როცა ყოფილი ქმარი ალიმენტს არ იხდის...
თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.
მყავს ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და არის აღრიცხვაზე, აქვს მინიჭებული ინვალიდობის სტატუსიც. ვცხოვრობთ სოფელში, ვართ ორნი, არა გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. მეკუთვნის თუ არა მისი მოვლის თანხა? როგორც ვიცი, ჩემს ერთ ნაცნობს სახელმწიფო შვილის მოვლაში თვეში 400 ლარს უხდის, ანალოგიური დახმარება თუ მეკუთვნის? ვარ პენსიონერი.
- თქვენ მიერ დასმული საკითხი ეხება სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური დახმარების პროგრამებს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, არსებობს რამდენიმე ტიპის დახმარება, თუმცა ისინი მკაცრად არის დამოკიდებული პირის სტატუსზე, ასაკსა და საჭიროებებზე. თქვენ მიერ მითითებული 400-ლარიანი დახმარება, სავარაუდოდ, არის "მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) შინმოვლის ქვეპროგრამა". ეს დახმარება განკუთვნილია მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომელთაც აქვთ განსაკუთრებით მძიმე ფუნქციური დარღვევები. ვინაიდან თქვენი ოჯახის წევრი სრულწლოვანია, ამ კონკრეტული ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლებელია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, სტატუსის შესაბამისად, სახელმწიფო უხდის ყოველთვიურ სოციალურ პაკეტს. მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დაადგინეთ, აქვს თუ არა თქვენს ოჯახის წევრს მინიჭებული სტატუსი და სტატუსის მიხედვით რა სახის სოციალური პაკეტი ეკუთვნის. თუ მას სჭირდება მუდმივი მზრუნველი, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი სტატუსის გადახედვა.
მაქვს ქონება მემკვიდრეობით მიღებული, ამ ქონებიდან წილის გაცემა შემიძლია თუ არა ჩემს არასრულწლოვან დისშვილზე?
- დიახ, შეგიძლიათ. ქონება, რომლის მესაკუთრეა პირი, მნიშვნელობა არა აქვს, რა საფუძვლით მიიღო, მას შეუძლია განკარგოს თავისუფლად, შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მათ შორის ნაწილობრივ დაუთმოს ქონების წილი ოჯახის წევრს ან ნებისმიერ პირს. ქონების გადაფორმება შეგიძლიათ ასევე არასრულწლოვანზეც, თუმცა არასრულწლოვნის წარმომადგენლები ბავშვის ქონებას ვერ განკარგავენ სასამართლოს ნებართვის გარეშე.
ბაბუამ ანდერძით დამიტოვა ბინა. ანდერძი ინახებოდა ნოტარიუსთან და იცოდა ოჯახის ყველა წევრმა. ბაბუა სამი თვეა, რაც გარდაიცვალა. აქვთ თუ არა ჩემს ძმას და დედაჩემს წილის მოთხოვნის უფლება?
- გარდაცვლილი პირის ანუ მამკვიდრებლის ქონების გადასვლა სხვა პირებზე, მემკვიდრეებზე, ხდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსიის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან როდესაც ანდერძი მოიცავს მხოლოდ სამკვიდროს ნაწილს, ან კიდევ მაშინ, როდესაც ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სავალდებულო წილის უფლება ეკუთვნით მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად. მათი სავალდებულო წილი შეადგენს იმ წილის ნახევარს, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. აღნიშნული უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე. ამასთან, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას მასზე, თუმცა ასეთი უარი არ იწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. ამ შემთხვევაში მისი წილი გადადის ანდერძით განსაზღვრულ მემკვიდრეებზე ან განაწილდება ანდერძის პირობების მიხედვით. შესაბამისად, სავალდებულო წილი წარმოადგენს კანონით დაცულ უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული მემკვიდრეების მინიმალური წილის გარანტიას, ამდენად თქვენს შემთხვევაში პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მოითხოვონ სავალდებულო წილი კანონით დადგენილ ვადაში.
მყავდა უცხოელი ქმარი, გვყავს საერთო შვილი. საქართველოში ოფიციალურად ვიქორწინეთ. ის წასულია რამდენიმე წელია საქართველოდან, მინდა მასთან განქორწინება, მაგრამ არ არის თანახმა. სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი, რამდენად აქვს აზრი, რადგან ის არ ცხოვრობს საქართველოში.
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენს შემთხვევაში განქორწინება სასამართლო წესით სრულიად შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი საქართველოში არ იმყოფება და არც თანხმობას აცხადებს. რადგან მეუღლე არ არის თანახმა განქორწინებაზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს (იუსტიციის სახლს) ვერ მიმართავთ. ერთადერთი გზაა სარჩელის შეტანა სასამართლოში ქორწინების შეწყვეტის მიზნით. თუ მოპასუხის (ქმრის) საცხოვრებელი ადგილი უცნობია, სარჩელი შეგიძლიათ შეიტანოთ მისი ბოლო ცნობილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოში. თუ მისი ზუსტი მისამართი იცით უცხოეთში, სასამართლო გაგზავნის უწყებას. თუ მისი მისამართი უცნობია, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარო შეტყობინება (მაგალითად, ინფორმაციის გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე). იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ჩაბარდება ან ჩაბარებულად ჩაეთვლება სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, და არ იქნება მის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი, შესაძლებელია სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოეთხოვება თუ არა მის მშობლებს?
- თუ არასრულწლოვანი არის ათი წლის ასაკს მიუღწეველი, ის პასუხს არ აგებს ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, აღნიშნულ შემთხვევაში არასრულწლოვნის მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვის მეთვალყურეობაზე გამწესებული სხვა პირები ვალდებული არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც არასრულწლოვანმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება, ხოლო თუ არასრულწლოვანი ათ წელზე მეტისაა, პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის მშობლებს ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებს.
