"ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა... ის გოგო გარდაიცვალა, ახლაც კი ხშირად მესიზმრება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა... ის გოგო გარდაიცვალა, ახლაც კი ხშირად მესიზმრება"

"დღემდე ვერაფრით გავბედე, ვყოფილიყავი ისეთი თავხედი, რომ მომეწყო ჩემი ცხოვრება. საკუთარ პრინციპებზე მეთქვა უარი და მხოლოდ კეთილდღეობაზე მეფიქრა", - ამბობს მსახიობი რამაზ იოსელიანი. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის ეშინია და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- მსახიობი. ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდე, სხვადასხვა ადამიანი გახდე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ისევ მსახიობი ვიქნებოდი. სხვა დეტალებსაც არ შევცვლიდი, ვერ შევცვლიდი, ყველაფერი განგების ნებაა, ზემოდანაა დაწერილი.

- ბედისწერის გჯერათ?

- მჯერა, რაც გიწერია, მაინც არ აგცდება. როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოცდილებიდან ბევრმა მაგალითმა დამაჯერა, ბედისწერა მაინც გადამწყვეტია.

- ჩემი პირველი წარმატება...

- იყო პიონერთა სასახლეში, როცა ვთამაშობდი სპექტაკლში "რობინ ჰუდი". მაქებ­დნენ და ამაზე ვგიჟდებოდი. იმ პერიოდის სასახლის ბავშვებში პოპულარული ვიყავი და ესეც მომწონდა.

- დღეს ჩემთვის პოპულარობა...

- ადამიანების სიყვარულია, სხვას არაფერს გძენს. როცა იცი, მაყურებელს უყვარხარ, პატივს გცემს, ეს უდიდესი ენერგიის მომცემია. პოპულარობა პასუხისმგებლობაცაა, სულ ფორმაში უნდა იყო, ადამიანების შენდამი სიყვარული უნდა გაამართლო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- მიხეილ თუმანიშვილს. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ ვიქნებოდი ისეთი მსახიობი, როგორიც დღეს ვარ.

- ბედნიერი ვარ...

- რომ ეს პროფესია ავირჩიე და სამუშაო მაქვს. მსახიობს უნდა ჰქონდეს ყოველთვის თავის სათქმელი, მოქალაქეობრივი პოზიცია და ა.შ.

- ჩემი სავიზიტო ბარათი...

- ჩემი როლებია.

- მათგან გამორჩეული რომელია?

- ბოლოს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი "ჰელვერის ღამე" (რეჟისორი გიორგი თავაძე) დაიდგა, ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს. ბოლომდე ვიხარჯები, დარბაზიდან უსაზღვრო ენერგია, სიყვარული და ბევრი ცრემლი მოდის, პიესა სენტიმენტალურია. ადამიანები თეატრიდან მიდიან ემოციებით ავსებული, აფორიაქებული.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ვიდგე სცენაზე. პროფესიული წყვეტის პერიოდი მქონდა, სოფელში ცხოველებს ვუვლიდი, კერამიკით ვიყავი დაინტერესებული, ახლაც მაქვს პატარა სახელოსნო, თიხაზე ვმუშაობ. როცა საქმე არ მაქვს, ამით ნერვებს ვიწყნარებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ერთგულებაა. ღალატი არ შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და ბევრჯერ წავაგე. არა უშავს, მირჩევნია, ჩემს თავთან მართალი ვიყო. ვერაფრით ვითვალთმაქცებ...

- პატიება შემიძლია...

- მარტივად, წყენა მალე მავიწყდება. რომ არ ვაპატიო, რას მოვიგებ? ნეგატივით დავმძიმდები და ჩემს თავს ვავნებ.

- ვიბნევი...

- როცა საჯაროდ მაქებენ, სადღეგრძელოებში საქებარ სიტყვებს მეუბნებიან. ვიბნევი ე.წ. პაკლონზე, კულისებში გასვლა მალე მინდა და მეჩხუბებიან, სცენაზე რატომ არ ჩერდებიო?

- ვნანობ...

- რომ ვარ სულსწრაფი და იმპულსური. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ამ და ყველა სხვა წუთშიც ძალიან მინდა, ერთი პატარა ბინა მქონდეს თბილისში, ყველა სპექტაკლის შემდეგ, სოფელში დაბრუნება რომ არ მიწევდეს, ეს ძალიან დამღლელია. წინა ხელისუფლების გადამკიდეს, ბინა აღარ მაქვს. ვერც ერთ მთავრობას ვერ "ვუძვრები", ამიტომ საცხოვრებლად გორში, სოფლად ვარ გადასული.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ძალიან ადვილია. ყველაზე მძაფრი რეაქცია უსამართლობაზე მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ბაზარში ვარ თუ თეატრში, მე მეხება თუ არა. ეს ძალიან ცუდი თვისებაა.

- მეზარება...

- არაფერი.

- არ მიყვარს...

- ხალხმრავალ სუფრებზე ყოფნა, 5-6 ადამიანი და მყუდრო გარემო მირჩევნია. უცხო ხალხთან ქეიფიც არ მიყვარს, დისკომფორტი მაქვს.

