ემუქრება თუ არა საქართველოს საშიში ჰანტავირუსი?! - მაია ბუწაშვილის პროგნოზი: "დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან..."
საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის სწრაფად განვითარებადი აფეთქება მოხდა. კრუიზზე, რომელზეც 23 სხვადასხვა ქვეყნიდან 150 მგზავრი იმყოფებოდა, ოფიციალური ინფორმაციით, 8 დაინფიცირებული მგზავრიდან 3 გარდაიცვალა. გემმა 1-ლ აპრილს არგენტინა დატოვა, რის შემდეგაც ბევრ რეგიონში გაჩერდა. არ არის ცნობილი, ზუსტად სად ჰქონდათ მგზავრებს ვირუსთან შეხება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ადასტურებს, რომ ისინი ვირუსის ანდების შტამით არიან ინფიცირებული. ჯანმო-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირველ ინფიცირებულს ვირუსთან კონტაქტი, სავარაუდოდ, კრუიზის დაწყებამდე ჰქონდა.
ჯანმო-ს ცნობით, ანდების შტამი ჰანტავირუსის ერთ-ერთი ისეთი შტამია, რომლის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულა. ვირუსი ვრცელდება მხოლოდ ახლო კონტაქტის შედეგად. ადამიანში ჰანტავირუსის გავრცელება ხდება ძირითადად ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტით, ან დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰანტავირუსით დაინფიცირებული პირველი მგზავრი, "ნულოვანი პაციენტი", რომელიც Hონდიუს-ის კრუიზზე იმყოფებოდა, ორნითოლოგი ლეო შილპერურდი აღმოჩნდა, რომელსაც ფრინველებით გატაცება სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 70 წლის მამაკაცი და მისი 69 წლის მეუღლე მირიამ შილპერურდი სამხრეთ ამერიკაში ხუთთვიან მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. ისინი არგენტინაში 27 ნოემბერს ჩავიდნენ, შემდეგ ჩილესა და ურუგვაის გავლით მარტის ბოლოს არგენტინაში დაბრუნდნენ, სადაც მათ ფრინველებზე დაკვირვებაში გაატარეს დრო. შილპერურდები 27 მარტს არგენტინაში დაბრუნდნენ და უშუიის ქალაქიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარე ნაგავსაყრელზე მივიდნენ. ამ ადგილს ხალხი ჭირივით ერიდება, თუმცა ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის ეს ადგილი რჩეულ ადგილთა ნუსხაშია - ისინი თეთრყელიანი კარაკარას ძიებაში ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ.
არგენტინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ჰოლანდიელმა წყვილმა ნაგავსაყრელზე შეისუნთქა გრძელკუდა ჯუჯა ბრინჯის ვირთხების განავლის ნაწილაკები, რომლებიც ჰანტავირუსის საშიშ ანდურ შტამს ატარებენ (ერთადერთი ფორმა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის).
ოთხი დღის შემდეგ წყვილი სხვა 112 კაცთან ერთად, რომელთა უმეტესობა ფრინველებზე დამკვირვებელი ან მეცნიერი იყო, Hონდიუს-ის კრუიზზე ავიდა. 6 აპრილს ლეოს სიცხემ აუწია, აწუხებდა თავისა და კუჭის ტკივილი და დიარეა. 5 დღის შემდეგ 70 წლის მამაკაცი გემზევე გარდაიცვალა.
მირიამი გემიდან 24 აპრილს მეუღლის ცხედრის თანხლებით გადმოვიდა ატლანტის ოკეანის კუნძულ სანტა-ჰელენაზე. ის სამხრეთ აფრიკის გავლით ნიდერლანდებისკენ მიდიოდა, თუმცა მანაც ვერ მიაღწია სახლამდე: ქალი შეუძლოდ შეიქნა, აეროპორტში გონება დაკარგა და მეორე დღეს ისიც გარდაიცვალა. 2 მაისს გემზე ერთი გერმანელი მგზავრიც გარდაიცვალა. ვირუსი დაუდასტურდათ ხომალდიდან ევაკუირებულ საფრანგეთისა და აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც კლინიკებში მკურნალობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის საფრთხეების პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარია ვანკერხოვემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა იმ პირზე "აქტიური დაკვირვება", ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.
ჰანტავირუსის შესახებ ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება:
- ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ვირუსით დაინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად, მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი (HჩPშ) - მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).
ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Aნდეს ვირუს) შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული. კრუიზზე იყო რამდენიმე ქვეყნის რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც კრუიზის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში და სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე. ეს ქვეყნები ადევნებენ თვალს ამ ადამიანებს, რათა მათგან არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. ჰანტავირუსს ინკუბაციის პერიოდი ხანგრძლივი აქვს - 6 კვირამდე, ამიტომ სანამ ეს პერიოდი არ გავა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ამ ქვეყნებში განსაკუთრებული ზედამხედველობაა მგზავრებზე.
