მფრინავი თეფშები უცხოპლანეტელებისგან თუ დედამიწელი პოლიტიკოსების შეცდომების გადაფარვის ცდები?
2026 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო პენტაგონის იმ დოკუმენტების ფართომასშტაბიანი დეკლასიფიკაცია, რომლებიც დაკავშირებული იყო ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ანომალიურ მოვლენებთან. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ამ ერთ დროს სრულიად გასაიდუმლოებული დოკუმენტების განსაიდუმლოების შემდეგ საზოგადოებამ თავად უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას უცხოპლანეტელების არსებობა და როგორ შეიძლება იყვნენ ისინი დაკავშირებული ჩვენს პლანეტაზე დროდადრო მომხდარ გამოუცნობ მოვლენებთან.
კონსპიროლოგებს ათწლეულებია ისედაც "აბოდებთ"“უცხოპლანეტელების მფრინავი თეფშები და მათთვის საუკეთესო საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ეს მოულოდნელი და თამამი გადაწყვეტილება, რომ გახსნას პენტაგონის "მფრინავ თეფშებთან" დაკავშირებული ზესაიდუმლო ფაილები, მაგრამ რაში აწყობს ეს თავად ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ისედაც თავზე საყრელად დაუგროვდა პოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემები, თუნდაც ირანთან ომის ჩიხში შესვლასთან ან "ეპშტაინის სიასთან" დაკავშირებული?
შეიძლება სწორედ ამ პრობლემების დაგროვება გახდა იმის მიზეზიც, რომ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დღევანდელ ბინადარს სურს მილიონობით ამერიკელი ამომრჩევლის ყურადღების გადატანა სწორედ უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებზე, რადგან ნაკლები კითხვა დარჩეს იმაზე, თუ რას აკეთებდა შედარებით ახალგაზრდა ტრამპი თავისი მეგობრის ეპშტაინის იმ კუნძულზე, რომელიც თანამედროვე "სოდომად და გომორად" ასოცირდება?
ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერისგან ანალოგიური ქმედებები, როდესაც ცდილობდნენ თავიანთი შეცდომები გადაეფარათ სხვა თემებით, არაერთხელ გვინახავს. გავიხსენოთ თუნდაც აშშ-ის შეტევა ყოფილი იუგოსლავიის სერბეთზე 1999 წელს, რომელსაც წინ უძღოდა სექსსკანდალი, დაკავშირებული აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მის სტაჟიორ მონიკა ლევინსკისთან, რის შემდეგაც ენამწარე ჟურნალისტებმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი "ორალურ კაბინეტად" გადანათლეს და იმ ურთულეს პერიოდში პრეზიდენტ კლინტონს, რომელსაც იმპიჩმენტი დაემუქრა, სულზე მოუსწრო ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყებამ და ამერიკული მასმედიის ყურადღების გადატანამ საბრძოლო მოქმედებების გაშუქებაზე.
ან გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლები, როდესაც 1985 წლიდან მოყოლებული საბჭოთა ტელევიზიის ეკრანებზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ათასი ჯურის ექსტრასენსები, მათ შორის კაშპიროვსკი, რომელიც ტელეეკრანიდან "უმუხტავდა" წყალს მილიონობით საბჭოთა მაყურებელს და აჯერებდა, რომ მისი დალევის შემდეგ ისინი ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებოდნენ.

საბჭოთა პერიოდში კა-გე-ბე რომელ კაშპიროვსკის მიასუნინებდა სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში, რომ არ ყოფილიყო თავად გორბაჩოვის, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერის პირადი ბრძანება, რომელიც ამ სახით ცდილობდა მაღაზიების ცარიელი თაროების შემყურე მილიონობით მოქალაქის ყურადღების სხვა თემაზე გადატანას.
შემთხვევითი არ არის, რომ მფრინავი თეფშების თემა საბჭოთა კავშირშიც პოპულარული სწორედ 1980-იანი წლების შუახანებიდან გახდა, მათ შორის მაშინდელ თბილისშიც, როდესაც უცხოპლანეტელები სად არ "ელანდებოდათ". მაგრამ არის თუ არა ეს ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის ინიციატივა საზოგადოების ყურადღების გადასატანად? ისიც ხომ რეალობაა, რომ კვლავ ძალიან ბევრი ისეთი ანომალიური მოვლენა დაგროვდა, რომელთა დასაბუთებული ახსნა არც მეცნიერებს და არც სამხედროებს არ შეუძლიათ?
