დაიჭირე... "დელიკატურად!" - კვირის პალიტრა

დაიჭირე... "დელიკატურად!"

პუტინი როა, პუტინი, ვლადიმირ ვლადიმირიჩი, მაგაზე თქვეს, ვერ არის ჯანზე ამ ბოლო დროს, ძალიან მძიმე ავადმყოფობა დამართვია, ძლივს გადაადგილდება და ვინძლო, ახალ წლამდე ვერ მიაწიოსო, - კრემლის კულუარებიდან გამოვიდა ხმა.

არ უნდა იყოს ეს ხმა მთლად უსაფუძვლო, ყოველ შემთხვევაში, ტვინში აშკარად გაუჭირდა ვოვაჩკას - ამ დღეებში წერილი გაუგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტის ღონისძიების მონაწილეებს, სადაც წერდა: "ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში..."

ამას წინათ თიკა კანდელაკმა - ქართულგვარიანმა რუსმა ტელეწამყვანმა და იქაურ მთავრობაში განავალმა ქალმა განაცხადა, - გრიბოედოვის ცოლი ილია ჭავჭავაძის შვილი იყოო. შეეშალა, რა მოხდა მერე - ალექსანდრე ჭავჭავაძეს გულისხმობდა.

ჰოდა, ახლაც ძალიან მაინტერესებს: ეს "ბალნოი ვალოდია" ნეტავ, ვის გულისხმობდა, რუსულ კულტურაში ფასდაუდებელი წვლილის შემტანზე რომ ლაპარაკობდა?

ბევრი, ვინც ამ შესავალს წაიკითხავს, ალბათ იტყვის, - მოეშვი რუსეთის პრეზიდენტზე ქილიკს, მით უმეტეს - თუ კვდება (აუ, თუ კაი სუფრა არ ვიკისრო, მე ვიყო კამო!) და აქ რომ არანაკლები გიჟ-სულელები გვყავს, იმათზე თქვი რამეო.

მართლებიც იქნებიან, სხვათა შორის. და კიდევ, უფრო მართლები იქნებიან, თუკი დააყოლებენ: შენ არ იყავი, რომ ამბობდი, თუკი "ოცნება" მოიგებს არჩევნებს, იმათ კიდევ უფრო კრიჭაში ვედგები და მოსვენებას არ მივცემო?

მაგრამ მეც მართალი ვიქნები, თუკი ვუპასუხებ, რომ ჩემს დანაპირებს ვასრულებ და მინისტრის მოადგილედ მავანთა დანიშვნის პეტიციიდან დაწყებული და უკვე დანიშნული მინისტრის მოადგილის ბრიყვული ვიდეოლაყბობის შეფასებისას სულაც არ მოვრიდებივარ კრიტიკას.

მაგრამ რა ჯანდაბა გავაკეთო, როდესაც "ნაციონალების" ნარჩენები "ინერციით" ისევ მაძლევენ ხოლმე "პროვოკაციის" საბაბს?

ა, ბატონო - მიშა თავხელიძემ (სწორედ მიშა, და არა მიხეილი) - "რადიოპროვოკატორში" სტუმრობისას კატეგორიულად მომთხოვა, მიხეილს ნუ მიწოდებ, მიშათი მომმართეო. მეგონა, ეს კაცი დარდისგან ხელს გადაჰყვება-მეთქი და უკვე ამბის კითხვას ვუპირებდი, რომ აგერ არ გამოჩნდა, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე?! და თანაც ასეთი ტექსტით: სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ვეღარ "გავაპრავე", ის პირიქით - "გალევდაო"! აბა, ასეთ მსუყე "სატოპკეს" ძირს ვინ დაუშვებდა და იქვე მისწერეს, მაგ "გალევდა"-ს, "გა"-ს შემდეგ ერთი ასო აკლიაო, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ "ნაცმოს" სახეები ცოცხლდებიან და მალე, იმედი მაქვს, ისე მოვლენ ჯანზე, რომ მათზე "პროვოკატორობისას" ვერავინ მეტყვის: "დაანებე თავი, თავისი გაჭირვება ეყოფათ მაგ უბედურებს..."

