აფხაზეთის საკურორტო სეზონი: კირიენკოს ფუჭი დაპირება, დემპინგი და გაკოტრების შიში - კვირის პალიტრა

აფხაზეთის საკურორტო სეზონი: კირიენკოს ფუჭი დაპირება, დემპინგი და გაკოტრების შიში

აფხაზეთში საკურორტო სეზონი პრობლემებით დაიწყო და უკმაყოფილო განცხადებებიც უკვე გაჩნდა.

30 აპრილს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციამ (ATOR) განაცხადა, რომ აფხაზეთის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა 15-20%-ით შემცირდა არა მხოლოდ მაისის არდადეგებისთვის, არამედ ზაფხულის სეზონზეც. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ "ტუროპერატორებისგან მიღებული ინფორმაციით, არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა 14 წლამდე ბავშვი აფხაზეთში მხოლოდ დაბადების მოწმობით შეეშვათ". ამ თემით ოპოზიციური ტელეგრამარხი "აიაშარა" დაინტერესდა და გაარკვია, რომ რუს ბავშვებს მართლაც სთხოვენ უცხოურ პასპორტებს და დაბადების მოწმობით შესვლა მხოლოდ ფსოუს გამშვებ პუნქტზე, ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, 20 იანვრიდან რუსეთიდან არასრულწლოვნების გასვლა მხოლოდ უცხოური პასპორტით გახდა შესაძლებელი და ამ შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ სოხუმში შიშობდნენ, რომ ეს ტურისტულ სეზონს პრობლემებს შეუქმნიდა. აპრილის დამდეგს სოხუმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე კრემლის კურატორმა სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ 2 აპრილს ვლადიმირ პუტინმა სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე რუსეთიდან 14 წლამდე ბავშვებს აფხაზეთში დაბადების მოწმობით შესვლა შეეძლებოდათ. "ეს სერიოზულად გაზრდის ტურისტულ ნაკადს", - განაცხადა კირიენკომ. "აიაშარას" ცნობით, შესაბამისი ცვლილებები რუსეთის კანონმდებლობაში დუმას ჯერ კიდევ არ შეუტანია, რის გამოც ბევრმა რუსულმა ოჯახმა აფხაზეთში დასვენებაზე უარი თქვა.

უფრო კრიტიკულად განიხილება მეორე პრობლემა - დემპინგური ფასები. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მსხვილი რუსული ტუროპერატორის "ბიბლიო გლობუსის" შეთავაზებები: სასტუმროს ნომერი დღეში 150 რუბლად (დაახლოებით 6 ლარი), ხოლო 700 რუბლად - ნომერი სამჯერადი კვებით. ამან აფხაზები აღაშფოთა.

ექვსმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მსხვილი ტუროპერატორები აგრესიულად ამცირებენ ფასებს და მეთოდურად ანადგურებენ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც უკვე გაკოტრების ზღვარზეა.

"სახელმწიფო ჩუმად უყურებს, როგორ ართმევენ გარე მოთამაშეები ჩვენს მოქალაქეებს პურსა და კარაქს და როგორ ხდებიან მონოპოლისტები ეკონომიკის ამ კრიტიკულ სექტორში", - აცხადებენ ოპოზიციური ჯგუფები და ხელისუფლებისგან დემპინგური ფასების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვენ, რათა "პრიორიტეტი აფხაზ მეწარმეებს მიენიჭოთ და არა უცხოელ გიგანტებს".

დემპინგის გამო მასშტაბური პროტესტი გასულ წელსაც იყო. მაშინ საკითხი "პარლამენტის" კომიტეტში განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ტურიზმის სამინისტრო სასტუმროების მფლობელებთან ერთად მოამზადებდა "სამართლიანი კონკურენციის შესახებ" კანონპროექტს, რომელსაც "პარლამენტი" დაამტკიცებდა. ახალი სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა დაპირებული "კანონპროექტი" დღემდე არ ჩანს.

