„ნიკა ჩვენი სული და გული იყო“ - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე? - კვირის პალიტრა

„ნიკა ჩვენი სული და გული იყო“ - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე?

გამორჩეული სიმამაცით, პროფესიონალიზმითა და ადამიანობით, - ამგვარად ახასიათებენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა მაჭარაშვილს თანამებრძოლები. ნიკა 39 წლის იყო, გალელი, უკრაინაში 2022 წლიდან იბრძოდა. 2026 წლის 30 აპრილს ზაპოროჟიეს მიმართულებით დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი. უფრო მეტს ნიკას შესახებ მისი თანამებძოლები გვიამბობენ.

"თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, საქართველო მორიგ ინტერვენციას გადაურჩება"

დათო შველიძე: - ნიკა 2022 წელს გავიცანი, როცა მეორე ინტერნაციონალურ ლეგიონში გადმოვიდა. ქართულ არმიაში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. შემდეგ აქაც გაიარა დამატებითი სამხედრო მომზადება. უნდა გენახათ, როგორ ტიროდნენ მის გამო უკრაინელი, ინგლისელი და ამერიკელი მებრძოლები. მე ის მიკვირს, ენის ბარიერის ფონზე, როდესაც უცხოელებს ტელეფონის გარეშე ვერ ველაპარაკებით, ნიკამ როგორ შეაყვარა მათ თავი. ქართველებზე აღარაფერს ვამბობ, ის ჩვენი სული და გული იყო. საერთოდ არ ჰქონდა შიშის განცდა. განსაკუთრებით უყვარდა RPG და იდეალურად ისროდა. მისმა RPG-მ არაერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი რთულ მომენტში. ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მახსოვს: მე და ჩემმა მეწყვილემ რუსებს ჩასაფრება მოვუწყვეთ, მაგრამ ხედვა არ გვქონდა. ბევრი წვალების შემდეგ ნიკას რაციაში ჩავძახე: შენი "შაითანტრუბა"“აამუშავე-მეთქი, სამიზნე მოვუნიშნეთ და პირდაპირ ადგილზე დაადუღა. მისთვის რთული პოზიცია და რთული დავალება არ არსებობდა. უკანა ხაზზე ვერ ჩერდებოდა, სულ წინ უნდოდა ყოფნა. ბოლოსაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პოზიციაზე იყო. ერთი პოზიციიდან მეორეზე გადადიოდა, როცა დრონი დაეჯახა.

ბოლოს საავადმყოფოში მომიკითხა. სამსახურებრივ და პირად თემებზე ვისაუბრეთ. შვილები ენატრებოდა, ბევრი რამის გამო სტკიოდა გული, ამიტომაც ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში.

- თქვენ როდის ჩაერთეთ საბრძოლო მოქმედებებში?

- მე უკრაინაში ვიყავი, როდესაც რუსებმა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია განახორციელეს. მაშინვე მოხალისედ გამოვცხადდი. ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დავხვდით მტერს. კიევისკენ უზარმაზარი რუსული კოლონა მოდიოდა. მოხალისეები მხოლოდ ავტომატებით ვიყავით შეიარაღებული. ღამით მეთაურმა გვითხრა, ისეთი დიდი კოლონა მოდის, შეიძლება ვერც ერთი ვერ გადავრჩეთო. შემდეგ დაამატა: ვისაც წასვლა უნდა, შეუძლია ახლავე წავიდეს, ვინც დარჩება, ბოლომდე ბრძოლა მოუწევსო. ერთი კაციც არ დაძრულა ადგილიდან. მაშინ მივხვდი, რომ ამ ხალხთან ერთად ბრძოლა ნამდვილად ღირდა.

- აღნიშნეთ, რომ ომის დაწყების პირველ პერიოდში ძალზე რთული მდგომარეობა იყო, ახლა როგორ აფასებთ ფრონტის ხაზზე ვითარებას?