აშშ-ის თავდაცვის, უფრო სწორად, ომის სამინისტრომ (როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა გადაარქვა სახელი პენტაგონს) 2026 წლის 8 მაისს პირველად გამოაქვეყნა 161 ფაილი, რომლებშიც ნახსენებია "ამოუცნობი მფრინავი ობიექტები" და "უცხოპლანეტელები", თუმცა ამ ფაილების გაცნობის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი მათგანის ნდობა, სერიოზულობა და შესაბამისად, ღირებულება, ცოტა საეჭვოა. მაგალითად, ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ფაილში წერია, რომ ეფ-ბი-აიმ დაკითხა პირი, რომელსაც 1944 წელს გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას დაუნახავს "მრგვალი მანქანა, რომელიც ჰაერში აფრინდა", 1955 წლის ფაილში კი მოყვანილია თვითმხილველის ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის ერთ-ერთი სამხედრო აეროდრომიდან აფრინდა "არატრადიციული" ფორმის თვითმფრინავი და მოცემულია ხელით ნახატიც, რომელზეც გამოსახული კონფიგურაცია წააგავს იმ საბჭოთა მიგ-17 ტიპის გამანადგურებელს, რომელთა განთავსება სწორედ 1950-იანი წლების შუა ხანებში დაიწყეს ამიერკავკასიის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საბჭოთა სამხედრო აეროდრომებზე.
თუმცა შორს რომ არ წავიდეთ, ერთი გასაიდუმლოებული ფაილი საქართველოსაც კი ეხება. 2001 წლის 30 ოქტომბერს რუსეთში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ ვაშინგტონში დაშიფრული შეტყობინება გაგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ... საქართველოს თავზე "ამოუცნობი მფრინავი ობიექტები" გააქტიურდნენ და კოდორის ხეობა დაბომბეს. ამერიკელი ელჩი თეთრ სახლს ატყობინებდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მამედოვი მასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფდა რუსული ავიაციის მოქმედებას საქართველოს ცაში და "მფრინავი თეფშების" ოინებზე გადაჰქონდა ყურადღება. არადა, 28 ოქტომბერს საქართველოს კოდორის ხეობაში (რომელსაც მაშინ ქართული მხარე აკონტროლებდა) სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან მართლაც შემოფრინდნენ ოთხი რუსული თვითმფრინავი და ექვსი შვეულმფრენი, რომლებმაც დაბომბეს კოდორის უღელტეხილის გზა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შეიარაღებული რაზმი პანკისის ხეობიდან გადავიდა დასავლეთ საქართველოში და კოდორის გავლით სოხუმისკენ მიემართებოდა.
თავის საიდუმლო შეტყობინებაში 25 წლის წინ ამერიკელი ელჩი ვერშბოუ წერდა:
"ვარაუდი, რომ ეს შეიძლება უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ, სასაცილო იქნებოდა, დარღვევების სერიოზულობის გარეშე. სავარაუდოდ, რუსეთი ცდილობდა ხეობაში მყოფ ქართველებსა და ჩეჩნებზე ზეწოლას, აშკარად ცდილობდა ამ ჯგუფების აფხაზეთში ან რუსეთში გადაადგილების თავიდან აცილებას. ოფიციალური განცხადებები ასახავს რუსეთის ტრადიციულ ტენდენციას, თავი აარიდოს უხერხულ აღიარებას თავხედური ტყუილების გამოყენებით".
დიდი ალბათობით, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა ვერშბოუმ ვაშინგტონში გაგზავნილ ოფიციალურ საიდუმლო მოხსენებაში ახსენა სიტყვები "უცხოპლანეტელები" და "საფრენი აპარატები", ეს დოკუმენტი მოხვდა იმ საიდუმლო მასალებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა "ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან" დაკავშირებით.
