ერთგულების ქრონიკა - ორი ჰაჩიკოს ამბავი
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ორი უმეთვალყურეოდ მოხეტიალე აკიტას გამო გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ (ლანჩხუთელი და გუდაურელი აკიტების გადარჩენის შემდეგ) იქით დამემტკიცებინა ადამიანების ერთგულება. მათი გადარჩენის ოპერაცია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოს ეფექტური ჩართულობის შედეგად წარმოუდგენლად სწრაფად იქცა ჩანაფიქრიდან რეალობად. ერთობლივი ძალისხმევის პროცესმა შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დრამატულად დაწყებული ამბავი ფოთში ბედნიერად დაგვირგვინდა. თუმცა მოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამბავი უფრო ადრე და სხვაგან დაიწყო.
პირველი კვალი
ჩვენი ამბის მთავარი გმირები უჯარმის სამანქანო გზაზე შენიშნეს. მაშინ მათი კვალი მალევე დაიკარგა. ვინც მიახლოება სცადა, თქვა, რომ ძაღლები გაიქცნენ და ვეღარ მიაგნეს. ცოტა ხნის წინ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლებს შორის მოხეტიალენი კვლავაც რომ გამოჩნდნენ და სოციალურ ქსელში ძაღლების ერთად დაბინავების კამპანია გავაჩაღე, ანონიმურმა პირმა მომწერა: აკიტები ჯერ ძალიან ახალგაზრდები, და-ძმა არიან და ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. „ორივე უზომოდ თბილია. ჩემი ხელით ვაჭმევდი. ხვადი, გარდა იმისა, რომ უჩვეულოდ მშვიდი და ჭკვიანია, ძალიან მამაცია. უნდა გენახათ, ცოტა ხნის წინ როგორ იცავდა თავის დას (როდესაც ძუს ამძუვნების პერიოდი ჰქონდა) სხვა ძაღლებისგან. ამის გამო სახეზე სულ იარები აქვს. ბაზაში ახალი, მალინუას ჯიშის ძაღლები მოიყვანეს, მოვლილები და მათთან შედარებით რწყილებითა და ტკიპებით გატენილი აკიტები თვალში აღარ მოუვიდა მავანს და ბაზიდან მოშორება ჯარისკაცებს დაავალა. რამდენიმე თვის წინ ორივე უჯარმაში გადასვეს, საიდანაც უკან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ მცხეთა-მთიანეთში გაუშვეს, იმ იმედით, რომ გზას ვერ მოაგნებდნენ. ახლაც დაბრუნდებოდნენ, რომ არა თქვენი ჩარევა და კიდევ კარგი, ეს დროულად სცადეთ, თორემ უკან მობრუნების შემთხვევაში, არა მგონია, კარგი დღე დასდგომოდათ. თავიდან მოსაშორებლად ძუ უცებ დაიჭირეს, ხვადი მიხვდა, რომ რაღაც ცუდს უპირებდნენ და 50 კაცი დასდევდა. მოკლედ, ძლივს ჩასვეს მანქანაში, - მწერდა ანონიმური პირი. მისი ნაამბობი არც გამკვირვებია, რადგან რამდენიმე თვის წინ სპეციალურ სამსახურებში დასაქმებული ხანდაზმული ძაღლები პატივით კი არ დააბინავეს, როგორც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნების მქონე ქვეყნებში ხდება, თავშესაფარს ჩააბარეს. იმედია, ე.წ. ძაღლების (ხალხი ასე უფრო იცნობს) შესახებ ახალი კანონი, რომლის რეგულაციებიც ეტაპობრივად შედის ძალაში, მსგავსი შემთხვევების მიმართ უმკაცრესი იქნება და სამხედრო ბაზებსა და დახურულ ტერიტორიებზე არ დაუშვებს ვინმემ ბოროტად განსაზღვროს უმწეო ცხოველების ბედი. სწორედ მსგავსი ტიპის დაწესებულებებია უმთავრესი არტერია, საიდანაც ქუჩაში ჯიშიანი მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა იზრდება.
ხსნა
სოციალურ ქსელში აგორებულმა კამპანიამ პიკს მიაღწია და მომავალი პატრონიც გამოჩნდა, ფოთელი ოჯახი მზადყოფნას გამოთქვამდა დევნილი აკიტების მისაღებად. ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკიტა ყველასთან ვერ იცხოვრებს. მისი ყოფნა დაუშვებელია იქ, სადაც ფრინველია. ამიტომ აკიტა სოფელში, სადაც ფრინველისგან სრულად იზოლირებული არ იქნება, ვერ იცხოვრებს. თუ იცხოვრებს, ლეკვობიდან წიწილებსა და ქათმებში გაზრდილი უნდა იყოს. ამასთან, აკიტას არ უყვარს ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ადამიანთან მუდმივი კონტაქტი არ ექნება. სამურაის ფსიქიკის მქონე ამ საოცარ არსებას მიაჩნია, რომ მუდმივად უნდა დაგიცვათ, ამისთვის კი თვალი არ უნდა მოგაშოროთ და ბოლოს ისე უყვარდებით, რომ უთქვენოდ დეპრესია ეწყება, რაც ზოგჯერ ავტოიმუნურ დაავადებებს და ფსიქიკის დაზიანებას იწვევს. მოკლედ, თუ აკიტას პატრონობას გადაწყვეტ, მდგრადი ფსიქიკა და იდეალური მართვის უნარი უნდა გქონდეს, რომ რაღაც არ შეგეშალოს და შენი, მისი ან ორივეს ცხოვრება არ დააზიანო. ამიტომაც საქართველოში, სადაც ცხოველის და მით უფრო ძაღლის მოვლის კულტურა ძალიან დაბალია, მიმაჩნია, რომ აკიტა უმკაცრესი ლიმიტით უნდა მრავლდებოდეს და მომავალ მეპატრონესაც სერიოზული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეეძლოს.
