"რომ არა მამიდაჩემი, მქონდა შანსი, ქუჩაში შავი გაგების სამყაროს წოდებიანი წარმომადგენელიც კი ვყოფილიყავი“
"წყალში ქვა ჩაგიგდიათ? ჯერ პატარა წრეები კეთდება, მერე თანდათან იმის მიხედვით დიდდება, რამდენად ღრმაა წყალი. ადამიანის სიღრმეს გარკვეულწილად მისი "გარემოცვა" განაპირობებს. მნიშვნელოვანია ვისთან იზრდები და შენი "მწვრთნელი" ვინ არის", - ამბობს მსახიობი ზურაბ ანთელავა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს და ადამიანებს იხსენებს.
- მამიდა, ვენერა ანთელავა იყო ის ადამიანი, ვინც წლის და 4 თვის ასაკიდან გამზარდა, მშობლები გაცილებული იყვნენ. იმ დღიდან, როცა ჩემზე პასუხისმგებლობა აიღო, სულ ცდილობდა, სწორი ღირებულებები ჩამოეყალიბებინა. ის კომუნისტი გახლდათ, ათი მცნება და ბიბლია არ იცოდა, მაგრამ იცოდა, რომ წაქცეულისთვის ფეხი არ უნდა დაეჭირა, გაჭირვებულისთვის ხელი გაემართა, არავინ დაეჩაგრა... რომ არა მამიდაჩემის გონიერება და სწორი მიდგომები, მქონდა შანსი, ქუჩაში შავი გაგების სამყაროს წოდებიანი წარმომადგენელიც კი ვყოფილიყავი. მამიდა სულ ცდილობდა, დაკავებული ვყოფილიყავი, ცურვაზე წამიყვანა, მერვე კლასში უკვე სპორტის დამსახურებული ოსტატის ნორმატივებზე ვმუშაობდი. ევროპის ჩემპიონი მწვრთნიდა. დრო რომ აღარ მქონდა, ქუჩას ჩამოვშორდი. მამიდამ მასწავლა პატივისცემა ქალის და საკუთარი თავის მიმართაც. ის კიროვის სახელობის ქარხანაში მუშაობდა. 5-6 წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, მქონდა სახლის გასაღები, ვიცოდი ფული სად იდო, რა უნდა მეყიდა და რამდენი. მამიდა მეუბნებოდა, ეს თანხა გაქვს და შენ თუ გინდა დღეს დახარჯე, მაგრამ მერე ერთი კვირა აღარაფერი გექნებაო. ამ დეტალების მნიშვნელობას სულ მიხსნიდა.
სოფელ შამგონაში ბაბუასთან რომ ჩავდიოდი, მეუბნებოდა, იცოდე, ასეთი ქცევა არ გეკადრება, შენი გვარის პატრონს არ შეგეფერება. ბავშვმა ხომ არ იცის, რა არის კარგი, რა ცუდი. წყალი ღარში თუ არ მოაქციე, გაიშლება და დაიკარგება, ასეა ადამიანიც, სწორი ღირებულება უნდა მისცე, ესაა აღზრდა. ბედნიერებაა, როცა ოჯახში ერთ ჭერქვეშ 3 თაობა ცხოვრობს. შეგეძლო უფროსის შეცდომა შენ მიგეღო, როგორც გამოცდილება, მისგან გესწავლა. ახლა ბავშვისთვის შენიშვნა ვეღარ მიგიცია, მაბულინგებო, გეტყვის და იქით გემუქრება. ქართველებს გვჭირს უკიდურესობები. წვრთნა ყოველთვის რთულია, მაგრამ შედეგია კარგი...
ასე ვიყავი მეცხრე კლასამდე, სანამ პიონერთა სასახლეში მხატვრული კითხვის წრეზე არ ამოვყავი თავი. მამიდამ იქაც ძალით წამიყვანა. რეზო მირცხულავამ ინტერესი გამიჩინა, ოლიმპიადებზე გამოვდიოდი, ვერცხლის პრიზიორი ვიყავი, საქართველოს რადიოში ბავშვთა რედაქცია აქტიურად მუშაობდა, ოქროს ფონდში ჩემი ლექსი ჩაიწერა. ოლიმპიადის კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხორავა იყო. ვაჟა-ფშაველას "ბაკური" რომ წავიკითხე, 3-წუთიანი პაუზა იყო, ვიფიქრე, ძალიან მწარედ შევრცხვი-მეთქი და დაბუჟებული ფეხებით სცენიდან ძლივს გამოვედი. რუსთაველის თეატრში ასეთი ადამიანების წინაშე გამოსვლა მარტივი იქნებოდა? ტაშმა უეცრად დაიქუხა, მოგვიანებით მეტყველების კათედრის გამგემ, ბაბულია ნიკოლაიშვილმა მითხრა, ხორავამ განკარგულება გასცა, ანთელავას ოქროს მედალი გადაეცითო. წარმოგიდგენიათ, ეს პატივი ვისგან მერგო? ამ ამბის დავიწყება შეუძლებელია.
