციალური იზოლაციის, აგრესიის, დაბალი თვითშეფასებისა და სხვადასხვა რისკის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ბავშვებს შევხედოთ არა სიბრალულით, არამედ პასუხისმგებლობით. თუ დღეს ამ ბავშვებს ვერ დავინახავთ და ვერ მოვუსმენთ, ხვალ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებთან მოგვიწიოს გამკლავებამ.

მარიამ ბუკია