ასე აჯობებს, თორემ, არ მინდა, მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით შემოვიფარგლო - რა ვიცი, რა ხასიათზე დადგებიან, აწი, პენსიის დროც მომდის და ბოლოს და ბოლოს, მეც კი მინდა მინისტრის მოადგილეობა!

რატომაც არა? - ფეხბურთზეც დავდიოდი, ფოტოგრაფირებაც მეხერხება, "ფეისბუკზეც" ვიგინები ხოლმე და... კიდევ რა არის საჭირო?.. ჰო, ნუ, მამაკაცი ვარ, მაგრამ ახლა ისეა წინ წასული ტექნიკა, თუ მხოლოდ ეგ "კრიტერიუმი" მაკლია, "ბიუსტსაც" დავისილიკონებ!

კარგი, დასუფთავების სამსახურში დამნიშნონ! გამოცდილება მაქვს - რაც მე ჩემი "პროვოკატორობის" მანძილზე ნაგავი მიქექია! თანაც საგამოძიებო ჯგუფი შესულა მაგ სამსახურში. ჩვენი გიგი იყო ნაწყენი, ჩვენი მერი, უგულავა - დასუფთავება ერთ-ერთი ყველაზე სუფთა უწყებაა და ეს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური შეკვეთაა ჩემ წინააღმდეგ, თორემ მანდ რა იყო შესამოწმებელიო?! და მთავარი: თუ ამოწმებენ, დელიკატურად შეამოწმონო (რა ცუდია, რომ ჟურნალში წერისას ე.წ. სმაილიკების გამოყენება არ შეიძლება, ამ "დელიკატურის" გვერდით ერთ მოხარხარე და ერთსაც დამცინავ "სმაილს" დავსვამდი)!!!

უცებ წარმოვიდგინე (ის, რაც უგულავამ წარმოიდგინა): ივანიშვილი იბარებს ღარიბაშვილს და ეუბნება: "შექმენი საგამოძიებო ჯგუფი, ბოლო გრამამდე უანგარიშე დასუფთავების სამსახურს გატანილი ნაგავი და ეს, რაც შეიძლება, არადელიკატურად გააკეთე, რომ უგულავას ეწყინოს!"

ნაცების ნარჩენებო, ვერა ხართ ცოტა, ხო?..

P.S. წინა "პროვოკაციაში" მთავარ პრო¬კურორ კბილაშვილს მოვუწოდებდი, დროზე გამოეყავით, დაპირებისამებრ, იუსტიციის სამინისტროს, უხერხულია, თქვენს საქმეს (დაჭერებს ვგულისხმობდი) იუსტიციის მინისტრს რომ აკეთებინებთ, თანაც ქალს-მეთქი.

თურმე ტყუილად ვირჯებოდი - წულუკიანი აშკარად აზარტშია შესული: ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ხელახალი შესწავლა ბრძანა და ზოგი გახმაურებული მკვლელობაც თავიდან იქნება გამოძიებულიო.

ამის თქმა იყო და, არავის რომ არ უხსენებია, "ჩვენი კოლეგა" გურამ დონაძე გამოჩნდა და, "ჰმ, ახლა მეც დამაბრალებენ რაღაცას! არსადაც არ გავრბივარ, უბრალოდ, ენის შემსწავლელ სამთვიან კურსებზე ვარ და იმიტომ არ ვჩანვარო..."

"ქურდს ქუდი ეწვისო", - ნათქვამია, მაგრამ ეგ იქით იყოს და: ეს "სასწავლებლად" წასვლა რა იციან ხოლმე, კაცო, ამ სიბერეში?! "გევიდა გაღმა"-ს სინონიმად იქცა - "სასწავლებლად წასვლა"...