თვალისჩინდაკარგული, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი - კვირის პალიტრა

თვალისჩინდაკარგული, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი

მედიკოსების ოჯახში დაბადებულმა ელადა ქაროსანიძემ თავადაც ექიმის პროფესია აირჩია. წლების განმავლობაში გორისა და წყალტუბოს რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იმუშავა. ახლა კი, უსინათლოდ დარჩენილი, მომავალს მაინც იმედიანად უყურებს.

- დედა მედდა იყო, მამა - ექიმი-თერაპევტი. მეც ექიმობა გადავწყვიტე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სტუდენტობისას ჯგუფხელი ვიყავი, ჩვენი ჯგუფი სულ აქტიურობდა, ყველგან ჩვენ ვჩანდით. ფაკულტეტის დეკანმა ლევან ავალიანმა ჩვენი ჯგუფი "რაბოჩი ბატალიონად" მონათლა და ხშირად ხუმრობით გვეტყოდა ხოლმე, ბავშვებო, მთელი ფაკულტეტის ბიუჯეტი თქვენ ხომ არ უნდა წაიღოთ, ცოტა დაისვენეთო. ყველაზე რთული საგანი ჰისტოლოგია იყო. გამოცდის დროს, მღელვარება რომ გაგვენეიტრალებინა, აუდიტორიის კართან დავდექით და "წინწყაროს""ღიღინი წამოვიწყეთ. შუა სიმღერაში ვართ და ჯგუ¬ფელმა თვალით კარისკენ მანიშნა. რას ვხედავ, ჩვენი ლექტორი, ვისი გამოცდაც გვაქვს, გაოცებული მოგვჩერებია. მერე უცებ წარბები შეყარა და... ყოჩაღ, ჩემს გამოცდაზე ყველა კანკალებს, თქვენ კი მღერით, ჩანს, კარგად მომზადებულხართო. მერე აუდიტორიის კარი შეაღო და - სიმღერა კი შეგძლებიათ, ახლა ვნახოთ, გამოცდას როგორ ჩამაბარებთო, გვითხრა და აუდიტორიაში დინჯად შეაბიჯა. რაღა დაგვრჩენოდა - აკანკალებულები აუდიტორიაში შევლაგდით...

ექიმის დიპლომით ხელდამშვენებული მშობლიურ წყალტუბოში დავბრუნდი. რაიონის მთავარ პედიატრად დამნიშნეს. ძნელი იყო სოფელ-სოფელ სიარული, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. მახსოვს, ერთხელ პაციენტის მუცელზე წვრილი წინწკლოვანი გამონაყარი შევნიშნე, მივხვდი, რომ იშვიათ დაავადებასთან გვქონდა საქმე, მაგრამ რამდენიმე კოლეგა ჩემს დიაგნოზს არ დაეთანხმა. თბილისში განმეორებით გამოკვლევაზე გაგზავნილი ანალიზის პასუხის მიღებისთანავე მკურნალმა ექიმმა დამირეკა და მითხრა, ელადა, ყველას გვაჯობე, შენი დიაგნოზი დადასტურდაო. ეს ამბავი მივიწყებული მქონდა, მაგრამ ერთმა შეხვედრამ გამახსენა: მაღაზიაში შესულს გამყიდველი ქალი გადამეხვია. აღმოჩნდა, რომ ჩემი გადარჩენილი იმ პატარა პაციენტის დედა იყო.

- ქალბატონო ელადა, როგორც მითხრეს, ერთხელ ქალიც ამშობიარეთ...

- გორში ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარ ექიმად ვმუშაობდი. ერთ უბანზე 40 ბავშვი მყავდა გასასინჯი, როდესაც ოთახში ბებიაქალი შემოვიდა და სასოწარკვეთილმა მითხრა, მთიდან ტრაქტორის "ლაფეტით" მშობიარე ქალი ჩამოიყვანესო. გარეთ გასულს მართლაც ტრაქტორის მისაბმელზე თივაზე მწოლიარე, უკვე ნამშობიარევი ქალი დამხვდა - ჩვენთან მოყვანამდე 10 წუთით ადრე ემშობიარა და ღონემიხდილი გმინავდა. არ ვიცოდი, რა მექნა, მე ხომ პედიატრი ვიყავი და არა გინეკოლოგი. არადა ვატყობ, ქალი ცუდად არის. გავსინჯე და გავოგნდი, აშკარა იყო, მშობიარეს მუცელში კიდევ ერთი ნაყოფი ჰყავდა. როგორ არ ვცადე, მაგრამ ბავშვი მკვდარი დაიბადა. ის იყო, ტყუპისცალი დედას მივუწვინე, რომ მთავარი ექიმის ხმა შემომესმა - ვინ თქვა ექიმი ადგილზე არ არის, აბა, მაშ ეს ვინ არისო და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. ახალშობილი და დედა რაიონის სამშობიარო სახლში გავისტუმრეთ. მოგვიანებით გავიგე, რომ მშობლებს ბავშვისთვის ელადა დაურქმევიათ.