მაქვს ხანდაზმული სესხი, რადგან ვიყავი თავდები და მსესხებელმა არ გადაიხადა. რა შეიძლება გავაკეთო? შემიძლია სასამართლოში სარჩელი დავწერო?
- სესხიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. თუ სესხის უკანასკნელი გადახდიდან ან ვალდებულების შესრულების ბოლო ვადიდან გასულია სამი წელი და ამ პერიოდში კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად. მოცემულ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ თავდებს და არა ძირითად მსესხებელს. თავდების პასუხისმგებლობა სამართლებრივად არის აქცესორული ხასიათის, რაც ნიშნავს, რომ იგი დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების არსებობასა და მოცულობაზე. შესაბამისად, თუ ძირითადი ვალდებულება (ძირითადი მსესხებლის ვალი) შეწყდება, შემცირდება ან გახდება ხანდაზმული, იგივე სამართლებრივი ბედი, როგორც წესი, ვრცელდება თავდების ვალდებულებაზეც. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის საკითხის დაყენება მიზანშეწონილია როგორც ძირითადი მსესხებლის, ისე თქვენი მხრიდან. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოში შესაბამისი მოთხოვნა უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პირის მიერ, ვინაიდან თავდების ვალდებულება უშუალოდ არის დაკავშირებული ძირითადი მსესხებლის ვალდებულებასთან და მისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება, რომ გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და არ არსებობს მისი შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, თქვენ და ძირითადმა მსესხებელმა უნდა მიმართოთ სასამართლოს მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის თაობაზე.
ვმუშაობდი დისტრიბუტორად, ამის გამო ჩამადებინეს ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად. რამდენიმე პატარა მაღაზია, რომელთაც ვაწვდიდი პროდუქციას, დაიხურა, ახლა ჩემგან ითხოვს კომპანია იმ თანხების ანაზღაურებას. რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა და როგორ შემიძლია ჩემი უფლებები დავიცვა? იმ შპს-ს მფლობელებს რატომ არ აწერენ ამ თანხას და რატომ ითხოვენ ჩემგან?
- მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პროდუქტის მაღაზიაში შეტანის გადაწყვეტილებას ვინ იღებდა. თუმცა რამდენადაც აღნიშნულ საკითხზე აღწერილია გარემოება, შეიძლება ითქვას, თქვენ არა ხართ სათანადო მოპასუხე. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს, იმისათვის, რომ სადისტრიბუციო კომპანიამ დისტრიბუტორს მოსთხოვოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ამისთვის ჯერ სადისტრიბუციო კომპანიამ სასამართლოს მეშვეობით უნდა დაამტკიცოს, რომ დისტრიბუტორის ქმედებამ მიაყენა ზიანი, თუ დისტრიბუტორის ქმედებებში არ იკვეთება მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დისტრიბუტორის ქმედებას არ გამოუწვევია კომპანიის ზიანი, დისტრიბუტორი პასუხს არ აგებს. ასევე პროცედურულ ნაწილში გასათვალისწინებელია, რომ სადისტრიბუციო კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მაღაზიის ვალი არის მისი კომპანიის ზიანი და არა ვალი, რომლის მაღაზიიდან ამოღებასაც ვერ შეძლებს სხვა საშუალებებით.
- ყოფილი ქმარი, რომელსაც დაკისრებული აქვს ალიმენტი, წლებია არ იხდის. დაგროვდა საკმაოდ დიდი თანხა. მის სახელზე არსებული ქონება თავიდანვე სასწრაფოდ გადააფორმა დედის სახელზე. ხელოსანია და აქვს შემოსავალი, მაგრამ ერთი ლარიც არ გადაუხდია ბავშვისთვის. ჰყავს სხვა ოჯახი და შვილი არც უნახავს.
ბავშვი წელს ხდება სრულწლოვანი. მაინტერესებს, ეს დაგროვილი თანხა დაიკარგება, თუ შემდეგაც შეგვეძლება ამ ფულის მოთხოვნა? ან რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ თანხა ამოვიღოთ. საქმე აღმასრულებელთან არის, მაგრამ ის ამბობს, რომ მის სახელზე ქონება არ არის. რას მირჩევთ?
- თქვენ მიერ აღწერილი გარემოებიდან ირკვევა, რომ ყოფილმა მეუღლემ (მოვალემ) ქონება გადააფორმა დედის სახელზე (მესამე პირზე), რაც გულისხმობს, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით გადამალა ქონება.
აღნიშნულზე შესაძლებლობა გქონდათ მიგემართათ სასამართლოსთვის და გარიგების ბათილობა მოგეთხოვათ, თუმცა დღეისათვის შესაძლოა ეს მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყოს, ამდენად ამ საფუძვლით დავა შესაძლებელია აღარ იყოს მიზანშეწონილი.
რაც შეეხება უშუალოდ ალიმენტის საკითხს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევა არ აუქმებს უკვე დაგროვილ ალიმენტის დავალიანებას, დაგროვილი დავალიანება არ ქრება ავტომატურად და მისი მოთხოვნის უფლება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
ამდენად, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში არიდებდა თავს ალიმენტის გადახდას და დავალიანება დაგროვდა, იგი რჩება მოქმედ მოთხოვნად, რაც გულისხმობს, რომ ბავშვის სრულწლოვანების მიღწევიდან 10 წლის განმავლობაში გაქვთ აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება, თუმცა რადგან მიუთითებთ, რომ ყოფილი მეუღლის სახელზე არ არის არანაირი ქონება და ამ საფუძვლით ვერ ხდება აღსრულება, შესაძლებელია მომდევნო 10 წელიწადშიც ვერ აღსრულდეს გადაწყვეტილება აღნიშნული საფუძველით.