- მაშინ რუსებს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ, ახლა კი აშკარა უპირატესობა ჩვენს მხარესაა, უკეთესი შეიარაღებაც გვაქვს და საბრძოლო სულისკვეთებაც. თანდათან ომი მთლიანად ტექნოლოგიური ხდება. ახლა აქცენტი დრონებზეა გადატანილი.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- ომის დაწყების პირველ დღეებში მეგონა, რომ პარტიზანულ ბრძოლაზე მოგვიწევდა გადასვლა, მაგრამ დანებებაზე მაშინაც არავის გვიფიქრია. ხშირად მესმის რიტორიკული შეკითხვები - ქართველებს "სხვის ომში"“რა გინდათ, როცა უკრაინელები აქ "გულაობენო"?! 45-მილიონიან ქვეყანაში თუ 2 მილიონი მოღალატე აღმოჩნდება, რას ცვლის?! ზოგი ამბობს, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცებს მოტყუებით მივყავართ, დიდი ფულის სანაცვლოდ. ყველა მებრძოლმა ზუსტად ვიცით, რატომ ვართ აქ. რუსეთი საქართველოს მტერია და თუ უკრაინაში დამარცხდება, საქართველო მორიგ ინტერვენციას გადაურჩება. ძალიან უსიამოვნოა, როცა ვიღაც სახლში ზის, კომპიუტერთან და ჭკუას გვარიგებს. ზრდასრული ადამიანები ვართ და გადაწყვეტილებებს არავის გავლენით არ ვიღებთ. რაც შეეხება "ნაიომნიკობას", ვინც ამას გვაბრალებს, მის ოჯახში არ შევიდეს იმაზე მეტი, რასაც აქ ვშოულობთ. ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ იდეის გარეშე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სასწორზე დადება ღირს?! ჩემი ორი თანამებრძოლი, ჩემს ხელში გაზრდილი გიორგი გოგლიძე და გიორგი შუბითიძე რუსებს ტყვედ ჰყავთ. წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რა ჯოჯოხეთში არიან ისინი?!

- როგორ ფიქრობთ, ტყვეთა გაცვლის პროგრამაში რატომ ვერ მოხვდნენ?

- იმიტომ, რომ რუსებისთვის ქართველი ტყვე ჯეკპოტია. უკრაინელები ტყვეების გაცვლისას მუდმივად ითხოვენ მათ დაბრუნებას, მაგრამ რუსები არ თმობენ. გოგლიძეს 9 წელი მიუსაჯეს, შუბითიძეს - სამუდამო პატიმრობა.

- ტყვედ როგორ ჩავარდნენ?

- დავალება შეასრულეს და პოზიციიდან ბრუნდებოდნენ, რუსებმა კი ტყეში ჩასაფრება მოუწყვეს.…

"ის იყო წესიერების მაგალითი, ერთგული მეგობარი"

ლევან გაგლოშვილი: - ლიმანი-იამპოლის მიმართულებით, სადაც ყოველი დღე ბრძოლას და გამძლეობას ნიშნავს, ჩვენ ერთად ვიდექით. ძლიერი, უშიშარი და საოცრად გულთბილი ადამიანი იყო. ხშირად ვხუმრობდით, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ომი იყო. იმ მძიმე რეალობაში, სადაც ყოველი ნაბიჯი შეიძლება ბოლო ყოფილიყო, ნიკა მაინც ახერხებდა ხუმრობას. ერთხელ დაახლოებით 200 მეტრი გამოიარა იმისთვის, რომ ჩემთან მოსულიყო RPG-ს გასასროლად. სხვა პოზიციაზე იყო, დამირეკა და მითხრა, ლევან, ძმურად, მოვალ და RPG გამასროლინეო. მის ამ თხოვნაში ჩანდა მისი ბუნება, მებრძოლი ხასიათი. რა თქმა უნდა, ისროლა... ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც ბრძოლა არ აშინებდა, მაგრამ ამავე დროს ადამიანობასაც არასდროს კარგავდა. ის იყო წესიერების მაგალითი, ერთგული მეგობარი და საიმედო ძმაკაცი. დღეს ის ჩვენთან ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ ჩვენს გულში ისევ რჩება.