- როგორ მკურნალობენ ჰანტავირუსს და რა კატეგორიაა განსაკუთრებული რისკის ქვეშ?
- მკურნალობა სიმპტომურია, მისი სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მას შეიძლება ახლდეს სერიოზული გართულებები, მისი ერთ-ერთი ფორმაა კარდიოპულმუნური, ანუ გულის და ფილტვის დაზიანება და შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს პნევმონიაში. ინკუბაციის პერიოდი 7 დღიდან 6 კვირამდე მერყეობს და ძალიან მაღალი - 30-40% აქვს ლეტალობა. მეორე ფორმა შეიძლება თირკმლის უკმარისობით გართულდეს. გართულებების მაღალი რისკი აქვთ ხანდაზმულებს, გულის, ფილტვისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონეებს, თუმცა გართულებები სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც შესაძლებელია.
- ჰაერწვეთოვანი გზით თუა გადამდები ინფექცია და რა სიმპტომებით იწყება?
- ისეთი სპეციფიკური სიმპტომი, რომლითაც შეიძლება კონკრეტულად ჰანტავირუსზე იქნეს ეჭვი მიტანილი, არა აქვს. ინფექცია შეიძლება დაიწყოს ხველით, ფილტვის სხვადასხვა პრობლემის გამოვლენით, ტემპერატურის მომატებით, სისხლჩაქცევებით, ამიტომ თუ დაფიქსირდა შემთხვევა, მერე ინფექცია ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება.
ვირუსი ჰაერით არ გადადის, მხოლოდ ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტით და ვინაიდან ინკუბაციური პერიოდი აქვს ხანგრძლივი, პრობლემაც ეს არის - კონტაქტი თუ დაფიქსირდა, დაკვირვებას დიდი დრო სჭირდება.
- ტურისტული ნაკადების გამო არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ ჰანტავირუსი საქართველოსაც "ესტუმროს"?
- არ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრუიზზე საქართველოს მოქალაქე იყო. ამ ვირუსის აფეთქება ყველა კონტინენტზე იყო და საქართველოშიც შესაძლებელია იყოს, უბრალოდ, ამ კონკრეტულ კრუიზთან დაკავშირებით ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება. თუმცა ადრე ყოფილა ამის შემთხვევები.
- კრუიზზე დაფიქსირებული ვირუსის ტიპი რით განსხვავდება საქართველოში ადრე აღმოჩენილი ტიპისგან?
- ეს ქვეტიპი, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, საქართველოში არასდროს დაფიქსირებულა (სტანდარტულად, როცა მღრღნელებიდან გადადის და არა ადამიანიდან ადამიანზე). ყოველწლიურად მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევები უკავშირდება ამ ტიპებს. კრუიზზე გავრცელებული ქვეტიპი ძალიან იშვიათია, თანაც გემზე 30-მდე ქვეყნის მოქალაქე იყო და ყველა თავის ქვეყანაში დაბრუნდა, ამიტომ არის დიდი სიფრთხილე საჭირო.
- შესაძლებელია, რომ აღნიშნული ვირუსი გახდეს პანდემიის ან მასშტაბური ეპიდემიის წყარო?
- იმედია, არ გახდება, მან თუ მუტაცია არ განიცადა, ყოველ შემთხვევაში, ის ძალიან ადვილად გადამდები ვირუსი არ არის. ძირითადად, სწრაფად ვრცელდება ის ვირუსები, რომლებიც გადადის ჰარწვეთოვანი გზით, როგორიცაა მაგ. კორონავირუსი, გრიპი... ჰანტავირუსს თითქოს ამის პოტენციალი არა აქვს, თუმცა ნებისმიერ ვირუსზე ამის მტკიცება ძნელია, ვინაიდან ისინი ბუნებას და თვისებებს იცვლიან და როდის რა შეიძლება შეიცვალოს, არავინ იცის. ამიტომ არის სწორედ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურ რეჟიმში მსგავსი ტიპის ვირუსის ზედამხედველობას ახორციელებს, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ გაიპაროს.
ამჟამად ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. ვირუსი დაუფიქსირდა 49 კაცს. გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი. დანარჩენები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ახლახან მათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, გემის დატოვების უფლება მისცეს.
ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. ინფექციის გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისთვის. ის გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება ხოლმე. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში.
- ამჟამად საქართველოში რომელი ვირუსებია აქტიური?
- მარტის ბოლოს გრიპის სეზონი დასრულდა. ამჟამად სტანდარტულად (და ყველა სეზონზე) გვხვდება ადენოვირუსები, რომლებიც შეიძლება დიარეითაც მიმდინარეობდეს, შეიძლება კონიუნქტივიტითაც რთულდებოდეს. არის "კორონას" შემთხვევებიც, თუმცა ახლა გადავდივართ იმ სეზონზე, როცა ზაფხულში გვექნება დიარეული შემთხვევები, ნაწლავური ინფექციები.