“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა...“ - როგორ დაკარგა ზურა ყიფშიძემ გუდიაშვილის ქუჩაზე სახლი, რომელიც იყო “ოჯახის ისტორია, ფესვი და ერთადერთი დიდი საყრდენი“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე
ზურა ყიფშიძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მსახიობის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
"ამ პოსტს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ვწერ. არ ვწერ ბრაზით, შურისძიებით ან ვინმეს შეურაცხყოფის სურვილით. ვწერ, როგორც შვილი და როგორც ოჯახის წევრი, რომელსაც წლებია გულში ერთი მძიმე კითხვა აქვს დარჩენილი:
ნუთუ ზურა ყიფშიძის ხმას, თხოვნას და ტკივილს ადამიანურად მაინც არავინ უნდა მოუსმინოს? ჩვენს ოჯახს ჰქონდა სახლი გუდიაშვილის ქუჩაზე. ეს არ იყო უბრალოდ ბინა ან კვადრატული მეტრები. ეს იყო ჩვენი ოჯახის ისტორია, ფესვი და ერთადერთი დიდი საყრდენი.
2018 წელს, ნდობით და იმ რწმენით, რომ ყველაფერი სწორად მიმდინარეობდა, ეს ქონება ძალიან მძიმე პროცესში აღმოჩნდა. შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა დიდი დავალიანების შესახებ, რამაც ჩვენი ოჯახი წარმოუდგენელ სტრესში ჩააგდო.
დეტალებში ისე არ შევალ, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცებლად დავაბრალო. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - ამ ამბავში ჩვენი ოჯახი თავს გრძნობდა მოტყუებულად, დაუცველად და მარტო დატოვებულად.
წლების განმავლობაში მამაჩემი ცდილობდა, ვიღაცას მაინც მოესმინა. ვისთან არ მივიდა, ვის არ სთხოვა, რამდენჯერ არ ახსნა, რომ ეს არ იყო ფუფუნება ან დამატებითი ქონება - ეს იყო დიდი ოჯახის ერთადერთი საყრდენი.