shvelize-1779049303.jpg

"ვიდრე ომია, მე შინ ვერ დავბრუნდები"

გუგა ბერუაშვილი: - ჩემთვის დიდი პატივი იყო მის გვერდით ბრძოლა. შეიძლება სხვებს უფრო მეტი ჰქონდეთ გასახსენებელი, მაგრამ მე ყველაზე მძაფრად 2024 წლის ივნისი მახსენდება, ეს იყო სერებრიანსკის ტყე, მეორე ინტერნაციონალური ლეგიონი და ბრძოლა, რომელიც სამი დღე და ღამე გაგრძელდა. ხარკოვიდან ვბრუნდებოდი. მეორე დღეს შესვლა გვიწევდა, თუმცა მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ყველაფერი შეიცვალა. წინადღეს, როგორც აღმოჩნდა, პოზიცია „პერლა“ დაკარგულიყო. მძიმედ დაიჭრა დათო შველიძე. შევდიოდით რვა მეომარი —- ქართველები: ნიკა, ცეცე, ბითაძე და მე; უკრაინელები - ბური, ჯოკერი, ლუტი და მეოთხეს საძახისი აღარ მახსოვს. ასევე, გვყავდა ორი ბრაზილიელი დამხმარე. ჩვენი ამოცანა იყო პოზიციების დაბრუნება და ასმეთაურ „გრიზლის“ ცხედრის გამოტანა. ორ შერეულ ჯგუფად გავიყავით. იქ არავინ უყურებდა, ვინ რა ეროვნების იყო. ჩვენს ჯგუფს უნდა დაებრუნებინა პირველი ხუთი პოზიცია, სანგრებითა და ბლინდაჟებით „"სოხუმის პოზიციამდე", იქამდე, სადაც ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. მეორე ჯგუფს გზა „"გერმესამდე"“ უნდა გაეგრძელებინა, იმ ადგილამდე, სადაც ზურა იაშვილი მძიმედ დაიჭრა და შემდეგ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. პრობლემას პირველივე პოზიციაზე გადავაწყდით. ბლინდაჟი დაბომბილი და ჩამონგრეული დაგვხვდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ყველგან „"რასტიაშკებისა" და დანაღმვის კვალი ჩანდა. რუსებმა რაც ყველაზე კარგად იციან, სწორედ დანაღმვაა. რაციით გამნაღმველები მოვითხოვე. არ მქონდა იმედი, რომ ამ წყვდიად ღამეში ყველა უვნებლად გაივლიდა „"რასტიაშკებს". სხვა გზა იყო ღია სივრცით გადაადგილება, სადაც დრონებისა და ტყვიამფრქვევების პირდაპირ სამიზნედ ვიქცეოდით. სამეთაურომ დრო მოითხოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხი მოვიდა, იქნებ თქვენი ძალებით განაღმოთო. ამავე დროს, ღია ადგილით შტურმის გაგრძელებაც აგვიკრძალეს. ნიკას ბევრი არ უფიქრია, ადგა, კარგად შეაგინა ბრძანების გამცემს და ჩემს მაგივრად პირველი წავიდა.…

gagloshvili-1779049303.jpg

- ამბავი როგორ დამთავრდა?

- დაკარგული პოზიციაც დავიბრუნეთ და ცხედარიც გამოვიტანეთ. სამი დღე გავჩერდით იმ პოზიციებზე, შემდეგ სხვებმა ჩაგვანაცვლეს. ის, რაც ნიკამ გააკეთა, ყველა ვერ გააკეთებდა, შეიძლება ვიღაცამ ისიც კი თქვას, ალბათ, გიჟი იყოო. გიჟი კი არა, ძალიან მამაცი და უშიშარი მეომარი იყო. ამასთან, გამორჩეულად კარგი ადამიანი და მეგობარიც. ნოემბერში დამჭრეს და ლვოვის მეშვიდე ჰოსპიტალში ვიწექი, ნიკა კი მძიმე კონტუზიით მეხუთე ჰოსპიტალში იყო. საოპერაციოში რომ შევყავდი, მაშინ მომაკითხა და გამამხნევა. რომ არ მოსულიყო, არ მეწყინებოდა, ვიცოდი, რომ თავადაც ცუდად იყო, მაგრამ მაინც მოვიდა.…

- ნიკა ალბათ გესაუბრებოდათ ომში მონაწილეობის მოტივზე.