პენტაგონის მიერ ამ ეტაპისთვის განსაიდუმლოებული 161 ფაილიდან ზოგში მართლაც არის ყურადსაღები ფაქტები, თუმცა არაფერი ისეთი, რაც უტყუარად დაადასტურებს უცხოპლანეტელების სტუმრობას ჩვენს დედამიწაზე, თუმცა დაველოდოთ სხვა ფაილების გასაჯაროებასაც. მანამდე კი უკრაინელები დებენ მართლაც ძალზე საინტერესო ვიდეოკადრებს, გადაღებულს მათი ქვეყნის ცაში _ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენჯერმე მიმართავს დრონის ვიდეოკამერას ცაში დაახლოებით 800 მ-ის სიმაღლეზე უძრავად ჩამოკიდებული მოზრდილი ობიექტისკენ, რომელსაც ექვსი წახნაგი აქვს. ვიდეოგადაღება თბოვიზორულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელზეც ეს ექვსივე წახნაგი, ისევე როგორც "ამოუცნობი მფრინავი ობიექტის" "ცხვირი", დიდ სითბოს გამოყოფენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი უპილოტო სისტემების დარგში სერგეი ბესკრესტნოვი, იგივე "ფლეში", რომელმაც გაავრცელა ეს ვიდეოკადრები, აცხადებს, რომ როდესაც მან ჯერ კიდევ 2023 წელს გაავრცელა სხვა ფოტოკადრები, სადაც აღბეჭდილია ფრონტის ხაზზე უკრაინის ცაში მფრენი მოგრძო ფორმის "ამოუცნობი მფრინავი ობიექტი", ამ ინფორმაციით მაშინვე დაინტერესდა უკრაინის სამხედრო დაზვერვა. როგორც ირკვევა, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საიდუმლო დოსიე, სადაც თავს იყრის ყველა ის დოკუმენტი, რაც შეეხება "ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს", დაფიქსირებულებს უკრაინის ცაში.
უკრაინის გენშტაბში არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ ომის პერიოდში უკრაინის ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში გამოჩენილი "ამოუცნობი ობიექტები", უცხოპლანეტელებს კი არა, შესაძლოა კონკრეტულ ქვეყანას, კერძოდ, რუსეთის არმიას ეკუთვნოდეს და ამ ზესაიდუმლო შეიარაღებით ის ცდილობს სადაზვერვო და შეტევითი საიდუმლო ოპერაციების ჩატარებას უკრაინის წინააღმდეგ. რაც შეეხება ექვსწახნაგა "ამოუცნობი მფრინავი ობიექტის" ვიდეოკადრებს, სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს ჰაერში ერთ ადგილზე "ჩამოკიდებული" სადაზვერვო აეროსტატი, თუმცა ბევრი სხვა ვერსიაც იარსებებს.
"უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშებზე" ინფორმაციის გავრცელება 1947 წლიდან მასობრივად დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის ქალაქ როზუელთან "ამოუცნობი მფრინავი ობიექტისა" და "დაღუპული უცხოპლანეტელების" თაობაზე მაშინდელმა ამერიკულმა ყვითელმა პრესამ უდიდესი სენსაცია ააგორა. თუმცა იქ, სავარაუდოდ, ავარია განიცადა არა "უცხოპლანეტელების მფრინავმა თეფშმა", არამედ ამერიკულმა იმდროინდელმა ზესაიდუმლო სადაზვერვო აეროსტატმა, რომელსაც ცდიდნენ, რათა მაღალ სიმაღლეზე ფრენისას აეროსტატს ძალიან მგრძნობიარე მიკროფონების საშუალებით შორი მანძილიდან დაეფიქსირებინა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოცდისას წარმოქმნილი ბგერითი ტალღების გავრცელება.
მას შემდეგ განვლილი თითქმის რვა ათეული წლის განმავლობაში არაერთი დიდი სენსაცია აგორდა მფრინავ თეფშებთან დაკავშირებით, რომელთა უდიდესი ნაწილი ისევ ყვითელი პრესის "ოინები" გახლდათ, თუმცა მართლაც არის დაფიქსირებული ისეთი ფაქტებიც, რომელთა ამოხსნა არც მეცნიერებს და არც სამხედროებს დღემდე არ შეუძლიათ.