პრეზიდენტი, რომელმაც მოწინააღმდეგეები შეჭამა - "დედამიწის ყველა ცხოველისა და ზღვის თევზების მბრძანებელი და შოტლანდიის უგვირგვინო მეფე"
უგანდის დიქტატორი იდი ამინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ და დესპოტ ლიდერად ითვლება. მისი სრული ტიტული ასე ჟღერს: "მისი აღმატებულება, სამუდამო პრეზიდენტი, ფელდმარშალი ალ-ჰაჯი, დოქტორი იდი ამინი, დედამიწის ყველა ცხოველისა და ზღვის თევზების მბრძანებელი, ბრიტანეთის იმპერიის დამპყრობელი სრულიად აფრიკაში და კერძოდ, უგანდაში, შოტლანდიის უგვირგვინო მეფე!..".
მკვლევარები წერენ, რომ ის იყო ექსცენტრული და ეგზოტიკური ეგოცენტრიკი, ძალიან დამაჯერებელი და ზოგჯერ მომხიბვლელიც კი. თუმცა ამ ყველაფერს მისთვის ხელი არ შეუშლია, "უგანდის ჯალათი" გამხდარიყო.
"უგვირგვინო მეფე"
მის მრავალრიცხოვან თვითმინიჭებულ ტიტულებს შორის განსაკუთრებით აბსურდული იყო ერთი: "შოტლანდიის უგვირგვინო მეფე". ამინმა არაერთხელ განაცხადა შოტლანდიის ინგლისელებისგან გათავისუფლების განზრახვის შესახებ, გარშემომყოფებს აიძულებდა შოტლანდიური მუსიკა მოესმინათ, ხოლო საუდის არაბეთის მეფის დაკრძალვას კილტით დაესწრო.
1975 წელს იდი ამინმა შეერთებულ შტატებს ომი გამოუცხადა. თუმცა ვაშინგტონმა პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ დიქტატორმა ომი დასრულებულად და ამერიკა დამარცხებულად გამოაცხადა.
უკიდურესად სასტიკი
იდი ამინი დაიბადა 1923 ან 1925 წელს. დედამისი მთელ უგანდაში ცნობილი ტრადიციული მკურნალი იყო. უზარმაზარი ფიზიკური ძალის მქონე ორმეტრიან გიგანტს უჭირდა აკადემიური განათლების მიღება -ზრდასრულ ასაკში წერა ძლივს ისწავლა, ამიტომ წარმატების საძიებლად სამხედრო სამსახური აირჩია. 1946 წელს ბრიტანეთის სამეფო მსროლელთა აფრიკულ პოლკს შეუერთდა. ოფიცერი ამინი ათი წლის განმავლობაში იბრძოდა სომალიში, კენიასა და უგანდაში, სადაც სადისტის რეპუტაციით სარგებლობდა. დაკავებულთა ცემისა და წამების გამო ის რამდენჯერმე ძლივს გადაურჩა სამსახურიდან გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ამინის უკიდურესმა სისასტიკემ ხელი შეუწყო მის წოდებრივ დაწინაურებას და ეფენდის ტიტულიც მოიპოვა - უმაღლესი წოდება ბრიტანეთის არმიაში, რომელიც შავკანიან მამაკაცს შეუძლია მიიღოს.
სამხედრო სამსახურის პარალელურად ამინი გახდა უგანდის ჩემპიონი კრივში მძიმე წონაში და ეს ტიტული 1951-დან 1960 წლამდე ეკავა. როგორც თანამებრძოლები ხუმრობდნენ, კრივი მას საბრძოლო მასალის დაზოგვაში დაეხმარა - რატომ უნდა ესროლო, როცა შეგიძლია მუშტებით მოკლა?!