- ისიც ჩემსავით რუსებს ვერ იტანდა... წარმოშობით ერედვიდან ვარ, სოფელ ბერულიდან. პიონერის ყელსახვევი პრინციპულად არ გავიკეთე, 16 წლის ვიყავი, აფხაზეთის ომში რომ წავედი. მერე 2008 წლის ომშიც მივიღე მონაწილეობა. მტრის ჯავრი კურსკის მიმართულებაზე ბრძოლაში ვიყარე, მაშინ როდესაც სუჯაში შევედი. ამის შემდეგ რუსულმა სასამართლომ 28-წლიანი პატიმრობა მომისაჯა, რა აღარ დამაბრალეს.…

- პროფესიით სამხედრო ხართ?

- უცხო ენების სპეციალისტი ვარ. ერთხანს თბილისში პატარა მარკეტი მქონდა, მერე სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღანირში სახლი ვიყიდე, იქ ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ომი დაიწყო და გეგმები შემეცვალა. პროფესიონალი სამხედრო არა, მაგრამ ქართველი ვარ, რომელსაც მტრის ჯავრი აქვს გულში. ამიტომ, როგორც კი ომი იწყებოდა და რუსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა ჩნდებოდა, მეც იქ ვჩნდებოდი.

- ახლა რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?

- მაქსიმალურად ვანადგურებთ რუსებს. პოზიციებზე ორი-სამი კაცი შევდივართ და 10-20-კაციან ჯგუფებს ვანადგურებთ. ტყვეებიც ხშირად მოგვყავს. ბოლოს ოფიცერი წამოვიყვანეთ. არაფრით არ უნდოდათ რუსებს მისი გამოტანება და რაც კი ჰქონდათ, ყველაფრიდან გვესროლეს, მაგრამ ტყუილად გაისარჯნენ. სამწუხაროდ, იმავე დღეებში მძიმედ დავიჭერი და დღემდე რეაბილიტაციას გავდივარ. ოთახში ჯერ ხელყუმბარა შევაგდე და მერე შევედი, მეგონა, ყველა დაიღუპა, ავტომატი მარცხენა ხელში გადავიტანე და როგორც კი ხელი შევყავი, სწორედ მაშინ გადამიცხრილეს ორივე ხელი. მეწყვილემ მიხსნა სიკვდილისგან.

- ასეთი დაზიანებების შემდეგ რას აპირებთ?

- სამწუხაროდ, ავტომატის ხელში დაჭერა აღარ შემიძლია. მარჯვენა მაჯაში ოთხი ტყვია მაქვს მოხვედრილი, ერთი - მტევანში. ყველა ნერვი გაგლეჯილია, ხელი დეფორმირებული მაქვს. მარცხენა ხელზე ტყვია თითებში მომხვდა და ერთი თითი ამპუტირებულია. რეაბილიტაციას გავივლი და შემდეგ დრონების მართვაზე გადავალ. სახლში დაბრუნება არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა, როცა იცი, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მაშინ როცა შენი ძმები ფრონტის ხაზზე არიან. 14 ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ ამაზე ისე არ ვდარდობ, როგორც იმაზე, რომ ბიჭების გვერდით ვერ ვიქნები. ვიდრე ომია, მე შინ ვერ დავბრუნდები, ავტომატს თუ ვერ დავიჭერ ხელში, დრონების მართვას ხომ მაინც შევძლებ.

ხათუნა ბახტურიძე