როგორ და რატომ გაძლო ირანმა - კვირის პალიტრა

როგორ და რატომ გაძლო ირანმა

ირან-ისრაელ-აშშ-ს შორის მდგომარეობა არ იცვლება: მას შემდეგ, რაც მხარეებმა "საბრძოლო ფრეს" მიაღწიეს, ომი "გაიყინა". დიახ, არის უამრავი ურთიერთმუქარა, თუმცა სასხლეტის კიდევ ერთხელ გამოკვრას არავინ ჩქარობს. დიახ, "საბრძოლო ფრეა", ოღონდ უფრო ირანის სასარგებლოდ. კერძოდ, ამერიკამ და ისრაელმა ვერ მიაღწიეს მიზანს - ირანის რეჟიმის დამხობას ან თეირანის მიერ ისეთი კაპიტულანტური ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც სტრატეგიული მარცხის ტოლფასია. საინტერესოა, რატომ და როგორ გაძლო ირანმა.

ირანში პოლიტიკური პროპაგანდა შერწყმულია რელიგიასთან. ათწლეულების განმავლობაში ამ პროპაგანდაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამერიკას, როგორც მთავარ საფრთხეს და ნომერ პირველ მტერს. წლების განმავლობაში ირანელებს, პირველ რიგში, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს, პროპაგანდა ჩასძახოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ამერიკა ირანს თავს დაესხმებოდა. შესაბამისად, არმია და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აიათოლების ხელისუფლებას მხარს უჭერს, ფსიქოლოგიურად მზად იყო ომისთვის. აღარაფერს ვამბობთ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე", რომელიც რელიგიური ფანატიკოსებით არის დაკომპლექტებული. ამ პროპაგანდაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პრინციპს, რომ ქვეყნისთვის სიკვდილი არის არა ტრაგედია, არამედ ღირსება და მოწამეობა.

ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ომის პირველივე დღეს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას არ მოჰყვა დეზორგანიზაცია და პანიკა, თუმცა ამას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. კერძოდ, ირანის ხელისუფლება წლების განმავლობაში ემზადებოდა ასეთი სცენარებისთვის, მათ შორის, იმისთვის, რომ ომის საწყის ეტაპზე შეიძლება განადგურებულიყვნენ ქვეყნის პირველი პირები და სამხედრო მაღალჩინოსნები. მკაცრად იყო გაწერილი, ვის რა ადგილი უნდა დაეკავებინა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ჩინოსანი საიქიოს გაემგზავრებოდა - ანუ როდესაც ამერიკელები ან ისრაელელები "დრაკონს" ერთ თავს აჭრიდნენ, მას მაშინვე ამოსდიოდა ახალი.

გარდა ამისა, ირანელებმა სამხედრო ხელმძღვანელობის დეცენტრალიზაცია მოახდინეს - ყველა სექტორს შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება და არ დალოდებოდა გენშტაბის ბრძანებებს (რა თქმა უნდა, ყველა ასეთ მინი-სარდალს წინასწარი გეგმა ჰქონდა). შესაბამისად, აქაც გამოირიცხა "ერთი თავის მოჭრის" შესაძლებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ირანელები ომის სცენარისთვის ემზადებოდნენ (განსაკუთრებით თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ), როდესაც დადგა დღე "იქსი", არ განიცდიდნენ არც ბალისტიკური რაკეტების, არც "შაჰიდების" და სხვა სახის შეიარაღების ნაკლებობას. სავარაუდოდ, ისინი მზად იყვნენ, რომ ომი შესაძლოა 1-2 წელი გაგრძელებულიყო.

ირანელებმა კარგად შეისწავლეს ამერიკის მიერ წარმოებული ომები, განსაკუთრებით ერაყის კამპანია. ამერიკელების ტაქტიკა ასეთია - ომის პირველივე დღეებში საჰაერო დარტყმებით უნადგურებენ მოწინააღმდეგეს სარაკეტო კომპლექსებს, საზენიტო დანადგარებს, რადარებს, შეიარაღების სხვადასხვა სახეობას და, პრინციპში, 2-3 დღეში მოწინააღმდეგისთვის დამთავრებულია ყველაფერი. ირანელებმა მრავალი "მიწისქვეშა ქალაქი" ააშენეს და იქ გადამალეს დრონები და რაკეტები. ამერიკელები ამ ობიექტებს ურტყამდნენ, თუმცა ეს ყოველთვის შედეგიანად არ მთავრდებოდა.