თეატრალურში რომ ჩავაბარე, ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი მიხეილ თუმანიშვილი იყო. პედაგოგები: ნათელა ურუშაძე, ვასილ კიკნაძე, მიხეილ მაჭავარიანი, ნათელა იონათამიშვილი, დიმიტრი ჯანელიძე... ჯგუფელები მყავდნენ: მურმან ჯინორია, ლაურა რეხვიაშვილი, ქეთი დოლიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, პაატა ბარათაშვილი, დარეჯან ჯოჯუა, მზია არაბული, ბადრი კაკაბაძე, ცოტნე ნაკაშიძე... სასწაული ჯგუფი იყო.
გურამ საღარაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე მხატვრული კითხვის ოსტატობას გვასწავლიდნენ. სტუდენტებს ერთი მომენტი გვქონდა დაჭერილი. ბატონ გურამს ჩვენი წაკითხული რომ არ მოსწონდა, ზოგჯერ ბრაზდებოდა და თავად იწყებდა კითხვას, ჩვენ ამ სიტუაციას განგებ ვქმნიდით, მისთვის რომ მოგვესმინა. ის კიდევ მშვიდად გვეუბნებოდა, ბავშვებო, ნუ იქცევით ასე, რას აკეთებთ? სასწაული ადამიანი იყო.
სულ მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა თუმანიშვილთან, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, ის მაღალფეხება კაცი ვინ იყო. თეატრალურში მესამე ტურზე მივედი, წარვსდექი კომისიის წინაშე და ვხედავ ვიღაც კაცი ფეხი ფეხზე გადადებული ზის და მეკითხება, რატომ გინდათ, რომ თეატრალურში ჩააბაროთ? გვარად ანთელავა ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, ხორავაზე უკეთესი ვიყო-მეთქი. კარგი, გმადლობთო, მითხრა და შემდეგ მის ჯგუფში აღმოვჩნდი.

მეოთხე კურსზე ვიყავით, თუმანიშვილმა მთელი ჯგუფი კოჯორში აგვიყვანა. უძოს მთის ძირში ფერადლენტებიანი ნატვრის ხე იყო. სტუდენტებს ჩვენი სურვილები სათითაოდ ფურცლებზე დაგვაწერინა, მერე ეს ფურცლები ერთ ბოთლში ჩავყარეთ და ნატვრის ხის ძირში დავმარხეთ, ამ ფორმით ჩავუთქვით ჩვენი მომავალი. მერე მწვადის შესაწვავად წამოვედით. სამზადისს რომ შევუდექით, ჩემმა ჯგუფელმა გოგიმ თქვა, მწვადი მე უნდა შევწვაო. პედაგოგი უარზე იყო, შენ, მეგრელმა კაცმა, მწვადის შეწვის რა იციო? მაინც არ დაიშალა, შეწვა დაიწყო (ის ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა). ბატონმა მიშამ დააგემოვნა და კმაყოფილმა ღიმილიანმა ჩაილაპარაკა, აი, ესაა მწვადი, ესაა მთავარი, თუ ეს საქმე იცი, ცხოვრებაც გცოდნიაო.
ბატონ მიშას ძალიან კარგი ასისტენტები ჰყავდა. გივი სარჩიმელიძე სასწაული კაცი იყო. მეოთხე კურსზე ვიყავი, ნუგზარ ლორთქიფანიძე რომ მოვიდა და შემდეგ მას გავყევი თელავის თეატრში. მან იცით, რა გააკეთა? მე ხომ ტიტანების ჯგუფში ვსწავლობდი და თავდაჯერება მაკლდა. ნუგზარ ლორთქიფანიძემ ეს კომპლექსი მომიხსნა. როგორც შვილს, ისე მზრდიდა სახლში და როგორც მწვრთნელი, ისე მწვრთნიდა თეატრში. ჩამძახოდა, უნდა შეძლო, უნდა შეძლოო! ამ ადამიანმა ისეთი როლი მათამაშა 22 წლის ასაკში, სახელმწიფო პრემიაზე წარმადგინეს, 24 წლის კი - რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაზე. როგორ არ დაგამახსოვრდება კაცი - რომ გაიხდის და შენ ჩაგაცმევს, ლუკმას რომ გიწილადებს.
თინათინ ბურბუთაშვილს კახეთის უგვირგვინო დედოფალს ეძახდნენ, მაგის გაუკეთებელი საქმე არ არსებობდა. პირველი პრემიერის შემდეგ ხელი ჩამჭიდა, ქუჩა-ქუჩა მატარებდა და ყველას ჩემს თავს აცნობდა, იცოდეთ, ამ ბიჭს მიმიხედეთო!
ზაზა კოლელიშვილის პაპამ, ვახტანგ ჩელთისპირელმა, იცით, რა გააკეთა? იმ პერიოდში დახეული ჯინსი მეცვა, მეგობარმა მეზღვაურს გახადა გემზე და მე ჩამომიტანა. 60 მანეთი ღირდა ჯინსი, არც იშოვებოდა, უმაღლესი ხელფასი კი 110 მანეთი იყო. დროთა განმავლობაში შემომეხა ეს ჯინსი, დადნა. ბატონი ვახტანგი გაბრაზდა, დამიძახა, აქ მოდიო, დეიდა ნინას გარდერობიდან შარვალი გადმოაღებინა, ჩემი ჯინსი შინ წაიღო, თავად დამიკემსა და მეორე დღეს მომიტანა. ასეთი ადამიანების გარემოცვაში ვტრიალებდი, ეს არ იყო ბედნიერება?
ნუგზარ ლორთქიფანიძემ თელავში ვანო იანტბელიძესთან და ნინო მამულაიშვილთან ერთად წამიყვანა. პირველი გაცნობა იცით, როგორ დაიწყო? თელავის თეატრის გიგანტები სუფრებზე გვეპატიჟებოდნენ, ინტერესდებოდნენ, ვინ ვიყავით, რას წარმოვადგენდით. ხომ გაგიგონიათ, რაც ფხიზელ კაცს გულში აქვს, ნასვამს ენაზე აქვსო. ასეთ "გამოცდებს" ვაბარებდით...
თელავის თეატრში პირველი როლი იცით, როგორ მივიღე? ნუგზარ ლორთქიფანიძემ პიესის განაწილება რომ დაიწყო, მთავარი როლი პლატონ ახვლედიანს მისცა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი იყო. პლატონმა თქვა, მე არ მცალიაო. იგივე როლი გარი მანველოვს შესთავაზეს, მანაც უარი თქვა, დამინახა 2 კვირა უსაქმოდ რომ დავდიოდი, იფიქრა, ცუდ რამეს არ გადავყროდი და რეჟისორს სთხოვა, მე დავეკავებინე, თან დააყოლა, მეც ვივლი რეპეტიციებზე და თუ შევატყობ, რაღაც ისე ვერ არის, აქ არ ვიქნებიო? ასე დამითმო როლი, რაც იშვიათობაა.
სპექტაკლი "ჩემი წყალ-ჭალის ხმები" რომ დადგეს, რამდენიმე რეპეტიციაზე 5-10 წუთით დამაგვიანდა, ცოტათი თავქარიანობა მქონდა გამოყოლილი. მოგვიანებით ბატონმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა - ამ სპექტაკლზე მუშაობისას ვთქვი, ანთელავა ხვალაც თუ დაიგვიანებს, როლიდან მოვხსნიო. გათენდა და ნახევარი საათით ადრე მივედი, შემდეგ დღეებშიც ასე მოვიქეცი. წარმოიდგინეთ, მაშინ რომ ამ როლიდან მოვეხსენი, დრამატული თეატრის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობის პრიზს ვერ მივიღებდი.
მთელი ცხოვრება მახსოვს მიხეილ თუმანიშვილის სიტყვები: არასდროს არ იფიქრო სხვა რამეზე, გარდა იმისა, რასაც ჰქვია შენი საქმე. ოდნავ, ერთი წუთით თუ დაუშვებ, სხვაგან გაიხედო, ჩათვალე, როგორც მსახიობი მოკვდები, ღალატი ბუმერანგივით ბრუნდება და ცხვირიდან ძმარს გადენსო. ამის მაგალითს პირადი გამოცდილებიდან გეტყვით - მთელი ცხოვრება თეატრს ვიყავი შეწირული, 44 წლის ასაკში წავედი საზღვარგარეთ, ეს ოქროს ხანაა შემოქმედისთვის. სამშობლოში 60 წლის დავბრუნდი და თეატრმა კარი არ გამიღო. იმ წუთშივე თუმანიშვილი გამახსენდა. ის არ მიფიქრია, რომ ვიღაც არასწორად მოიქცა, იყო ბევრი სიბინძურეც, მაგრამ მიზეზის ძიება ჩემში დავიწყე. 60 წლის ასაკში დავიწყე კარდაკარ სიარული, თეატრში ადგილი რომ მეპოვა...
თამუნა კვინიკაძე