72 წლის ქალს საწოლში იარაღთან ერთად სძინავს: საოცარი ამბავი ლაგოდეხიდან - "მახრჩობდა, თითზე ვუკბინე, შემდეგ თოფი ავიღე და..." - კვირის პალიტრა

72 წლის ქალს საწოლში იარაღთან ერთად სძინავს: საოცარი ამბავი ლაგოდეხიდან - "მახრჩობდა, თითზე ვუკბინე, შემდეგ თოფი ავიღე და..."

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები ნათელა მაისურაძე ყოველ ღამით იმის შიშით იძინებს, რომ მარტო მცხოვრებ ქალს თავს ვინმე არ დაესხას და არ დააყაჩაღოს. მასზე თავდასხმა ერთხელ უკვე სცადეს, მაშინ არ დაბნეულა, მის სახლში დასაყაჩაღებლად შესულ დამნაშავეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნათელა მაისურაძემ მომხდარი მაშინვე აცნობა პოლიციას და დამნაშავის დასჯა მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე - უშედეგოდ. ამბობს, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს ყაჩაღობის მცდელობის ფაქტის გამოსაძიებლად. უკვე ორი წელია, საწოლში თოფით შეიარაღებული წევს, რადგან დაყაჩაღების ისევ ეშინია და ფიქრობს, რომ მოძალადეებისგან თავი თავად უნდა დაიცვას.

- ღამით, თოფი მიდევს საწოლში და ასე მძინავს, რადგან ძალიან მეშინია. დამნაშავე ჩვეულებრივ გადაადგილდება ქუჩაში. ორი წელია, ვითხოვ საქმის გამოძიებას. დავრეკე თბილისშიც, თელავშიც, ვიყავი საოლქო პროკურატურაშიც, მაგრამ არავინ დასჯილა. ასე მგონია, ხელს აფარებენ დამნაშავეს. ძალიან მძიმე სტრესი მივიღე, ფიზიკური დაზიანებაც მქონდა, მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ დამნაშავემ აგოს პასუხი.

- გვიამბეთ, რა მოხდა?

- 2023 წლის 17 სექტემბერი იყო. მარტო ვცხოვრობ და სახლის კარებს ვკეტავ ხოლმე. იმ ღამით დასაძინებლად დავწექი და უკანა კარიდან ჯაჯგურის ხმა გავიგე. ვიცოდი, კარი დაკეტილი მქონდა, არ შემშინებია, დავიყვირე, არ გაბედო შემოსვლა-მეთქი. ამ დროს, უცბად, ვიღაც დამახტა თავზე, ყელზე ძალიან ძლიერად მომიჭირა და მახრჩობდა. სიმწრით მოვახერხე და ყელში რომ მიჭერდა, თითზე ისე ძლიერად ვუკბინე, წამოხტა და გავარდა გარეთ. როგორც კი გავთავისუფლდი, ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. ღამის 2 საათზე ხდებოდა ეს ყველაფერი...

ჩემს ქმართან 25 წელი ვიცხოვრე ბედნიერად. შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღეს. მეუღლე დამეღუპა, 40 წლის ასაკში დავქვრივდი, მას შემდეგ ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, დანარჩენი ყველაფერი გამოვლილი მაქვს. მერე იყო ემიგრაციის წლები, ჩამოვედი ემიგრაციიდან, სოფელში სახლი მოვაწყვე, ჩემი შვილები ქალაქში ცხოვრობენ, მარტო ვცხოვრობ ჩემთვის. მინდოდა, მშვიდად მეცხოვრა. თხილის ბაღი და ვენახი გავაშენე. მთას მოვგლიჯავდი, ფიზიკურად ისეთი ძლიერი ვიყავი, მაგრამ ამ ამბის მერე, სულ სხვანაირი გავხდი. დაღამების მეშინია. ახლა თოფთან ჩახუტებული ვწევარ. ეს გამომძიებელმაც კარგად იცის, ვაჩვენე კიდეც, რომ მოვიდა დასათვალიერებლად. იარაღი სულ მქონდა სახლში, ახალგაზრდა დავქვრივდი და შევიწროებას ადრეც ვგრძნობდი ხოლმე, ამიტომ თავის დასაცავად მამაჩემის ნაქონი იარაღი სახლში მაქვს. მხოლოდ ერთხელ გავისროლე, თავდაცვის მიზნით, იმ დღეს, როცა თავს დამესხნენ.