აფხაზების ბრძოლა ტურიზმის სრული კონტროლისთვის

biblio-globus-1-1779048840.jpg

ტურისტულ სფეროში კონტროლისა და "მასპინძლის როლის" შენარჩუნებისთვის ბრძოლა აფხაზებმა 2024 წლიდან გაააქტიურეს და პირველი იოლი სამიზნე რუსი გიდები აღმოჩნდნენ. წლების განმავლობაში ისინი აფხაზეთში არალეგალურად მუშაობდნენ. რუსულ ტურისტულ ჯგუფებს, როგორც წესი, გიდები სოჭიდან მოჰყვებოდნენ. ფორმალურად მათ აჯარიმებდნენ, თუმცა სანქციები იშვიათი იყო, რაც აფხაზების უკმაყოფილებას იწვევდა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო დავალება, რუსეთის მოქალაქეებისთვის გიდებად ლეგალურად მუშაობის უფლება დაეშვა. აფხაზი გიდები ამბობდნენ, რომ ეს მათ ბაზრიდან გამოდევნიდა: რუსებს საკუთარი მიკროავტობუსები და სოჭში ტურისტულ სააგენტოებთან კავშირები აქვთ, თანაც გიდობა აფხაზეთში შემოსავლიან საქმიანობად ითვლება. ამ სფეროში 700-ზე მეტი კაცია ჩართული და სეზონზე დაახლოებით 700 ათას რუბლამდე შემოსავალს იღებენ. პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი იყო ბრალდება, რომ რუსი გიდები "აფხაზურ ისტორიას ამახინჯებენ", ტურისტებს უყვებიან, თითქოს აფხაზეთი რუსეთის ნაწილია და ადგილობრივ ტრადიციებს უპატივცემლოდ ეპყრობიან. დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი გადადგა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ 9-კაციანი ტურისტული ჯგუფების გაძღოლის უფლება ექნებოდათ.

2025 წელს აფხაზების ახალი სამიზნე მიგრანტი ტაქსის მძღოლები გახდნენ. გასულ შემოდგომაზე სოხუმში ადგილობრივი მძღოლები გაიფიცნენ მოთხოვნით, უცხოელებისთვის ტაქსის სექტორში მუშაობა აეკრძალათ. მათი თქმით, კომპანიები შუააზიელ მძღოლებს ასაქმებდნენ, რომლებმაც არც ენა იცოდნენ და არც ქალაქი. აფხაზი მძღოლები ამტკიცებდნენ, რომ მიგრანტი ტაქსისტების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა და ისინი შემოსავალს ართმევდნენ. თუმცა აკრძალვას ყველა არ ეთანხმებოდა. მოსახლეობის ნაწილი ამბობდა, რომ მიგრანტი მძღოლები უფრო პატიოსნად იქცეოდნენ, ვიდრე ადგილობრივები, რომლებიც ხშირად ნასვამები მართავდნენ ავტომობილს და შენიშვნის შემთხვევაში აგრესიას იჩენდნენ. მიუხედავად ამისა, წლის ბოლოს დე ფაქტო ხელისუფლებამ უცხოელებისთვის ტაქსის სექტორში მუშაობა შეზღუდა.

ახლა აფხაზების მორიგი სამიზნე სასტუმროების მფლობელი რუსი ბიზნესმენები არიან, ამ ბრძოლაში აფხაზები ჯერჯერობით წაგებულ პოზიციაში არიან.