მტრის ხორცის მჭამელი
ამინმა საშინელი შიში ჩანერგა არა მხოლოდ ქვეშევრდომებსა და მოწინააღმდეგეებში, მისმა ქმედებებმა შეაშინა ბრიტანეთის ადმინისტრაციაც კი, რომელიც მიუხედავად ამისა, მაინც განაგრძობდა მისი სამხედრო წვრთნების მხარდაჭერას. უგანდის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამინს მიეცა თავისი ყველაზე ბნელი იმპულსების გამოვლენის საშუალება.
როგორც ამბობენ, ტურკანას ხალხის ამბოხის ჩახშობისას, ის პირადად ასახიჩრებდა მამაკაცებს - აჭრიდა სასქესო ორგანოებს და ჭამდა. ჰყვებოდნენ იმასაც, რომ ამინი მტრების მოკვეთილ თავებს მაცივარში ინახავდა, ადამიანის ხორცისგან კი დიდი სიამოვნებით ამზადებდა "დახვეწილ" კერძებს.
კორუფცია და ინტრიგები
დამოუკიდებელ უგანდაში ამინი პოლკოვნიკის წოდებამდე ავიდა და პრემიერ-მინისტრ მილტონ ობოტესთან ერთად ოქროს, ყავისა და სპილოს ძვლის კონტრაბანდის ოპერაციებში ჩაერთო. ამ გარიგებებიდან მიღებულმა უზარმაზარმა მოგებამ დიდწილად განაპირობა მისი გავლენის გაფართოება და სამხედრო ძალაუფლების განმტკიცება... როდესაც მეფე-პრეზიდენტმა მუტესა მეორემ კონტრაბანდის საქმეზე საპარლამენტო გამოძიება დაიწყო, შურისძიება მყისიერი იყო: კონსტიტუცია შეაჩერეს, მინისტრები დააპატიმრეს, საპრეზიდენტო სასახლე შტურმით აიღეს, მეფე-პრეზიდენტი კი იძულებული გახდა გაქცეულიყო.
შედეგად, ობოტემ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამინი კი არმიისა და საჰაერო ძალების მთავარსარდალი გახდა. თუმცა, ობოტემ ზუსტად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ამინის განეიტრალება სცადა - 1971 წელს, საზღვარგარეთ, უსაფრთხო მანძილზე ყოფნისას, ობოტემ ამინის დაპატიმრება ბრძანა. ამინმა კი მას მყისიერად უპასუხა სახელმწიფო გადატრიალებით და თავი უგანდის სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადა. რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში (1971-79 წწ), მისმა რეჟიმმა, სავარაუდოდ, 300 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
მძვინვარე პოპულიზმი
პრეზიდენტმა ამინმა თავი "უგანდის მხსნელად" გამოაცხადა და ხალხს დემოკრატიულ არჩევნებსა და პოლიტიკურ თავისუფლებას დაჰპირდა, რომელთაგან არც ერთი არასდროს განხორციელებულა.
როდესაც არქეოლოგებმა რუენზორის მთებში პრეისტორიული ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, ამინმა ის მის შორეულ წინაპარად და დედამიწაზე პირველ ადამიანად გამოაცხადა. "მე თქვენი მამა და მსოფლიოში ყველა ერის მამა ვარ. მე ყველაფერი ვიცი თქვენს შესახებ. თითოეულ თქვენგანში ვცხოვრობ, ვიცი თქვენი იმედები და ოცნებები" - ამ სიტყვებმა ხალხი აღაფრთოვანა.
კანიბალ დიქტატორს საოცარი ქარიზმა ჰქონდა და ბრბო ჰიპნოზში შეჰყავდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები და დაშალა "საიდუმლო პოლიცია", თუმცა მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად "მკვლელთა რაზმები" შექმნა.
ეთნიკური წმენდა
უგანდაში ეთნიკური წმენდა დაიწყო, რომლის სამიზნეც ძირითადად აჩოლისა და ლანგოს ხალხები იყვნენ - ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ტანზანიაში გადასახლებული ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, ობოტეს მხარდამჭერებად ითვლებოდნენ. თავდაპირველად წმენდა არმიაში დაიწყო და მალევე გავრცელდა მშვიდობიან მოსახლეობაზეც, რაც ტანზანიის ქალაქების საჰაერო დაბომბვით დასრულდა.
მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში ტერორს 10 000 ადამიანი ემსხვერპლა. რეჟიმი განსაკუთრებით არ ინდობდა მათ, ვისი გვარიც ასო „O“-თი იწყებოდა, როგორც ეს ობოტეს შემთხვევაში იყო.
წამების მთავარი ადგილი კამპალაში მდებარე "ნილ მენშენის" სასტუმრო გახდა, ხოლო მსხვერპლთა "განკარგვის ცენტრად" კარუმას ჩანჩქერთან ახლოს მდებარე ნიანგების ფერმა იქცა, სადაც რეპტილიებს ადამიანის ხორცით კვებავდნენ. ოპერაცია მომგებიანიც იყო - მოკლულთა ოჯახებს დასაკრძალად ცხედრების გამოსყიდვა უწევდათ.
განტევების ვაცი
1972 წლისთვის ამინმა გააცნობიერა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება იზრდებოდა და უგანდელებს მყისვე განტევების ვაცი შესთავაზა. მან ქვეყნის პრობლემებში დაადანაშაულა ინდოელები, რომლებიც ბრიტანელებმა უგანდაში ეკონომიკის განვითარების მიზნით ჩაიყვანეს. ვაჭრობაში, მრეწველობასა და საჯარო სამსახურში დომინირების გამო, ინდოელთა თემი ძალზე ეფექტური აღმოჩნდა. ამინმა 70 000 აზიელს უბრძანა, დაეტოვებინათ ქვეყანა და "ადგილი გაეთავისუფლებინათ" ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ღმერთმა მას უბრძანა, უგანდა "შავკანიანთა ქვეყნად" გადაექცია. უგანდელებმა ამ ნაბიჯს მხარი დიდი ენთუზიაზმით დაუჭირეს. აზიელებთან "ეკონომიკური ომის" პარალელურად, ამინმა 85 ბრიტანული ბიზნესკომპანია, აზიელთა სახლებთან ერთად, პრივილეგირებულ სამხედრო ოფიცრებსა და საკუთარ მეგობრებს გადასცა საკუთრებაში, რათა მათი ერთგულება უზრუნველეყო.
ქვეყანამ ღირებული პროფესიონალები დაკარგა, სამაგიეროდ, ბიზნესის მართვაში სრულიად გამოუცდელმა, არაპროფესიონალმა უგანდელებმა სწრაფად გაანადგურეს ქვეყნის მთელი ეკონომიკა. ერი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლო, ამას ემატებოდა წამების სისტემური მანქანაც...
მეგობრობა ტერორისტებთან
ამინი აქტიურად თანამშრომლობდა სსრკ-სთან, ყიდულობდა იარაღს და არმიის რაოდენობა სამჯერ გაზარდა. 1973 წელს მხარი დაუჭირა ეგვიპტესა და სირიას ისრაელის წინააღმდეგ ომში. გაწყვიტა კავშირი ისრაელთან, სამაგიეროდ, მჭიდრო კავშირები დაამყარა ლიბიასა და სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მათ შორის, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან (PLO). 1976 წლის ივნისში ტერორისტები უგანდის აეროპორტში დაეშვნენ გატაცებული Aირ Fრანცე-ის თვითმფრინავით, რომლის ბორტზეც ებრაელი მძევლები იმყოფებოდნენ. ამინმა პირადად მიიღო ტერორისტები და მიაწოდა იარაღი. თუმცა, ისრაელმა უგანდაში სასწრაფოდ გადასხა დესანტი და გაბედულმა კომანდოსებმა წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. ოპერაციის დროს ტერორისტებთან ერთად დაიღუპნენ ამინის ჯარის მებრძოლებიც. როგორც ამბობენ, განრისხებულმა ამინმა რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯა ბრძანა, მათ შორის იყო ბრიტანელი მძევალიც, რომელიც იმ დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა.