- და თავდასხმიდან გაიქცა?

- რომ ვყვიროდი, მეუბნებოდა ნუ ყვირიხარო და გავარდა გარეთ. როგორც გითხარით, მოვახერხე და თითზე ვუკბინე ისე მწარედ, რომ გადახტა და გავარდა გარეთ. გასვლის დროს დავინახე რომ ჩემს მობილურ ტელეფონს გლეჯდა, რომელიც დასატენად მქონდა შეერთებული. არ შემშინებია, გავიქეცი გარეთ, ყველგან შუქები ავანთე, თან ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, მერე ისევ შემოვბრუნდი ოთახში, ავიღე ჩემი იარაღი და გავისროლე ჰაერში. ვერანდის წინ პომიდვრის ნარგავები მედგა, იქ ჩამალულიყო კურდღელივით, ტყვიის საფანტები დაეცა თავზე, წამოხტა და გაიქცა. ხალხი მოგროვდა, დავრეკეთ პოლიციაში, პოლიცია მოვიდა, შეავსეს რაღაც ფურცლები, ექსპერტიზა მოვითხოვე, რომ აეღოთ ნიმუშები, თურმე, საწოლში არაფერი ნახეს, არადა მუხლებით მედგა, შორტი ეცვა და ყელზე მიჭერდა, როგორ არ დარჩებოდა კვალი სადმე.

ეზოში მესამე დღეს ვნახეთ დამნაშავის ქუდი მე და უბნის ინსპექტორმა იმ ქუდშიც არაფერი არ იყოო - მიმტკიცებენ. არადა, ხომ ეხურა თავზე ის ქუდი, თმის ღერი მაინც ხომ დარჩებოდა, რომ ექსპერტიზას გამოეყენებინა. წარმოიდგინეთ, პოლიციელებს ვუხსნიდი, შემოვიდა ქურდი იმ კარიდან და იქიდანვე გავიდა-მეთქი და იმის ნაცვლად, რომ ანაბეჭდები აეღოთ იმ კარიდან, დაიწყეს გარდერობის დათვალიერება. გარდერობის თავზე მედო ემიგრანტობის დროინდელი ჩემოდნები და იმას უღებდნენ სურათებს, იქ არ მისულა - მეთქი... არავინ არაფერი გააკეთა ამ საქმის გამოსაძიებლად. პოლიციელი მაისაშვილი მეუბნებოდა, ჩუმად იყავი არსად არაფერი არ თქვაო, გარეთ გავიდა და ხალხს ეუბნებოდა, დაიშალეთ, ამ ქალს მოელანდაო. ხალხი შეეპასუხა - რას ჰქვია მოელანდაო... ისეთ ემოციებში ვიყავი, თავიდან არც შემიმჩნევია, სილურჯეები რომ მქონდა სხეულზე. არც ჩემთვის ჩაუტარებიათ ექსპერტიზა. თავიდან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ჩვენებაში უცებ ისიც ვერ ვთქვი, რომ დამნაშავეს შორტი ეცვა. რომ დავმშვიდდი, გავაანალიზე ყველაფერი და ვისზეც ეჭვი მქონდა, მისი ვინაობაც ვუთხარი სამართალდამცველებს. ის ქუდი, რომელიც ვიპოვეთ ჩემს ეზოში, იმ ადამიანს ეკუთვნოდა, ვისი ვინაობაც ვუთხარი პოლიციას. წინა დღეებშიც ვგრძნობდი, რომ ვიღაც მზვერავდა, მანქანა ადიოდა და ჩადიოდა ჩემს სახლთან. მშვიდი უბანია, ხმამაღლა რომ გამოვთქვი ჩემი ეჭვი, მითხრეს, ნათელა შენთან ვინ შემოვაო.

ვისზეც მაქვს ეჭვი, ჩემს სახლში ის ხელოსნად მუშაობდა, შეისწავლა ეტყობა იქაურობა. პროკურორმა ასე მითხრა, სადაც არ უნდა იჩივლო, ეს საქმე მაინც ჩემთან მოვაო.