სათხილამურო კურორტის იდეა - "როგორც სვანეთში"

დემპინგურ ფასებზე პოლემიკის პარალელურად, აფხაზეთის ტურისტულ სფეროში ახალი სადავო თემა გაჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსხვილი სათხილამურო კურორტის მშენებლობას გეგმავს. პროექტი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით მუშავდება, 200-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ 6000-ნომრიანი სასტუმროს მაკეტი, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროექტი "რესპუბლიკის ეკონომიკას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ინიციატივამ ოპოზიციურად განწყობილ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ტელეგრამარხებზე წერენ, რომ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები უნიკალურ ეკოსისტემას დააზიანებს, ტურისტული ნაკადი კი გარემოს დააბინძურებს. კრიტიკოსები კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებენ - ვინ დააფინანსებს ასეთ ძვირადღირებულ პროექტს. აფხაზეთს თანამედროვე სათხილამურო კურორტის აშენების რესურსი არა აქვს, ამდენად, იმედი რუსულ კაპიტალზეა და აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული საკითხი: უცხოელი ინვესტორი, დიდი ალბათობით, მის აშენებულ ობიექტებზე საკუთრების უფლებას მოითხოვს, აფხაზეთში კი არააფხაზებისთვის მიწის ფლობა აკრძალულია. ამიტომ, როგორც ადგილობრივი ავტორები წერენ, ან "რესპუბლიკის კანონმდებლობის" შეცვლა გახდება საჭირო, ან პროექტი ვერ განხორციელდება. ზოგიერთი კომენტატორი ვარაუდობს კიდეც, რომ ამ თემამ შესაძლოა ხელისუფლების დაუგეგმავი ცვლილებაც კი გამოიწვიოს.

დე ფაქტო სახელისუფლებო არხები უკვე ცდილობენ მომავალი კურორტი სვანეთსა და კრასნაია პოლიანას შეადარონ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს. "საქართველოს მესტიის რეგიონი, რომელიც აფხაზეთის მეზობლადაა, 1990-იან და 2000-იანი წლების დამდეგს კავკასიის ველური, მიტოვებული და კრიმინალურად საშიში ნაწილი იყო. უკვე ორი ათწლეულია, რაც ის თანამედროვე, მთელი წლის განმავლობაში მოქმედ კურორტად იქცა - განვითარებული ინფრასტრუქტურით, აეროპორტით, სასტუმროებით, სათხილამურო ტრასებითა და საბაგიროებით", - წერენ პროექტის მხარდამჭერები.

"რუსული დემპინგური ფასები მცირე აფხაზურ სასტუმროებს ანადგურებს"

მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას" დამფუძნებელი: - ყველაზე პრობლემური დემპინგური ფასებია. აფხაზეთში მოქმედებს მონოპოლისტი ტუროპერატორი "ბიბლიო გლობუსი", რომელიც სასტუმროების ნომრებზე ფასებს ხელოვნურად აგდებს. ასე იყო შარშანაც და ახლაც იგივე ხდება. თუმცა წელს უფრო მძიმე სიტუაციაა. რუსეთში ტუროპერატორების დაახლოებით 50% გაკოტრდა, რადგან ხალხს დასვენებისთვის ფული აღარ აქვს. ამიტომ არსებობს მოსაზრებაც, რომ "ბიბლიო გლობუსი" წელს ფასებს მხოლოდ დემპინგისთვის კი არ აგდებს, არამედ ეს მისი გადარჩენის საშუალებაცაა. თუმცა, თუ ფასებს გადავხედავთ, ზოგ შემთხვევაში ღამე 150 რუბლიც კი ღირს - დაახლოებით 6 ლარი. ეს უკვე აშკარად არარეალური ფასია და კლასიკურ დემპინგთან გვაქვს საქმე. ეს მძიმე დარტყმას აყენებს აფხაზურ მცირე, 20-50-ნომრიან სასტუმროებსა და კერძო გესთ-ჰაუსებს. შარშან "ბიბლიო გლობუსმა" ფასები ივლისის შუა რიცხვებიდან გაზარდა და მცირე აფხაზურ სასტუმროებს სწორედ მაშინ მიეცათ მუშაობის საშუალება. თუ წელსაც იგივე განმეორდება და სეზონის ნახევარი ფაქტობრივად დაკარგული ექნებათ, ბევრი ვეღარ გაძლებს და გაკოტრდება. ეს საკითხი "პარლამენტშიც" განიხილეს, თუმცა არაფერი შეცვლილა. ამ კომპანიას ვერც გააძევებენ და ვერც სერიოზულ შეზღუდვებს დაუწესებენ. ერთი იმიტომ, რომ გავლენიანი რუსული ბიზნესია, და მეორეც, ის ერთადერთი მსხვილი ტუროპერატორია, რომელსაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოჰყავს. თუ მას დაკარგავენ, მხოლოდ კერძო ვიზიტიორების იმედად დარჩებიან.