როგორც კი ირანის ომი დაიწყო, პოლიტიკოსები და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 2026 წლის სისხლიანი იანვრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ამბოხდებოდა და აიათოლების რეჟიმს შიგნიდან დაარტყამდა - ეს არ მოხდა, უპირველესად იმიტომ, რომ გარე თავდასხმამ ბევრ ირანელს შიდაპრეტენზიები დროებით გვერდზე გადაადებინა. მეორეც - წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდათ ომის დროს საპროტესტი აქციის მონაწილეებს? მათ ელემენტარულად დახვრეტდნენ, როგორც მოღალატეებს.

რა დაემართებოდა ირანის ეკონომიკას ომის გახანგრძლივების შემთხვევაში ან რა მოხდებოდა, ამერიკელებს სახმელეთო ოპერაცია რომ დაეწყოთ, ეს უკვე ალბათობის თეორიის საგანია.

როგორი განწყობებია ირანში

რა თქმა უნდა, ომი ირანელების ყოველდღიურობაზე მძაფრად აისახა და როგორც ხდება ხოლმე, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში უბრალო ხალხია. BBჩ-ის ძალიან საინტერესო რეპორტაჟი ჰქონდა თეირანიდან, რომლის ეპიზოდსაც გთავაზობთ: "27 წლის მოჰამადისთვის, რომელსაც სპორტული მაისური და ჯინსები აცვია, ისიც კი იმედია, რომ ყოველდღიურად თავისი საოჯახო ფეხსაცმელების მაღაზიის დარაბებს აღებს. პატარა მაღაზიის თაროები, იატაკიდან ჭერამდე, სპორტული ფეხსაცმელებით არის სავსე. "ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა, იმიტომ, რომ საქონლის გაყიდვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ მაქვს, - ამბობს ის, - ძალიან ბევრმა სამუშაო დაკარგა და ახლა უმუშევრები არიან. სამწუხაროდ, ხალხს ფული აღარ აქვს".

ამას წინათ ერთ-ერთმა ირანულმა ვებსაიტმა Aსრ-ე Iრან-მა გამოაქვეყნა არაოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, აშშ-ისრაელთან ომის შედეგებით და მთავრობის მიერ ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვით, სავარაუდოდ, ქვეყანაში თითქმის ოთხ მილიონამდე სამუშაო ადგილი გაქრა.

მეზობელი სასურსათო მაღაზიის კართან, რომელიც შახლს ეკუთვნის, ხანში შესული ქალი დგას და კედელზე გაკრულ პრეისკურანტს კითხულობს. მივუახლოვდით და როგორც კი დაგვინახა, თავისი აზრი გაგვიზიარა: "დღეს ხალხი ერთ პურში სამჯერ მეტ ფასს იხდის, ვიდრე ომამდე... იძულებული ვართ, ყველაფერი მოვიკლოთ, ოღონდ ფული პურის საყიდლად ვიმყოფინოთ". თავის მხრივ, მაღაზიის პატრონი შახლი ჩაფიქრებული გასცქერის სანაი ღაზნევის ქუჩას, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ მდიდრულ ნაწილსა და სამხრეთულ ღარიბულ ნაწილს ერთმანეთისაგან ყოფს და ამბობს: "გაჭირვებულმა რა ქნას, თორემ მდიდრებს ადრეც ყველაფერი ჰქონდათ და ახლაც აქვთ". შახლი უკმაყოფილოა ინტერნეტის გამორთვის გამო, რაც უკვე 50 დღეა, გრძელდება: "ჩემი შვილი მასწავლებელია, მას ძალიან სჭირდება ინტერნეტი, მაგრამ ვერ სარგებლობს. უიმისოდ მუშაობა უჭირს".

ერთ-ერთ გამვლელს - პროფესიით არქიტექტორი აღმოჩნდა - ვეკითხებით, თუ რა ცვლილება მოახდენდა ყველაზე დიდ გავლენას მის ცხოვრებაზე და გვპასუხობს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების გარეშე მომავალი შეუძლებელია.

პოპულარული კაფე ახლაც გადატვირთულია ყინულიანი ცივი ყავისა და შებრაწული ბუტერბროდების მსურველებით. კრიზისის მიუხედავად, თეირანის კაფეების კულტურა მაინც ცოცხლობს. თეირანში კონტრასტები ყველაფერში აშკარად ჩანს: ქუჩის ტროტუარებს იყოფენ ტრადიციულ თავშლებსა და გრძელ კაბებში გამოწყობილი შუახნის ქალები და ჯინსიანი გოგო-ბიჭები ტატუებითა და პირსინგით.