ჩემი ეჭვები თავიდან ჩემს ძმასაც შევჩივლე, ამ ფაქტამდე, ვიღაც მითვალთვალებს, მზვერავს-მეთქი. ჩემი ძმა ცხოვრობს ჩემი სახლის წინ - კარგი რა, ნათელა, ვინ უნდა დაგზვეროსო. ამ ფაქტის მერე პოლიციაში მოვიდა ჩემი ძმა და დალურჯებული რომ მნახა, ინერვიულა - შენ მართალი ყოფილხარ და რატომ არ დაგიჯერეო. მეორე ღამეს, ჩემი 72 წლის ძმა დამეღუპა ინფარქტით. ორი უდიდესი დარტყმა მივიღე 24 საათში.

მეორე დღეს პოლიციაში მივედი. ვეუბნები, ჩემი ძმა ემსხვერპლა ამაზე ნერვიულობას-მეთქი, აქეთ შეურაცხყოფაც მომაყენეს. არადა სამი თვე დამჭირდა, იოგების აღდგენა რომ მომხდარიყო, სილურჯეებიც მქონდა გულმკერდის არეში და ამის ფოტოც მაქვს. ნერვიულობის გამო, ორთვე-ნახევარში ოპერაცია დამჭირდა გულზე...

პოლიციელებს კი მომხდარზე ამ დრომდე ყაჩაღობის ბრალდებით საქმეც კი არ აღუძრავთ - ფული ხომ არ მოუთხოვიაო?! შევეწინააღმდეგე - თითზე რომ ვუკბინე, შეშინებული გავარდა, ვერც მოასწრო თანხის მოთხოვნა, მაგრამ ყელიდან ამგლიჯა ყელსაბამი და წაიღო, ასევე, წაიღო ძვირად ღირებული ტელეფონიც და, თურმე, ეს არ არის ყაჩაღობა. მეუბნებიან, ეს არის ძარცვაო.

ვისზეც ეჭვი მქონდა, ვეუბნებოდი, იმის თითები ეჩვენებინათ ჩემთვის ან სურათი გადაეღოთ. თითებზე ჩემი ნაკბენის კვალი აუცილებლად ექნებოდა. მითხრეს, ძველი დრო არ არის, რომ სურათები გადავუღოთო. ის დავკითხეთ და დაზიანება არ ჰქონდაო. ჩემი ტელეფონი დამიბრუნეს. ვუთხარი, ვინც ეს ტელეფონი წაიღო, ის რატომ არ არის დაკავებული-მეთქი? - ამაზე პასუხი ვერ მივიღე. ახალი პოლიციის უფროსი დანიშნეს, ვითხოვე მასთან შეხვედრა, მივედი, მაგრამ არავინ შემიშვა მასთან. სად ვიპოვო სამართალი, მითხარით. ორ წელზე მეტი გავიდა და არავინ დასჯილა. მითხრეს, ამ დანაშაულს 8-დან 10-წლიანი მუხლი უდგებაო...

შფოთვები მქონდა, მეშინოდა, დანაშაული რომ მოხდა, იმ წელს მთელი ზამთარი მე გარეთ, ვერანდაზე გავატარე მახარაშვილივით, თოფგადაკიდებულმა. ამას პოლიციაც ხედავდა. ხუთ საათზე შევდიოდი სახლში და ვიძინებდი. გულის აჩქარებები ისეთი მქონდა, რომ 19 დეკემბერს გულის ოპერაცია გავიკეთე, აბლაცია. დღეს ეს თოფია ჩემი დამცველი, დღემდე გვერდზე მიწევს.

ვითხოვ საქმის გამოძიებას. გამომძიებელს რომ ველაპარაკები, რას აკეთებთ - მეთქი, თავს ჩახრის, არაფერს მპასუხობს. ვითხოვ დამნაშავის გამოვლენას და დასჯას. იქნებ ვინმემ გულთან მიიტანოს ჩემი ამბავი, გამოიძიონ ეს საქმე და დაუსვან წერტილი. მაინტერესებს, ვინ მფარველობს დამნაშავეს?

(სპეციალურად საიტისთვის)