თავად "ბიბლიო გლობუსს" აფხაზეთში საკუთარი სასტუმროები არა აქვს. კომპანია წინასწარ იჯარით იღებს ძველი სანატორიუმების ბაზაზე მოწყობილ მსხვილ სასტუმროებს, მფლობელ აფხაზებს თანხას ერთიანად უხდის და შემდეგ შუა ივლისამდე დემპინგურ ფასებს აწესებს. აფხაზები ამბობენ, რომ "ბიბლიო გლობუსი" კერძო სასტუმროების გაკოტრებას ცდილობს, რათა ბაზარზე მხოლოდ თვითონ დარჩეს და შემდეგ მთლიან სეზონზე საკუთარი ფასები დააწესოს. კომპანია აქტიურად უწევს რეკლამას აფხაზეთში დასვენებას - ჩამოჰყავს ბლოგერები, რომლებიც ვიდეოებს აქვეყნებენ: "აფხაზეთში 300 რუბლად დაისვენებთ, კვებით, კეთილმოწყობილი ნომრით, ინტერნეტით და რუსეთში აკრძალული სოციალური ქსელებით". პარალელურად, ჩვეულებრივი დამსვენებლებიც დებენ ვიდეოებს, სადაც მომსახურებით უკმაყოფილებას გამოხატავენ, თუმცა 300 რუბლად თურქული სასტუმროს დონის სერვისის მოლოდინი არარეალისტურია. ზოგადად, აფხაზეთი ერთჯერადი დასვენების ადგილია - რუსი ტურისტების დაახლოებით 90% მეორედ აღარ ბრუნდება.

- აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა სეზონის ჩავარდნის მოლოდინში სომხეთიდან ტურისტების მოზიდვის იდეაც წამოაყენა და მათთვის ორკვირიანი უვიზო რეჟიმი შესთავაზა. როგორ მიიღეს ეს ინიციატივა?

- რეაქცია ნეგატიური იყო. აფხაზები ამბობდნენ, აქ ისედაც ბევრი სომეხი ცხოვრობს და კიდევ დამატებით არ გვინდაო. აფხაზეთში ხშირად იდეებს უბრალოდ იმისთვის აჟღერებენ, რომ რაღაც თქვან. რეალურ გათვლებზე ეს ნაკლებად არის დაფუძნებული, თან სომხეთიდან აფხაზეთში მოსახვედრად საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორია უნდა გაიარო. როდესაც დანარჩენ საქართველოში უკეთესი და უკვე კარგად ნაცნობი კურორტებია, რატომ აირჩევენ ასეთ რთულ მარშრუტს?

- წელს ახალი თემა გაჩნდა - სათხილამურო კურორტის მშენებლობის იდეა. რეალურია ამ პროექტის განხორციელება?

- აფხაზეთში სამთო კურორტის აშენება კოსმოსური ზღაპარია. რაც უკვე აქვთ, იმის მართვასაც ვერ ახერხებენ და ასეთ მასშტაბურ პროექტში იქ არავინ შევა. აფხაზებს ფული არა აქვთ, რუსები კი ამაზე, ჩემი აზრით, არ წავლენ, იქვე აქვთ კრასნია პოლიანა და ნაკლებად სავარაუდოა, საკუთარ თავს კონკურენტი შეუქმნან აფხაზეთის სახით.

ეკატერინე ბასილაია