ამ ამბიდან ცოტა ხანში გორიდან წყალტუბოში დავბრუნდი. ერთ დღესაც თანაკურსელმა დამირეკა, ახლობლებთან ერთად ვარ და თუ შეიძლება, გესტუმრებითო. სახლში მოსულმა კი მითხრა, ჩემს ძმას ძალიან მოსწონხარ და რძლად უნდა წაგიყვანოთო. სასტიკად ვიუარე, ერთხელ ნარდის სათამაშოდ ნანახ ადამიანს ცოლად როგორ გავყვები-მეთქი. მამაჩემმაც მხარი დამიჭირა. უარის მიუხედავად, მეორე კვირას გორიდან თითქმის მთელი ოჯახი ჩამოვიდა. კვლავ სასტიკ უარზე ვიყავი, მაგრამ იმათ ბეჭედი და ოქროს საათი მაინც დატოვეს - ერთ კვირაში თუ მოიფიქრებ, ხომ კარგი, თუ არა და, ჩვენი ნივთები უკან დაგვიბრუნეთო. ამ დროს, დედის მხრიდან ბებია - ეკატერინა ალექსეევნაც ჩამოვიდა მოსკოვიდან. ჩემი ამბავი რომ გაიგო, ერთი კი მითხრა, რა გააწყალე გული, ერთი სათვალიანი ბეცი ექიმი ხარ, თუ ვინმემ წაგიყვანა, ხომ კარგი, თუ არა და - იჯექიო. ამაზე მთლად გადავირიე, თუმცა... მოკლედ, გავთხოვდი. ორი მშვენიერი ვაჟკაცი შეგვეძინა - ბაგრატი და დავითი. ბაგრატი ექიმია, გორში მუშაობს და ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად, ხოლო დავითი (მამა მარკოზი) სოფელ ქვილიშორის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარია. ჩემი მეუღლე ძალიან ეჭვიანი იყო. როგორც ოტელო და დეზდემონა, ისე ვიყავით: მე - თეთრი, ის კი - ძალიან შავგვრემანი. ჰოდა, მეც დეზდემონას ბედი რომ არ გამეზიარებინა, განქორწინება გადავწყვიტე, ბებიაჩემს კი შევუთვალე, როგორც გაბედნიერებაში დამეხმარე, ჩამოდი და ისე უკან დაბრუნებაში დამეხმარე-მეთქი...

ბოლო 20 წელი სანატორიუმ "საქართველოს""კარდიოლოგიური განყოფილების გამგე ვიყავი.

- წყალტუბოს მოსახლეობამ ამაგი დაგიფასათ, 70 წლის იუბილე საზეიმოდ გადაგიხადეს...

- სხვათა შორის, სანამ თვალისჩინს დავკარგავდი, პენსიაზე გასულიც აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბავშვებისთვის საჭადრაკო სალონი გავხსენი. ჩვენი აღსაზრდელები, ცნობილ მოჭადრაკეებთან ერთად, სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობდნენ. გაზეთ "წყალტუბოს" რედაქციასთან არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრიც გახლავართ.

ძალიან განვიცდი ჩვენს ქვეყანაში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას, თუმცა მწამს უკეთესი მომავლის. ამის გამო იყო, ჩვენმა თანაქალაქელმა, ცნობილმა მწერალმა ოტია იოსელიანმა ერთხელ რომ მითხრა -"გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, ჰელადოს, ძალიან კარგია, რომ ვერ ხედავ, ან რა არის ახლა დასანახავი. ის კი არა, დღევანდელ დღეს ყურშიაც არ უნდა გესმოდესო."…

ბოლო მოვლენების ფონზე, ნაწილობრივ გეთანხმებით, ბატონო ოტია და მაინც, ჩემო ძვირფასებო, მადლობელი ვარ თქვენი, სიყვარულისა და სითბოსთვის, მე ხომ გულით ვიხედები...

გურამ სოზაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)