საერთოდ, ირანში ომის დროსაც კი, პრაქტიკულად, შესუსტებულია კანონის მოთხოვნები "მოკრძალებით ჩაცმულობაზე" და გაშლილი თმის თავშლებით დაფარვაზე: ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი (და ზოგჯერ შუახნისაც) "ისლამურ ნორმებს", ფაქტობრივად, აღარ იცავს. ეს იმ სახალხო გამოსვლების შედეგია, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ მთელ ირანში იმართებოდა ლოზუნგით: "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". ცხადია, მთავრობის ლოიალურ მიდგომაზე გავლენა მიმდინარე წლის იანვრის პროტესტებმაც მოახდინა, თუმცა ირანელებმა ამისთვის ძვირი ფასი გადაიხადეს მრავალი ათასი დაღუპულის სახით.

ალი ქუჩაში დგას და იმპორტულ სიგარეტს "ნაპოლის" ეწევა. გავესაუბრეთ და გვითხრა, რომ ომი მისთვის მიუღებელია: "ქვეყანა ძალიან დაზარალდა. ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა... რა თქმა უნდა, დაბომბვების დროს სასოწარკვეთა და შიში გვეუფლებოდა... თავს მარტოდ და მიტოვებულად ვგრძნობდით. ჩემი ნათესავები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და მათი დარდი გვქონდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადრე მომწონდა, ახლა კი მძულს, - ამბობს ალი, - მომწონდა იმიტომ, რომ გვითხრა, ირანელ ხალხს დავეხმარებიო, მძულს კი იმიტომ, რომ მან უარეს დღეში ჩაგვაგდო".

მზე ჩადის. მივდივართ ჯერ ფირდოუსის, შემდეგ კი ვალიასრის მოედანზე, სადაც მთავრობის მომხრეები ყოველ საღამოს იკრიბებიან თავიანთი ლიდერების მოწოდების პასუხად, რომ ირანელმა ხალხმა სიმტკიცე და დაუმორჩილებლობა გამოავლინოს. მოედანზე სკამები თანდათან შეივსო. იწყება თავისუფალი დებატები ღია ცის ქვეშ, თემაზე "მხარს უჭერდა თუ არა ირანის ყოფილი ლიდერი აშშ-სთან მოლაპარაკებას". ქალები საკმაოდ აქტიურობენ და დებატებში ერთვებიან. სცენაზე მდგომი მოდერატორი ამბობს, დაღუპული აიათოლა თავდაპირველად მტერთან მოლაპარაკების წინააღმდეგი იყო, ბოლოს კი დიალოგს დათანხმდაო. ერთ-ერთი ქალი, მთლიანად შავებში ჩაცმული, დროშით ხელში დგება და მოდერატორს ხმამაღლა ეუბნება: "იცი, იმ დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მუდამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ლიდერი დასავლეთს არასოდეს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ ამერიკელები მოგვატყუებდნენ".

გარკვეული დროის შემდეგ თემა ფართოვდება: შუახნის ქალი მიკროფონს იღებს და აცხადებს, რომ ირანელმა ქალებმა ტრადიცია უნდა გააგრძელონ, ჰიჯაბის ტარება მნიშვნელოვანია. "მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრებიც ნუ ვიქნებით მათ მიმართ, ვისაც მისი ტარება არ სურს. ახლა მთავარია ეროვნული ერთიანობის შენარჩუნება", - მოულოდნელად განაცხადა ქალმა.

ამ დროს ერთი გოგონა ირანის დროშითა და ქვეყნის ახალი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის პორტრეტით ხელში ჩვენთან მოდის და ინგლისურ ენაზე გვეუბნება: "ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა გავმართოთ". 19 წლის როქსანა თეირანის უნივერსიტეტში მიკრობიოლოგას ეუფლება. ის არ პასუხობს ჩვენს კითხვას, რატომ არ გამოდის მოჯთაბა ხამენეი მოსახლეობის წინაშე, და ამბობს, რომ ახლა ირანის ბედი ახალი ლიდერის ხელშია - "აწმყოც და მომავალიც". უკვე ბინდდება და მოედნიდან წასასვლელად ვემზადებით. უეცრად ძრავების გუგუნი ისმის, რომელიც თანდათან ძლიერდება: გამოჩნდნენ მოტოციკლებზე ამხედრებული მოლების კოლონები, თეთრი ჩალმებით, კამუფლირებული ფორმითა და მხარზე გადაკიდებული შაშხანებით - ეს ირანის კიდევ ერთი დღევანდელი რეალობაა. კოლონებმა გრიალით ჩაგვიარეს".

გიორგი კვიტაშვილი