დევნის მანია
შეშლილი დიქტატორი შიშებით იყო შეპყრობილი და მას უკიდურესი დევნის მანია დაეწყო. აბსურდული რაოდენობის მცველებით გარშემორტყმული, მუდმივად იცვლიდა მანქანებსა და საცხოვრებლებს. ეჭვის ქვეშ მოექცა მისი ოთხი (ზოგი ვერსიით ხუთი) ოფიციალური ცოლიც - საუკეთესო შემთხვევაში, მათთან ურთიერთობა განქორწინებით მთავრდებოდა, უარეს შემთხვევაში კი ისინი რეანიმაციაში ხვდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დიქტატორმა საკუთარი ხელით მოკლა ორი ცოლი. თანაშემწეები ჰყვებოდნენ, რომ შეშლილი მანიაკი შვილებთან ერთად სადილობის დროს მაგიდასთან "სვამდა" მოკლული ცოლებიდან ერთ-ერთის ცხედარს და შვილებს ეუბნებოდა, რომ ასე მაშინ ხდება, როდესაც "ცუდი დედა" მას არ ემორჩილება!
სიცოცხლის ბოლო წლებში ამინს დაცვის დაქირავება სუდანიდან და ზაირიდან მოუწია. პირადი მცველები ერთმანეთის მიყოლებით გარბოდნენ შეშლილი ტირანისგან, რომელიც ყველგან შეთქმულებას ხედავდა. გარბოდნენ ჯარისკაცებიც - ეთნიკური უგანდელები იმ დროისთვის არმიის 25%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. თუმცა შეთქმულება მართლაც მწიფდებოდა - უგანდელებს ყელში ამოუვიდათ კანიბალი ტირანი!
როდესაც ამინის სისასტიკის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში გავრცელდა, დასავლური სამყარო შეძრწუნებული იყო. აღმოსავლეთის ბლოკიც კი შეძრა მისმა წრეგადასულმა ბოროტებამ. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: საბჭოთა იარაღის გამოყენებით ამინი შეიჭრა ტანზანიაში - ქვეყანაში, რომელსაც ასევე მხარს უჭერდა სსრკ.
ამინს ყველამ ზურგი აქცია! ხოლო როდესაც ტანზანიის ჯარები საპასუხოდ უგანდაში შევიდნენ, მისი რეჟიმი ქაღალდის ხუხულასავით დაიშალა. ამინი ლიბიაში გაიქცა და მოგვიანებით საუდის არაბეთში დასახლდა. საუდის არაბეთის მეფე ფეისალ I-თან მეგობრობის წყალობით, სიცოცხლის ბოლომდე ფუფუნებაში ცხოვრობდა წითელი ზღვის პირას მდებარე ვილაში.
დიქტატორის აღსასრული
სიცოცხლის ბოლო წლებში ამინი ჭარბწონიანი იყო და ჰიპერტენზიითა და ქრონიკული დაღლილობით იტანჯებოდა. 2003 წლის 18 ივლისს ის კომაში ჩავარდა, თითქმის ერთი თვის თავზე კი, 2003 წლის 16 აგვისტოს, საუდის არაბეთის მეფის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას არასდროს უღიარებია დანაშაული და დარწმუნებული იყო, რომ უგანდა მის გარეშე უარეს მდგომარეობაში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, სისხლიანმა ტირანმა ვერასდროს შეძლო მტანჯველი შიშებისგან თავის დაღწევა - მაშინაც კი, როდესაც კომაში მყოფი დიქტატორი სიკვდილს ებრძოდა, გარს უამრავი მცველი ეხვია, თუმცა, მათგან არც ერთი არ იყო უგანდელი...
შორენა ბიწაძე