მოკლედ, ფოთელმა წყვილმა მონიკამ და თორნიკემ კი დამარწმუნეს, რომ მზად იყვნენ აკიტების მისაღებად, მაგრამ უმოკლეს დროში ძაღლების წაყვანა გაუჭირდებოდათ. ამასთან, ძაღლები, რომლებიც ერთ ადგილზე არ ჩერდებოდნენ, როგორმე სრულ მეთვალყურეობაში უნდა მყოლოდნენ. ძაღლებისთვის თვალის მიდევნებას თიანელი ლაშა ფუნთუშაშვილი კი დამპირდა, მაგრამ ძალიან გვჭირდებოდა დაცული ტერიტორია, ან ფოთში სასწრაფოდ გადაყვანა. იმ სოფლებში, სადაც ძაღლები დაეხეტებოდნენ, ეზოები მყარად შემოღობილი არ არის და ძაღლების გაძრომა-გაპარვა მარტივი იქნებოდა. უსიამო გამოცდილების გამო არანაირი სურვილი არ მქონდა სოციალურ ქსელში დამეწერა, რომ ძაღლების გადაყვანაში დახმარება მჭირდებოდა, მით უფრო, რამდენიმეს, ვისაც სატრანსპორტო საშულებები აქვს, ვუთხარი, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია. სოციალურ ქსელში ფულის შეგროვებაზეც უარი ვთქვი, ადამიანები ხშირად ეჭვიანები არიან და ჰგონიათ, ცხოველებისთვის ჩარიცხული თანხებით სხვები ცხოვრებას იწყობენ. ამიტომაც ფულთან გაკარებაც არ მიცდია.
სახელმწიფო უწყების ჩართულობა და იდეალური პარტნიორობა
საგონებელში ჩავარდნილმა გადავწყვიტე, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიმემართა, რომელიც სახელმწიფო პროგრამით მართავს ცხოველთა პოპულაციებს. შესანიშნავი ქეისი შევთავაზე: ქუჩაში გამოყრილ ძაღლებს პატრონი უკვე მოვუძებნე, შესაბამისად, ისინი ქუჩისთვის, როგორც საფრთხე, არ არსებობდნენ და საჭირო იყო დაუყოვნებლივ დაბინავება. სააგენტომ იდეა მყისიერად აიტაცა. ეს იყო სამოქალაქო და საჯარო სექტორის იდეალური თანამშრომლობის მაგალითი. სააგენტომ აკიტები მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო ორგანიზაციის საუკეთესოდ დაცულ ტერიტორიაზე მოათავსა, სადაც მათ სრული მოვლა-პატრონობა გაუწიეს. მესამე დღეს, დილით ადრე, რათა გზაში სიცხეს არ შეეწუხებინა ცხოველები, ფოთში წაიყვანეს. გზიდან მუდმივად მირეკავდნენ და როგორც შევთანხმდით, ძაღლები რამდენჯერმე შეასვენეს, წყალი დაალევინეს და გაასეირნეს.
ახალი ცხოვრება ზღვისპირეთში
ფოთში აკიტები მონიკა ჯობავასა და თორნიკე კაკიაშვილის ოჯახში დაბინავდნენ. მათ სახლში დახვდათ ცქრიალა გოგონა ლილე და ერთი კოკერსპანიელი. მონიკა და თორნიკე სანერგე მეურნეობას უძღვებიან და სულ დროის დეფიციტს განიცდიან, თუმცა ცხოველები ორივეს ძალიან უყვარს.
- ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, რომ უარს ვიტყოდით მათ შეფარებაზე. ლილე ქუჩის ძაღლებს რომ ხედავს, ყველას სახლში წამოყვანა უნდა, ახლა კი ძალიან ბედნიერია ორ ახალ მეგობართან ერთად. აქამდე მე, თორნიკე, ლილე და კოკი ვიყავით... ახლა კი უკვე დიდი ოჯახი ვართ!“ - ამბობს მონიკა.
წარსული გამოცდილება და იმედი
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკიტას ჯიშის გადარჩენა მიწევს. შარშან გუდაურიდან მიტოვებული აკიტა ჩამოვიყვანე და მცხეთაში, სერგო ნოზაძის ოჯახში დავაბინავე, სადაც სერგოს დიდებული დედა, ქალბატონი ნანა სურმავა უვლის. წლების წინ კი ლანჩხუთელი ცნობილი „ჰაჩიკო“ ჩამოვიყვანე, რომელმაც, სამწუხაროდ, ორ წელზე მეტი ვერ იცოცხლა, მაგრამ ის დრო სიყვარულსა და მზრუნველობაში გაატარა.
ამჯერადაც ერთობლივი ძალისხმევით შევძელით არა მხოლოდ ორი უმწეო სიცოცხლის გადარჩენა, არამედ იმის დამტკიცებაც, რომ როდესაც საზოგადოება და სახელმწიფო ერთად მოქმედებს, ქუჩაში მიტოვებული ცხოველების პრობლემის მოგვარება რეალური და შესაძლებელია.
ჰო, კიდევ ერთი ძუ აკიტა, ფიფქო მყავს დასაბინავებელი და სანამ დიდი კამპანია ამიგორებია, იქნებ გამოჩნდეთ მსურველები ამ თაფლისა და ბეწვის ნაზავისთვის ბედნიერების მისანიჭებლად?!