"მადლობა ქართველებს უკრაინის დაცვისთვის" - ქალაქ უმანში "ქართული ლეგიონის პირველი მემორიალი გაიხსნა
უკრაინის ქალაქ უმანში "ქართული ლეგიონის" პირველი მემორიალი გაიხსნა. როგორც ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან უკრაინაში უცხოურ მოხალისეთა სამხედრო ფორმირებას პირველად დაუდგეს მემორიალი. მემორიალი სოფიივკის პარკში მდებარეობს და მისი მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გახსნის ცერემონიალს "ქართული ლეგიონის" მეთაური, უმანის მერი ირინა პლეტნიოვა, ვეტერანები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა ვაზის დარგვის ცერემონია. მამუკა მამულაშვილმა და ქალაქის მერმა ერთად დარგეს ვაზი, როგორც სიმტკიცის, გამძლეობისა და იმ საერთო ფესვების ნიშანი, რომელიც საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს. მოგვიანებით ეს ფაქტი მემორიალურ წიგნშიც აღინიშნა, რათა მომავალი თაობებისთვის შემონახულიყო.
მამუკა მამულაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა უმანს თბილი მიღებისთვის, მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს სიმბოლური ნაბიჯი სიცოცხლეზე, ჩვენს ერთობლივ ბრძოლასა და უკრაინის გამარჯვების რწმენაზე მეტყველებს,“ - განაცხადა მან.
უმანის მერმა ირინა პლეტნიოვამ აღნიშნა, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლებმა უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურეს.
"მადლობა სიმამაცისთვის, უკრაინის დაცვისთვის და იმ ხელოვნებისთვის, რომელიც სიმართლის ენაზე საუბრობს. ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი პატივია ამ დღის ერთად აღნიშვნა, როგორც მეგობრობის, სულის სიმტკიცისა და მომავლის სიმბოლოსი", - თქვა მან.
მემორიალის გახსნა დაემთხვა კიდევ ერთ მოვლენას. ცოტა ხნის წინ უმანის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა მამუკა მამულაშვილის გამოფენა: „მომავლის ფორპოსტი ფერთა სიმფონიაში“. გამოფენას რთული და სიმბოლური ისტორია აქვს. მანამდე ნამუშევრები დნიპროს მუზეუმში იყო წარმოდგენილი, თუმცა ერთ-ერთი რუსული დაბომბვის დროს შენობა სერიოზულად დაზიანდა და ექსპოზიციის ნაწილიც განადგურდა. დაზიანებული ნამუშევრები ამჯერად გამოფენის ნაწილად, სპეციალური ინსტალაციის სახით არის წარმოდგენილი, როგორც ომისა და ხელოვნების თანაარსებობის მძიმე სიმბოლო.
უკრაინელი ხალხი მამუკა მამულაშვილს წლების განმავლობაში იცნობდა, როგორც სამხედრო ლიდერს, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის მხარეს იბრძვის და მონაწილეობა აქვს მიღებული ყველაზე მძიმე ბრძოლებში, მათ შორის - კიევის მიმართულებით, ჰოსტომელის აეროპორტში. იგი დაჯილდოებულია არა ერთი უკრაინული ჯილდოთი, მათ შორის - „სიმამაცის ორდენით“. თუმცა უმანში ის საზოგადოებამ სრულიად სხვა ამპლუაში იხილა - როგორც მხატვარი, რომლის ტილოებიც ომის ქრონოლოგიას კი არა, ადამიანურ განცდებს და სულიერ მდგომარეობას ასახავს. სპეციალისტების თქმით, მის ნამუშევრებში ერთდროულად იგრძნობა სინათლეც და სიბნელეც, ტკივილიც და იმედიც, თუმცა საბოლოოდ სიბნელეს ყოველთვის ფერები ამარცხებს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სატელევიზიო ხიდიც, რომლის დროსაც მამულაშვილმა საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა. როგორ იქმნება მისი ნამუშევრები, რა პირობებში მუშაობს და რას ნიშნავს მისთვის „მომავლის ფორპოსტი ფერების სიმფონიაში“.
უმანში გახსნილი მემორიალი და გამოფენა მხოლოდ კულტურული ან ისტორიული მოვლენა აღარ არის, ეს ორი ქვეყნის საერთო ბრძოლის, მეხსიერებისა და მომავლის რწმენის ცოცხალი სიმბოლოა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)