- სიყვარული ეს...

- არის ავადმყოფობა, რომელიც არ რჩება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- მესამე კლასში ვიყავი, გოგონა ჩემი კლასელი იყო, ნაწნავებს ვწიწკნიდი, ეს იყო ჩემი სიყვარულის გამოხატულება. პატარა ბუშტებს ვბერავდი და მისთვის მიმქონდა.

ნამდვილი გრძნობა მთელი ცხოვრება თან გდევს, სულ შენთანაა. არ აქვს მნიშვნელობა, დაშორდები იმ ადამიანს თუ არა, ის მაინც შენი ნაწილი ხდება.

- ასეთი სიყვარული გქონდათ?

- დიახ, ეს დიდი გრძნობა იყო, რომელიც ჩემთან დარჩა, მომყვება და მომყვება. ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა, მას სხვა ცხოვრება ჰქონდა, მე - სხვა. სამწუხაროდ, ის გოგო გარდაიცვალა, ახლაც კი ხშირად მესიზმრება...

- მაკვირვებს...

- ორპირობა. ასეთი როგორ უნდა იყო? ღალატს მიჩვეული ვარ, ეგ აღარ მაკვირვებს, უფრო მაბრაზებს. მაკვირვებს შეუმჩნევლობა, სხვისი ნიჭიერების არ დანახვა, შური... უკვე იმდენი წლის ვარ, იმდენი ტკივილი, ღალატი და შური ვნახე, აღარაფერი უნდა მაკვირვებდეს, მაგრამ მაინც მიკვირს - ცხოვრება დაუნდობელია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- კარგმა სიტყვამ, ღიმილმა, გულიანმა მოკითხვამ, ჩიტების ჭიკჭიკმა, ბუნებასთან სიახლოვემ...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ბევრს ვთმობ და ვთმობ. ჩემი პროფესიის ზოგიერთ ადამიანთან იმდენი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ თქმას რა აზრი აქვს? მან არ იცის, რასაც აკეთებს?

- ვამაყობ...

- იმით, რომ კარგი, უღალატო მეგობრობა შემიძლია.

- მეშინია...

- მარტოობის, სიკვდილის - არა. განმარტოება სხვა რამ არის, ახლაც ჩემს სოფელში ვარ განმარტოებული, ფისო კალთაში მიზის, ძაღლი კარებთან დგას და მიყურებს, მაგრამ მარტოობა მაშინებს, წლები რომ მემატება, უთეატროდ, უყველაფროდ არ დავრჩე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ნურავის გადაყვებიო. მე სხვაგვარად არ შემიძლია, გადაყოლა ვიცი, მერე გული მტკივა.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ვყოფილიყავი ისეთი თავხედი, რომ მომეწყო ჩემი ცხოვრება. საკუთარ პრინციპებზე მეთქვა უარი და მხოლოდ კეთილდღეობაზე მეფიქრა.

- პიროვნული თავისუფლება...

- ძნელად ასახსნელი რამ არის, არ მგონია, ვინმე თავისუფალი იყოს, ასეთი ადამიანი არ არსებობს. დაბადებიდან ყველას ჩვენი ვალდებულებები გვაკისრია, ვიღაცაზე ან რაღაცაზე ვართ დამოკიდებული და ამ ვითომ თავისუფლებას ვიგონებთ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- გავხსნიდი სახლს მოხუცებისთვის, საავადმყოფოს, საბავშვო ბაღს, სკოლას და მერე გავხსნიდი თეატრს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ჩემთვის სახლში ვიკეტები, რაღაცას ვაკეთებ ან ვკითხულობ. სხვა საქმეს ვპოულობ, ყურადღება რომ გადავიტანო. წუწუნი არ მიყვარს, შეიძლება ჩემს პრობლემაზე 2 ან 3 მეგობარს ვუამბო. იმ ტკივილს, რომელიც შენ გაქვს, თავის თავზე ვერავინ აიღებს, ყველამ თავისი ტკივილი თავად უნდა მოინელოს.

- მენატრება...

- მშობლები, დედაჩემის სუნი, ხმა მენატრება. მიშა თუმანიშვილი მენატრება და ჩემები, ვინც ამ ქვეყნად აღარ არიან.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ერთხელ მიშა თუმანიშვილმა მითხრა: "შენ რასაც ფიქრობ და ამბობ, სხვებიც ფიქრობენ, მაგრამ ისინი არ ამბობენ, გაჩერდი, თავს ნუ ვნებ!"

- დაბოლოს გეტყვით...

- ყველაფერი წარმავალია, დრო მკურნალია, რაზეც ახლა ვნერვიულობთ, შეიძლება რაღაც პერიოდი გავიდეს და იმ ამბავზე გაგვეცინოს, ამიტომ სჯობს, თავიდანვე იუმორით შევხედოთ, მივყვეთ დინებას, მაგრამ ცუდი საქმეები არ ვაკეთოთ, ნურაფერი ნუ გაგვაბოროტებს!

თამუნა კვინიკაძე