6 წლის შემდეგ პირველად: 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - კვირის პალიტრა

6 წლის შემდეგ პირველად: 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.

მთავრობის განმარტებით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა მოაწერეს.

„ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა